თავიდან აცილების თეორია

გააზიარე:

 მიიჩნევა, რომ დაავადების თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე მისგან განკურნება. პრაქტიკული ჭკუის პატრონები პრევენციის ფინანსურ უპირატესობაზეც ალაპარაკდნენ: თადარიგის დაჭერა და ჯანმრთელობაზე დროული ზრუნვა თურმე გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე დაუდევრობით ნაშოვნი ან ნებაზე მიშვებული დაავადების მკურნალობა. მიუხედავად ამისა, ბევრს პრევენციაზე წარმოდგენაც არ აქვს. მეტსაც გეტყვით – არც ექიმები იკლავენ თავს პროფილაქტიკური ღონისძიებების დანერგვით.
სიტყვა “პრევენცია” დაავადების თავიდან აცილებას ნიშნავს. ის რამდენიმე სახისაა, უფრო სწორად, რამდენიმე დონე აქვს. პირველადი პრევენცია თადარიგის ნაადრევ დაჭერას და ჯერ არარსებული დაავადების თავიდან აცილებას გულისხმობს, მეორეული კი – დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას, რაც პათოლოგიური პროცესის დროულ შეჩერებას უწყობს ხელს. მესამეული პრევენციაც არსებობს – ეს დაავადების ნეგატიური შედეგებისგან თავდაცვაა, რაც ფუნქციადაკარგული ორგანოს გაჯანსაღებით ანუ რეაბილიტაციით ხდება. მეოთხეული პრევენციაც არსებობს. ეს მეტად კომპლექსური ცნებაა და უმთავრესად ჯანდაცვის სისტემის იმგვარ შეცვლას გულისხმობს, რომ მოსახლეობა ფუჭ, უსაფუძვლო სამედიცინო ჩარევებს გადაურჩეს.
პრევენცია საყოველთაოც შეიძლება იყოს და სელექტიურიც. პირველი მოსახლეობის ყველა ფენას უტარდება, მეორე – გარკვეულ ნაწილს, რომელსაც ამა თუ იმ დაავადების წარმოშობის დიდი ალბათობა აქვს.
სკრინინგომანია
სკრინინგი პრევენციის გავრცელებული მეთოდია, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მიმართავენ. თავად სიტყვა სკრინინგი “გაცხრილვას” ნიშნავს. მისი არსიც ეს არის: მეთოდი ეფექტურად განასხვავებს ჯანმრთელ ადამიანებს, ვისაც ესა თუ ის საეჭვო ნიშანი აქვს. დიახ, სკრინინგი მხოლოდ ეჭვის მიტანის საშუალებას იძლევა, მისი საშუალებით საბოლოო დიაგნოზს არ ვსვამთ. 
სკრინინგი სხვადასხვაგვარია. უნივერსალური სკრინინგი მოსახლეობის განსაზღვრულ ნაწილზე, მაგალითად, ყველა ბავშვზე ან ყველა მოხუცზეა გათვლილი. არსებობს სკრინინგის ისეთი ფორმებიც, რომელთა მეშვეობით რისკის ჯგუფში შემავალ მოსახლეობას იკვლევენ. ნებისმიერ შემთხვევაში, სკრინინგული გამოკვლევები მოსახლეობის დიდ ნაწილს მოიცავს. მის ეფექტიანობასაც სწორედ ეს განაპირობებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) რეკომენდაციით, სკრინინგი მხოლოდ კონკრეტული ჩვენებით უნდა ჩატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი დაავადების აღმოსაჩენად გაცხრილვა-გადარჩევის კორიანტელის დაყენება არ ღირს.
ჯანმომ ჯერ კიდევ 1968 წელს გამოაქვეყნა იმ კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომელთა მიხედვითაც უნდა შეირჩეს დაავადება სკრინინგისთვის. სახელდობრ, სკრინინგი რეკომენდებულია, როდესაც:
. დაავადება ქვეყნის მასშტაბით აქტუალურია;
. არსებობს მისი მკურნალობის მეთოდები და საშუალებები;
. არსებობს მისი სკრინინგის მეთოდი და აღჭურვილობა – ტესტირებისთვის საჭირო ყველა ხელსაწყო;
. სკრინინგტესტი მოსახლეობისთვის იოლად მისაღებია;
. კანონმდებლობით ზუსტად არის განსაზღვრული, ვინ უნდა აწარმოოს სკრინინგი და როგორი უნდა იყოს შემდგომი მკურნალობა;
. სკრინინგის ღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამ დაავადების მკურნალობის პოტენციური ფასი.
ამჟამად სკრინინგის ყველაზე გავრცელებულ და ეფექტურ პროგრამებად მიჩნეულია კიბოს სკრინინგული პროგრამები, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოშიც არის დანერგილი:
. პაპ-ტესტი, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა;
. მამოგრაფია ძუძუს კიბოს დასადგენად;
. კოლონოსკოპია, რომელიც სწორი ნაწლავის კიბოს ავლენს;
. დერმატოლოგიური ტესტი მელანომის გამოსავლენად.
ქალური ტესტები

ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი იმ ტესტთაგანია, რომელთა ეფექტურობაზეც მთელი მსოფლიო ხმამაღლა საუბრობს. სკრინინგის ეს მეთოდები საქართველოშიც არის დანერგილი და გარკვეული ასაკის ქალებისთვის უფასოა:
. 40-დან 70 წლამდე – ძუძუს კიბოს სკრინინგი;
. 25-დან 60 წლამდე – საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი მარტივია: ტარდება პაპ-ტესტი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევა. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გზით კიბოს დიაგნოზს არ სვამენ. ტესტის პასუხი მხოლოდ და მხოლოდ ავთვისებიანი სიმსივნის სავარაუდო არსებობაზე ან მისი განვითარების რისკზე მიუთითებს, უფრო ზუსტად, ავლენს კიბოსწინარე მდგომარეობას და ინფექციებს, რომლებმაც საშვილოსნოს ლორწოვანზე ხანგრძლივი ზემოქმედებით შესაძლოა ქსოვილის სტრუქტურის შეცვლა გამოიწვიოს. მაგალითად, პაპ-ტესტის საშუალებით ვლინდება ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული ცვლილებები, ეს ვირუსი კი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია.
ძუძუს კიბოს სკრინინგი მამოგრაფიულ გამოკვლევას გულისხმობს. არსებითად, ეს რენტგენოლოგიური გამოკვლევაა, რომლის დროსაც ძუძუს ქსოვილი მინიმალურ, ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელ დასხივებას იღებს.
ძუძუს კიბოს სკრინინგის საშუალებით შესაძლებელია ავთვისებიანი სიმსივნის გამოვლენა საწყის სტადიაში, როდესაც მისი თვალით შემჩნევა და ხელით შეგრძნება შეუძლებელია.
და არამარტო
სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგი საქართველოშიც ტარდება, თუმცა არა ისე აქტიურად, როგორც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.
სკრინინგტესტი განავალში ისეთი უმნიშვნელო ოდენობის სისხლსაც კი ავლენს, რაც, ჩვეულებრივ, არ ჩანს კუჭის მოქმედების დროს. სკრინინგის ამ მეთოდს განავალში ფარული სისხლდენის განსაზღვრის ტესტი.  პროცედურაა სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს და მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენის ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს.
მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოსტიკის ყველაზე ეფექტური საშუალება კი კოლონოსკოპიაა. ის, წესისამებრ, ფარული სისხლდენის ტესტის პარალელურად ტარდება. თუ ფარული სისხლდენის ტესტმა ნორმიდან გადახრა აჩვენა, ამის მიზეზი შესაძლოა სულაც არ იყოს ავთვისებიანი სიმსივნე, ამიტომ დიაგნოზის დასაზუსტებლად კოლონოსკოპიური გამოკვლევა აუცილებელია. ფარული სისხლდენის გამოვლენის შემთხვევაში თქვენ შემოგთავაზებენ ვიზიტს შესაბამის სპეციალისტთან, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით კოლონოსკოპიის შესახებ და შეაფასებს, ესატყვისება თუ არა ამ პროცედურას თქვენი მდგომარეობა.
საქართველოში სხვადასხვა დაავადების სკრინინგის პროგრამა მოქმედებს.
. ძუძუს კიბოს სკრინინგი უტარდებათ 40-დან 70 წლამდე ასაკის, ხოლო საშვილოსნოსი – 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებს.
. პროსტატის კიბოს სკრინინგი 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებს უტარდებათ, ხოლო სწორი ნაწლავიდან ფარული სისხლდენის სკრინინგი – ორივე სქესის წარმომადგენლებს 50-დან 70 წლამდე.
მოქმედებს სკრინინგული პროგრამები ბავშვებისთვისაც:
. განვითარების შეფერხების სკრინინგი – ტარდება 6 წლამდე, ხელს უწყობს სკოლისთვის ბავშვის მზაობის შეფასებას;
. სმენის დარღვევათა სკრინინგი – დაბადებიდან, სმენის პირველადი და მეორეული სკრინინგული გამოკვლევის გზით.
ყველაზე ბავშვური სკრინინგი
ახალშობილთა სკრინინგი დღეს მრავალ ქვეყანაში ტარდება, თუმცა აღმოსაჩენი დაავადებების საყოველთაო ნუსხა არ არსებობს. ამ მეთოდების უმრავლესობა მეტაბოლური ცვლის შესწავლას გულისხმობს, რაც სხვა არაფერია, თუ არა სისხლის ნიმუშის კვლევა ფერმენტებზე. ახალშობილთა სკრინინგის არანაკლებ გავრცელებული სახეებია სმენის სკრინინგი და გულის თანდაყოლილი დეფექტების სკრინინგი.
ერთ-ერთი დაავადება, რომლის აღმოსაჩენადაც მიმართავენ ახალშობილთა სკრინინგს, ფენილკეტონურიაა. ეს არის პათოლოგია, რომელიც ამინმჟავა ფენილალანინის სინთეზის დარღვევით გამოიხატება და საბოლოოდ გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს. ფენილკეტონურიის სკრინინგი ჯანმრთელ ახალშობილს შეიძლება ჩაუტარდეს ძუძუთი ან ხელოვნური კვების დაწყებიდან 24 საათის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის სკრინინგი დაბადებიდან 48 საათის შემდეგ ტარდება, მიზანშეწონილია, ამ ორი პათოლოგიის სკრინინგი განხორციელდეს ერთდროულად, დაბადებიდან არა უადრეს 48 და არა უგვიანეს 72 საათისა.
ახალშობილთა სკრინინგი არაინვაზიური და ძალიან მარტივია. მაგალითად, მეტაბოლური სკრინინგი სპეციალური ტესტფურცლებით ტარდება.
ახალშობილთა სკრინინგის მეთოდოლოგიები და იმ დაავადებათა ნუსხა, რომელიც სკრინინგს საჭიროებს, გამუდმებით ივსება. მსოფლიოში დანერგილი მეთოდოლოგიები საქართველოშიც აპრობირებულია, თუმცა მათ ყველა კლინიკა არ იყენებს.
კალციუმი და სხვა ელემენტები
კალციუმი ელემენტია, რომელიც ყოველდღე მილიგრამობით კი არა, გრამობით უნდა მივიღოთ. ალბათ გაგიგონიათ, რომ იგი კბილებისა და ძვლების აუცილებელი კომპონენტია, მაგრამ შესაძლოა არ იცოდეთ, რომ გულს, ნერვებსა და სისხლის შემდედებელ სისტემასაც სჭირდება მუშაობისთვის. რა გასაკვირია, რომ მისი დეფიციტი ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.
კალციუმი აუცილებელია, როცა:
* სისხლში მისი დონე ძალზე დაბალია;
* არსებობს კალციუმის დონის დაცემის საფრთხე;
* ადამიანს აქვს დაავადება, რომელიც კალციუმის მიღებას მოითხოვს, მაგალითად, კალციუმის კარბონატის სახით კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად, ან სულაც თირკმლის დაავადების დროს ფოსფატების დონის შესამცირებლად;
აუცილებლად მიიღეთ კალციუმი, თუ: 
* საკვების მეშვეობით ვერ ივსებთ მის ყოველდღიურ ნორმას. ალბათ გაგიგონიათ, რომ არსებობს დაავადება ოსტეოპოროზი. ის ძვლებს სიმტკიცეს უკარგავს და სიმყიფეს მატებს. ძვლოვანი მასა მოზარდ ასაკში ყალიბდება. ქალებში მისი სიმტკიცე 30-40 წლამდე უცვლელი რჩება, მერე კი ძვლები ყოველწლიურად 0.5-1%-ით განილევა. მამაკაცის ორგანიზმში იგივე პროცესი რამდენიმე ათეული წლით გვიან იწყება. როდესაც ადამიანი არასათანადო რაოდენობის კალციუმს იღებს (ჩვენს დროში კი უმრავლესობა ასეა), ძვლის განლევა უფრო ინტენსიურია. 40 წლიდან კალციუმის მედიკამენტურმა მიღებამ შესაძლოა ეს პროცესი შეანელოს. ზოგიერთმა მკვლევარმა გამოთვალა, რომ კალციუმის საკმარისი რაოდენობით მიღება მენოპაუზის დაწყებიდან 30 წლის შემდეგ ძვლის ძალას 10%-ით ზრდის და მოტეხილობას 50%-ით (ანუ ორჯერ) აიშვიათებს.
. უჩივით წინარემენსტრუაციულ სინდრომს (წმს). შემჩნეულია კავშირი საკვებთან ერთად არასათანადო რაოდენობის კალციუმის მიღებასა და წმს-ის სიმპტომების გამოხატულებას შორის. ვარაუდობენ, რომ კალციუმის ყოველდღიური მიღება საგრძნობლად 
ასუსტებს გუნება-განწყობის ცვალებადობას, მუცლის შებერვას, იმპულსურ ჭამასა და ტკივილს. დადგენილია, რომ ქალებს, რომლებიც დღეში საშუალოდ 1200-1300 მგ კალციუმს იღებენ, 30%-ით იშვიათად აწუხებთ წმს, ვიდრე მათ, ვინც 500 მგ-ს სჯერდება. საინტერესოა, რომ ასეთი ეფექტი მხოლოდ საკვებთან ერთად ათვისებულ კალციუმს აქვს – კალციუმის შემცველი მედიკამენტები წმს-ს თავიდან ვერ აგვაცილებს.
როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, გოგონები, რომლებსაც გარდატეხის ასაკში სათანადო ოდენობის კალციუმი არ მიუღიათ, მოგვიანებით უფრო ხშირად ხდებიან ოსტეოპოროზის მსხვერპლნი. ამერიკელმა მეცნიერებმა კი ისიც დაადგინეს, რომ 9-დან 18 წლამდე ასაკის გოგონების 85% და ვაჟების 60% კალციუმის ნორმას ვერ ივსებს.
ამბობენ, რომ კალციუმი ეფექტურია:
* მაღალი წნევის დროს. კალციუმის მედიკამენტები ოდნავ (ჩვეულებრივ, 1-2 მმ ვწყ სვ-ით) დაბლა სწევს არტერიულ წნევას. უფრო ეფექტური უნდა იყოს იმ ადამიანებში, რომელთაც მარილის მიმართ მეტი მგრძნობელობა აქვთ და, საერთოდ, ძალიან ცოტა კალციუმს იღებენ. კალციუმის მედიკამენტური მიღება შესაძლოა თირკმლის მძიმე დაავადების დროს წნევის მომატებასთან ბრძოლაშიც დაგვეხმაროს.
* ორსულობის თანმხლები მაღალი წნევის (პრეეკლამფსიის) დროს. დღეში 1-2 გ კალციუმის წნევას აწესრიგებს და დაახლოებით 50%-ით ამცირებს მისი აწევის რისკს.
* ქოლესტეროლის დონის აწევისას. კალციუმის დანამატები დაბალკალორიული ან დაბალცხიმიანი დიეტის დროს ზომიერად ამცირებს ქოლესტეროლის დონეს. მხოლოდ კალციუმის მიღება, დიეტური ცვლილებების გარეშე, სისხლის ლიპიდურ პროფილზე ასეთ გავლენას ვერ ახდენს.
* წონის დასაკლები დიეტის დროს. როდესაც ადამიანი ნორმაზე ნაკლებ კალციუმს იღებს, როგორც ჩანს, უფრო მეტად ემუქრება ჭარბი წონა. თუ რაციონს რძის ნაწარმით გაიმდიდრებთ, წონას უფრო ადვილად დაიკლებთ.
ეს ის მონაცემებია, რომლებიც საბოლოოდ არ არის დამტკიცებული, მაგრამ მრავალი სამეცნიერო გამოკვლევით მიღებული მონააცემები ასეთი ვარაუდის გამოთქმის საფუძველს გვაძლევს.
Ca-კომუნიკაცია
გაითვალისწინეთ, რომ კალციუმმა შესაძლოა შეაფერხოს ზოგიერთი მედიკამენტის (ქინოლონებისა და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების) შეწოვა. ამგვარი ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად ეს მედიკამენტები კალციუმამდე ან 2 საათით ადრე, ან 4-6 სთ-ის შემდეგ მიიღეთ.
ზოგიერთი ნივთიერება, მათ შორის _ კოფეინი, თავად აძნელებს კალციუმის შეწოვას ან ორგანიზმიდან მის გამოდევნას უწყობს ხელს. ასაკოვანი ქალებისთვის, განსაკუთრებით – თუ ისინი მცირე რაოდენობით იღებენ კალციუმს, დღეში 300 მგ-ზე მეტი კოფეინი (სამი-ოთხი ფინჯანი ყავა ან 6 დიდი ჭიქა კოლა) აძლიერებს ძვლოვანი მასის კარგვას და მოტეხილობების ალბათობას ზრდის.
“კალციუმმოძულეა” მცენარეული ბოჭკოც, ამიტომ ბოჭკოვანი საკვების მიღებიდან ორი საათის განმავლობაში კალციუმის დანამატს ნუ მიიღებთ.
კალციუმის დანამატებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს საკვებიდან რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას, მაგრამ თუ ორგანიზმში მათი მარაგი ნორმალურია, ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ გამოიწვევს. მათ, ვისაც რკინის, მაგნიუმის ან თუთიის ნაკლებობა ემუქრებათ, ურჩევენ, კალციუმის დანამატი საკვებთან ერთად კი არა, ძილის წინ მიიღონ.

მავნე მოქმედებაში შემჩნეულია ნატრიუმიც. მარილიანი კერძები ორგანიზმიდან კალციუმს გამოდევნის. თუ მენოპაუზის შემდეგ ქალი დღეში 2000 მგ ნატრიუმს იღებს, მის ორგანიზმს ყოველდღიურად დაახლოებით 1000 მგ კალციუმი სჭირდება. ეს რიცხვი დაახლოებით 1.5-ჯერ იმატებს, თუ ნატრიუმის მოხმარება დღიურად 3000 მგ-ს უტოლდება.
კალციუმკალკულაცია
რძის შემდეგ კალციუმს ყველაზე უხვად ჩედერი შეიცავს. გარდა რძის პროდუქტებისა, კალციუმით მდიდარია მწვანილი, განსაკუთრებით – ისპანახი, ასევე _ კვერცხი, ნუში, შირბახტი, ჩირი... უფრო კონკრეტულად, 235 მლ რძე 300 მგ კალციუმს შეიცავს, 110 გ ნაყინი – 120 მგ-ს, 45 გ ჩედერი – 300 მგ-ს, 175 გ იოგურტი – 225 მგ-ს, 110 გ ხაჭო – 70 მგ-ს, კალციუმით გამდიდრებული ფორთოხლის წვენი – 300 მგ-ს, 115 გ წითელი ლობიო – 40 მგ-ს, 30 გ ნუში – 80 მგ-ს.
სხვა ელემენტები 
გარდა კალციუმისა, ორგანიზმის ფუნქციობისთვის მრავალი სხვა მიკრო- და მაკროელემენტიც არის საჭირო.  მოდი, რამდენიმე მათგანის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. 
მაგნიუმი ცილებისა და ნახშირწყლების სინთეზისთვის საჭირო ფერმენტების შემადგენლობაში შედის. მას დამამშვიდებელი, სისხლძარღვების გამაფართოებელი და შარდმდენი მოქმედება აქვს.
მაგნიუმით მდიდარია მცენარეული სურსათი, განსაკუთრებით – ქატო, სოიის ფქვილი, ტკბილი ნუში, ნიგოზი, ბარდა, ხორბალი, გარგარი, თეთრთავა კომბოსტო.
კალიუმი ნივთიერებათა ცვლის პროცესებში აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, იგი აუცილებელია გულის კუნთის მუშაობისთვის.
კალიუმი უხვადაა გარგარის ჩირში (კურაგაში), ლეღვში, ფორთოხალში, მანდარინში, კარტოფილში. K-ით მდიდარია ასკილი, შავი მოცხარი, მარწყვი, საზამთრო, ნესვი, სოია, ალუჩა, კიტრი, ბრიუსელის კომბოსტო, თხილი, ნიგოზი, ოხრახუში, ქიშმიში, ქლიავი, ჭვავის პური და შვრია. ნატრიუმი მონაწილეობს კუჭის მჟავას წარმოქმნაში, თირკმელების მიერ ცვლის პროდუქტების გამოდევნაში, ზოგიერთი ფერმენტის გააქტიურებაში, სისხლის მჟავატუტოვანი ბალანსის შენარჩუნებაში. Na-ს ძირითადი წყარო სუფრის მარილია. ფოსფორი ცვლითი პროცესების აქტიური კომპონენტია. იგი ძვლოვანი ქსოვილის შემადგენლობაში შედის. მისი დეფიციტი ნეგატიურად აისახება მეხსიერებაზე, მხედველობაზე.
ფოსფორით მდიდარია რძე, ხაჭო, ყველი, სოკო, კვერცხის გული, ნიგოზი, ბრინჯი, სოიის ფქვილი, ხორბლის პური, ბოლოკი, ბარდა, გარგარის ჩირი, ქიშმიში, ძროხის ხორცი, ღვიძლი, ბოცვრის ხორცი.
გოგირდი ორგანიზმის უჯრედების, ფერმენტების, ჰორმონების კომპონენტია. ამდენად, მისი დეფიციტი ერთობ ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე. ასე რომ არ მოხდეს, გაიმდიდრეთ  მენიუ ხორცით, კვერცხით, შვრიით, წიწიბურათი, რძით, ყველით, ბარდითა და კომბოსტოთი.მანგანუმი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაში მონაწილეობს. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ეს ელემენტი სისხლში ქოლესტეროლის დონის რეგულაციას ახორციელებს.
მანგანუმი უხვადაა მარცვლეულში, განსაკუთრებით – შვრიაში, ლობიოში, ბარდაში, საქონლის ღვიძლში.
სპილენძიც აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში. ის აუცილებელია რკინის ასათვისებლად (მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში). მეცნიერულ კვლევათა თანახმად, სპილენძი ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს. სპილენძს შეიცავს: ხორცი, თევზი, პურ-ფუნთუშეული, რძე, ხილი, კენკრა.
თუთია ფერმენტების შემადგენლობაში შედის, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. ის ნერვული და შემაერთებელი ქსოვილის მნიშვნელოვანი კომპონენტია. 
თუთიით მდიდარია ხორბალი და ხორბლის ქატო, ბატის ხორცი, ლობიო, ბარდა, სიმინდი, საქონლისა და ქათმის ხორცი, თევზი, საქონლის ღვიძლი, რძე. ამ ელემენტს შეიცავს ასევე ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ალუბალი, კარტოფილი, კომბოსტო, ჭარხალი და სტაფილო.
…და რკინა
რკინის მნიშვნელობაზე არაერთხელ გვისაუბრია. მისი დეფიციტიც იოლად ვითარდება, თუკი მისი შეწოვა ფერხდება ან სულაც საკვებით რკინის ათვისება არასათანადოდ ხდება. ამდენად, მისი დეფიციტის (ანემიის) პროფილაქტიკას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საზოგადოდ, ანემია ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც კლინიკურად კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე ახასიათებს, ლაბორატორიულად კი – ჰემოგლობინისა და (ან) ერითროციტების შემცირება სისხლის მოცულობით ერთეულში. საქართველოში რკინადეფიციტური ანემიის უმთავრეს მიზეზად არასრულფასოვანი, არაბალანსირებული კვება მიიჩნევა. დაიხსომეთ, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ყველაზე უკეთ შეითვისება ჰემინური რკინა, რომელიც ცხოველის ჰემოგლობინშია. შედარებით ძნელი შესათვისებელია მცენარეულ საკვებში არსებული იონური რკინა, ამიტომაც ორგანიზმი რკინით რომ გაიმდიდროთ, საკვები გონივრულად უნდა შეარჩიოთ. ვაშლი 2,5 მგ რკინას შეიცავს, მაგრამ ორგანიზმი აქედან მხოლოდ 3%-ს ითვისებს, რაც, თავისთავად ცხადია, დეფიციტს ვერ შეავსებს. რკინის შეწოვას ხელს უწყობს ფრუქტოზა, სორბიტი, ქარვის მჟავა, C ვიტამინი, ალკოჰოლი, ღვინისა და ვაშლის ძმარი, ლიმონმჟავა, ამინმჟავები: ჰისტიდინი, ლიზინი, ცისტეინი; ფორთოხლის წვენი.
იოდი, იოდი, იოდი ჩქარა!
იოდის დეფიციტის შესახებ ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ ალაპარაკდნენ და ექიმები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთად დაირაზმნენ მის აღმოსაფხვრელად. ანგარიშებში პოზიტიური შედეგებია ასახული, თუმცა საქართველო ჯერ კიდევ რჩება იოდის დეფიციტით გამოწვეული დარღვევების ენდემურ კერად. სწორედ ამიტომ ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა იოდის დროულ და დოზირებულ მიღებას. ეფექტური პროფილაქტიკისთვის ძირითადად იოდშემცველ პრეპარატებს ვიყენებთ, თუმცა არც ამ ელემენტით მდიდარი საკვების მიღებაა ურიგო აზრი.
აი, სად ყოფილა!
იოდი ორგანიზმში ძირითადად ცხოველური (57%) და მცენარეული (33%) საკვებიდან ხვდება, ნაკლებად – წყლიდან (4,2%) და ჰაერიდან (4,8%). იოდდეფიციტურ რეგიონებში იოდის შემცველობა წყალში 2 მკგ`ლ-ზე ნაკლებია. მინერალურ წყლებში კი ეს ელემენტი გაცილებით მეტი ყოფილა. ციფრებითვე გავაგრძელებთ: ჩვენი ყოველდღიური საკვები საშუალოდ 40-50 მკგ`ლ იოდს შეიცავს. ესეც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და, ცხადია, ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას ვერ დააკმაყოფილებს. გამონაკლისია ზღვის პროდუქტები, კერძოდ, წყალმცენარეები და თევზი, რომლებშიც იოდის შემცველობა 800-1000 მკგ`კგ-ია. იოდით განსაკუთრებით მდიდარია ზღვის კომბოსტო (ლამინარია) და თევზის ქონი.
გავრცელებულია წარმოდგენა, რომ ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი, მაგალითად, ფეიხოა, ხურმა, კაკლის უღელი, ბევრ იოდს შეიცავს. ეს წარმოდგენა მცდარია. ხილსა და ბოსტნეულში (გარდა ისპანახისა) იოდი თითქმის არ არის. სამაგიეროდ, ბევრია ის ხორცში, რძესა და რძის ნაწარმში, მარცვლეულსა და კვერცხში.
აი, ვის სჭირდება!
ყველაზე მეტად იოდი, ცხადია, ორსულს სჭირდება. განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვება ჰიპოთირეოზს (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას) ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ეს პერიოდი კრიტიკულია ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებისთვის. ვიდრე ნაყოფს საკუთარი ფარისებრი ჯირკვალი ჩამოუყალიბდება, მისი ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარება დედის ჰორმონებმა უნდა უზრუნველყოს. კლინიკური გამოკვლევების თანახმად, თუ ჰიპოთირეოზის მქონე ორსული არ იტარებს ან არასათანადო დოზით იტარებს თერაპიას თირეოიდული ჰორმონების პრეპარატებით, მოსალოდნელია, მის შვილს თანატოლებთან შედარებით მინიმუმ 7 ქულით დაბალი IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) ჰქონდეს, ხოლო სწავლაში ჩამორჩენის ალბათობა – სამჯერ დიდი.ინტელექტის კოეფიციენტის დაქვეითება იოდის დეფიციტის ერთადერთი უსიამოვნო შედეგი როდია – შესაძლოა დაირღვეს ნაყოფის ჩონჩხის ფორმირებაც (ასეთი ბავშვები თანატოლებზე გაცილებით დაბლები არიან), ბავშვი კრეტინიზმით ან თანდაყოლილი ჰიპოთირეოზით დაიბადოს. იოდის დეფიციტი თავად ორსულსაც არანაკლებ პრობლემებს უქმნის. ორსულობა ორგანიზმში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს, რომლებიც ფარული პათოლოგიების გამომჟღავნებას და უკვე დადასტურებულთა პროგრესირებას უწყობს ხელს. რამდენიმე წლის წინ ყველა ორსულს უნიშნავდნენ 200 მკგ იოდს. სადღეისოდ მიდგომა შეიცვალა. გადაწყვეტილებას ენდოკრინოლოგი უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით იღებს. გათვალისწინებულ უნდა იქნეს, იოდდეფიციტურია თუ არა რეგიონი და რამდენად აქტიურად მოქმედებს იქ მარილის უნივერსალური იოდიზების პროგრამა.
WHO-სა და UNICEF-ის რეკომენდაციით, სასურველია, ყველა ადამიანმა შეძლებისდაგვარად შეივსოს იოდის დეფიციტი. ცხრილიც კი შეადგინეს, სადაც იოდის ასაკობრივი ნორმებია მითითებული:
ასაკი ან მოსახლეობის ჯგუფი    მგ დღეში       
5 წლამდე ასაკის ბავშვები    90       
6-12 წლის ბავშვები    120       
მოზრდილები    150        
ორსულები    250       
მეძუძური დედები    250     
სად არ ყოფილა
იოდის დეფიციტის გამოვლენის ყველაზე მარტივი მეთოდი შარდში მისი შემცველობის განსაზღვრაა. სწორედ ამ მეთოდს იყენებენ მოსახლეობის მასობრივი სკრინინგის დროს. დეფიციტის დროს იოდის ექსკრეცია (ორგანიზმიდან გამოდევნა) დაბალია. თუ შარდში იოდი 50 მგ`ლ-მდეა, მიიჩნევა, რომ ადამიანს ეს ელემენტი აკლია. კიდევ ერთი მეთოდი, რომელსაც მოსახლეობის მასობრივი გამოკვლევისთვის მიმართავენ, ნეონატალური ჰიპოთირეოზის სკრინინგი გახლავთ. ეს მეთოდი მრავალ ქვეყანაშია დანერგილი და წარმატებით მუშაობს.
იოდნარევი ფაქტები

სკანდინავიასა და დიდ ბრიტანეთში საქონელს იოდიან საკვებს აძლევენ, რომ მათი რძე ამ ელემენტით მდიდარი იყოს. ზოგან იოდით ამდიდრებენ პურს, ზეთს, შაქარს და, თქვენ წარმოიდგინეთ, კანფეტებსაც კი. იოდიანი მარილი იყიდება ყველა ქვეყანაში, რომელიც კი იოდეფიციტური მდგომარეობის ენდემურ კერად მიიჩნევა. ასეა საქართველოშიც. ეს პროდუქტი არა მარტო ხელმისაწვდომია, არამედ ერთგვარი დოზირებული სამკურნალო-საპროფილაქტიკო საშუალებაც არის – თურმე დედამიწის ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში მცხოვრები ადამიანი სხვადასხვა სახის საკვებიდან ყოველდღიურად 5-10 გრამ მარილს ითვისებს. 
თუ იოდის დეფიციტი მკვეთრად არის გამოხატული, მარტო მარილიანი საკვები საქმეს ვერ უშველის – მედიკამენტებია საჭირო.
ზოგიერთ ქვეყანაში იოდეფიციტს იოდის შემცველი ზეთოვანი ხსნარების ინექციებით ებრძვიან.
ეჭვგარეშეა, მოწევა კლავს!
ალბათ, შეგიმჩნევიათ ქალაქში გამოკრული ბანერები, რომლებზეც შავით თეთრზე წერია, რომ მოწევა კლავს და სიტყვა “ალბათ” ორი წითელი შტრიხითაა გადახაზული. მართლაც, ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ თამბაქო ჯანმრთელობისთვის მავნებელია. სწორედ მოწევის პრევენციისთვის იქმნება კანონები, რომლებიც მრავალ ქვეყანაში (უმეტესად – განვითარებულში) დიდი ხანია წარმატებით მუშაობს.
ამ სასარგებლო კანონის მიღებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამს საქართველოც. ჩვენთან თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად და თამბაქოსთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი კამპანიის დასაწყებად 2013 წლის 15 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ, რომელიც თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის შექმნას გულისხმობს. კომისიის ძირითადი ამოცანაა დადგენილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში თამბაქოს კონტროლის გრძელვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, მათ შორის – საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმზე სააქციზო გადასახადების მომატება, თამბაქოს პროდუქტების პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამის აკრძალვა, არასრულწლოვანთათვის თამბაქოს ხელმისაწვდომობის შემცირება და მოწევისთვის თავის დანებების სერვისების განვითარება.
ეს უნდა ვიცოდეთ
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში 15 წლისა და ამაზე უფროსი ასაკის დაახლოებით 1.3 მილიარდი მწეველია. მათი 4`5 დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობს.
არსებული მონაცემებით, სადღეისოდ მწეველი მამაკაცი მწეველ ქალზე თითქმის 5-ჯერ მეტია (ქალების მხოლოდ 10%-ია მწეველი, ხოლო მამაკაცებისა – 48%), თუმცა ეს საშუალო მაჩვენებლებია – რეალურად, მონაცემები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. საქართველოში თამბაქოს ეწევა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 37-40%, რაც მამაკაცების 50-65%-ს და ქალების 16-22%-ს შეადგენს. ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სხვაობა, სავარაუდოდ, თანდათან შემცირდება.
საქართველოში თამბაქოს მასობრივ მოხმარებას ვაჟები 10-11 წლის ასაკში იწყებენ, გოგონები – 12-13 წლის ასაკში. თუ მათ გააგრძელეს თამბაქოს წევა, მასზე ძლიერი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდებათ, რაც მრავალი გართულების წინაპირობაა.
თამბაქო – რეალური საწამლავი
თამბაქოს შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ჩასუნთქვიდან რამდენიმე წამში ფილტვებს რომ აღწევდა, კარგა ხანია  ცნობილი იყო. ახლახან კი მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს შხამიანი ნივთიერებები ყველა ორგანოს აღწევს.
ხელზე თუ შემთხვევით მჟავა დაგესხათ, კანი გაწითლდება, შესივდება, ბუშტუკებით დაიფარება. თუ ასეთი რამ დღეში რამდენჯერმე გამეორდა, კანი შეხორცებას ვეღარ მოახერხებს, მუდმივად გაღიზიანებული, მტკივანი, ანთებადი დარჩება. უჯრედების ანთებასა და დაზიანებას იწვევს თამბაქოს კვამლში შემავალი ქიმიური ნივთიერებებიც. როცა რეგულარულად ეწევით, დაზიანების შეხორცება შეუძლებელი ხდება.
მოწევის დროს ორგანიზმის დამცავ იმუნურ სისტემას დამატებითი მუშაობა უწევს. სისხლის თეთრი უჯრედები ამ სისტემის ჯარისკაცებია, რომლებსაც ორგანიზმი დაზიანების, ინფექციის და თვით კიბოს საპასუხოდ გამოიმუშავებს. მათი მომატებული დონე იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზმი განუწყვეტლივ ებრძვის თამბაქოს კვამლისგან მიყენებულ ზიანს. მუდმივი დაძაბულობა კი სისტემის ნორმალურ მუშაობას ხელს უშლის. 
თავის დანებების სტრატეგია
მცდარია აზრი, თითქოს თამბაქოსთან განშორება თითქმის შეუძლებელი იყოს ან შხამით ერთხელ და სამუდამოდ დაბინძურებულ ორგანიზმს ჯანმრთელობას ვეღარაფერი უბრუნებდეს.
მნიშვნელობა აქვს ყოველ დღეს. ყოველი მოწეული ღერი სიკვდილს უფრო და უფრო მეტად გაახლოებთ, თავის დანებება კი, რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ და მოწევის რა ხანგრძლივი გამოცდილებაც არ უნდა გქონდეთ, რისკს მაინც შეამცირებს. თუმცა, 
ცხადია, სხვადასხვა ხარისხით და რაც უფრო გვიან, მით უფრო ნაკლებად.
დამტკიცებულია, რომ:
* ყოფილი მწეველები ჯერ კიდევ მწეველებზე უფრო მეტხანს ცოცხლობენ. მაგალითად, თუ მოწევას 50 წლამდე დაანებებთ თავს, მომდევნო 15 წლის განმავლობაში გარდაცვალების რისკი 1,5-ჯერ ნაკლები გექნებათ, ვიდრე მათ, ვინც მოწევას განაგრძობს.
* თავის დანებება ამცირებს გულის დაავადებების, კიბოს, ინსულტის, ფილტვის ქრონიკული დაავადებების განვითარების საფრთხეს. 
* ქალებს, რომლებმაც თამბაქოს წევას დაორსულებამდე ანდა ორსულობის პირველი 4 თვის განმავლობაში დაანებეს თავი, მცირეწონიანი ბავშვის დაბადების ალბათობა თითქმის ისეთივე მცირე აქვთ, როგორიც არამწეველებს.
თავი დაანებე!
თამბაქოს დამოკიდებულების დასაძლევად ნებისყოფაა საჭირო, თუმცა მხოლოდ მის იმედად ყოფნას არ გთავაზობთ – არსებობს მთელი ნაკრები მედიკამენტებისა, რომლებიც მოწევისთვის თავის დანებებას აადვილებს. თამბაქოს მიტოვების გასაადვილებლად პირველი რიგის შვიდი მედიკამენტია მოწოდებული. აქედან ხუთი ნიკოტინის შემცველია (საღეჭი რეზინი, ინჰალატორი, ტაბლეტი, ცხვირის სპრეი`პულვერიზატორი, სალბუნი`პლასტირი), დანარჩენი ორი კი ნიკოტინს არ შეიცავს.
გადაამოწმე სისხლი
საკუთარ ჯანმრთელობაზე მუდმივად რომ გვქონდეს წარმოდგენა და ადრეულ სტადიაშივე აღმოვაჩინოთ პათოლოგიური პროცესი, დროდადრო პროფილაქტიკური გამოკვლევა უნდა ჩავიტაროთ. ყველა ორგანოს ლუპაში გატარება სულაც არ არის საჭირო – ორგანიზმის “ვარგისობის” შესახებ ინფორმაციას სისხლიც მოგვაწვდის. სისხლის ანალიზი აუცილებელია არა მხოლოდ ამა თუ იმ დაავადების გამოსავლენად, არამედ მათი მიმდინარეობისა და მკურნალობის შედეგის შესაფასებლადაც.
მკურნალობის შედეგის შესაფასებლად სისხლის ანალიზს ექიმის მითითებით ვიკეთებთ, აი, პროფილაქტიკის მიზნით კი მისი ჩატარება სურვილისამებრ შეიძლება ნებისმიერ დროს, თუმცა ხშირ-ხშირად არ გირჩევთ – წელიწადში ერთხელ საკმარისია. 
რას გვიამბობენ მოცურავე უჯრედები
სისხლის საერთო ანალიზით განისაზღვრება სისხლის ფორმიანი ელემენტების – ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობა, ასევე – ლეიკოციტების ფორმების, გრანულოციტებისა და აგრანულოციტების, აბსოლუტური და პროცენტული მაჩვენებლები. ამავე დროს სისხლის ანალიზი საშუალებას გვაძლევს, გამოვთვალოთ არაერთი სხვა პარამეტრი, რომლებიც სამედიცინო თვალსაზრისით არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ჯანმრთელი ადამიანისთვის სისხლის უჯრედული შემადგენლობა ნორმირებული და მუდმივია და ძირითადად პათოლოგიური პროცესების დროს იცვლება, თუ არ ჩავთლით ფიზიოლოგიურ ცვლილებებს. მაგალითად, მაღალ მთაზე ასვლისას იცვლება ჰემოგლობინის დონე და ერითროციტების რაოდენობა. ცვლილებებს განიცდის სისხლი რენტგენოლოგიური და ფიზიოთერაპიული პროცედურების შემდეგაც.
ერითროციტების რაოდენობის შემცირებას ანემია ეწოდება. მას რამდენიმე მიზეზი აქვს. ამ მიზეზთა კვალობაზე, გამოყოფენ ანემიის რამდენიმე ტიპს: ერითროციტების წარმოქმნის დაქვეითებით გამოწვეულ ანემიებს, ჰემოლიზურ ანუ ერითროციტების დაშლით გამოწვეულ ანემიებს, პოსტჰემორაგიულ ანუ სისხლის მწვავე ან ქრონიკული, ხანგრძლივი კარგვით გამოწვეულ ანემიებს.
ერითროციტების რაოდენობის მომატებას კი ერითროციტოზი ჰქვია. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს გულის მანკის, ფილტვის ამა თუ იმ დაავადების, სისხლმბადი სისტემის პათოლოგიის, მაგალითად, ვაკეზის დაავადების დროს.
ერითროციტებმა, გარდა რაოდენობრივი ცვლილებებისა, შესაძლოა იცვალონ ზომა და ფორმაც, რასაც ასევე დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს.
ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითებას ლეიკოპენია ეწოდება, მომატებას – ლეიკოციტოზი. ორივე მოვლენა პათოლოგიურიც შეიძლება იყოს და ფიზიოლოგიურიც. პათოლოგიური ლეიკოციტოზი გვხვდება სხვადასხვა ტიპის მწვავე და ქრონიკული ლეიკოზების, ლეიკემოიდური რეაქციების (ეს არის დროებითი ცვლილებები პერიფერიულ სისხლში, რომლებიც ლეიკოზს წააგავს), ანთებითი და ჩირქოვანი პროცესების დროს. ფიზიოლოგიური ლეიკოციტოზი გვხვდება ახალშობილებსა და ბავშვებში, ასევე ორსულებში (II ტრიმესტრში).პათოლოგიური ლეიკოპენია თან სდევს ძვლის ტვინის ჰიპოპლაზიურ და აპლაზიურ მდგომარეობას, ზოგიერთ ვირუსულ ინფექციას, აგრანულოციტოზს, ხოლო ფიზიოლოგიური – შიმშილს.
თრომბოციტების რაოდენობის მომატებას თრომბოციტოზი ეწოდება, დაკლებას – თრომბოციტოპენია. თრომბოციტებს შესწევთ უნარი, მიეწებონ ერთმანეთს (აგრეგაცია) და უცხო ზედაპირს (ადჰეზია), გამოიმუშაონ შედედების თრომბოციტული ფაქტორები და გადაიტანონ პლაზმური ფაქტორები, აღადგინონ დაზიანებული სისხლძარღვი. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც თრომბოციტების ნორმალური რაოდენობის ფონზე ვითარდება ჰიპოკოაგულაცია, რასაც თრომბოციტების ფუნქციური არასრულფასოვნება განაპირობებს.
ისევ ქოლესტეროლი!
ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ ქოლესტეროლზე როგორც ათეროსკლეროზის გამომწვევ ძირითად ფაქტორზე და ხშირად ნიშნავენ კვლევას, რომელიც მიზნად ისახავს სისხლში ლიპიდების დონის განსაზღვრას.
დავიწყოთ იმით, რომ ცხიმებს ანუ ლიპიდებს ორგანიზმი უმთავრესად საკვების საშუალებით იღებს, თუმცა ისინი ორგანიზმშიც გამომუშავდება. სისხლის მიერ ტრანსპორტირებული ლიპიდები ხვდებიან ქსოვილებსა და ორგანოებში, იქ გარდაიქმნებიან ნივთიერებებად, რომლებიც ორგანიზმს ნორმალური ფუნქციობისთვის სჭირდება ან მარაგად ლაგდებიან.
სისხლში მიმოიქცევა ლიპიდების ყველა ფრაქცია, რომელსაც კი შეიცავს ადამიანის ქსოვილები. ესენია ტრიგლიცერიდები – სისხლის პლაზმის ძირითადი ლიპიდები, ქოლესტეროლი, ქოლესტეროლის და ფოსფოლიპიდების ეთერები, ცხიმოვანი მჟავები. ლიპიდების დიდი ნაწილი წარმოადგენს ლიპოპროტეინებს, რომლებიც შრატის ალფა და ბეტა გლობულინებთან არის დაკავშირებული, ამიტომ მათ ალფა და ბეტა ლიპოპროტეინებსაც უწოდებენ. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან შემადგენლობით, მოლეკულის ფორმითა და ზომით. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს “კარგ” ქოლესტეროლს უწოდებენ, დაბალი სიმკვრივისას კი “ცუდს”.
ლიპიდებს შორის ნორმალური თანაფარდობის დარღვევას დისლიპიდემია ეწოდება. ტრიგლიცერიდებისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის მაღალი დონე ათეროსკლეროზის მაღალ რისკზე მეტყველებს.
ათეროსკლეროზი არტერიული სისტემის დაავადებაა, რომელსაც სისხლძარღვის კედელში ტიპური კერების – ათეროსკლეროზული ფოლაქების – გაჩენა ახასიათებს. დისლიპიდემიის მოწესრიგება ანელებს ათეროსკლეროზული ფოლაქების ზრდას და ხშირად მათ რეგრესსაც კი იწვევს. ლიპიდების ნორმალური თანაფარდობა ირღვევა ძლიერი გაცხიმოვნების, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპოთირეოზის, თირკმლისა და ღვიძლის დაავადების დროს.
ვარჯიში ჯანმრთელობისთვის
ფიზიკური დატვირთვა საჭიროა ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა. თანამედროვე ადამიანი ნაკლებად მოძრავ ცხოვრების წესს მისდევს, ჰიპოდინამიას კი, თავის მხრივ, ათასგვარ პათოლოგიამდე მივყავართ. მისი ბრალია ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ტანდეგობის მძიმე დარღვევები, კომპიუტერთან ხანგრძლივი ჯდომით განპირობებული პათოლოგიური მდგომარეობანი… 
ამრიგად, გაზვიადება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ჯანმრთელობის საწინდარია. შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები, კომფორტული სახეობა და რეგულარულად მისდიეთ, ოღონდ წინასწარ აუცილებლად ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა.
ვიწყებთ ბავშვობიდან

თუ მშობელს განზრახული აქვს, შვილი პროფესიონალ სპორტსმენად აღზარდოს, ზოგიერთ სახეობაში ის მცირე ასაკიდანვე უნდა ჩააბას. მაგალითად, მხატვრულ ტანვარჯიშსა და ფიგურულ სრიალზე პატარა სამი წლიდან უნდა მივიყვანოთ.
თუ ჩვენი მიზანი მხოლოდ გაკაჟება ან გართობაა, უმჯობესია, სპორტის ისეთი სახეობა შევარჩიოთ, რომ სხეულის ორივე მხარე თანაბრად დაიტვირთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკური დატვირთვას ტანდეგობის დარღვევა მოჰყვება. 
არამც და არამც არ შეიძლება ბავშვის ისეთ სპორტში ჩაბმა, რომელიც ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. მაგალითად, ძალოსნობაში. ასეთი დატვირთვა ზრდის ზონების ნაადრევ დახურვას უწყობს ხელს და, შესაბამისად, ზრდას აფერხებს.
მოზარდისთვის საუკეთესოა ცურვა – ის დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, არ აფერხებს ხერხემლის ზრდას, ხელს უწყობს კუნთების თანაბარ განვითარებას. 
მიზანშეწონილი არ არის სპორტის რამდენიმე სახეობაში ბავშვის ერთბაშად ჩაბმა – ასე ორგანიზმის ფიზიკური რესურსები მალევე ამოიწურება. 
ნებისმიერი პათოლოგიის არსებობისას, სკოლიოზი იქნება ეს, ბრტყელტერფიანობა თუ სხვა, ვარჯიშის ტიპი ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. საზოგადოდ, ხერხემლის პათოლოგიის მქონე ბავშვისთვის ფიზიკური დატვირ
თვა მეტად მნიშვნელოვანია – ავითარებს ზურგის კუნთებს, მუცლის პრესს და მეტ-ნაკლებად ტანდეგობის დარღვევის კორექციასაც ახდენს.
აი, უკვე გავიზარდეთ
ჯანმრთელმა ადამიანმა ისე უნდა ივარჯიშოს, რომ დისკომფორტი არ იგრძნოს. ყოველგვარი დატვირთვა, რომელიც სიამოვნებას გვრით, მისაღებია, ცურვა იქნება ეს, შეიპინგი, აერობიკა, აკვააერობიკა თუ, უბრალოდ, ფეხით სიარული.
თავად განსაჯეთ: თუ ადამიანმა თავი კომფორტულად არ იგრძნო, მალევე დაყრის ფარ-ხმალს, ვარჯიშს კი აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, როცა ის ზომიერი დატვირთვით და, რაც მთავარია, რეგულარულად სრულდება. 
რომელიმე ქრონიკული პათოლოგიით (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტით, გულ-სისხლძარღვთა ან სასუნთქი სისტემის პათოლოგიით) ავადობისას წინასწარი გამოკვლევა და დატვირთვაზე ფუნქციური დიაგნოსტიკის ჩატარებაა საჭირო. ამ გზით გაირკვევა, როგორ შეეგუება დატვირთვას გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემები. ეს გამოკვლევა მარტივად, ველოერგომეტრით ტარდება და კარდიოგრამასა და გარეგანი სუნთქვის შეფასებას მოიცავს. ამ გზით სპეციალისტი განსაზღვრავს, რამხელა დატვირთვით შეძლებთ ვარჯიშს. მრავალი ქრონიკული პათოლოგია ძალზე ვერაგია და თუ მანამდე თითქმის არ გვაწუხებდა, შესაძლოა, ფიზიკური დატვირთვისას ერთბაშად და მძაფრად იჩინოს თავი. თანამედროვე დონის ნებისმიერ ფიტნესცენტრს ექიმი უნდა ემსახურებოდეს და მისი პროფესიული აზრი ინსტრუქტორმა უთუოდ უნდა გაითვალისწინოს.

გააზიარე: