როგორ შევარჩიოთ სენდვიჩის აპარატი

გააზიარე:

სენდვიჩი საუკეთესო გამოსავალია, როცა საუზმის ან სადილის მოსამზადებლად ცოტა დრო გაქვთ. ასე რომ, სენდვიჩის აპარატი აუცილებელი ნივთია სამზარეულოში. მწარმოებლები ამ აპარატების უზარმაზარ არჩევანს გვთავაზობენ, მაგრამ როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის საუკეთესო?

როგორ მუშაობს

სენდვიჩის აპარატი ორი ნაწილისგან – ძირისა და თავსახურისგან შედგება. სპირალი, რომელიც ორივე ნაწილშია დამონტაჟებული, ზედა და ქვედა შესაწვავ ზედაპირებს, ერთდროულად აცხელებს საჭირო ტემპერატურამდე. ზოგიერთ მოდელს მოჰყვება სხვადასხვა ფორმის რამდენიმე პანელი (ფირფიტა, თეფში), რომელთა მოხსნა და შეცვლა შეიძლება იმის მიხედვით, რომელ საჭმელს ამზადებთ, ზოგიერთს კი მხოლოდ ერთი პანელი აქვს, რომელიც არ იხსნება.

რა და რა ტიპისა არსებობს

ბაზარზე ორი ტიპის აპარატები გვხვდება.

ეგრეთ წოდებული მარტივი აპარატი კომპაქტური და მოხერხებულია. ის სითბოგამძლე პლასტმასისგან მზადდება. ხელმისაწვდომია მისი სხვადასხვა დიზაინისა და ღირებულების მოდელები. ასეთი აპარატები უფრო მარტივი მოსახმარია, იშვიათად აქვს დამატებითი ფუნქციები (მაგალითად, ტემპერატურის მარეგულირებელი), ხოლო ზოგჯერ ჩამრთველ/გამომრთველიც კი არ გააჩნია, გამოსართავად ყოველ ჯერზე დენის წყაროდან მისი გამოთიშვა მოგიწევთ.

მარტივი აპარატი მხოლოდ სენდვიჩს მოგიმზადებთ, მას სხვა ხემსის მოსამზადებლად ვერ გამოიყენებთ. ასეთი აპარატების უმეტესობა ოთხსენდვიჩიანია, თუმცა შეხვდებით უფრო პატარა მოდელებსაც, მაგალითად, ორსენდვიჩიანს. მარტივი მოდელების უმეტესობას პანელი არ ეცვლება.

სენდვიჩის მულტიფუნქციურ აპარატს, როგორც სახელიც მიგვანიშნებს, სენდვიჩის მომზადების გარდა სხვა ფუნქციებიც აქვს. ამ ტიპის მოდელების უმეტესობა მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, თუმცა შესაძლოა, შეგხვდეთ მაღალი ხარისხის პლასტმასის კარკასითაც. მულტიფუნქციურ აპარატს რამდენიმე თეფში მოჰყვება სხვადასხვა საჭმლის მოსამზადებლად. ამ ეგრეთ წოდებულ "სამი ერთში" ან "ოთხი ერთში" მოწყობილობით შეგიძლიათ მოამზადოთ სენდვიჩი და ვაფლი. გარდა ამისა, ის გრილის ფუნქციასაც ითავსებს — შეგიძლიათ, მასში ხორცი, თევზი ან ბოსტნეული შეწვათ, ოღონდ შესაბამის ზედაპირზე. ზოგიერთს დონატების მოსამზადებელი თეფშიც აქვს. 

რას მივაქციოთ ყურადღება ყიდვისას

შენაძენით დიდხანს რომ იყოთ კმაყოფილი, ხარისხიანი აპარატი უნდა შეარჩიოთ. აქვე რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტის გათვალისწინებასაც გირჩევთ:

* უპირველეს ყოვლისა, დაფიქრდით, რომელი ტიპის აპარატი გჭირდებათ — მარტივი თუ მულტიფუნქციური, რადგან ეს უკანასკნელი მეტ საქმეს აკეთებს, მაგრამ უფრო ძვირიც ღირს.

* მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ზომა, ანუ რამდენი სენდვიჩის მომზადება შეიძლება აპარატში ერთდროულად. ორსენდვიჩიანი აპარატი, რომელიც ერთ— ან ორკაციანი ოჯახისთვის სავსებით საკმარისია, გაცილებით იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ოთხსენდვიჩიანი. მოდელები ერთმანეთისგან ტოსტის ზომითაც განსხვავდება. იმისთვის, რომ კარგი სენდვიჩი გამოგივიდეთ, პურის ნაჭრის ზომა და ფორმა თეფშისას უნდა შეესაბამებოდეს.

* აუცილებლად გაითვალისწინეთ სიმძლავრე. საუკეთესო შედეგის მისაღებად 800-დან 1200 ვატამდე სიმძლავრე სავსებით საკმარისია, თუმცა არსებობს 2000 ვატი სიმძლავრის მოდელებიც. მართალია, დაბალი სიმძლავრის აპარატი ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, მაგრამ მეტი დროც სჭირდება ფუნქციის შესასრულებლად, ვიდრე მძლავრ მოწყობილობას.

* მნიშვნელოვანი კრიტერიუმია სპირალი. ის სქლად უნდა იყოს დაფარული სპეციალური ფენით, რათა სენდვიჩი ზედაპირს არ მიეწვას.

* თეფშები, უმჯობესია, მიკვრის საწინააღმდეგო სპეციალური საფარით იყოს დაფარული, მაგალითად, კერამიკით ან ტეფლონით. განსაკუთრებით მოხერხებულია მოსახსნელი თეფშები. თუ მულტიფუნქციურ აპარატს ყიდულობთ, აუცილებლად შეამოწმეთ, რამდენად ადვილად იხსნება და მაგრდება ისინი. სენდვიჩის კიდეები კარგად რომ დაილუქოს, უმჯობესია, თეფშს მაღალი ნაპირი ჰქონდეს. ამ შემთხვევაში სენდვიჩის გაცალკევებაც ადვილი იქნება და არც დანის გამოყენება დაგჭირდებათ.

* ტემპერატურის კონტროლი და ინდიკატორი განსაკუთრებით საჭიროა კომბინირებული მოწყობილობისთვის. მათი მეშვეობით შეძლებთ, ინდივიდუალურად, საკვების მიხედვით არეგულიროთ ტემპერატურა. ზოგიერთ მოდელს ტემპერატურის რამდენიმე დონე აქვს, რომლებიც შებრაწვის ხარისხს განსაზღვრავს. ინდიკატორი კი გვამცნობს, როდის მიიღწევა საჭირო ტემპერატურა და როდის ამოვიღოთ სენდვიჩი. მარტივი აპარატების უმეტესობას ტემპერატურის მხოლოდ ერთი დონე აქვს, რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული და არ იცვლება.

* ყურადღება მიაქციეთ აპარატის კორპუსსა და სახელურს. დარწმუნდით, რომ სახელური თბოიზოლირებულია, თორემ შესაძლოა ისე გაცხელდეს, რომ ხელიც კი დაგწვათ. თუ კორპუსიც ცხელდება, არათუ ხელის დაწვის, არამედ ხანძრის გაჩენის საფრთხეც კი არსებობს.

* არანაკლებ საყურადღებოა კაბელის დასახვევი — იმისთვის, რომ მოწყობილობა მოხერხებულად შეინახოთ. გაითვალისწინეთ კაბელის სიგრძეც: ზოგიერთ აპარატს ძალიან მოკლე სადენი მოყვება და მოუხერხებელია, თუ მის დადგმას როზეტიდან მოშორებით აპირებთ.

* ფეხები (სადგამი): აპარატი გაცილებით სტაბილურად დგას და ამიტომ უფრო უსაფრთხოცაა, როცა ფეხები მოცურების საწინააღმდეგო რეზინებით არის დაფარული.

* ძალიან მოხერხებულია რეგულირებადი საკეტი, რომელიც შეგიძლიათ სხვადასხვა დონეზე დააყენოთ, იმის მიხედვით, რამდენად დიდია მასში მოთავსებული საკვების სისქე. სხვა შემთხვევაში მომზადების პროცესში სახელურის ხელით დაჭერა მოგიწევთ.

როგორ გავწმინდოთ

ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად გაასუფთაოთ სენდვიჩის აპარატი, რადგან სენდვიჩის შიგთავსი, ძირითადად — ყველი ან ბეკონის ცხიმი, გაცხელების შედეგად შესაძლოა სენდვიჩიდან გამოვიდეს და ზედაპირს მიეწვას. თუ მიმწვარი ცხიმი მაშინვე არ მოწმინდეთ, მისი მოცილება უფრო და უფრო გართულდება და დროთა განმავლობაში შეუძლებელიც კი გახდება.

