რატომ ჭამენ ძაღლები ტალახს

გააზიარე:

ოთხფეხა მეგობრების ბედნიერი მფლობელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საზარელი სანახაობა ის არის, როგორ ჭამს მათი ნაფერები, ნალოლიავები, განებივრებული ცუგრუმელა ტალახს და ზოგჯერ ფეკალიებსაც კი. ძაღლებს ზიზღის განცდა არ აქვთ. სამყარო მათთვის ერთი დიდი საყნოსავია. ყნოსვით კი შესაძლებელია იმის გამორჩევა, რაც უნდა დაიღეჭოს და შეისასანსლოს. ტალახი და ექსკრემენტები ძაღლების უმრავლესობისთვის ამ სიის პირველ ათეულშია. პატრონი იმის მომსწრეც არაერთგზის გახდება, რა სიამოვნებით ხვრეპს ცუგა წყალს ნაწვიმარი გუბურებიდან.

რატომ იქცევიან ასე ძაღლები და რა შემთხვევაში შეგვიძლია ჩავთვალოთ ეს ნორმად?

როგორც ადამიანის ნაშიერისთვის, ისე ლეკვებისთვისაც სამყაროს შეცნობა ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. გარემოს კვლევაში გრძნობის ყველა ორგანოა ჩართული. არც გემოს შეგრძნებაა გამონაკლისი. ბავშვები ყველაფერს პირისკენ მიაქანებენ, ლოღნიან, გემოს უსინჯავენ. ლეკვებიც ასე უსინჯავენ გემოს ბუნებაში მიმობნეულ „განძს“. ასე რომ, გარკვეულ ასაკამდე ეს ნორმად მიიჩნევა.

ზრდასრული ძაღლიც ხშირად მიჰყვება კვალს ყნოსვით, ჩიჩქნის ნიადაგს, რასაც საინტერესო სუნი აქვს, გემოს უსინჯავს, მაგრამ თუ ზრდასრული ძაღლი ადრინდელი გატაცებით მიირთმევს მყრალ ნარჩენებს, ფეკალიებს, ტალახს, მიწას, მაშინ აუცილებელია დაკვირვება და ვეტერინართან მიყვანა ამ დაკვირვებების გასაზიარებლად და შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად.

რატომ?

იმიტომ, რომ ეს შესაძლოა ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობაზე მიუთითებდეს. საკვები რაციონის გამდიდრება, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამისი ვიტამინებისა და მინერალების მიცემა ამ პრობლემას მოაგვარებს. ოღონდ გასათვალისწინებელია, რომ ჯანმრთელი ძაღლისთვის ვიტამინურ-მინერალური კომპლექსის უმიზეზოდ ყლაპვა არ შეიძლება. ზოომაღაზიებში კონსტულტანტებმა შესაძლოა შემოგთავაზონ "სასარგებლო დანამატები", რომლებიც ბეწვის ცვენას შეაჩერებს. იცოდეთ, რომ ჯანმრთელ ძაღლს, რომელსაც სწორად კვებავენ, დამატებითი ვიტამინები არ სჭირდება. ეს უსარგებლო დატვირთვად იქცევა ორგანიზმისთვის და შესაძლოა, დააზიანოს კიდეც შინაგანი ორგანოები.

კიდევ ერთი მიზეზი ბანალური მოწყენილობაა. თუ ძაღლი საკმაო ხანს ვერ სეირნობს, ხარისხიანად ვერ ატარებს დროს, ვერ ერთობა და ვერ ხარჯავს ენერგიას, შესაძლოა, მიწის და ფეკალიების ჭამა დაიწყოს. ამ შემთხვევაში შესაცვლელია მისი დღის რეჟიმი და სეირნობის ხანგრძლივობა და ხარისხი.

რაც შეეხება გუბურის წყლის სმას: ძაღლებს საკმაოდ ძლიერი იმუნიტეტი აქვთ იმ პათოგენების გასანეიტრალებლად, რომლებიც ადამიანისთვის სახიფათოა. ამასთან, ძაღლის თირკმელები ხარისხიან ფილტრაციას უზრუნველყოფს და მავნებლებისგან ფილტრავს მიღებულ სითხეს. ძაღლებს ძლიერი ინსტინქტი აქვთ – სპეციალისტების მტკიცებით, ისინი "ამოიცნობენ" სითხეს, რომლის დალევაც არ ღირს, დანარჩენების მონელებას და განეიტრალებას კი თავისუფლად ახერხებენ, ასე რომ "ჭუჭყიანი წყლის" დალევით მათ არაფერი ემუქრებათ.

ვეტერინარული საიტი დაილყპაწს.ცომ ჩამოთვლის ასევე 4 გავრცელებულ მიზეზს, რომელთა გამოც შეიძლება, ძაღლებმა ზრდასრულ ასაკშიც მიირთვან საკვებად გამოუსადეგარი რამეები. ეს მიზეზებია: ანემია, ღვიძლის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, პარაზიტებით ინვაზია.

ნინო ლომიძე

გააზიარე: