ალოე ვერა – ჯანსაღი კანისა და თმიaსთვის
გააზიარე:
შუმერული და ეგვიპტური ჩანაწერების მიხედვით, ალოე ვერას, იმავე უდაბნოს შროშანის, სამკურნალოდ გამოყენებას ხუთიათასწლოვანი ისტორია აქვს. ძველი ეგვიპტელები მას უკვდავების მცენარეს უწოდებდნენ, ხოლო მის წვენს – ღმერთების სისხლს.
დღეს ალოე ვერა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგრედიენტია კოსმეტიკურ ინდუსტრიაში – უპირველეს ყოვლისა, თავისი ანტიოქსიდანტური და დამატენიანებელი ეფექტის გამო. მისი ექსტრაქტისგან მომზადებულ მალამოებს, კრემებს, გამაგრილებელ გელებს მრავლად ნახავთ ბიუთი-თაროებზე.
რა შეუძლია ალოე ვერას
ალოე ვერას გრძელი, ხორციანი ფოთლები ამოვსებულია ერთგვარი გელით, რომელიც წვიმის დროს წყალს აგროვებს და დიდხანს ინახავს, რათა მცენარემ ხანგრძლივ გვალვას გაუძლოს. გელი მდიდარია ფასეული ნივთიერებებით, მათ შორის – C ვიტამინით, რკინით, კალციუმით, ფერმენტებით და ამინმჟავებით. სილამაზის ინდუსტრიაში სწორედ ალოე ვერას გელს იყენებენ.
გელი, რომლის 90%-ზე მეტი წყალია, კარგად ანოტივებს კანს, ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით კი ხელს უშლის ქსოვილთა ინტენსიურ ჟანგვას და იცავს კანს ნაადრევი დაბერებისგან.
ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო ალოე ვერას გელი ძალიან უხდება აკნესადმი მიდრეკილ კანს. საუკეთესოა აკნეს მკურნალობის პროცესშიც. მას ხშირად იყენებენ კანის დასამშვიდებლად, როცა სახეზე პატარ-პატარა ანთებითი და შეწითლებული უბნებია.
გელი სალიცილის მჟავას არაჩვეულებრივი წყაროც არის და ხელს უშლის ფერიმჭამელების როგორც ჩამოყალიბებას, ისე უკვე არსებულთა გამწვავებას.
ალოე ვერა ცნობილია თავისი გამაგრილებელი ეფექტით. ის ამსუბუქებს დამწვრობისა და ჭრილობის თანმხლებ დისკომფორტს. განსაკუთრებით ეფექტურია მზით დამწვრობისა და მწერის ნაკბენის დროს.
ალოე ვერა თმასაც ძალიან უხდება. ის ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების მოცილებას და ამშვიდებს გაღიზიანებულ თავის კანს. ამასთანავე, გამომშრალ თმასაც ატენიანებს. მისი აქტიური ინგრედიენტები ასტიმულირებს უჯრედთა ცვლას, რაც აღადგენს და აძლიერებს თმის ღერებს.
როგორ გამოვიყენოთ სწორად
დერმატოლოგების ნაწილი გვარწმუნებს, რომ საუკეთესო არჩევანია 100 პროცენტით სუფთა გელი. უკიდურეს შემთხვევაში, გვირჩევენ, არჩევანი შევაჩეროთ თავის მოვლის ისეთ საშუალებებზე, რომლებშიც ალოე ვერას წილი დიდია.
შეგიძლიათ, გელი თავად მოიპოვოთ. ამისთვის მცენარის ფოთოლი სიგრძეზე უნდა გაჭრათ და რბილობი გამოუღოთ.
სუფთა ალოე ვერას ნიღაბი 5-10 წუთს შეიძლება გაიჩეროთ სახეზე, მერე კი კარგად უნდა ჩამოიბანოთ. მისი მთელი ღამით დატოვება არ შეიძლება – კანს გააღიზიანებს და გამოაშრობს.
შეგიძლიათ, ალოე ვერას გელი თავის მოვლის სხვა საშუალებებსაც შეურიოთ. მაგალითად, თუ ორ წილ ქოქოსის ზეთს და ერთ წილ ალოე ვერას გელს კარგად აურევთ, მიიღებთ კრემისებრ მასას, რომელიც შესანიშნავი დამატენიანებელია.
ზაფხულში საუკეთესოდ აგრილებს ალოე ვერას სპრეი: 70 მლ წყალში აურიეთ ერთი სუფრის კოვზი გელი და პულვერიზატორიან ბოთლში ჩაასხით.
ნიღაბი კი ასე მზადდება: ერთი ჩაის კოვზი ხაჭო, ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი კარგად დააბლენდერეთ. წაისვით სახეზე. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
ალოე ვერათი თმის მოვლაც შეიძლება: სუფთა გელი თმასა და თავის კანში შეიზილეთ და 15 წუთის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.
ერთ სუფრის კოვზ ალოე ვერას გელს შეურიეთ რამდენიმე წვეთი აბუსალათინის ზეთი და ეს ნარევი წარბებისა და წამწამების დასანოტივებლად გამოიყენეთ.
ჯილდა გაჩეჩილაძე