გაწმენდამდე მოწყობილობა კარგად უნდა გაცივდეს. არ დაგავიწყდეთ მისი დენის წყაროდან გამოთიშვა. თუ თეფშები მიკვრის საწინააღმდეგო საფარით არის დაფარული, საკვების ნარჩენები მას ადვილად მოსცილდება სველი და კარგად გაწურული რბილი ქსოვილით. გაცილებით ადვილი გასარეცხია მოსახსნელი თეფშები. შეიძლება მათი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვაც, თუ ეს ინსტრუქციაშია მითითებული მწარმოებლის მიერ. ნუ გამოიყენებთ თეფშების გასაწმენდად აგრესიულ საწმენდ საშუალებებს და უხეშ ღრუბელს, რომელიც საფარს დაკაწრავს და დააზიანებს. ძალიან მიმწვარი თეფში ჯერ თბილ წყალში ჩაალბეთ, რომელშიც ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალება იქნება გარეული. თუ თეფში არ იხსნება, ზედ თბილ წყალსა და სარეცხ საშუალებაში ჩამბალი და გაწურული ქსოვილი დაადეთ და დატოვეთ, სანამ ჭუჭყი კარგად არ დარბილდება, მერე გაწმინდეთ. გაწმენდის შემდეგ მოწყობილობა კარგად გაამშრალეთ.

გამოყენების, გაწმენდისა და მოვლის შესახებ მისდიეთ მწარმოებლის მითითებებს. ნუ გამოიყენებთ ტოსტის ამოსაღებად ბასრ საგნებს, მაგალითად, დანას.

რას ვერიდოთ

როგორც გითხარით, მარტივ აპარატში მხოლოდ სენდვიჩის მომზადება შეიძლება, ნუ გამოიყებთ მას უმი ხორცის შესაწვავად. ასეთ აპარატებს უმეტესად ცხობის დაბალი ტემპერატურა აქვს და მიკრობების გასანადგურებლად საჭირო დონემდე არ ცხელდება. უმი ხორცის შესაწვავად აუცილებელია, მოწყობილობას ჰქონდეს გრილის ფუნქცია. ასეთ მოწყობილობებს მოჰყვება შესაბამისი თეფშიც.

სენდვიჩების მრავალფეროვნება

სენდვიჩი იდეალური ხემსია ნებისმიერ დროს. მის მოსამზადებლად, სულ ცოტა, ორი ნაჭერი ტოსტის პურია საჭირო, გულსართად კი შეგიძლიათ ბევრი რამ გამოიყენოთ ლორი, ყველი, კვერცხი, კიტრი, პომიდორი, სალათის ფოთოლი, სოკო...

სენდვიჩის ტრადიციული ვერსიებია, მაგალითად, კლასიური სენდვიჩი, ამერიკული კლუბური სენდვიჩი, იტალიური პანინი.

კლასიკური სენდვიჩი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ძალიან გემრიელი ვერსიაა. ის მზადდება ორი ნაჭერი ტოსტის პურისგან, მოხარშული ლორისა და ყველისგან. ძალიან უხდება გაუდა და მოცარელა, რადგან ორივე ძალიან კარგად დნება და ჰარმონიულად ეხამება ღორის ხორცს. პომიდვრის ნაჭერი უფრო მეტად ხვეწს სენდვიჩის გემოს.

ამერიკული კლუბური სენდვიჩი მზადდება რამდენიმე ნაჭერი ტოსტისგან. გულსართად იყენებენ ქათმის ან ინდაურის მკერდს, ბეკონს, თხლად დაჭრილ პომიდორსა და კიტრს, ყველს, ლიმონის წვენითა და პილპილით შეზავებულ მაიონეზისა და მდოგვის სოუსს.

პანინი იტალიური პურის სახეობაა. სხვადასხვა რეგიონში მას სხვადასხვა ფორმისა და ზომისას აცხობენ. პანინი ხორბლის ფქვილისგან, მაგარი ხორბლის ფქვილისგან, სიმინდის ფქვილისგან ან მათი ნარევისგან ცხვება. მას ძეხვით, ლორით, ყველითა და სალათით აგემრიელებენ და სადილადაც მიირთმევენ.

მოტკბო სენდვიჩებიდან ძალიან გემრიელია ჰავაი. ის კლასიკურივით მზადდება, ოღონდ პომიდვრის მაგივრად ანანასი უნდა გამოიყენოთ.

სენდვიჩის აპარატში, რა თქმა უნდა, ტკბილი სენდვიჩების მომზადებაც შეგიძლიათ. მაგალითად, ტოსტის ნაჭრებს შიგნითა მხარეს კარაქი გადაუსვით, ბანანის ნაჭრები მოაწყვეთ და დარიჩინი მოაყარეთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: