როგორ მოვუაროთ ნუნებს

გააზიარე:

ნუნების მოვლა არა მხოლოდ კოსმეტიკური პროცედურაა, არამედ აუცილებელი პირობაც ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის, რადგან სწორად მოვლილი ნუნები ფრჩხილების ჯანსაღ ზრდას უზრუნველყოფს.

მაგრამ რას გულისხმობს ნუნების სწორი მოვლა? უნდა მოვიჭრათ ისინი თუ უბრალოდ დაბლა ჩავწიოთ?

რა საჭიროა

კუტიკულა, იგივე ნუნა, ფრჩხილის მატრიქსს (ზრდის ზონა, სადაც ახალი უჯრედები წარმოიქმნება) დაზიანებისა და მიკროორგანიზმების შეჭრისგან იცავს. გამომშრალი და დახეთქილი კუტიკულა მხოლოდ არაესთეტიკურად კი არ გამოიყურება, არამედ შესაძლოა, ფრჩხილის გათხელება და აშრევებაც გამოიწვიოს, უარეს შემთხვევაში – ანთებაც კი. კუტიკულა კანის ძალიან თხელი ფენაა და, შესაბამისად, მგრძნობიარეა გარეგანი ფაქტორების მიმართ, ამიტომ ადვილად ზიანდება. ნუნებმა ელასტიკურობა რომ არ დაკარგოს და ზედმიწევნით შეასრულოს თავისი ფუნქცია, ძალიან მნიშვნელოვანია მათი სწორი მოვლა.

რა აზიანებს

ნუნების გამოშრობას და დახეთქვას ბევრი რამ იწვევს:

* საყოფაცხოვრებო ქიმია. სარეცხი და კანის მოვლის საშუალებები ხშირად შეიცავს ტენზიდებს – ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს. მათი ამოცანაა ზედაპირიდან ცხიმის შემცველი ჭუჭყის ნაწილაკების ამოყვანა, რასაც საუკეთესოდ ახერხებენ ტუტე აგენტები. ცუდი ის არის, რომ ისინი კანზე მოხვედრისას აზიანებენ კანის დამცავ გარსს, რომელიც მოზრდილი ადამიანისთვის ოდნავ მჟავე, საშუალოდ 5,5 უნდა იყოს. ვიდრე კანი მჟავატუტოვან წონასწორობას არ აღიდგენს, სხეულიდან ჩვეულებრივზე მეტი ტენი ორთქლდება და კანი შრება. კანიდან ტენის ჭარბ კარგვას იწვევს მოვლისა და სადეზინფექციო საშუალებებიც ალკოჰოლის მაღალი შემცველობით;

* ამინდი – ქარი, მზის სხივები, სახლის ზედმეტად მშრალი ჰაერი აშრობს კანს. გამომშრალი კანი იჭიმება და ადვილად სკდება;

* ხელების გადაჭარბებული ჰიგიენა – ხელების ხშირი ბანა საპნით ან სადეზინფექციო საშუალებებით;

* ლაქის მოსაცილებელი სითხეები – ნუნებს უკიდურესად აშრობს აცეტონი, ამიტომ გამოიყენეთ ლაქის მოსაცილებელი სითხე, რომელიც აცეტონს არ შეიცავს. ფრჩხილებისა და ნუნების ჯანმრთელობისთვის კი უმჯობესია, ფრჩხილები დროდადრო დაასვენოთ ლაქისგან;

* მოვლის დეფიციტი – თუ ნუნებს თავის დროზე არ ჩაიწევთ, ფრჩხილს გადაეკვრება და ადვილად დასკდება. ხელებსა და ფეხებს ხშირად სჭირდება დანოტივება. უამისოდ კანი შესაძლოა გამოშრეს და დასკდეს;

* ზოგიერთი ნუტრიენტის დეფიციტი – კანის სიმშრალე არასწორმა, მაგალითად, მონოკომპონენტურმა კვებამაც შეიძლება გამოიწვიოს, როცა ორგანიზმი ვერ იღებს კანისთვის და არა მხოლოდ მისთვის მნიშვნელოვან A, B, ჩ, D და E ვიტამინებს. ამიტომ ეცადეთ, დაბალანსებულად იკვებოთ. კანს ძალიან უხდება სეზონური ხილი და ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული და თესლეული.

ვუვლით ნუნებს

თუ რეგულარულად იზრუნებთ ნუნებზე, მაგალითად, კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ჩაიწევთ, ეს პროცედურა სწრაფად და მარტივად ჩაივლის, ხოლო თუ იშვიათად გაგახსენდებათ, ნუნები ზომაზე მეტად გაიზრდება, მყარად მიეკვრება ფრჩხილს და ჩაწევაც გართულდება.

ვწევთ ნუნებთ

ფრჩხილები მოწესრიგებულად რომ გამოიყურებოდეს, ნუნები თანაბრად უნდა იყოს ჩაწეული, თუმცა პროცედურის დროს სიფრთხილეა საჭირო. ნუნების ჩასაწევად სპეციალური ფორთოხლის ან ვარდის ხის ჯოხი გამოიყენეთ. მისი ერთი ბოლო წაწვეტებულია, მეორე კი ბრტყელი. ნუნებს ბრტყელი მხრიდან დააწექით, წვეტიანი კი მაშინ გამოიყენეთ, როცა ნუნა მაგრად არის მიკრული და არ გემორჩილებათ. ჩაწევისას მეტისმეტად ნუ დააწვებით ფრჩხილის საწოლს, თორემ შესაძლოა, ფრჩხილზე პატარა ღრმულები გაჩნდეს.

თუ ხელებს წინასწარ თბილ წყალში დაილბობთ, ნუნების ჩაწევა უფრო გაგიადვილდებთ. კანი კარგად რომ დარბილდეს, წყალში რამდენიმე წვეთი ნუშის ან ჟოჟობას ზეთი ჩააწვეთეთ. თუ ნუნები ძალიან არის გაზრდილი, უმჯობესია, ხელები ჯერ საპნიან წყალში ჩაილბოთ. ამისათვის თასში თბილი წყალი ჩაასხით და ცოტაოდენი საპონი ჩაახეხეთ, ოღონდ საპნის პH აუცილებლად ნეიტრალური უნდა იყოს. თითები ჩაყავით და საპონი ნელ-ნელა გახსენით წყალში. გააჩერეთ 5-10 წუთი.

ექიმები გვირჩევენ, ნუნები მაკრატლით არ მოვიჭრათ – შესაძლოა, დაზიანდეს, დაინფიცირდეს და ფრჩხილის ბუდის ანთებამდეც კი მივიდეს საქმე. თუ მაინცდამაინც, ეცადეთ, მეტისმეტად ღრმად არ მოიჭრათ.

ვისვამთ კრემს

ბოლოს ნუნები კარგად უნდა დაინოტივოთ მცენარეულ ზეთზე დამზადებული ხელის კრემით ან უბრალოდ სუფთა მცენარეული ზეთით. ის კანს დაამშვიდებს და დაიცავს. ნაზად შეიზილეთ კრემი თითოეული ფრჩხილის ძირში, ძლიერ ზეწოლას მოერიდეთ.

მცენარეული ზეთები მდიდარია ვიტამინებითა და ცხიმოვანი მჟავებით, სიმტკიცეს მატებს, ატენიანებს და ელასტიკურობას უნარჩუნებს კანს. ძალიან კარგია, მაგალითად, არგანის ზეთი.

თუ ნუნები მეტისმეტად გაქვთ გამომშრალი, ზეითუნის ან ჟოჟობას ზეთით დაინოტივეთ. ზეითუნის ზეთი მდიდარია პოლიფენოლებით, რომლებიც სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა, ამიტომ დატენიანებასთან ერთად ფრჩხილის სიჯანსაღეზეც ზრუნავს. ჟოჟობას ზეთს ცვილისებრი კონსისტენცია აქვს, ამიტომ ძალიან სწრაფად შეიწოვება და კანს არ აცხიმიანებს.

გარგარის გულის და ნუშის ზეთი ყოველგვარი ტიპის კანს შეეფერება.

ვუვლით დახეთქილ ნუნებს

უპირველეს ყოვლისა, ხელები კარგად დაილბეთ თბილი წყლით ან ვაზელინით. შემდეგ დახეთქილი ადგილები ფრთხილად მოიჭერით მაკრატლით ან საკვნეტელათი. უმჯობესია, წინასწარ დეზინფექცია ჩაუტაროთ, მაგალითად, კარგად გაწმინდოთ სამედიცინო სპირტით, რადგან დახეთქილი ადგილებიდან კანში ადვილად იჭრება მიკრობები.

თუ შეამჩნიეთ, რომ ნახეთქების ირგვლივ კანი გაწითლებულია, ჯერ კარგად დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხნარით ან სამედიცინო სპირტით, მერე კი ანთების საწინააღმდეგო, მაგალითად, გვირილის მალამო წაისვით.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: