როდის და როგორ გავწმინდოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა

გააზიარე:

ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ქალმა გამოიგონა – ჟოზეფინ კოჰრენმა, რომელსაც ძალიან აწუხებდა, რომ მის მოსამსახურეს ძვირფასი ჭურჭელი რეცხვისას ემსხვრეოდა. გადაწყვიტა, ამ ამბისთვის წერტილი დაესვა და 1886 წელს, მექანიკოს ჯორჯ ბათერსთან ერთად, საკუთარ ფარდულში პირველი ჭურჭლის სარეცხი მანქანა ააწყო.

მას შემდეგ ამ მოწყობილობამ არაერთი ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს, სრულიად სახეცვლილი, მრავალ ოჯახში იკავებს საპატიო დამხმარის ადგილს, ბევრ დიასახლისს უმსუბუქებს ცხოვრებას და, რაც მთავარია, გვიზოგავს ჩვენთვის ასე მნიშვნელოვან დროს.

ჩვენმა საყვარელმა დამხმარემ თავისი ფუნქციები შეუფერხებლად რომ შეასრულოს, ამაში ჩვენც უნდა შევიტანოთ წვლილი: რეცხვისას სწორად შევარჩიოთ რეჟიმი, მივყვეთ ინსტრუქციას, რადგან მანქანის ნებისმიერ მოდელს შეიძლება ჰქონდეს მოხმარების ინდივიდუალური, სხვებისგან განსხვავებული წესები და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მისი სისუფთავე, რადგან თუ თავად არ იქნება სუფთა, ვერც ჭურჭელს გარეცხავს სათანადოდ.

სისუფთავე აუცილებელია

თეორიულად, ჭურჭლის სარეცხი მანქანა რეცხვისას თავსაც უნდა ისუფთავებდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ცხიმი, საკვების ნარჩენები, გაუხსნელი სარეცხი საშუალება და წყლის მინერალები მანქანის შიგნით ილექება და მაგრდება. ნალექი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნო სუნი აქვს და უსუფთაო შესახედაობას აძლევს ხელსაწყოს, მექანიზმსაც აზიანებს, შეკეთება კი სულაც არ არის იაფი.

სისუფთავის ექსპერტები განუწყვეტლივ ეძებენ ჭურჭლის სარეცხი მანქანის წმენდის საუკეთესო გზას და ოპტიმალურ სიხშირეს. სტატიაში დღეისთვის არსებულ რეკომენდაციებს გაგაცნობთ.

ისევე, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ამჯერადაც თავის დაზღვევა სჯობია უკვე დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. უწინარეს ყოვლისა, ეცადეთ, ხარისხიანი და მანქანისთვის შესაფერისი სარეცხი საშუალება იხმაროთ – ეს ნადების წარმოქმნას შეამცირებს. ნადები თქვენს საცხოვრებელ ტერიტორიაზე მდინარე წყლის შემადგენლობაზეც არის დამოკიდებული: ხელსაწყოს შიგნითა დეტალებზე მინერალები რომ არ დაილექოს, ზოგ შემთხვევაში საჭიროა წყლის დამარბილებლისა და რეგენერაციული მარილის გამოყენება. რეცხვის დასრულების შემდეგ სასურველია, მანქანის კარი ღია  დატოვოთ – ამით თავიდან აიცილებთ ობისა და შმორის სუნის გაჩენას.

რამდენად ხშირად ვწმინდოთ

* ყოველდღე – მოაცილეთ საკვების ნარჩენები

* ყოველკვირა – სველი ხელსახოცით ან ტილოთი გაწმინდეთ კარი, შიდა კედლები და ფილტრი

* ყოველთვე – საფუძვლიანად გაწმინდეთ დეტალები

ცხადია, ეს რჩევები თქვენს რეჟიმს უნდა მოარგოთ. თუ მანქანას ყოველდღე არ იყენებთ, წმენდის რუტინაც იმის მიხედვით უნდა შეიმუშაოთ, რა სიხშირით მოიხმართ მას.

გამოვიყენოთ თუ არა წმენდისას ქლორი?

პასუხი ერთმნიშვნელოვანია: არა! განსაკუთრებით მაშინ, თუ მანქანის შიგნითა კედლები ან სხვა ნაწილები უჟანგავი ფოლადისაა. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ არც ქლორისა და ძმრის ნაზავი – ამ კომბინაციამ შესაძლოა მანქანისთვის დამღუპველი ქლორიანი გაზი წარმოქმნას და ხელსაწყო გააფუჭოს.

ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური წმენდის რუტინა

ახლა კი გაგაცნობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც უნდა გაწმინდოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ყოველდღიურად, ყოველკვირეულად თუ ყოველთვიურად, იმის გათვალისწინებით, მხოლოდ საკვების ნაწილაკების ან უსიამოვნო სუნის მოშორებაა თქვენი მიზანი თუ ხელსაწყოს საფუძვლიანად გასუფთავება.

ვაშორებთ საკვების ნარჩენებს

მანქანაში უსიამოვნო სუნის მთავარი მიზეზი შიგნითა კედლებსა და სხვა დეტალებზე შერჩენილი საკვების ნაწილაკებია, რომლებიც მანქანას სანაგვე ურნად აქცევს. წესად დანერგეთ, გამოყენების შემდეგ საკვების სულ პატარა ნარჩენიც კი არ დატოვოთ მანქანაში – დაუყოვნებლივ მოაშოროთ. გამოსწიეთ ქვედა უჯრა, რათა დარწმუნდეთ, რომ არც იქ ჩავარდნილა რამე. მერე საგულდაგულოდ გაწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით, რომ უსიამოვნო სუნი არ გაუჩნდეს.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ზოგიერთ მოდელს ჭუჭყის ამომცნობი სენსორები აქვს. ასეთ მანქანაში ჩაწყობამდე ჭურჭლის წყალში გავლება არ არის რეკომენდებული – შესაძლოა, ხელსაწყომ სუფთად აღიქვას და დელიკატური რეჟიმით დაიწყოს რეცხვა, ასეთი რეჟიმი კი, მაგალითად, ცხიმს  სათანადოდ ვერ მოაშორებს. უმჯობესია, ჭურჭელს მშრალი ხელსახოცით მოაცილოთ საკვების ნარჩენები და მანქანაში ისე ჩააწყოთ.

კარგად დააკვირდით, ხომ არ აქვს ჭურჭელს შერჩენილი ეტიკეტები. თუ კი – მოაშორეთ და მანქანაში ისე მოათავსეთ.

კარი

საფუძვლიანად გაწმინდეთ კარი გარედან და შიგნიდან. გაუსუფთავეთ სახელური და მართვის ღილაკები. უმჯობესია, ამისთვის გამოიყენოთ ნესტიანი (კარგად გაწურული) ღრუბელი ან რბილი ქსოვილი. შეიძლება სველი ხელსახოცის გამოყენებაც.

სენსორული მართვის ღილაკები რომ არ დაზიანდეს, მათი წმენდისას საწმენდ საშუალებას ნუ გამოიყენებთ.

შიგნითა სივრცე

ფაქიზად მოაშორეთ რეზინს ლაქები. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ძველი, მაგრამ რბილი კბილის ჯაგრისი. შემდეგ გამოწმინდეთ კედლები ნესტიანი ღრუბლით ან ქსოვილის ნაჭრით. 

ფილტრი

. ამოიღეთ ფილტრი. სანამ ის ჭუჭყიანია, მანქანა ვერაფერსაც ვერ გაასუფთავებს. თუ არ იცით, როგორ უნდა ამოიღოთ, ჩახედეთ და ზედმიწევნით მიჰყევით ინსტრუქციას, რათა უნებურად არ დააზიანოთ ხელსაწყო.

. კარგად გაავლეთ ცხელ გამდინარე წყალში. შეგიძლიათ, რბილი ჯაგრისიც მიაშველოთ.

. ისევ ჩაამაგრეთ მანქანაში. შეამოწმეთ, ხომ მჭიდროდ ზის თავის ადგილას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწყობილობა შესაძლოა დაზიანდეს.

საწმენდი ტაბლეტები

მანქანის ყოველთვიური საფუძვლიანი წმენდისთვის სპეციალური ტაბლეტები დაგჭირდებათ. აჯობებს, ისინიც ინდივიდუალურად, მანქანის მოდელის შესაბამისად შეარჩიოთ.

ტაბლეტები შლის და ანეიტრალებს იმ ნაწილაკებს, რომლებიც შესაძლოა ხელით წმენდისას ვერ მოაშოროთ.

გამოყენებამდე კარგად წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ზოგიერთი სახეობა რეცხვის სპეციალურ რეჟიმს მოითხოვს.

ტაბლეტების მაგივრად ძმრის გამოყენებაც შეგიძლიათ: 150-200 მლ ჩაასხით მანქანის ჭიქაში და ზედა თაროზე დადგით, მერე კი ჩართეთ ცხელი წყლით რეცხვის ნორმალური რეჟიმი. მანქანა ამ დროს ცარიელი უნდა იყოს. შეგიძლიათ, ამ პროცედურის დასრულების შემდეგ მანქანის ძირზე ერთი ჭიქა საჭმელი სოდა მოაფრქვიოთ და ცხელი წყლით რეცხვის მოკლე რეჟიმი გამოიყენოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ძმარი მჟავაა, შესაბამისად, მისი ხშირი გამოყენება არ არის სასურველი.

კორპუსი

კორპუსის გარედან გაწმენდა რეკომენდებულია უჟანგავი ფოლადის საწმენდი სპეციალური საშუალებით და რბილი ნაჭრით.

ნუ გამოიყენებთ ღრუბელს, ჯაგრისს, ქსოვილს, რომელმაც შეიძლება ზედაპირი გაჩხაპნოს.

წყალსადინარი

თუ რეცხვის დასრულების შემდეგ მანქანა წყლისგან ბოლომდე არ იცლება, ეს, სავარაუდოდ, წყალსადინარში გაჭედილი საკვების ნარჩენების ბრალია. გაითვალისწინეთ, რომ მანქანის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია, ნიჟარის წყალსადინარიც ბოლომდე იცლებოდეს.

მანქანის წყალსადინარის გასაწმენდად:

. გამორთეთ მანქანა, დააცარიელეთ და გამოიღეთ ქვედა თარო.

. ამოაშრეთ ჩარჩენილი წყალი პირსახოცით, რომელიც წყალს კარგად იწოვს.

. ამოიღეთ წყალსადინარიდან ნარჩენები.

თუ მანქანა ამის შემდეგაც იტოვებს წყალს, პროფესიონალის დახმარება დაგჭირდებათ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: