ფსიქოლოგიური რესურსი
გააზიარე:
ერთხელ, ჯგუფურ თერაპიაზე, თერაპევტმა გვითხრა: “სამყაროში უამრავი რესურსია, უბრალოდ ვერ ვამჩნევთ”. ეს სიტყვები მეხსიერებაში ჩამრჩა და მას შემდეგ ვცდილობ, გავიხედ-გამოვიხედო და დავინახო ყველაფერი, რაც მაძლიერებს.
რა არის ფსიქოლოგიური რესურსი?
ფსიქოლოგები ხშირად ვიყენებთ ამ ტერმინს, თუმცა არც ისე ხშირად განვმარტავთ. სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, განუწყვეტლივ იცვლება, სავსეა გამოწვევებით, პრობლემებით, სტრესით. ავად ხდებიან შვილები, იშლებიან წყვილები, გვეუხეშებიან უფროსები, ვკარგავთ სამსახურს, ვიტანჯებით საცობებში. ეს ყველაფერი გვამახსოვრდება, რადგან ევოლუციურად ასე ჩამოვყალიბდით – რაც გვტკივა, იმას უფრო ვაქცევთ ყურადღებას, რათა სხვა დროს თავი ავარიდოთ და ამით გავზარდოთ ჩვენი გადარჩენის შანსი.
გვაქვს პიროვნული თვისებებიც, რომლებიც გარედან მოსულ სტრესს აათმაგებს: ზოგი ჩვენგანი ადვილად ბრაზდება, ზოგი ყველაფერზე წუწუნებს, ზოგი უმიზეზოდ შფოთავს, ზოგი ვერავის ენდობა და ვერსად გრძნობს თავს უსაფრთხოდ. როდესაც გარეგანი თუ შინაგანი პრობლემებით დაღლილ კლიენტს ვხედავ, ვეკითხები: “რამ გაგაძლებინათ? როგორ მოხვედით აქამდე?” – და ასე ვიწყებთ რესურსებზე საუბარს.
უსიამოვნო ამბებთან ერთად ჩვენს ცხოვრებაში ხდება ისეთი მოვლენებიც, რომლებიც გვაძლიერებს, გვზრდის, გვავითარებს. ასე რომ არ იყოს, უბრალოდ ვერ გადავრჩებოდით, ჩვენი სხეული ვერ გაუძლებდა ამდენ დატვირთვას, დეპრესია მოგვერეოდა და შესაძლოა, აღარც კი მოგვნდომებოდა სიცოცხლე. ჩვენ კი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ამოვყვინთავთ ხოლმე ზედაპირზე. ეს იმიტომ, რომ, ვამჩნევთ თუ ვერა, ჩვენ გვერდით ან ჩვენშივე ყოველთვის მოიპოვება საყრდენი. ყოველ სტრესს საპირწონედ ახლავს მხარდაჭერა. მხარდაჭერა სტრესს არ აუქმებს, მაგრამ გვთავაზობს ახალ გზას. მაგალითად, თუ მნიშვნელოვანი ადამიანი დავკარგე, ამ დანაკარგს ვერავინ შემივსებს, მაგრამ თუ ირგვლივ მყავს სანდო ხალხი, ვაცნობიერებ, რომ სამყაროში დანაკარგთან ერთად შენაძენიც არსებობს. კარგი ამბავი ცუდს ვერ გაანეიტრალებს. ცუდ ამბავს ყოველთვის ახლავს თან ფრუსტრაცია, ბრაზი და სევდა. მაგრამ კარგი ამბავი გვახსენებს, რომ ჩვენს თავს მხოლოდ ცუდი არ ხდება. ფსიქოლოგიური რესურსის მეშვეობით ჩვენ ვიბრუნებთ წონასწორობას და ასე – ცხოვრება ხან ტკბილია, ხან მწარე, მაგრამ არასოდეს არის ერთგვაროვანი.
ამრიგად, ფსიქოლოგიური რესურსი არის დახმარებისა და მხარდაჭერის ყველა ის წყარო, რომელიც გვაძლიერებს, რათა ცხოვრების გამოწვევებმა არ დაგვანგრიოს. ეს რესურსი ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია. ზოგი უფრო შინაგან რესურსს ეყრდნობა, მაგალითად, იუმორს ან ოპტიმიზმს, ზოგი – უფრო გარეს, მაგალითად, ბუნებას ან ხელოვნებას, თუმცა ყველა ჩვენგანის ხელთაა ამ რესურსების მთელი სპექტრი.
ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ფსიქოლოგიური რესურსები:
სოციალური ურთიერთობები
ჩვენს ცხოვრებაში არსებული ყველა ადამიანი ჩვენთვის თანასწორად მნიშვნელოვანი არ არის. არსებობს ხალხი, რომელიც უბრალოდ გარს გვახვევია, მაგრამ ახლოს არ მოდის. განურჩევლად იმისა, რამდენს ვიცინოდით ძველ კოლეგებთან ერთად, ეს ურთიერთობები რესურსული არ არის. და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გვეგულებიან, რამდენი დროც არ უნდა იყოს გასული მათი უკანასკნელად ნახვის შემდეგ. სწორედ ისინი წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს ფსიქოლოგიურ რესურსს.
დაფიქრდით, ვის ესმის თქვენი, ვის შეუძლია გვერდით დგომა, ვის უხარია თქვენი წარმატება და ვის სწყინს თქვენი ტკივილი. მეგობრები ჩვენი უდიდესი ფსიქოლოგიური რესურსია.
ხშირად ჩვენი მთავარი რესურსი ოჯახის წევრებია და როდესაც მხარდაჭერა გვჭირდება, სწორედ მათ მივმართავთ. თუმცა არც ეს რესურსია ამოუწურავი. მაგალითად, ოჯახის უფროს წევრებს სჩვევიათ – ისეთს კი არ გვიღებენ, როგორიც ახლა ვართ, არამედ ჩვენს წარსულ ვერსიას ებღაუჭებიან და ბევრად უფრო ახალგაზრდები ან სულაც პატარები ვგონივართ. ხშირად ჩვენ მხოლოდ მოსმენა და თანაგრძნობა გვჭირდება, ისინი კი, ნაცვლად ამისა, ჩვენს გადარჩენას, პრობლემების ჩვენ ნაცვლად მოგვარებას ცდილობენ. ამავე დროს, ოჯახის წევრები ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან (თუ, რა თქმა უნდა, ოჯახური ტრავმები არ მოგვყვება) და რაც უფრო მეტი ოჯახის წევრი გვყავს, მით უფრო მეტ სხვადასხვანაირ ადამიანს ვუახლოვდებით და მით უფრო მეტია შანსი, რომ გაგვიგებენ და მიგვიღებენ.
განურჩევლად იმისა, შეგვიძლია თუ არა პრობლემისთვის თავის გართმევა, გამოწვევის დროს მაინც ვეძებთ გარშემო მყოფთა მხარდაჭერას, რადგან სოციალური ცხოველები ვართ და თემთან თანაარსებობის მოთხოვნილება გვაქვს.
გარემო
თითქმის ყველა სტრესი, რომელიც გადამიტანია, გარემოში საყრდენების ძიებით გადამიტანია. ამის მიზეზი ისიც არის, რომ, როგორც ყველა ექსტრავერტს, მეც ყურადღების გარეთ მიმართვა მახასიათებს და ენერგიას გარე მოვლენები უფრო მაძლევს, ვიდრე საკუთარი ფიქრები და განცდები. აი, მაგალითად, თავს მარტოსულად ვგრძნობ? – მივდივარ ბუნების წიაღში, სადაც ჩემ გარდა უამრავი ცოცხალი არსებაა: ჭიკჭიკებენ ჩიტები, შრიალებს ტყე, ბალახს ჩემი საყვარელი სურნელი აქვს. მაწუხებს ცხოვრების არასტაბილურობა? – ვუყურებ ზღვას, მთებს ან ბებერ ხეებს და ვფიქრობ, რომ ისინი ჩემამდეც იყვნენ და ჩემ მერეც იქნებიან. საკუთარ თავში ეჭვი მეპარება? – ვუყურებ ვარსკვლავიან ცას და ვფიქრობ, რომ კოსმოსის ნაწილი ვარ, რომ, როგორც ყველა ვარსკვლავს, პლანეტას, ქვას, მტვრის ნაწილაკს აქვს თავისი ადგილი, დანიშნულება და მნიშვნელობა, ასევე მაქვს მეც, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ან მნიშვნელობას ვერ ვხდებოდე. როდესაც დაღლილი ვარ, ფერებისკენ მივიწევ. მაგალითად, ჩემს სამუშაო სივრცეში ყოველთვის არის ფერადი ყვავილები, ვუყურებ და ენერგიით ვივსები. როდესაც ვსევდიანობ, მოთამაშე ბავშვებს ან ცხოველებს ვუყურებ, როდესაც ხალხში ყოფნა მინდა, ქუჩებში ვსეირნობ და გამვლელებს ვაკვირდები.
ვიღაც აუცილებლად მკითხავს: “სად არის ბუნება? ჩვენ ხომ ნაცრისფერ ბეტონის ჯუნგლებში ვცხოვრობთ!” რატომაც არა? ურბანული ბუნებაც ბუნებაა. ახლა, მაგალითად, გაზაფხულია და თითქმის ყველა ქუჩაზე ყვავის ნუში, ვაშლი, ტყემალი ან ატამი. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი სიცოცხლეა გარშემო, რაც უფრო მეტი პარკია, რაც უფრო სუფთა ჰაერი, რაც უფრო საინტერესო ქუჩები და ლაღი გამვლელები, მით უფრო ადვილია ამ ყველაფერთან დაკავშირება, მაგრამ რთულ პირობებშიც შესაძლებელია გარემოში არსებული რესურსების პოვნა, თუ მათი შემჩნევა ვისწავლეთ.
გარდა ამისა, არსებობს უამრავი რესურსი, რომლებიც შენობებშია მოქცეული: ხელოვნების მუზეუმი, ბიბლიოთეკა, კინო, თეატრი, კონცერტი, გამოფენა, საჯარო ლექცია, ფესტივალი, სპორტული შეჯიბრა, საინტერესო ხალხთან შეხვედრა... აქედან ბევრი რამ სულაც არ არის ძვირი, ხანდახან უფასოც კია. საკმარისია, თვალ-ყური ვადევნოთ, რა ხდება ჩვენ გარშემო.
ახალი საზრისების ძიება
არსებობს მოვლენები, რომლებიც, რამდენიც არ უნდა ვიაროთ ბუნებაში და ვიტიროთ მეგობრის კალთაში, მაინც გვტკივა. ეს მოვლენები ჩვენი კონტროლის მიღმაა. როგორი პოზიტიურებიც არ უნდა ვიყოთ, ადრე თუ გვიან აუცილებლად გარდაიცვლება ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი, აუცილებლად შევეჯახებით პრობლემებს სამსახურში, აუცილებლად გავხდებით ავად, აუცილებლად განვიცდით დანაკარგს და აუცილებლად ვიგლოვებთ ცხოვრების გარკვეული ეტაპის დამთავრებას.
ფსიქიატრი ვიქტორ ფრანკლი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა და თავისი მეცნიერული კონცეფცია ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავა, წერს: იმისთვის, რომ ცუდ ამბებს გავუძლოთ, რაღაც უნდა შევქმნათ, შთავბეროთ ცხოვრებას ახალი შინაარსი. ეს ნიშნავს, რომ დანაკარგს კი განვიცდით, მაგრამ ვცდილობთ, დანაკარგის გარეთ ვიპოვოთ ცხოვრების საზრისი.
როგორც არ უნდა ვეცადოთ, ვერასოდეს ავიწყობთ ცხოვრებას ისე, რომ სტრესი არ განვიცადოთ, ამიტომ აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც გვაძლიერებს, რაც ჩვენს ცხოვრებას საზრისს უბრუნებს.
ხანდხან ჩვენ ვკარგავთ რესურსების შემჩნევის უნარს და მხოლოდ გამოწვევებზე ვკონცენტრირდებით. ასეთ დროს გვიწევს, ხელახლა ვისწავლოთ საკუთარ თავში ჩაღრმავება იმის აღმოსაჩენად, რა მოგვწონს, რა გვაბედნიერებს, ვის გვერდით ვძლიერდებით, ვინ გვეხმარება, თავი გავართვათ პრობლემებს და მათ მიღმა ცხოვრება დავინახოთ.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე