ტელეთაობა

გააზიარე:

 

კვირაში რვა დღე, დღეში კი ლამის ოცდახუთი საათი – აი, რამდენ დროს ატარებენ ქართველი ბავშვები ტელეეკრანთან. დილით – “რეინჯერები” (ენის გასატეხი არ გეგონოთ – ასე ჰქვია ამერიკელ საგანგებოდ გაწვრთნილ მებრძოლთა ბრიგადას) და ადამიანი-ობობას (სპაიდერმენის) საქმენი საგმირონი, 
შუადღისას – რომელიმე ლათინოამერიკული სერიალი, საღამოს – კვლავ ანიმაცია ან მძაფრსიუჟეტიანი თუ საშინელებათა ფილმი... არჩევანიც დიდია და სურვილიც, რომ დილიდან დაღამებამდე ცისფერ ეკრანს უცქირო.

თანამედროვე ბავშვს  არც ინგლისურენოვანი ფილმების ყურება უჭირს, არც მშობლებთან ერთად ინტიმური სცენების ცქერისას წითლდება... თითქოს ეს ყველაფერი დრომ მოიტანა, თითქოს არც არაფერია გასაკვირი.

დრომ მოიტანა ისიც, რომ ტელესივრცის ნახევარზე მეტი რეკლამებს უჭირავს. ლამაზად, მადისაღმძვრელად გადაღებული სარეკლამო რგოლები განსაკუთრებით პატარებს სტაცებს თვალს და გონებაშიც იოლად ილექება... ერთი სიტყვით, რეკლამა თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებს. ბევრმა ბავშვმა “ბეკოსა” და “ორბიტის” სარეკლამო ტექსტები მშობლების სახელებზე უკეთესად იცის. კარგია ეს თუ ცუდი? ეგებ ქუჩა-ქუჩა წანწალსა და სახურავებზე ძრომიალს მართლა სჯობდეს ტელევიზორთან მეგობრობა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და  მედიცინის განვითარების ფონდის თანამშრომელთან, ფსიქოლოგ ქეთევან თავართქილაძესთან ერთად შევეცდებით.

როგორც ცნობილია, ბავშვის განვითარებაზე, ცნობიერების ჩამოყალიბებაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას. გავრცელებული აზრით, უმთავრესი მათ შორის გენეტიკაა…

– მოდით, თავიდან  დავიწყოთ. ბავშვის განვითარება საოცარი პროცესია. თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ, ისე იჩენს თავს ახალი თვისება, უნარი. პატარები სწავლას უნებლიეთ, გარემოსთან აქტიური ურთიერთქმედების შედეგად, სიცოცხლის პირველივე თვეებიდან იწყებენ. თავდაპირველად ამ სწავლის საფუძველი მოძრაობები და შეგრძნებებია. შემდეგ პატარა სიტყვის გამოყენებას იწყებს, საგნებსა და მოვლენებს სახელებს არქმევს, ანუ წამყვანი ხდება სიტყვა. ბავშვი ახალ სიტყვებს იგონებს, ამბის მოყოლას ცდილობს, უამრავ შეკითხვას სვამს...

ყოველივე ამის პარალელურად იცვლება მოტორული უნარებიც – ბავშვს მოძრაობები უფრო და უფრო დახვეწილი და მოქნილი უხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური განვითარების პროცესს ზოგადი კანონზომიერებებიც აქვს, თითოეული პატარა მაინც უნიკალურია და ინდივიდუალური ტემპით ვითარდება. ზოგიერთი ბავშვის განვითარება საერთო კანონზომიერებას არ ემორჩილება, რაც ხშირად ბავშვსაც და მის ოჯახსაც პრობლემებს უქმნის. საზოგადოდ კი, რაც უფრო ადრე აღმოაჩენს მშობელი ნორმალური განვითარების კანონზომიერებიდან შვილის გადახრას, რასაკვირველია, მით უფრო ადვილი და შედეგიანი იქნება დახმარებაც.

უშუალოდ თქვენი შეკითხვის პასუხად კი გეტყვით, რომ მცდარია წარმოდგენა, თითქოს ბავშვის განვითარებას ერთმნიშვნელოვნად მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული, ინდივიდუალური გენეტიკური მახასიათებლები განსაზღვრავდეს.
თანამედროვე გამოკვლევები ადასტურებს, რომ სწორ აღზრდას, კარგ კვებას, მზრუნველ გარემოს, განსაკუთრებით – ადრეულ ასაკში, დიდი მნიშვნელობა აქვს მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის.


კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაზე აშკარა გავლენას ახდენს, ტელევიზიაა, რომელსაც თამამად შეიძლება თანამედროვე პატარების საუკეთესო მეგობარიც ვუწოდოთ...

– ტელევიზია, ერთი მხრივ, დინამიურობით, მიმზიდველი რეჟისურითა და ლამაზი სცენებით იპყრობს ჩვენს ყურადღებას, მეორე მხრივ კი ავკაცობის, ძალადობის, ხიფათისა და სექსის სცენებით მახეში გვიტყუებს. სატელევიზიო პროგრამები გადატვირთულია დანაშაულთა აღწერით, ძალადობისა და სქესობრივი ცხოვრების ეპიზოდების დემონსტრირებით. ამდენად, ტელევიზიის ნეგატიური გავლენა ადამიანის ნერვულ სისტემაზე აშკარაა. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რაგვარ ზემოქმედებას მოახდენს იგი ბავშვის სათუთ ფსიქიკაზე.

სახელდობრ, რა შეიძლება დაუშავოს ტელევიზიამ ბავშვს?

– გამოკვლევათა შედეგებს მოგახსენებთ:
- ძალადობის სცენების შემცველი ფილმები აბსოლუტურად ყველა ნორმალური ბავშვის ქცევაში აძლიერებს სისასტიკის გამოვლინებებს. მოზარდები, რომლებიც 3-4 საათს ატარებენ ტელეეკრანთან, ტელევიზორის ნაკლებად მოყვარულ თანატოლებზე აგრესიულები არიან. 

- ფილმებში ასახული სისასტიკის სცენები შეიძლება დანაშაულებათა ზრდის ერთ-ერთი მიზეზი იყოს.

- ბავშვები, რომლებიც ხშირად უყურებენ ძალადობის შემცველ ფილმებს, უფრო იოლად ეგუებიან თანატოლთა მტრულ და აგრესიულ საქციელს.
- რაც უფრო მეტ დროს ატარებს ბავშვი ტელევიზორთან, მით უფრო დაბალია მისი ინტელექტის კოეფიციენტი, მით უფრო ნაკლებად აქვს განვითარებული წარმოსახვა და შემოქმედებითი პოტენციალი.

- ტელევიზია გვაჩვევს აზრს, რომ ალკოჰოლური სასმელები უვნებელია.

- ტელევიზია ბავშვებს სექსის მიმართ არაჯანსაღ ინტერესს უღვიძებს და ცდუნების წყაროდ იქცევა.

- ტელევიზია აყალიბებს გარკვეული სქესის, რასისა თუ ასაკისთვის დამახასიათებელი სტერეოტიპებს.

- დაბოლოს, ტელეგადაცემების ხანგრძლივი ყურება კვების რეჟიმის დარღვევას იწვევს. რაც უფრო მეტხანს უყურებს ბავშვი ტელევიზორს, მით უფრო ნაკლებს მოძრაობს და ნაცვლად იმისა, რომ ნორმალურად ისადილოს ან ივახშმოს, წამდაუწუმ წაიხემსებს ხოლმე, ეს კი ჭარბ წონასა და სხვა პრობლემებს უდებს სათავეს.

არაჯანსაღ ჩვევათა ფორმირებაში არსებით როლს ასრულებს სატელევიზიო რეკლამაც, რომელიც ნაირგვარ სწრაფად მოსამზადებელ კერძს, ცხიმის, ქოლესტერინის, შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს გვთავაზობს.

მაშ, როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები აგრესიისგან, რომელიც ცისფერი ეკრანიდან მოდის? ვგონებ, შეუძლებელია, ბავშვს ტელევიზორის ყურება აუკრძალო.

– სრულებით არ არის საჭირო, ბავშვს სულმთლად აუკრძალოთ ტელევიზორის ყურება. ნეგატიური ზემოქმედება რომ შეასუსტოთ, უმჯობესია, ასე მოიქცეთ:
. დაუწესეთ ბავშვს ტელეგადაცემების ყურების ყოველდღიური ნორმა, ნუ დართავთ ნებას, უყუროს ზოგიერთ სატელევიზიო პროგრამას ან ფილმს.

. მასთან ერთად განიხილეთ ნანახი სურათი და დაეხმარეთ, სიმართლე გამონაგონისგან  განასხვაოს.

. ესაუბრეთ იმის შესახებ, რომ სასტიკი ჩხუბი ეკრანზე ძალზე ეფექტური ჩანს, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მას მხოლოდ ტკივილი და ტრავმები მოაქვს და არსით დანაშაულია.

. უმალვე გააკრიტიკეთ ძალადობის ამსახველი ეპიზოდები. ხაზი გაუსვით იმას, რომ ძალადობა პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა არ არის.

. სჯობს, პატარაობიდანვე აუხსნათ ბავშვს, თუ რისთვის უწევენ მწარმოებლები რეკლამირებას თავიანთ პროდუქციას და რომ შეიძლება, სინამდვილეში ის არც ისე საინტერესო და სასარგებლო იყოს, როგორც ტელეეკრანიდან გვიმტკიცებენ.

საუბრის დროს რამდენიმეჯერ შევეხეთ რეკლამის თემას. რამდენად დიდ გავლენას ახდენს ის მაყურებელზე, მით უფრო – ბავშვზე?

– რეკლამა გვიზიდავს, შთაგვაგონებს, რომ სრულყოფილება მისაწვდომია, რომ ამისთვის საკმარისია, საფულე გავხსნათ და რაც შეიძლება მეტი რამ შევიძინოთ. რეკლამა დიდებსაც და პატარებსაც გვპირდება, რომ:

. ამ პროდუქტის მეშვეობით თავს უკეთ ვიგრძნობთ, უფრო მიმზიდველები გავხდებით, ირგვლივ მყოფებს მეტად მოვეწონებით წარმატებას მივაღწევთ, მეტი მეგობარი გვეყოლება და ბოლოს და ბოლოს ვიცხოვრებთ ისე, როგორც გვინდა.

. ტკბილეული, შოკოლადი,  ნაყინი, ალკოჰოლი, ყავა, გამაგრილებელი სასმელები, სიგარეტი, პარფიუმერია, ფოტოაპარატები, ვიდეოკამერები, ტელევიზორები, პრესტიჟულ კურორტებზე დასვენება – ეს ყველაფერი ჩვენს პრობლემებს მოაგვარებს.

. ჩვენი ფანტაზიები კანონიერია და სინამდვილე შეიძლება ძალიან სასიამოვნო გახდეს, თუკი საამისოდ ფულს არ დავიშურებთ.

რეკლამა ჩვენს ქვეცნობიერს ითრევს.  ქვეცნობიერი კი, თავის მხრივ, ადამიანს აიძულებს, ყველაფერი მისი კარნახით აკეთოს. უფროსებმა მშვენივრად ვიცით, რომ ჩვენით მანიპულირებენ, მაგრამ ვენდობით, თანაც სიამოვნებით. მით უმეტეს, რა უნდა მოვთხოვოთ ბავშვს? იგი იოლად ექცევა რეკლამის გავლენის ქვეშ და მშობლებს რეკლამირებული საღეჭი რეზინებისა და კანფეტების შეძენას სთხოვს. თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ რეკლამას “დავნებდეთ”. უნდა შევეცადოთ ავუხსნათ პატარას, რა არის კარგი და რა – ცუდი. ასე რომ, სცადეთ, არ წააგებთ.

ინა ვაჩიბერიძე

გააზიარე: