კოლრაბი – დარგვა, მოვლა, სარგებლობა

გააზიარე:

კოლრაბი, რომელსაც საქართველოში კეჟერას სახელით იცნობენ, C ვიტამინის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა – 100 გ ნედლი მცენარე დღიური ნორმის 50%-ზე მეტს აწვდის ორგანიზმს, ამიტომ თუ ჯერ კიდევ გაქვთ ადგილი ბაღჩასა თუ აივანზე და არ იცით, რაში გამოიყენოთ, კოლრაბის გაახარებას გირჩევთ. როგორი პირობები შეუქმნათ მას კარგი მოსავლის მისაღებად, ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

 

 კოლრაბის შესახებ

კოლრაბი (ბოსტნის კომბოსტოს ნაირსახეობა), ისევე როგორც ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო და სხვა კომბოსტოსნაირები, ჯვაროსანთა დიდ ოჯახს ეკუთვნის. ფოთლოვანი და მტევნებად შეკრებილყვავილებიანი ჯიშებისგან განსხვავებით, მისი ღერო მიწის ზემოთ თალგამისებურად მსხვილდება. საჭმელად სწორედ ამ ღერონაყოფს იყენებენ. მას მომრგვალო ფორმა აქვს. იჭმევა ნედლი, შემწვარი ან მოშუშული.

კოლრაბის წარმომავლობა უცნობია. უძველესი ცნობები მის შესახებ გერმანულ ენაზეა შემონახული და XVI საუკუნით თარიღდება, ამიტომ ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლო ჩრდილოეთი ევროპაა, შესაძლოა, თავად გერმანიაც.

მოსავალს მალე იძლევა. მას, ჯიშის მიხედვით, ორჯერ თესავენ სეზონზე, ასე რომ, ზაფხულშიც აიღებთ და შემოდგომაზეც.

მოდი, გავიგოთ, რა უყვარს და რა არა კოლრაბის.

ადგილი

კოლრაბი კარგად ხარობს ქარისგან დაცულ თბილ, მზიან ადგილზე. მას მოკლე სავეგეტაციო პერიოდი აქვს, ამიტომ, თუ ადგილი არ ჰყოფნით, სხვა მცენარისთვის განკუთვნილ კვალშიც რგავენ. კოლრაბი 8-12 კვირაში (ზოგიერთი სახეობა – ოდნავ გვიან) იძლევა მოსავალს და ამის შემდეგ უკვე სხვა მცენარეს უთმობს ადგილს. საუკეთესოდ მეზობლობს ბოლოკთან, ლობიოსთან, კიტრთან, ბარდასთან, პომიდორთან, წითელ ჭარხალთან, ისპანახთან, ხახვთან, ნიახურთან. აი, კომბოსტოს სხვა სახეობების გვერდით მის დათესვას კი ერიდეთ. 3-4 წლის შემდეგ უმჯობესია ადგილი შეუცვალოთ.

ნიადაგი

კოლრაბის ჰუმუსით მდიდარი, მსუბუქი ნიადაგი უყვარს, ამიტომ მიწა წინასწარ კარგად უნდა დაამუშაოთ. შემოდგომაზე ის ღრმად დაბარეთ და შიგ კომპოსტი ან ნაკელი შეიტანეთ, გაზაფხულზე კი, მცენარის გადარგვამდე ან დათესვამდე, კიდევ ერთხელ გადაბარეთ და ორგანული სასუქით გაამდიდრეთ. კოლრაბი კარგად იხარებს ქვიშიან ნიადაგშიც, თუ ის კომპოსტით იქნება გამდიდრებული.

სახეობები

კოლრაბის მრავალი სახეობა არსებობს. ისინი, გარდა ფერისა (თეთრი, მწვანე და იისფერი სახეობები), ბოლქვის ზომითა და გემოთიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

სხვადასხვა სახეობას სხვადასხვანაირი მოვლასჭირდება, ამიტომ თესლის შეძენისას მისი მოვლის პირობებსაც გაეცანით.

მოთეთრო ჯიშები

Kossak – ის F1 ჰიბრიდია და კარგი მოსავლიანობით გამოირჩევა. აქვს ბევრი ფოთოლი და მრგვალი ბოლქვი, რომლის წონაც 3 კგ-ს აღწევს. უყვარს მზიანი ადგილი. ითესება მარტიდან ივნისამდე. ივნისში დათესილი, მოსავალს შემოდგომაზე იძლევა. დათესეთ ერთმანეთისგან 40-50 სმ-ის დაშორებით.

Lanro – ადრეული ჯიშია, აქვს მომრგვალო, წვნიანი ბოლქვი. შედარებით უკეთესად უძლებს სიცივეს. თესვის პერიოდი მარტიდან აპრილის ჩათვლითაა. კარგად ხარობს მზიან და ნახევრად მზიან ადგილებზე. დათესეთ ერთმანეთისგან 30 სმ-ის დაშორებით. 

იისფერი ჯიშები

Blaro– თესვის პერიოდი მარტი-ივნისია. აქვს საშუალო ზომის, თავსა და ბოლოში ოდნავ გაბრტყელებული ბოლქვი. დათესეთ ერთმანეთისგან 40-50 სმ-ის დაშორებით.

Azur Star – ადრეული ჯიშია. მისი ბოლქვიც თავსა და ბოლოში ოდნავ დაბრტყელებულია. აქვს მაღალი ღერო. თესვის პერიოდი აპრილიდან ივლისის ბოლომდეა. ითესება ერთმანეთისგან 30 სმ-ის დაშორებით. 

თესვა

კოლრაბი თესლით მრავლდება. ის შეგიძლიათ პირდაპირ ღია გრუნტში დათესოთ აპრილის ბოლოს ან მაისში, როცა ტემპერატურა 16 გრადუსს მიაღწევს. შეგიძლიათ, მოსავლის დასაჩქარებლად ჩითილი წინასწარ მოამზადოთ. ჩითილის გაზრდა თებერვალში დაიწყეთ. გამოიყენეთ 5 სმ დიამეტრის საჩითილე ჭურჭელი და სპეციალური საჩითილე ან კარგად გაფხვიერებული და გაცრილი ჩვეულებრივი ბაღჩის მიწა. მიწა კარგად დაატენიანეთ. თითოეულ ჭურჭელში 2-3 ცალი თესლი ჩააგდეთ და 0,5-1 სმ სიღრმეზე ჩაფალით. თესლის გასაღვივებლად კარგად განათებული ადგილი და დაახლოებით 15-18 გრადუსი ტემპერატურაა საჭირო. როცა მცენარე პირველ ფოთლებს ამოიყრის, შედარებით გრილ ადგილად გადადგით, ოღონდ ტემპერატურა 5-7 გრადუსზე დაბლა არ უნდა დაეცეს, თორემ ბოლქვი აღარ განვითარდება. ნიადაგი ყოველთვის ნესტიანი უნდა იყოს. მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ.

დარგვა

მას შემდეგ, რაც ჩითილი 3-5 ცალ ფოთოლს გამოიტანს, ყველაზე ღონიერი ძირები ამოარჩიეთ და ბაღჩაში გადარგეთ. გადასარგავად შეარჩიეთ აპრილ-მაისის პერიოდი, როცა გარეთ კარგად დათბება და ღამღამობით ტემპერატურა 7-10 გრადუსზე დაბლა აღარ ჩამოვა. სათბურში კი ჩითილის გადარგვა მარტის დასაწყისშიც შეიძლება. რაც შეეხება სეზონის დასასრულს, კოლრაბის დარგვა`დათესვა მაქსიმუმ ივლისის შუა რიცხვებამდეა შესაძლებელი.

მთავარია, ჩითილი მეტისმეტად ღრმად არ ჩარგოთ მიწაში, თორემ ბოლქვებს აღარ განივითარებს.

მორწყვა

კოლრაბი ხშირად მორწყეთ, განსაკუთრებით – პირველ ხანებში, ბოლქვის განვითარების პერიოდში და ცხელ დღეებში. თუ მორწყვა დააკლდა, შესაძლოა, ბოლქვი არც განუვითარდეს, ან მეტისმეტად გაუუხეშდეს და დაუსკდეს. ნიადაგი თანაბრად სველი უნდა იყოს. ზედმეტი არ მოგივიდეთ – კოლრაბის დამდგარი წყალი არ უყვარს. სიცხეში მიწამ ტენი რომ შეინარჩუნოს, მულჩი დააყარეთ. სარეველა მოაცილეთ.

განოყიერება

კოლრაბი რეგულარულად, მცირე დოზებით გაანოყიერეთ, მაგალითად, ჭინჭრის ნაყენით ან სხვა ორგანული სასუქით.

მოსავლის აღება

სხვადასხვა ჯიშის კოლრაბი სხვადასხვა ზომის ბოლქვს იკეთებს, ამიტომ თესლის შეძენისას გაარკვიეთ, ბოლქვი დაახლოებით რამხელა უნდა გაიზარდოს. თუ ზომაზე დიდი გახდა, გაუხეშდება და გემოსაც დაკარგავს, ამიტომ ეცადეთ, მოსავლის აღება არ დაგიგვიანდეთ. თავის დასაზღვევად ერთი კვირით ადრე აღებაც შეიძლება – უფრო წვნიანი იქნება. ბოლქვი მჭრელი დანით ქვემოდან მოაჭერით მთავარ ღეროს. დიდი ფოთლები მოაცილეთ, ნორჩისგან კი გემრიელ სალათა მოამზადეთ.

შენახვა

თუ კოლრაბის სველ ტილოში შეახვევთ, მაცივარში, ბოსტნეულის განყოფილებაში, ორ კვირამდე გაძლებს, ტილოს გარეშე კი – 2-6 დღე. შენახვამდე ფოთლები მოაცილეთ. შემოდგომაზე აღებული კოლრაბი გრილ სარდაფშიც კარგად ინახება.

კოლრაბი შეგიძლიათ გაყინოთ კიდეც. მან გაძლოს რომ და ნუტრიენტებიც შეინარჩუნოს, ასე დაამუშავეთ:

* ბოლქვი გარეცხეთ, გათალეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. ქვაბით აადუღეთ მარილწყალი, გვერდით კი ყინულიანი წყალი მოიდგით ჯამით. კოლრაბი ჯერ მდუღარე მარილწყალში ჩაყარეთ 2-3 წუთით, მერე კი ყინულიან წყალში გადაიტანეთ. ბოლოს ულუფებად გაანაწილეთ სპეციალურ ცელოფანში, შეძლებისდაგვარად, ვაკუუმში მოაქციეთ და საყინულეში შეინახეთ. ასე დაახლოებით 9-10 თვე გაძლებს.

მავნებლები

კოლრაბი შესაძლოა კარგი მოვლის პრირობებშიც დაავადდეს ან მავნებლებმა დააზიანონ.

მას ყველაზე მეტად Plasmodiophora brassicae ემტერება. ეს სოკო ფესვებში ნიადაგიდან იჭრება. დაავადებულ მცენარეს თავდაპირველად ფოთლებზე ყვითელი ბორცვები უჩნდება, მერე კი ფესვზე მსხვილ წანაზარდებს იკეთებს. სოკო უმეტესად მაშინ ჩნდება, როცა ჯვაროსანთა ოჯახის მცენარეები ერთსა და იმავე ადგილზე ითესება, ნიადაგის მჟავატუტოვანი ბალანსი დარღვეულია, ან ხშირად უწევს ყოფნა დამდგარ წყალში. მასთან გამკლავება კი არც ისე ადვილია. სოკოს გასაქრობად ნიადაგი ძალიან ღრმად უნდა დაბაროთ და შიგ კირი შეიტანოთ, ჰუმუსით გაამდიდროთ, ნახვარი წელი დაასვენოთ, მერე ისევ ღრმად დაამუშაოთ და ორგანული სასუქით გაანოყიეროთ.

კოლრაბის ხოჭო Phyllotreta-ც ემტერება, რომელიც გემრიელად შეექცევა ახალგაზრდა მცენარის ფოთლებს. ახალგაზრდა ამონაყარს ხშირად მიწის ხოჭოებიც აზიანებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიწა გამომშრალია, ამიტომ მორწყვა და გაფხვიერება არამც და არამც არ უნდა დაიზაროთ.

მაინც რითია სასარგებლო კოლრაბი? 

საკვები ნივთიერებები

100 გ ნედლი კოლრაბის ენერგეტიკული ღირებულება დაახლოებით 25 კკლ-იაა, მოხარშულისა კი – 20 კკლ.

100 გ ნედლი კოლრაბი შეიცავს:

* 92 გ წყალს;

* 0,1 გ ცხიმს;

* 2 გ ცილას;

* 4 გ ნახშირწყლებს (დაახლოებით 1,3 გ გლუკოზას და 1,1 გ ფრუქტოზას);

* 2 გ ბოჭკოს.

ვიტამინები და მინერალები

100 გ უმი კოლრაბის შემადგენლობაში შედის:

* 33 მკგ A ვიტამინი – სადღეღამისო ნორმის 3,7%;

* 200 მკგ ბეტა კაროტინი – სადღეღამისო ნორმის 10%;

* 48 მკგ ვიტამინი B1 – სადღეღამისო ნორმის 4,4%;

* 46 მკგ ვიტამინი B2 – სადღეღამისო ნორმის 3,8%;

* 1800 მკგ ვიტამინი B3 – სადღეღამისო ნორმის 12%;

* 100 მკგ ვიტამინი B5 – სადღეღამისო ნორმის 1,7%;

* 120 მკგ ვიტამინი B6 – სადღეღამისო ნორმის 8%;

* 3 მკგ ვიტამინი B7 – სადღეღამისო ნორმის 2,7%;

* 25 მკგ ვიტამინი B9 – რაც დღიური ნორმის 6,3% შეადგენს

* 64 მგ ვიტამინი ჩ – სადღეღამისო ნორმის 64%;

* 400 მკგ ვიტამინი E – სადღეღამისო ნორმის 3,3%;

* 7 მკგ ვიტამინი K – სადღეღამისო ნორმის 10%;

* 32 მგ ნატრიუმი – სადღეღამისო ნორმის 2,1%;

* 380 მგ კალიუმი – სადღეღამისო ნორმის 9,5%;

* 68 მგ კალციუმი – სადღეღამისო ნორმის 6,8%;

* 48 მგ მაგნიუმი – სადღეღამისო ნორმის 12,3%;

* 50 მგ ფოსფორი – სადღეღამისო ნორმის 7,1%;

* 50 მგ გოგირდი – (სადღეღამისო ნორმა უცნობია);

* 0,9 მგ რკინა – სადღეღამისო ნორმის 7,2%;

* 0,26 გ თუთია – სადღეღამისო ნორმის 3,1%;

* 120 მკგ სპილენძი – სადღეღამისო ნორმის 9,6%;

* 130 მკგ მანგანუმი – სადღეღამისო ნორმის 3,7%.

ძვირფასი ფენოლური ნაერთების შემცველობის წყალობით კოლრაბი ძალიან უხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემას, აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება და აძლიერებს იმუნიტეტს.

სამზარეულოში

კოლრაბისგან მრავალნაირი კერძის მომზადება შეიძლება. ნორჩი მცენარე ძალიან უხდება სალათებს, წვნიანებს, მობრაწულას, ბოსტნეულის გარნირს. იმის მიხედვით, რას ამზადებთ, კოლრაბის სხვადასხვანაირი თერმული დამუშავება სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, ფოთლები უნდა მოაცილოთ და, თუ საჭიროა, გათალოთ. თუ ბოლქვი პატარაა და ნორჩი, გათლა არ დასჭირდება, ოღონდ რამდენიმე საათით ჩაალბეთ ცივ წყალში.

თუ სუპის ან ბოსტნეულის წვნიანის მომზადებას აპირებთ, ქვაბში მთელი, გაუთლელი ბოლქვი ჩააგდეთ და ხარშეთ 20-30 წუთი, რომ კანში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები, მაგალითად, მაგნიუმი და ჩ ვიტამინი, წვენში გადავიდეს. მერე ვაშლივით გათალეთ და სურვილისამბერ დაამუშავეთ.

თუ კოლრაბის მოშუშვა გინდათ, გათალეთ და დაჭერით, 500 გრამს დაახლოებით 8 სუფრის კოვზი წყალი და 2 სუფრის კოვზი ზეთი დაასხით და ნელ ცეცხლზე 8-10 წუთი შუშეთ.

კოლრაბი ახალია თუ ძველი, ფოთლები გათქვამენ: თუ ხასხასა მწვანეა (ან იისფერი) და ქორფა, ესე იგი კოლრაბი ახალია. კანი კი დაუზიანებელი უნდა იყოს. რაც უფრო პატარაა ბოლქვი (თუ დიდი ჯიში არ არის), მით უფრო ნაზია და გემრიელი.

ვიტამინები, მინერალები და ფენოლური ნაერთები კოლრაბის ფოთლებში გაცილებით მეტია, ვიდრე ბოლქვში, ამიტომ ნუ გადაყრით ფოთლებს. მათგან შეგიძლიათ სმუზი მოამზადოთ ან სალათაში ჩაჭრათ.

 ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: