ეკა ფერაძე: “ჩემი მხატვრობით ადამიანებს სხვა სამყაროში ვამოგზაურებ”
გააზიარე:
ეკა ფერაძის ფერწერულ ნამუშევრებს კრეატიული, თანამედროვე და ორიგინალური ხელწერით გამოარჩევთ. სისადავე და ფერთა ულამაზესი პალიტრა სიმშვიდისა და სილამაზის განცდას ბადებს. სამგანზომილებიანი ნახატები ტილოზე აკრილითა და ზეთით იქმნება და მნახველთა აღფრთოვანებას იწვევს. თავად მხატვარს მიაჩნია, რომ უნიკალური პროფესია აქვს, რომლითაც უამრავ ხალხს ახარებს, სიმშვიდეს სჩუქნის, სხვა სამყაროში ამოგზაურებს... ეს ჩემი უბედნიერესი არჩევანიაო, ამბობს.
ეკა ფერაძე გერმანიაში ცხოვრობს და საქმიანობს, თუმცა მხატვართა კავშირის მსოფლიო ბაზაში მის გვარს საქართველოს წარმომადგენელთა გვარებს შორის ამოიკითხავთ.
– ჩემი გზა ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი – კვალსა და სახელს დიდი შრომის შედეგად ვტოვებ და ბედნიერი ვარ, რადგან მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ მხატვრებს შორის ფიროსმანისა და გუდიაშვილის გვერდით ჩემს გვარსაც ამოიკითხავთ.
ხატვას უმრავლესობა ბავშვობიდან იწყებს. არც ეკა ყოფილა გამონაკლისი. თოიძის სახელობის სამხატვრო სკოლა დაამთავრა, თუმცა ნიჭის განვითარებას უფრო მეტად საკუთარ თავზე მუშაობას და მეუღლის მზრუნველობას უმადლის:
– ვიპოვე სამყარო, სადაც ბედნიერება სუფევს, სადაც სიყვარული და ლამაზი ფერებია. ამ სამყაროს სხვებსაც ვუზიარებ, ჩემი თვალით დანახულს მათაც ვაჩვენებ. ხატვა – ეს არის ცხოვრება ერთდროულად რამდენიმე განზომილებაში. იქ ვარ, სადაც მინდა, თავად ვწყვეტ ყველაფერს და მუზაც მე მომყავს. ამიტომ ნებისმიერ ჟანრში მუშაობა სიამოვნებას მგვრის, ნებისმიერ თემაზე ნახატს სიყვარულით ვასრულებ.
- – მიგიტოვებიათ ნახატზე მუშაობა?
– არასოდეს. მხოლოდ ვწყვეტ იმ მომენტში, როდესაც ჩემი სიამოვნება პიკს აღწევს. მე ვარ ადამიანი, ვინც მატერიალურს სული უნდა ჩაუდგას, ამიტომ არც შემქმნელი უნდა გადაიღალოს და არც შექმნილი. იმასაც გეტყვით, რომ ჩემი ნამუშევრები არასდროს სრულდება. ნებიმიერი ნახატი შემიძლია გავაგრძელო. თუ სიყვარული დამთავრდა, ნახატიც დამთავრდება, თუმცა სანამ გული მიცემს, ეს არ მოხდება.
- – სამგანზომილებიან ნახატებს ქმნით. ამ მიმართულებას თქვენს შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია?
– ერთხანს მართლა ასე იყო, მერე კი ყველა მიმართულება ისე აირია ერთმანეთში, გარკვევა თვითონაც მიჭირს. ვხატავ არა მარტო ჩემთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, ვისთანაც ჩემმა ნახატმა უნდა იცხოვროს. ეს საპასუხისმგებლო საქმეა. შედგომ თვითონ ნახატები საუბრობენ ჩემზეც და მათ მფლობელებზეც.
- – გიჭირთ ნახატთან გამოთხოვება?
– პირიქით, მსიამოვნებს, როცა ჩემგან მიდის და სხვა ადამიანებსაც აბედნიერებს. არ მიყვარს ნამუშევრების დამალვა, გამოკეტვა – სანამ ნახატი არსებობს, ჩემზე უნდა ილაპარაკოს.
როცა ვხატავ, ნახატს ლამაზ მუსიკას ვასმენინებ, ვესაუბრები. მინდა, იპოვოს ოჯახი, სადაც თავს კარგად იგრძნობს. თუ ვინმე შეიძენს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი აღარ ენდომება, ნებისმიერ ნახატს დავიბრუნებ – ისინი ხომ ჩემი შექმნილია; სანამ ვცოცხლობ, ყოველთვის მზად ვარ, უკანვე მივიღო და ბავშვივით მოვუარო.
განსაკუთრებით მსიამოვნებს, როცა ნახატი ქართულ ოჯახში ხვდება.
- – ხელოვნებას ყველა თავისებურად აღიქვამს. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად ესმის დამთვალიერებელს თქვენი მესიჯები?
– არ მიყვარს რებუსებით საუბარი, არ მინდა, დამთვალიერებელს თავსატეხი გავუჩინო. არც თვითონ მსიამოვნებს სხვა მხატვრის თავში მოგზაურობა და იმაზე ფიქრი, რისი თქმა უნდოდა. პირდაპირ ვაჩვენებ ჩემს სამყაროს – დაე, დაინახოს, რისი დანახვაც სურს, ნახატი საკუთარ წარმოსახვაში დაასრულოს და ჩემს არაცნობიერში არ ეძებოს სათქმელი.
წარმატების ფორმულა
– ყველა სფეროში წარმატება მოაქვს რწმენას, ცოდნას, სიმშვიდეს, უბოროტო ზრახვებს...
მიზანი სწორად უნდა განსაზღვრო. იცით, რატომ არის ბევრი უმაღლესდამთავრებული უმუშევარი? მათი უმრავლესობის მიზანი მხოლოდ ინსტიტუტის დამთავრება იყო. ზოგმა მშობლების სურვილით ისწავლა, ზოგმაც – მეზობლის ჯიბრით... თავიდანვე რომ გაეაზრებინათ ამქვეყნად საკუთარი ადგილი, სხვა გზას აირჩევდნენ.
შრომა უნდა ისწავლო. იღბლის არ მჯერა. ბევრჯერ გადამიხედავს განვლილი გზისთვის, მინდოდა გამეხსენებინა მომენტი, როდესაც გამიმართლა, მაგრამ, როგორც ჩანს, სამყარო სიურპრიზებს არ მიწყობს, ის ჩემი მასწავლებელია და ამისთვის მადლიერი ვარ – ადამიანი თუ არ წაიქცა, ადგომას ვერ ისწავლის.
არ მიყვარს სტაბილურხელფასიანი სამსახური და გამუდმებით საათზე ყურება – მირჩევნია, თავისუფალი ვიყო. თუმცა სანამ აქამდე მოვიდოდი, ბევრი ისეთი სამუშაო გამოვიცვალე, სადაც მონად ვგრძნობდი თავს – მუშაობ, მუშაობ, გადის საათები, დღეები და არაფერი იცვლება.
ოცდახუთი წელია, გერმანიაში ვცხოვრობ და ვიცი, რომ უშრომელად მომავალი არ არსებობს. ვინმეს გამოფენაზე რომ მივეწვიე, წლები დამჭირდა. უცხოეთში წარმატების მიღწევა შედარებით იოლია, როდესაც სახელი უკვე გაქვს. მაგრამ მე აქ უბრალო მხატვრად ჩამოვედი მეუღლესა და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არც იმდენი ფული მქონდა, რომ პოპულარობა მეყიდა. ასობით კი არა, ათასობით წერილს ვწერდი, მაგრამ არავის უნდოდა ჩემთან ურთიერთობა, ამიტომ მიზნად დავისახე, შემექმნა რამე განსაკუთრებული, განსხვავებული. დიდხანს ვიმუშავე, ნელ-ნელა დავიხვეწე და ბოლოს ერთი კერძო გალერეისგან ნამუშევრების გატანის თაობაზე თანხმობაც მივიღე. რა თქმა უნდა, უფასოდ არავინ არაფერს აკეთებს, მაგრამ ამ გადასახდელების გადახდა რომ შემძლებოდა, წლების განმავლობაში ვმუშაობდი.
ასე დაიწყო ჩემი წარდგენა. დღეს კი მსოფლიოს მხატვართა კავშირის წევრი გახლავართ და ის ადამიანები, გალერეები, მხატვრები, რომლებიც თავის დროზე ახლოს არ მიკარებდნენ, ჩემგან რჩევებს იღებენ. არა ასობით, არამედ ათასობით წინადადება მომდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან – თხოვნით, რომ მათ გამოფენებში მივიღო მონაწილეობა. დღეს მე შემიძლია, ნებისმიერი ახალბედა მხატვარი მსოფლიო მასშტაბის გამოფენაზე წარვადგინო. დღეს მე გერმანიის მთავრობისა და პრეზიდენტის კულტურული ღონისძიებების სასურველი სტუმარი ვარ. ვარ ბრიტანული “ვოგის” მხატვარი. ჩემზე ბევრს ლაპარაკობენ და წერენ. ჩემი სახელი შეიტანეს მსოფლიოს მხატვართა ბაზაში, ფიროსმანისა და გუდიაშვილის გვერდით... ეს ჩემი თავდაუზოგავი შრომის და მთელი ოჯახის ხელშეწყობის შედეგია.
ჩემი ასპარეზი
– საქართველო მეტისმეტად პატარა აღმოჩნდა ჩემთვის. მინდოდა, ჩემი ხელოვნება საზღვრებს გარეთ გსაულიყო და უფრო მეტი დამთვალიერებელი ჰყოლოდა. საქართველოდან რომ წავედი, მაშინ არც მობილური არსებობდა, ინტერნეტზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო... დღეს საკომუნიკაციო საშუალებებით ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. მეც ამ სფეროში უკვე დიდი გამოცდილება მაქვს, ჩემი სიტყვაც მეთქმის და გამოფენებზე საქართველოს სახელით გავდივარ. თუმცაღა გერმანიამ მეტი მომცა, ვიდრე სამშობლომ და ცხოვრების უმეტესი ნაწილიც აქ გავატარე, ფესვებს ვერ დავივიწყებ.
ოჯახი
ეკა ფერაძეს ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავს. უფროსი ოცდაშვიდი წლისაა, უმცროსი – ერთის.
– სანამ მამა ცოცხალი მყავდა, ყველაფერი მშვენიერი მეჩვენებოდა. ცამეტი წლისა ვიყავი, როცა გარდაიცვალა და ერთბაშად უამრავი საზრუნავი დამაწვა. ვუვლიდი დედას, რომელიც გულის პრობლემების გამო ხშირად იწვა საავადმყოფოში, მამის საფლავს... თოთხმეტი წლისამ მუშაობა დავიწყე, თან ვსწავლობდი. თექვსმეტი წლისას ღმერთმა უდიდესი საჩუქარი გამომიგზავნა – ჩემი მეუღლე. ქორწინებისთვის პატარა ვიყავი, მაგრამ დედა ნერვიულობდა, რომ მოვკვდე, ვინ გიპატრონებსო და გადავწყვიტე. დღეს აღარც დედა მყავს. ისე წავიდა, ჩემი შვილების გაცნობაც ვერ მოასწრო. მაგრამ მე ბედნიერი ვარ და მინდა, ჩემ გარშემო თავს ყველა ბედნიერად გრძნობდეს.
თამარ ციბალაშვილი