ფოსოს გაკვეთილები - რა უნდა ვისწავლოთ კატებისგან

გააზიარე:

ვისაც კატები უყვარს, მათზე დაკვირვებაში ალბათ არაერთი საათი გაუტარებია. ეს მშვენიერი, გრაციოზული ცხოველები მომნუსხველი აურით გამოირჩევიან. მათ ყოველდღიურ, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ ქმედებებზე დაკვირვება მედიტაციას ჰგავს. აი, ზის კატა ფანჯრის რაფაზე. მზის სხივები ელამუნება. ფისო თვალებს ნაბავს, ბოლომდე ისრუტავს მზის ენერგიას. მერე გაიზმორება – წელში გაიზნიქება, წინ გაწვდილ წინა თათებს დაეყრდნობა და გაიწელება, ბოლოს აუჩქარებლად ჩამოხტება რაფიდან, ოთახში საუკეთესო ადგილს მოძებნის, მოკალათდება და ჩაიძინებს ღრმად, გემრიელად.

ფოსო

ფოსო ეზოდან კნუტობაშივე ამოყვანილი კატაა. დედა და და-ძმა ადრევე დაეხოცა. თვითონ მონადირე ძაღლს გამოვგლიჯე პირიდან. მერე ეზოში დასაბრუნებლად ვეღარ გავიმეტე და შინ წავიყვანე. იმ დღიდან ფოსო ოჯახის წევრია, უფრო სწორად, მისი მეუფე და გამგებელი – ასე აღიქვამს თავად და თავიც შესაბამისად უჭირავს. მის დიდებულ მოძრაობასა და მიხრა-მოხრაში მეფური მეტია, ვიდრე ქუჩურ-სარდაფული (ბავშვობის მეტი წილი სწორედ სარდაფში აქვს გატარებული).

ფოსოს აქვს არაჩვეულებრივი თვისებები და უნარი, მიიღოს სასურველი ნებისმიერ ფასად. მას შეუძლია, საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობის ფასდაუდებელი გაკვეთილები ჩაგვიტაროს და ამ წერილში რამდენიმე მათგანს გაგიზიარებთ.

წინ მიმავალმა, უკან არ იყურო

ბავშვობის ტრავმებს, ტრაგედიებს, უსიამოვნებებს, რომლებიც ოდესაღაც შეგვემთხვა, ჩვენი ახლანდელი ცხოვრების განკარგვის უფლება არ უნდა მივცეთ. წარსულის უარყოფითი გამოცდილება მუდმივად განახლებად იარად არ უნდა ვაქციოთ. რაც იყო, იყო. ნაიარევი შესაძლოა დარჩეს, მაგრამ მისი ჩიჩქნა და კვლავ სისხლმდინარე ჭრილობად ქცევა ნამდვილად ჩვენი არჩევანია და ამ არჩევანის გაკეთება არ ღირს. მიუხედავად წარსული გამოცდილებისა, შესაძლებელია და აუცილებელიც, აწმყოში ჩვენთვის სასიკეთო არჩევანი გავაკეთოთ. მზერა უკან კი არა, წინ მივმართოთ.

პრიორიტეტი – საკუთარი კეთილდღეობა

თვითმფრინავში ერთხელ მაინც თუ ბოლომდე მოგისმენიათ ინსტრუქციისთვის, გემახსოვრებათ, რომ ექსტრემალურ ვითარებაში, როდესაც ჟანგბადის ნიღბის ჩამოცმაა საჭირო, ჯერ ჩვენ ვირგებთ ნიღაბს და მხოლოდ ამის შემდეგ ვუკეთებთ ბავშვს – თუ საკუთარი ქმედობაუნარიანობის შენარჩუნებაზე თავად არ ვიზრუნეთ, ბავშვი ამას ჩვენ ნაცვლად ვერ გააკეთებს. ამიტომ უპირველესად საკუთარ თავს ვშველით, რათა სხვებსაც ვუშველოთ. ეს თანმიმდევრობა ცხოვრებაშიც ძალიან მნიშნელოვანია და კატებმა ეს შესანიშნავად იციან. რაც უნდა ხდებოდეს შინ თუ გარეთ, ფოსომ იცის: როცა მისი ძილის დრო მოვა, ბუდეში უნდა მოკალათდეს და ტკბილად დაიძინოს. გარეთ შეიძლება იყოს გრიგალი, ქარიშხალი, წარღვნა, შინ – ხმაური, გნიასი, აყალმაყალი, ფორიაქი, სტუმრიანობა... ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას, როდესაც საქმე დღის განმავლობაში დახარჯული ენერგიის აღდგენას ეხება. ფოსო თავის ადგილს მიაშურებს, სათანადოდ განეწყობა და ძილში იძირება, ისვენებს.

იზრუნე სხეულის მოქნილობაზე    

"სპორტისთვის სად მცალია", "სად მაქვს ფიტნესის ფული!" – ვიმართლებთ თავს, როცა უმოქმედობას ვარჩევთ. არადა როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობისთვის ფიზიკური აქტივობა უმნიშვნელოვანესია. კატები ყოველთვის პოულობენ დროს სხეულის მოქნილობის შესანარჩუნებლად. თუ გაქვს თავისუფალი 5 წუთი, ე.ი. გაქვს 5 წუთი გასაწელად, გასავარჯიშებლად, სისხლის ასამოძრავებლად, ორგანიზმისთვის რამე სასარგებლოს გასაკეთებლად. რაფიდან ჩამოხტომის შემდეგ, გაღვიძების შემდეგ, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ კატები იზმორებიან, ამუშავებენ კუნთებს, მყესებს, სახსრებს. პოულობენ დროს და ამ დროს საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებენ.

საჭირო კონტაქტები და სასურველის მიღება

ფოსო დახელოვნებულია სასურველის მისაღებად ათასგვარი ხერხის გამოყენებაში. მისი ერთ-ერთი ვნებაა ღამეული დაზვერვითი გასვლები სხვენზე. ფოსომ იცის, რომ ეზოში, სარდაფში და კორპუსის მიმდებარედ არაფერი ესაქმება – იქაურობას კაპასი ცუგა ნანო და მისი მეგობარი ბიმი აკონტროლებენ. ნანო და ბიმი კატებთან არ მეგობრობენ. ფოსო პატივს სცემს “მტრების" ცხოვრებისეულ პოზიციას და მათ ტერიტორიაზე პრეტენზიას არ აცხადებს, მაგრამ კატები ბუნებით დაუდგრომელი, ცნობისმოყვარე, მკვლევარი არსებები არიან. ერთი და იგივე ოთხი კედელი, შეზღუდული სამოძრაო არეალი მოსაწყენია მათთვის, ამიტომ ფოსო ყოველ ღონეს ხმარობს, რომ ახალი საძრომიალოები აღმოაჩინოს და აღმოაჩინა კიდეც – სხვენი. ჩვენს კორპუსს ე.წ. დადგმული სართულიც აქვს. მისი ნაწილი დასახლებულია, ნაწილი – დაუსახლებელი. ფოსომ მოახერხა და დასახლებული ნაწილის ბინადართა გული მოიგო, ამიტომ დღისით ულევი რაოდენობით იღებს მათგან ნუგბარსა და მოფერებას, ღამღამობით კი სხვენს ზვერავს. სხვენზე ასასვლელად, რა თქმა უნდა, ბინის კარის გავლაა საჭირო. ფოსო ბინის კარს ვერ აღებს, მაგრამ ზუსტად იცის, როგორ გააღებინოს ის ორფეხა “მსახურებს" – თუ კრუტუნით, ჩაძინებული პატრონის ლოყებზე გლასუნით და კნავილით ვერაფერს გახდა, თაროებიდან ნივთების ჩამოყრას იწყებს და ეს გარანტირებულად წარმატებული ტაქტიკაა. პატრონი დგება და, სხვა რა გზაა, უშვებს კატას გარეთ, ღამეული თავგადასავლების საძიებლად. 

არის რაღაცები, რისკენ ლტოლვაც არ ღირს. რაღაც გზები, უბრალოდ, დახურულია. როგორც არ უნდა ვისურვო, როგორც არ უნდა ვიშრომო, სხვა რეალობას, სხვა მოცემულობას, სხვა განზომილებას ვერ შევიქმნი. ამიტომ რეალისტური მოლოდინი, მოცემულობის მიღება და სასიკეთოდ მორგება აუცილებელია. ამასთან, ეს არ ნიშნავს, რომ კვლევის, მოქმედების, ცვლილებების სურვილი აღვიკვეთო. ნებისმიერ მოცემულობაშია შესაძლებელი საინტერესოს პოვნა. მალდივის კუნძულებზე ვერ მივდივარ? – ბირთვისის ან მარტვილის კანიონში წავალ. ვერ მექნება აუზიანი პენტჰაუსი მეგაპოლისში? – ბუნებაში მოვძებნი ლამაზ მდინარეს.

ზოგჯერ შერჩეული მეთოდი, სტრატეგია, ტაქტიკა არ ამართლებს, მაგრამ ყურების ჩამოყრა არ ღირს. შემოქმედებითობა, ჩარჩოებს მიღმა ფიქრი და აზროვნება დამეხმარება, სასურველ შედეგამდე სხვა გზით მივიდე.

და, რაც მთავარია, მუდმივად უნდა მქონდეს რწმენა იმისა, რომ „თუ თავი ჩემი მე მახლავს, ღარიბად არ ვიხსენები“.

აი, რამდენი რამის სწავლა შეგვიძლია საკუთარ თავზე ზრუნვის ოსტატებისგან – მათი უდიდებულესობა კატებისგან!

ნინო ლომიძე

გააზიარე: