ტოქსიკური ურთიერთობები

გააზიარე:

ტოქსიკური ურთიერთობები – ეს ცნება უკვე დამკვიდრდა ყოველდღიურ ლექსიკონში. ბევრმა გააცნობიერა, რომ არსებობს ურთიერთობები, რომლებიც უფრო გვაზიანებს, ვიდრე გვზრდის. მაგრამ ეს გაცნობიერება უფრო ინტელექტუალურია, ვიდრე ემოციური. გამოდის, რომ ადამიანებს ესმით, რა არის ტოქსიკური ურთიერთობა, მაგრამ ვერ ხვდებიან, რა გააკეთონ.

კითხვები, რომლებსაც ამ თემის შესახებ ყველაზე ხშირად მისვამენ:

1. – ვიცი, რომ საზიანო ურთიერთობაში ვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ თავისებურად ვუყვარვარ. და თუ ვუყვარვარ, რატომ არის ეს ურთიერთობა საზიანო?

მთავარი შეცდომა, რომელსაც ტოქსიკურ ურთიერთობაზე მსჯელობისას ვუშვებთ, ამ ურთიერთობის მხოლოდ რომანტიკული სიყვარულის ჭრილში განხილვაა. თუ თქვენი პარტნიორი გამოხატული ნარცისი არ არის, დიდი ალბათობით, მას მართლაც უყვარხართ. მასთან ერთად თავს ცუდად იმიტომ კი არ გრძნობთ, რომ ემოციური მიჯაჭვულობა გაკლიათ, არამედ იმიტომ, რომ ის პატივს არ გცემთ. როცა სივრცეს ზრდით, ენატრებით და აქტიურობს, მაგრამ როდესაც გიახლოვდებათ და მონატრებას იკმაყოფილებს, ისევ იწყებს დამცირებას, დაცინვას, უკმაყოფილების გამოხატვას. უყვარხართ, მაგრამ არც ისე ძალიან, რომ თქვენ გამო რაღაც დათმოს, კომუნიკაციის სტილი შეიცვალოს. უყვარხართ, მაგრამ არა იმდენად, რომ ურთიერთობაში საკმარისი ძალისხმევა ჩადოს.

გახსოვდეთ: თუ ადამიანი პატივს არ გცემთ ან თქვენდამი ჯანსაღი მიჯაჭვულობა არ გააჩნია, ეს თქვენი ან მხოლოდ თქვენი ბრალი არ არის. ზოგჯერ არც არავის ბრალია. უბრალოდ, წყვილი ვერ აეწყო. მაგალითად, თუ ერთი პარტნიორი ახალდაშორებული, სევდიანი და მოწყვლადია, ხოლო მეორე რამდენიმე წელია მარტოა და ექსპერიმენტები ურჩევნია, მიუხედავად გრძნობებისა, შესაძლოა წყვილი ვერ აეწყოს. პირველი ამ დროს ეძებს საყრდენს, სტაბილურობას, მზრუნველობას, თუმცა აკლია გამოცდილება და სევდა და მარტოსულობა ხელს უშლის, პარტნიორი რაციონალურადაც შეაფასოს, მეორე კი პატივს სცემს ღიაობას, თავგადასავლებს, მას სტაბილური ურთიერთობისთვის მეტი დრო სჭირდება და ამდენი მზრუნველობის გაცემაც არ შეუძლია.

ხანდახან წყვილი ვერ ეწყობა იმის გამო, რომ ერთ-ერთი პარტნიორი ურთიერთობისთვის მზად არ არის. მაგალითად, აქვს ბავშვობის ტრავმები, მიჯაჭვულობის არაჯანსაღი სტილი, არ შეუძლია თანმიმდევრული თანაარსებობა, სჭირდება ბევრი ყურადღება, მუდმივი აღფრთოვანება და მზრუნველობა ან, პირიქით, ზედმეტად შორს იჭერს თავს და მეორე პარტნიორმა რაც არ უნდა გააკეთოს, სიცარიელეს ვერ შეუვსებს. თუ ასეთი პარტნიორი თქვენ ხართ, ეს კარგი ამბავია, რადგან შეგიძლიათ, საკუთარ თავზე იმუშაოთ, განურჩევლად იმისა, ტოქსიკურობის მიმღები ხართ თუ გამცემი. ეს მუშაობა მრავალწლიანი პატერნების, ემოციების მართვის სირთულის, წარსულის მტკივნეული გამოცდილებების გადააზრებას გულისხმობს და დროსა და ენერგიასთან ერთად გამბედაობასაც მოითხოვს. თუ თქვენ ყველანაირად ცდილობთ, მაგრამ პარტნიორი ფეხს ვერ გიწყობთ, მაშინ მას მოუწევს შინაგანი განვითარება, რათა ტოქსიკური პატერნი დასრულდეს.

2. – ხან მამცირებს, ხან კი მეუბნება, რომ მისი ჩემსავით არავის ესმის. რა ხდება?

ეს კლასიკური სცენარია: როცა ჩვენ ზედმეტად ვზრუნავთ, პარტნიორი კომფორტის ზონაში გადადის და ურთიერთობის განვითარებაში ძალისხმევას აღარ დებს. ერთ-ერთი პარტნიორი ხდება “დედიკო” და მეორეს არ აცდის აქტივობას, რითაც თრგუნავს მას. ამავე დროს, “დედიკო” არ არის მიმზიდველი. ეს არის ადამიანი, რომლის სიყვარული უპირობოა, მოპოვება არ სჭირდება. ზედმეტად მზრუნველი ადამიანი ხდება თავშესაფარი, თუმცა იკლებს მისდამი ვნება და, გარკვეულწილად, პატივისცემაც.

არსებობს სხვა შემთხვევაც: ტრავმაგამოვლილი, უსიყვარულოდ გაზრდილი ადამიანები ისე მიუჩვეველები არიან მზრუნველობას, ისე არ სჯერათ, რომ ზრუნვას იმსახურებენ, რომ როდესაც მათ ბევრ სითბოს ვაჩვენებთ, ისინი გვაუფასურებენ. მათი ლოგიკა ასეთია: მე არ ვიმსახურებ სიყვარულს, ღირსეული ადამიანი მე ვერ შემიყვარებს. თუ ამ ადამიანს ასე ძალიან ვუყვარვარ, ესე იგი ის ღირსეული არ არის.

ამ დროს საკუთარ თავს შემდეგი კითხვები უნდა დაუსვათ: რაში გჭირდებათ სხვაზე ამდენი ზრუნვა? მისგან საპასუხო მზრუნველობას მოელით? გგონიათ, რომ სხვანაირად არ მოეწონებით? გტკივათ, რომ პარტნიორი ცუდად არის და არ აცდით, თავისით დადგეს ფეხზე? თუ სითბო არ გიბრუნდებათ, რატომ გგონიათ, რომ უფრო მეტი მზრუნველობით მოიგებთ პარტნიორის გულს? მიუდექით ამას როგორც კვლევას და არა როგორც თავის დადანაშაულებას. თქვენი მოჭარბებული ემპათია წარსული გამოცდილებების შედეგია. ეცადეთ მიხვდეთ, რამ მოგიყვანათ აქამდე და უმჯობესია, ეს თერაპევტთან ერთად გააკეთოთ.

3. – თავიდან ძალიან ყურადღებიანი იყო, კომპლიმენტებით მავსებდა, საჩუქრებს მჩუქნიდა, სულ მწერდა, ახლა ზედაც არ მიყურებს. როგორ დავიბრუნო ის ადრინდელი სიყვარული?

ამ კითხვაზე უმეტესად ვპასუხობთ, რომ დაბრუნების შანსი ძალიან მცირეა. თუ პირველი ორი-სამი თვე ადამიანი მოსალოდნელზე მეტად აქტიურობს, მერე კი ერთბაშად, თითქოს უმიზეზოდ ქრება, შესაძლოა საქმე გქონდეთ ე.წ. სიყვარულით დაბომბვასთან. სიყვარულით დაბომბვა ნარცისის ტაქტიკაა. ნარცისს მოსწონს სიყვარულობანას თამაში და საკუთარი თავის რომანტიკულ გმირად წარმოჩენა, ის იკვებება ეფექტით, რომელსაც თქვენზე ზემოქმედებით აღწევს. როგორც კი ის თქვენგან მაქსიმალურ აღფრთოვანებს მიიღებს, როგორც კი გულს გადაუშლით, გრძნობებს აღიარებთ და დისტანციას შეამცირებთ, მას ეს თამაში მობეზრდება. დროდადრო ყურადღებას გამოიჩენს, რათა საბოლოდ არ დაგკარგოთ, რადგან მის ეგოს ასაზრდოებთ, მაგრამ აღარასოდეს დაუბრუნდება ურთიერთობის პირველ, რომანტიკულ ფაზას. შესაძლოა, თქვენი წასვლის შემთხვევაში ისევ გააქტიურდეს, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ ვერ დაუშვებს, ვინმემ მიატოვოს და არა იმიტომ, რომ მართლა უნდა თქვენთან ყოფნა.

დასკვნა

ტოქსიკურ ურთიერთობას უსიყვარულობა კი არ უდევს საფუძვლად, არამედ ტრავმული გამოცდილება და პარტნიორის უპატივცემულობა, ამიტომ გამოსავალი არა რომანტიკული გამოცდილების გამდიდრება, არამედ საკუთარ თავზე სიღრმისეული მუშაობაა.

შესაძლებელია ასეთი ურთიერთობის გამოსწორება თუ თავს უნდა ვუშველოთ?

შესაძლებელია, ოღონდ ეს ორივე პარტნიორს უნდა უნდოდეს, ორივემ უნდა გაიღოს აუცილებელი ძალისხმევა. რატომ? იმიტომ, რომ შესაძლოა, ერთი პარტნიორი ბევრად უფრო დესტრუქციული იყოს, მაგრამ აღდგენა ორივეს სჭირდება. წყვილი ორი ადამიანის კავშირია და ერთი ადამიანი მას ვერ გადაარჩენს.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: