საუკეთესო ქლიბი ბუნებრივი და ხელოვნური ფრჩხილებისთვის
გააზიარე:
ფრჩხილებზე ზრუნვა ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია, ქლიბი კი – კოსმეტიკის ჩანთის განუყოფელი ინსტრუმენტი. დღეს ბაზარზე სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მასალის ქლიბების შეძენა შეიძლება. რომელი ჯობია და როგორ ავარჩიოთ?
მინა, მეტალი, ზუმფარა
ქლიბის დანიშნულება ფრჩხილის დამოკლება, მისი კიდეების დალუქვა და მათთვის ფორმის მიცემაა. არსებობს ფრჩხილის ფირფიტის გასაპრიალებელი ქლიბებიც.
ქლიბი შეიძლება იყოს მინის, ლითონისა და ზუმფარის.
ლითონის ქლიბების უმეტესობას წაწვეტებული წვერი აქვს, რაც ძალიან პრაქტიკულია ფრჩხილების გასასუფთავებლად. ქლიბი, წესისამებრ, მზადდება უჟანგავი ლითონის ფირფიტისგან, რომელზეც ფოლადის უწვრილესი კრისტალებია მიდუღებული. ისინი ბასრი და ძალიან უხეშია, ამიტომ შესაძლოა, სათანადოდ ვერ დალუქოს ფრჩხილი, ხოლო არასწორი გამოყენების შემთხვევაში დააზიანოს კიდეც. ვარგისია ძალიან მაგარი ან ხელოვნური ფრჩხილებისთვის. მეორე მხრივ, თხელია, ამიტომ კარგად უდგება ფრჩხილის გვერდითა კიდეებს. ამასთან, ძალიან გამძლეა, ადვილად იწმინდება და შესაძლებელია მისი დეზინფიცირებაც.
მინის ქლიბის ღირსება დიდი სიზუსტე და ნაკლები სიხისტეა. ის ნაზი და დამზოგველია, ფაქიზად ქლიბავს ფრჩხილს, ლუქავს კიდეებს, არ აჩენს ბზარებს, თუმცა ფრჩხილის დამოკლებას შედარებით მეტ დროს ანდომებს. იდეალურია რბილი და მყიფე ფრჩხილებისთვის, ხელოვნურისთვის კი მეტისმეტად სუსტია.
მინის ქლიბი მზადდება სპეციალურად დამუშავებული მინისგან, რომელიც იტვიფრება ან კორუნდით (მინერალი, აბრაზიული მასალა) იფარება. ტვიფრული ქლიბი აბრაზივით დაფარულზე უფრო გამძლეა, ის არ ცვდება, მთავარია, არ დაგივარდეთ, რადგან ადვილად ტყდება. მინის ქლიბი კარგად ირეცხება, შეიძლება მისი დეზინფიცირებაც.
ზუმფარის ქლიბი დღეს ყველაზე პოპულარულია. ის მზადდება მუყაოსგან, ხისგან ან პლასტიკატისგან, რომელსაც ზემოდან ზუმფარის ქაღალდს აკრავენ. რაც უფრო წვრილი და ნაზია ზუმფარა, მით უფრო ვარგისია ბუნებრივი ფრჩხილებისთვის, ხოლო რაც უფრო უხეშია – ხელოვნურისთვის.
მართალია, ზუმფარის ქლიბი ყველაზე იაფია, მაგრამ ადვილად ცვდება. მას უმთავრესად სალონებში ერთჯერადად იყენებენ ჰიგიენისთვის. ის იოლი მოსახმარია და ფრჩხილს არ აზიანებს.
MIWIAM-ი შედარებით ინოვაციური ქლიბია. არც ისე დიდი ხანია, რაც ის ბაზარზე გამოჩნდა, მაგრამ უკვე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. MIWIAM–ი არის უჟანგავი ფოლადის ბადე, რომელსაც ორი ზონა აქვს: უხეში – ფრჩხილის დასამოკლებელი – და შედარებით ნაზი – ფორმის მისაცემი. სპეციალურად შემუშავებული ფიჭისებური სტრუქტურის წყალობით ის კი არ ქლიბავს, არამედ ფაქიზად ათლის ფრჩხილს უწვრილეს ფენებს და სიგლუვეს სძენს. ფირფიტას არ უჩნდება ბზარები და არ ზიანდება. ქლიბი უჟანგავია, ადვილად ირეცხება და ძალიან გამძლეა, თუმცა შედარებით ძვირია. იდეალურია მყიფე, მტვრევადი ფრჩხილებისთვის, მაგრამ ძნელად უდგება კუთხეებს ფრჩხილების გარშემო.
ელექტროქლიბს სხვადასხვა ტიპის თავი ემაგრება, ამიტომ მისი მეშვეობით შესაძლებელია ფრჩხილების როგორც დამოკლება, ისე გაპრიალებაც. ელექტროქლიბი მხოლოდ ხელოვნური ფრჩხილებისთვის არის გამოსადეგი, არამც და არამც არ შეიძლება ამ ქლიბით ბუნებრივი ფრჩხილების დამუშავება – შესაძლოა, ფრჩხილები დაზიანდეს. გარდა ამისა, ელექტროქლიბის გამოყენებას თავისი სპეციფიკა აქვს, ამიტომ ამ ხელსაწყოთი მხოლოდ სპეციალისტმა უნდა იმუშაოს.
საპრიალებელი ქლიბი აპრიალებს და სასიამოვნო ბზინვარებას სძენს ფრჩხილის ზედაპირს. მისი ოთხივე მხარე სხვადასხვა სირბილის აბრაზივით არის დაფარული. გაპრიალება იწყება შედარებით უხეშით და მთავრდება ყველაზე ნაზით. ქლიბი აცლის ფრჩხილს ნაპრალებში ჩარჩენილ ლაქის ნაწილაკებს და ათანაბრებს მის უსწორმასწორო ზედაპირს.
რა არის გრიტი
გრიტი აბრაზიული ფხვნილის მარცვლების რაოდენობაა. რაც უფრო მეტი მარცვალია კვადრატულ სანტიმეტრზე ანუ რაც უფრო მაღალია გრიტი, მით უფრო წმინდაა აბრაზივის მარცვლები და, შესაბამისად, მით უფრო ნაზია ქლიბი.
დაბალი გრიტის მქონე ქლიბები უმთავრესად ფრჩხილების დასამოკლებლად გამოიყენება, რადგან სწრაფად ქლიბავს, მაგრამ იმდენად უხეშია, რომ შესაძლოა ფრჩხილი დააზიანოს, გახეთქოს, ფენები აათალოს, ბზარები გაუჩინოს, განსაკუთრებით – თუ ფირფიტა თხელია, ხოლო მაღალი გრიტის მქონე – კიდეების დასალუქად და ფორმის მისაცემად.
ქლიბების უმრავლესობას ორი ზედაპირი აქვს სხვადასხვა გრიტით.
80-120 გრიტი: ვარგისია გელის ან აკრილისგან დამზადებული ხელოვნური ფრჩხილების დასამოკლებლად და ქუსლებზე მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად.
180 გრიტი: შეიძლება ქლიბის გამოყენება ბუნებრივი ფრჩხილებისთვის, თუმცა ისიც საკმაოდ უხეშია და მხოლოდ დასამოკლებლად გამოგადგებათ.
240 გრიტი: საუკეთესოა ფორმის მისაცემად. ის ლუქავს ფრჩხილს, ადვილად რომ არ გაიყოს.
400-600 გრიტი საუკეთესოა თხელი ფრჩხილებისთვის. ის იმდენად ნაზია, რომ გასაპრიალებლად იყენებენ.
როგორ მოვუაროთ
ქლიბი მიკრობების წყაროდ რომ არ იქცეს, ყოველი გამოყენების შემდეგ საფუძვლიანად უნდა გაასუფთაოთ. გარდა ფრჩხილქვეშ დაგროვილი ჭუჭყისა, ის ქლიბვისას წარმოქმნილ ფრჩხილის მტვერსაც იკრავს, რომელიც მტკიცედ ჯდება მის სტრუქტურაში.
უჟანგავი ლითონისა და მინის ქლიბი კარგად ირეცხება გამდინარე წყლით. უკეთესი იქნება, თუ ფუნჯს და ცოტაოდენ თხევად საპონსაც მიაშველებთ. მთავარია, ბოლოს კარგად გააშროთ ქსოვილით ან ფენით.
ზუმფარის ქლიბს კი წყლითა და საპნით ვერ გარეცხავთ – ქაღალდი დასველდება და გაფუჭდება. ის ფრთხილად უნდა გაწმინდოთ მშრალი რბილი ფუნჯით. შეგიძლიათ, ამ დანიშნულებით ძველი კბილის ჯაგრისი გამოიყენოთ. გაწმენდა წებოვანი ლენტითაც შეიძლება: დააკარით ქლიბს და რამდენჯერმე გადაუსვით თითი, რომ მტვრის ნაწილაკები და ჭუჭყის ნარჩენები ლენტს მიეკროს.
მინის ქლიბს შეგიძლიათ დეზინფექციაც ჩაუტაროთ – სამედიცინო სპირტით დაასველოთ ბამბა და წაუსვათ.
სალონში ყურადღება მიაქციეთ, ერთჯერად ქლიბს იყენებენ თუ მრავალჯერადს. თუ მრავალჯერადი ქლიბი კარგად არ ირეცხება ან დეზინფექცია არ უტარდება, შესაძლოა, სალონიდან სოკო და ინფექციური დაავადებაც კი წამოიყოლოთ.
სასარგებლო რჩევები
ფრჩხილები სხვადასხვა სიჩქარით იზრდება, კვირაში საშუალოდ ერთი მილიმეტრით. თუ გსურთ, მათი სიგრძე ერთსა და იმავე დონეზე შეინარჩუნოთ, 10-14 დღეში ერთხელ უნდა უნდა გაიქლიბოთ.
რატომ "გაიქლიბოთ" და არა "მოიჭრათ"?
თუ ფრჩხილებს რეგულარულად იქლიბავთ, მოჭრა არც დაგჭირდებათ, მაგრამ გრძელი ფრჩხილების შემთხვევაშიც კი სპეციალისტები გვირჩევენ, მაკრატლისა და საკვნეტელას გამოყენებას ვერიდოთ. მაკრატლის ზეწოლას შეუძლია, ფირფიტას შეუმჩნეველი ბზარები გაუჩინოს, რომლებშიც მიკრობები შეაღწევს და ფრჩხილს დააზიანებს. სწორად შერჩეული ქლიბი კი არც ფრჩხილს აყენებს ზიანს და კიდეებსაც ლუქავს.
- დაბლაგვებულ ქლიბს შეუძლია, ფრჩხილი დააზიანოს, ამიტომ ეცადეთ, ის ყოველთვის ახალი და სუფთა იყოს.
- ამოძრავეთ ქლიბი ერთი მიმართულებით. წინ და უკან ხეხვა აუხეშებს ფრჩხილის კიდეს და ხელს უწყობს ფრჩხილის გახლეჩას. უმჯობესია, ქლიბი გარედან შიგნით ამოძრაოთ. დააწექით რბილად.
- ფრჩხილს მეტისმეტად ნუ დაიმოკლებთ. სასურველია, ის, სულ ცოტა, 1 მმ-ით ფარავდეს თითის ბალიშს, რათა ფრჩხილის თითთან შეერთების ადგილი არ დაზიანდეს.
- წინასწარ მოიფიქრეთ ფორმა. თუ თხელი ფრჩხილი გაქვთ, გირჩევთ, კუთხეები მოიმრგვალოთ, რათა ადვილად არ მოტყდეს. ფორმის მიცემა ნახევარმთვარის ფორმის ქლიბით უფრო ადვილია.
- ნუ გაიქლიბავთ ლაქწასმულ ფრჩხილებს. გაქლიბვამდე ლაქი აუცილებლად მოიშორეთ.
- გაითვალისწინეთ: მთავარია არა ქლიბის, არამედ აბრაზივის მასალა.
- ფრჩხილის დასამოკლებლად ოდნავ უხეში ქლიბი გამოიყენეთ, ფორმის მისაცემად და კიდეების დასალუქად კი – ნაზი.
- განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ საპრიალებელ ქლიბთან, რომ ფრჩხილის ფირფიტა მეტისმეტად არ დაითხელოთ.
- დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ ფრჩხილების რეგულარული დატენიანება.
ჯილდა გაჩეჩილაძე