როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ტყუილს?

გააზიარე:

ბავშვობაში ტყუილი ყველას გვითქვამს. მშობლებს გვაშინებს, როდესაც სამი წლის პატარა თვალებში გვიყურებს და უწყინარი სახით გვატყუებს, რომ ხელები ნამდვილად დაიბანა, მოზრდილი ბავშვი კი ირწმუნება, რომ საშინაო დავალება არ მიუციათ, რათა მალე ჩავიდეს ეზოში და ითამაშოს. Child Mind Institute-ის კლინიკური ფსიქოლოგი მეთიუ რაუსი ამბობს, რომ ამაში საშიში არაფერია. მშობლის მთავარი ამოცანაა, გაარკვიოს, რატომ იტყუება ბავშვი, რა უდევს მის ტყუილს საფუძვლად. თუ მიზეზს მიაგნებთ და მასთან გამკლავების მექანიზმები გეცოდინებათ, ამ მავნე ჩვევას აუცილებლად დაამარცხებთ.

  • რატომ იტყუებიან ბავშვები

მშობლებს ხშირად მიაჩნიათ, რომ ბავშვი მაშინ იტყუება, როდესაც სიტუაციიდან თავის დაძვრენა, სასჯელის თავიდან აცილება ან სასურველი ნივთის მიღება სურს. ეს მართლაც ყველაზე გავრცელებული მიზეზებია, მაგრამ არსებობს სხვებიც.

  • მოსინჯავენ ახალ ქცევას

მეთიუ რაუსი ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იტყუება ბავშვი, არის აღმოჩენა იმისა, რომ მას ტყუილის თქმა შეუძლია. ამ დროს, ისევე როგორც სხვა ახალდასწავლილი ქცევის შემთხვევაში, მას აინტერესებს, რა მოჰყვება მის ტყუილს, რა სარგებლობას მოუტანს, რისგან თავის დაძვრენაში დაეხმარება ან, პირიქით, რა ხათაბალაში გახვევს. ამ გზით ის ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებს.

  • ცდილობენ თვითშეფასების ამაღლებას

ბავშვები, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება აქვთ, ხშირად ცრუობენ თავიანთი შესაძლებლობების შესახებ, თხზავენ საოცარ ამბებს, რომლებიც სინამდვილეში არ გადახდენიათ – მათ სურთ, სხვა ადამიანების აღიარება მოიპოვონ და მათ თვალში ამაღლდნენ. ხდება ისეც, რომ მათი მოყოლილი ისტორიები სრულიად არარეალურია. მაგალითად, მეთიუ რაუსს ჰქონდა შემთხვევა, როდესაც მერვეკლასელი ბიჭი ჰყვებოდა, რომ, წვეულებაზე მისულს, იქ მყოფებმა დაუჩოქეს და უმღერეს.

  • სურთ შემაწუხებელი ყურადღებისგან თავის დაღწევა

შფოთვისა და დეპრესიისკენ მიდრეკილი ბავშვები ხშირად იტყუებიან, რათა ზედმეტი ყურადღება თავიდან აიცილონ. მაგალითად, უძილო ღამის შემდეგ შესაძლოა იცრუონ, რომ კარგად ეძინათ, რათა მშობლები არ შეშფოთდნენ და კითხვები არ დააყარონ. მორცხვმა ბავშვმა შესაძლოა იცრუოს, რომ არ იცის კითხვაზე პასუხი, რათა ზედმეტი, თუნდაც დადებითი, ყურადღების ქვეშ არ მოექცეს.

  • ეზარებათ ფიქრი

ბავშვმა შესაძლოა გაუცნობიერებლადაც იცრუოს, მხოლოდ იმიტომ, რომ კითხვაზე ზედმეტი ფიქრი დაეზარა, თემამ არ დააინტერესა ან ისე იყო გატაცებული რამე საქმიანობით, რომ ფიქრისთვის დროის დაკარგვა დაენანა და წამოიძახა პირველივე პასუხი, რაც ენაზე მოადგა. მაგალითად, შინ შესაძლოა ჰკითხონ, დღეს ბაღში წვნიანი თუ ჭამა და ბავშვმა უპასუხოს, რომ არ უჭამია, სინამდვილეში კი ნაჭამი ჰქონდეს. ამ დროს მისი მიზანი სრულიადაც არ არის დედის მოტყუება, უბრალოდ, არ ახსოვს და არც გონებას ძაბავს გასახსენებლად, რადგან საერთოდ არ ადარდებს, ჭამა თუ არა წვნიანი.
ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალია მრავალნაცადი დღის განმავლობაში შესასრულებელი დავალებების სიის ჩამოწერა, დროის ლიმიტების დაწესება და ბავშვისთვის პატარ-პატარა პასუხისმგებლობების დაკისრება, თუნდაც საკუთარი გასარეცხი ტანსაცმლის სარეცხის კალათაში ჩაყრა. ეს მას ფიქრის უნარს გამოუმუშავებს და მოვლენების უკეთ დამახსოვრებაში დაეხმარება.

  • უწყინარი ტყუილები

უწყინარ ტყუილს ხანდახან ყველა ვამბობთ და შესაძლოა, ბავშვს უნებლიეთ ჩვენ თვითონ ვასწავლოთ ტყუილის თქმა. მაგალითად, დიდი ხნის უნახავი მამიდა თუ გესტუმრათ, ბავშვი კი განსაკუთრებულ სიხარულს არ გამოხატავს, შესაძლოა ჩუმად სთხოვოთ, მივიდეს, ჩაეხუტოს და უთხრას, რომ მოენატრა. ამით თითქოს არაფერი შავდება, პირიქით, მამიდას გაახარებთ, მაგრამ, იმავდროულად, ბავშვს ტყუილისკენ უბიძგებთ.

  • მშობლის როლი

ექიმი რაუსი ამბობს, რომ ქცევის მართვისთვის ისაა გადამწყვეტი, რა უდევს საფუძვლად ბავშვის ტყუილს, რა უკუკავშირს ელის ის თქვენგან ამ ტყუილის სანაცვლოდ. მნიშვნელოვანია ტყუილის ხარისხიც. სხვადასხვა სახის ტყუილი სხვადასხვანაირ მიდგომას მოითხოვს.
როდესაც საქმე ყურადღების მისაპყრობად ნათქვამ ტყუილს ეხება, რაუსი მის იგნორირებას გვირჩევს. იმის მაგივრად, რომ ბავშვი მკაცრად გაკიცხოთ, უთხრათ, ვიცი, რომ იტყუები და მეორედ ასე აღარ მოიქცეო (ამით კიდევ უფრო დაბლა დაუწევთ თვითშეფასებას), მშვიდად მოისმინეთ მისი მონათხრობი, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიაქციოთ და არ შეიცხადოთ.
მაგალითად, თუ ბავშვი გიყვებათ, რომ დღევანდელ სასკოლო საფეხბურთო მატჩზე ათი გოლი გაიტანა, გულშემატკივრებმა ხელში აიყვანეს და ცაში აისროლეს, სიცრუეში ნუ ამხელთ; სხვა, უფრო მნიშვნელოვან რამეზე გადაიტანეთ აქცენტი. მაგალითად, თუ კარგად ხატავს, ჰკითხეთ, რა დახატა ხატვის გაკვეთილზე, სთხოვეთ, გაჩვენოთ ნახატი; თუ მათემატიკაშია ძლიერი, ამ საკითხზე ესაუბრეთ, რათა მიხვდეს, რომ მართალია, ფეხბურთს ისე ვერ თამაშობს, როგორც თვითონ უნდა, მაგრამ ამით თქვენს თვალში არ ეცემა.


თუ ბავშვი ფანტასტიკურ ამბავს ჰყვება, მაგრამ იმ ასაკშია, რომ კარგად აცნობიერებს ამბის აბსურდულობას, რაუსი გვირჩევს, კი არ გავკიცხოთ, არამედ მოზომილად ვუთხრათ, რომ ეს ამბავი ნამდვილს არ ჰგავს, ამიტომ ჯობია, კიდევ ერთხელ სცადოს და ამჯერად იმას მოჰყვეს, რაც ნამდვილად მოხდა. ასე ბავშვს არც შეარცხვენთ და შანსსაც მისცემთ, ამჯერად მაინც გითხრათ სიმართლე.

  • ტყუილს შესაბამისი შედეგი მოჰყვება

თუ მოზრდილი ბავშვი ან თინეიჯერი იტყუება იმის შესახებ, რატომ დაიგვიანა ან სად გაატარა ღამე, მის საქციელს აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი შედეგი. სასჯელი ტყუილის სიმძიმეს უნდა შეესაბამებოდეს. ეს არ უნდა იყოს ისეთი რამ, რაც ბავშვს მეტისმეტად დააზარალებს. მით უმეტეს, თუ მან პირველად იცრუა. შემოიფარგლეთ ისეთი სასჯელით, როგორიცაა ერთი დღე უტელეფონოდ ან ერთი დღე მეგობრებთან შეხვედრის გარეშე. მეტი ხნით ნუ დასჯით, მიეცით შანსი, გამოსწორდეს.
თუ ბავშვი მთელი კვირა გატყუებდათ, საშინაო დავალება არ მოუციათო, მერე კი აღმოაჩენთ, რომ სინამდვილეში მიუციათ, უნდა დასვათ და ყველა გამოტოვებული დავალება დააწერინოთ. თუ სხვა ბავშვს ჩაარტყა, აუცილებლად უნდა გაიაზროს, რატომაა ასეთი საქციელი მიუღებელი და დაზარალებულს ბოდიში მოუხადოს.

ხრიკები ტყუილების თავიდან ასაცილებლად

  • სიმართლე ამცირებს სასჯელს. თუ მოზარდმა წვეულებაზე დალია, უნდა იცოდეს, რომ მის საქციელს შესაბამისი შედეგი მოჰყვება, მაგრამ იცოდეს ისიც, რომ დანაშაულის დამალვას და მიუღებელი ქცევისთვის ტყუილის დამატებას გულახდილი აღიარება სჯობია.
  • შეგიძლიათ უთხრათ, რომ სიმართლეს თუ იტყვის, მომავალში მეტად ენდობით და, ამასთანავე, თუ ორი დღით აპირებდით ტელეფონის ჩამორთმევას, აღიარების შემთხვევაში მხოლოდ ერთი დღით ჩამოართმევთ. მაგრამ ბავშვმა არ უნდა ჩათვალოს, რომ აღიარებით ყოველგვარ დანაშაულს გამოისყიდის. ცუდი ქცევისთვის ის მაინც დაისჯება, რადგან “სასჯელის ზომას” თქვენ წყვეტთ და არა ის. ამიტომ მზად უნდა იყოთ შემდეგი ფრაზების მოსასმენად: “კი მაგრამ, მე ხომ სიმართლე გითხარი?!”; “სურვილს მიკარგავ, ოდესმე კიდევ გითხრა სიმართლე!”
  • ამოიყენეთ სიმართლის გადამოწმების მეთოდი. თუ ბავშვის მასწავლებელმა გითხრათ, რომ დავალება არ ჰქონდა შესრულებული, ბავშვი კი გეუბნებათ, რომ შეასრულა, უთხარით, რომ 5 წუთს აძლევთ მოსაფიქრებლად, მანამდე თქვენს საქმეს მიხედავთ, ხოლო როცა ამ კითხვას მიუბრუნდებით, შეუძლია, სხვა პასუხი გაგცეთ, ამისთვის არ გაუბრაზდებით, ეს უბრალოდ სიმართლის შემოწმება იქნება.
  • ამ დროს ბავშვს არ შეეშინდება სასჯელის და მშობლის გაბრაზების, ამიტომ მართლა დაფიქრდება: უღირს კი ტყუილის თქმა და თქვენი ნდობის დაკარგვა? ამიტომ დიდი შანსია, სიმართლე გაგიმხილოთ. თუმცა ექიმი რაუსი გვეუბნება, რომ ქრონიკულად მატყუარა ბავშვებთან ეს ტექნიკა არ ჭრის.
  • გამოიყენეთ პრეამბულის მეთოდი. ბავშვს სიმართლის თქმისკენ შეიძლება უბიძგოთ იმის შეხსენებით, რომ მისგან იდეალურ საქციელს არ მოელით. მაგალითად, უთხრათ: “შეიძლება, კითხვაზე ის პასუხი არ გამცე, რისი მოსმენაც მინდა, შეიძლება, შენი პასუხი სულაც არ მომეწონოს, მაგრამ გახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი ცდება და მე შენ ყველაფრის მიუხედავად მეყვარები. მთავარია, სიმართლე მითხრა და ერთად მოვიფიქროთ, როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია”.
  • არ მიაკეროთ იარლიყი. ბავშვისთვის როგორც კარგი, ისე ცუდი იარლიყის მიკერება მავნებელია. ნუ უწოდებთ მატყუარას – ის იფიქრებს, რომ თუნდაც სიმართლე გითხრათ, მაინც არ დაუჯერებთ, რადგან თქვენს თვალში ის მატყუარაა, ამან კი შესაძლოა მომავალში დიდი სირთულეების წინაშე დაგაყენოთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: