განქორწინება: ყველაზე მეტად აისამდე ბნელა
გააზიარე:
ფილმი “ტოსკანის მზის ქვეშ” პირველად დიდი ხნის წინ ვნახე. მომეწონა, მაგრამ ბოლომდე ვერ გავიგე. წლების შემდეგ კი ვიჯექი ცხვირსახოცით ხელში და მთავარი გმირის მონოლოგს ვუსმენდი: "იცით, განქორწინებაში ყველაზე გასაკვირი რა არის? არ გკლავს... არადა, უნდა მოგკლას. როდესაც ვიღაც, ვინც სიკვდილამდე სიყვარულს გპირდებოდა, გეუბნება: “აღარ მიყვარხარ”, მაშინვე უნდა მოკვდე. დილაობით აღარ უნდა იღვიძებდე, გამუდმებით არ უნდა ეკითხებოდე საკუთარ თავს, აქამდე როგორ ვერ ხვდებოდი – ხვდებოდი, მაგრამ გეშინოდა”. მახსოვს, ამ მონოლოგის მოსმენისას გული ამიჩუყდა, რადგან ფრენსისმა სწორედ ის თქვა, რასაც ვგრძნობდი. ამას კი მოჰყვა შვება. შვება, რადგან მივხვდი: რაც ჩემს თავს ხდება, უნიკალური ტრაგედია არ არის. ბევრია ქალი, ვინც იმავეს განიცდის; ბევრია ქალი, ვინც თავიდან სიკვდილზე ოცნებობდა, მერე კი სიცოცხლე მეტად დააფასა. მინდა, ეს თქვენც გაგიზიაროთ.
არა უშავს, რომ სევდიანობთ
განქორწინება ყველანაირად გვანადგურებს – ჩვენ ხომ მხოლოდ პარტნიორს კი არ ვკარგავთ, არამედ ცხოვრების სტილს, შვილების ერთად გაზრდის საშუალებას, ოცნებებს მომავალზე... ყოველი ეს დანაკარგი სევდის ცალკე წყაროა. ჩვენ მხოლოდ საყვარელი ადამიანი კი არ გვენატრება, არამედ ჩვენი იდენტობაც იცვლება. ვიღაცის ცოლობა განსაკუთრებით – თუ ეს დიდხანს გრძელდებოდა, იდენტობის, მიკუთვნებულობის, გარკვეული როლის ტოლფასი ხდება. ისევე, როგორც მშობლობა: როდესაც მშობელი ხდები, არამშობელი ვეღარ ხარ. ასევეა განქორწინების დროსაც: როდესაც მეუღლე ხარ, ძნელი მისახვედრია, ვინ იქნები, როცა აღარ იქნები მეუღლე.
იცვლება ყველაფერი: რუტინა, პასუხისმგებლობები, ურთიერთობა ყოფილის ოჯახთან, საკუთარ ოჯახთან, შვილებთან, საერთო მეგობრებთან. სტაბილურობის განცდას ცვლის გაურკვევლობა და უამრავი კითხვა: როგორ ვიცხოვრებ მარტო? ვიპოვი სხვას? კიდევ ვენდობი ვინმეს? ნუთუ მარტოობაში დავბერდები და მოვკვდები? გავართმევ თავს ფინანსურ პრობლემებს? ბავშვს მარტო მოვუვლი?
ეს, ასე ვთქვათ, განქორწინების სასტარტო პაკეტია. ამას დავუმატოთ სხვა სირთულეებიც, მაგალითად, ერთად შეძენილი ბინის გაყიდვა, პარტნიორის უყურადღებობა შვილებისადმი, საზოგადოების მიერ განქორწინებული ქალების სტიგმატიზაცია, პროფესიის ან სამუშაო გამოცდილების უქონლობა, მარტოხელა მშობლის გადატვირთული გრაფიკი... როგორც ვიცით, ყველა უბედური ოჯახი თავისებურადაა უბედური. თუმცა, თუ განქორწინებას თან არ ახლდა ტრავმატული მოვლენები (მაგალითად, ოჯახური ძალადობა), ნებისმიერ ქალს აქვს შანსი, დააღწიოს თავი იმ უიმედო სევდას, რომელსაც პირველ ეტაპზე ყველა განვიცდით.
როგორ გავუმკლავდეთ განქორწინებას
დასაწყისში
1. არ გაგიკვირდეთ, თუ სევდას იგრძნობთ, იგლოვებთ, ბევრს იტირებთ
მნიშვნელოვანი რამის დაკარგვა გულს გვწყვეტს. თუ ასე არ მოხდა, ეს რაღაც არც ყოფილა მნიშვნელოვანი. მიეცით თავს უფლება, გარკვეული ხნის განმავლობაში ნაკლებად ფუნქციური იყოთ. ვეღარც უწინდებურად კარგად იმუშავებთ, ვეღარც ბავშვებს მოუვლით უწინდებურად ყოჩაღად, აღარც დღესასწაულები გაგახარებთ. ეს ნორმალურია. ჩვენ არც გასხივოსნებული ბუდები ვართ და არც სუპერგოგოები; ჩვენ ადამიანები ვართ, რაც ნიშნავს, რომ საყვარელი ადამიანისა და სასურველი მომავლის დაკარგვისას სევდიანობის უფლება გვაქვს.
არ გადაახტეთ ამ ეტაპს. არ გადაიტანოთ ყურადღება, არ წამოიწყოთ ახალი ურთიერთობა, არ ჩაეფლოთ საქმეში. რამდენადაც გარემო საშუალებას მოგცემთ, განიცადეთ და იგლოვეთ. ეს სევდა, ეს უიმედობა, ეს უძილო ღამეები და აუტანელი დღეები იმ ვირუსივითაა, რომლის მოსაცილებლადაც უბრალოდ დრო და ბევრი სითხეა საჭირო – რამდენი წამალიც არ უნდა სვათ, არაფერს გიზამთ. ეს მოსახდელი გლოვაა, რომელიც ხან სევდას, ხან ბრაზს მოიცავს, რომელიც სავსეა რიტორიკული კითხვებით, ტრანსპორტში ნაცნობი სიმღერის გაგონებისას ტირილით, მომავლის გამო შფოთვით და წარსულის გამო გულისტკენით. მაგრამ ამ ეტაპზე ეს ბუნებრივია, მოსალოდნელია.
მეტიც – თუ არ იგლოვებთ ახლა, როდესაც ეს ადეკვატურია, გამოუხატავი ემოციები წლების შემდეგ დაგხვდებათ წინ.
2. ეძებეთ მხარდაჭერა
მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები განქორწინებას ერთ-ერთ ყველაზე სტრესულ მოვლენად მიიჩნევენ. ის სიის სათავეშია ომსა და საყვარელი ადამიანის გარდაცვალებასთან ერთად. ამიტომ მარტო ვერ გაუმკლავდებით. დაეყრდენით ოჯახს, მეგობრებს. კარგი იქნებოდა, თერაპევტთან მისულიყავით.
გაუზიარეთ ახლობლებს, რასაც გრძნობთ. ნუ გაირიყებით – იზოლაცია სტრესის დამატებითი წყაროა. პირიქით, ელაპარაკეთ ადამიანებს, რომლებსაც ენდობით. თუ იცნობთ ქალებს, რომლებმაც განქორწინება გამოიარეს, ყავაზე მიიპატიჟეთ, ესაუბრეთ, გაეცანით მათ გამოცდილებას, დაფიქრდით, რითი ჰგავხართ და რითი – არა. რაც უფრო მეტჯერ მოყვებით, მით უფრო მალე დაკარგავს თქვენი ისტორია ტკენის ძალას.
ამავე დროს, შორს დაიჭირეთ თავი ტოქსიკური ადამიანებისგან. ისინი თავს დამნაშავედ გაგრძნობინებენ. ახლა სწორედ ის დროა, თვალი გადაავლოთ, ვინ იმსახურებს თქვენს ნდობას და ვინ – არა. გააატარეთ დრო იმ მეგობრებთან, რომლებიც გაფასებენ. ამას თერაპიული ძალა აქვს, რადგან განქორწინებისას ხშირად გვგონია, რომ პრობლემა ჩვენშია, რომ მიგვატოვეს, რადგან საკმარისად კარგები არ ვიყავით. ნახეთ, რამდენი ადამიანი გიდგათ გვერდით და დაეყრდენით – დახმარების ფანჯარა მალე დაიკეტება, რადგან ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს და თუ გამოწვდილ ხელს ბევრჯერ უგულებელყოფთ, როდესაც იზოლაციიდან გამოსვლას დაპირებთ, ნაკლები ადამიანი დაგხვდებათ.
3. იცხოვრეთ დღევანდელი დღით
ეს ყოველთვის კარგი სტრატეგიაა, განქორწინების დროს კი, უბრალოდ, აუცილებელი. წარმოიდგინეთ, რომ დიდი და მძიმე წიგნი გაქვთ წასაკითხი. კი, ფინალი აქვს, მაგრამ ბოლო თავამდე კიდევ 500 გვერდია. მოერევით? თავიდან ალბათ შეგეშინდებათ, მერე კი დაჯდებით და თითო გვერდობით წაიკითხავთ. იგივე მდგომარეობაა ახლაც. ყოველი დღე ახალი ფურცელია. არ გადაახტეთ, არ გაუსწროთ. დაისახეთ ერთი დღის გეგმები. თუ შეასრულებთ, თავი შეიქეთ. ეცადეთ, ნაკლები იფიქროთ წარსულსა და მომავალზე. ყოველ დღეს თავისი საზრუნავი აქვს.
მაქსიმალურად ეცადეთ, იყოთ იქ, სადაც ამწუთას ხართ და აკეთოთ ის, რაც თქვენს აწმყოში ხდება. მგზავრობისას ათვალიერეთ ქუჩები ფანჯრიდან, ჭამისას ყურადღება მიაქციეთ გემოს, თუ დისკომფორტს გრძნობთ, გაარკვიეთ, რა გაწუხებთ – გცივათ? ფეხები აიკეცეთ და გაშლა დაგავიწყდათ? მეტი კომფორტი შეიტანეთ თქვენს ცხოვრებაში, დაასვენეთ სხეული.
4. ნუ განიკითხავთ თავს ემოციური ქარიშხლის გამო
დიახ, თქვენც, სხვებივით, თავდაპირველად ათას ურთიერთგამორიცხავ ემოციას განიცდით. ხან ბრაზობთ, ხან ტირით, ხან, ოღონდ დაბრუნდეს და ყველაფერს აპატიებთ, ხან კი – რა საშინელი ადამიანია, საერთოდ რა გინდოდათ მასთან? მახოვს, სწორედ ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა: მეღიარებინა და მიმეღო ჩემი ემოციები. თერაპევტი მეუბნებოდა: “ახლა მოსაზღვრე მდგომარეობაში ხარ, სტაბილურობის განცდა არ გაქვს, დღის განმავლობაში მრავალ პოლარულ ემოციას განიცდი და ეს ნორმალურია”.
არ გაგიკვირდეთ, თუ ეს ემოციური კოქტეილი სხვებისთვის გაუგებარი აღმოჩნდება. თქვენთვის იცოდეთ: არც სუსტი ხართ, არც გაზვიადების მოყვარული, არც უცნაური. თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ ისე, როგორც ხართ. გახსოვდეთ, ეს გაივლის.
როდესაც გლოვის პირველი ტალღა გადაივლის
1. დაიწყეთ წარსულსა და მომავალთან აქტიური დამშვიდობება
გადააწყვეთ ნივთები, ადგილი შეუცვალეთ ავეჯს, გაამზიურეთ და გაანიავეთ ოთახები, შეიტანეთ თქვენს სივრცეში ახალი სურნელები. მდინარეს გაატანეთ ყოფილ ქმართან დაკავშირებული საჩუქრები, რბილი სათამაშოები და გულის ფორმის ყელსაბამები, დაწვით, დაამტვრიეთ, დახიეთ, დამარხეთ, მეგობარს მიეცით. ნუ მიადგებით ისეთ ნივთებს, რომლებიც შესაძლოა თქვენს შვილებს დასჭირდეთ, მაგალითად, საქორწინო ალბომს: ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ სიყვარულში გაჩნდა, რომ მას ელოდნენ, რომ წინაისტორია აქვს. არ წაშალოთ სურათები, რომლებსაც ვერ აღადგენთ. შეგიძლიათ, ეს ყველაფერი დაათვალიეროთ, იტიროთ, გამოიგლოვოთ და დროებით სადმე გადამალოთ. თუ აზრს არ შეიცვლით, დროთა განმავლობაში მოიშორეთ კიდეც.
მახსოვს, ჩემმა ერთმა კლიენტმა საქორწილო კაბა დაწვა და მეორე დილით პირველად გაიღვიძა მშვიდად, მეორემ კი ქმრის მიერ ნაყიდი ყველა სამკაული მდინარეში გადაყარა. ყოველ სამკაულს თავისი ისტორია ჰქონდა, რომლებსაც ის ხმამაღლა მოჰყვა და მერე გაუშვა. ასეთი რიტუალები ინდივიდუალურია, მთავარია, უსაფრთხოების ნორმები დავიცვათ და აფექტში ისეთი რამე არ მოვიცილოთ, რის დაკარგვასაც მერე ვინანებთ (მაგალითად, ერთი კლიენტი ოქროს ბეჭდის გადაგდებასაც აპირებდა. ეს ბეჭედი მისმა მეგობარმა წაიღო, გაყიდა და ფული მიუტანა, რომლითაც ბავშვის სწავლის საფასური გადაიხადეს).
დაწერეთ მომავალთან გამოსამშვიდობებელი წერილი. ამის გაკეთება თერაპევტთან ერთად ჯობია. ამ წერილში ჩამოწერეთ გეგმები, მოლოდინები, რომლებიც გქონდათ და გაუშვით, დაემშვიდობეთ. ჩემთვის ყველაზე ძნელი მომავლის გაშვება აღმოჩნდა, რადგან ყველა სტატია წარსულს ეხება, მომავლის დაკარგვას თითქმის არავინ ახსენებს. ყველაფერს ვერ დავივიწყებთ, მაგრამ უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად გავსუფთავდეთ როგორც წარსულისგან, ისე უკვე აუსრულებელი მომავლისგან. და სწორედ ამ დროს ვუბრუნდებით აწმყოს.
2. მოუარეთ საკუთარ თავს
და რას ვაკეთებთ ამ აწმყოში? დიახ, იყო დღეები, როდესაც საწოლიდან ადგომაც კი გმირობის ტოლფასად მიმაჩნდა. ახლა კი საკუთარი თავის მოვლაა პრიორიტეტული. არა მხოლოდ ადგომა, არამედ სეირნობა, მეგობრებთან დროის გატარება, მასაჟი, კითხვა, იოგაზე სიარული, გემრიელი კერძები... მე ძალიან დამეხმარა მცენარეების მოშენება.
თავი შორს დაიჭირეთ ნებისმიერი დამათრობელი ნივთიერებისგან, ალკოჰოლი იქნება ეს თუ სხვა რამ. ეს ხანმოკლე შვებას მოგგვრით, მაგრამ საბოლოოდ აღდგენის პროცესს გაგიხანგრძლივებთ.
მოიძიეთ ინფორმაცია თვითმოვლის შესახებ და დანერგეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი.
3. გაიხსენეთ ძველი ინტერესები
რისი გაკეთება გინდოდათ, რასაც ქორწინების პერიოდში ვერ ახერხებდით? იქნებ ცეკვა გიყვარდათ, ან წერა, ან “უწყვილო” მეგობრებთან ერთად გართობა? იქნებ ყოველთვის გინდოდათ ფისოს ყოლა? დაუბრუნდით იმას, რისთვისაც ვერ იცლიდით. გაიხსენეთ, ვინ ხართ თავად, მეწყვილის გარეშე. ქორწინებამდეც ხომ იყავით პიროვნება. რაზე ოცნებობდით? რაზე თქვით უარი, რადგან ოჯახური ცხოვრების დროს არ გამოდიოდა? იქნებ ამის აღდგენის საშუალება არსებობს?
მე, მაგალითად, მოვძებნე მეგობრები, რომლებთანაც თხუთმეტი წელია გაწყვეტილი მქონდა კავშირი და ბევრი რამ გამახსენდა საკუთარი თავის შესახებ. კვლავ აქტიურად დავიწყე წერა. გამახსენდა, როგორ მაინტერესებდა ბიოლოგია და მეცნიერება და მათ შესახებ წიგნები შევიძინე. მიჰყევით თქვენს ინტერესებს, ახლა შეგიძლიათ, ნებისმიერი ჰობი გქონდეთ.
4. დაიწყეთ ახალი აქტივობები
დიახ, თქვენი ცხოვრება შეიცვალა. დიახ, ცვლილება მტკივნეულია. ეცადეთ, აღარ ებრძოლოთ მას, მიიღოთ ახალი მოცემულობა და მეტიც – მართოთ. გაიჩინეთ ახალი მეგობრები, დაიწყეთ სიარული იოგაზე, კერამიკის წრეზე, სალსას გაკვეთილებზე. ესაუბრეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ყოფილს არ იცნობენ. გააცანით მათ ახლანდელი საკუთარი თავი და არა ისეთი, როგორიც იყავით. დაიწყეთ აწმყოს გამრავალფეროვნება.
მესმის, რომ თავიდან ეს დიდ გამბედაობას მოითხოვს, განსაკუთრებით – დანგრეული თვითშეფასების ფონზე. თუ ახალი წამოწყება არ გამოგივათ, არა უშავს. მიზანი ახლის ათვისება კი არ არის, არამედ ახლის წამოწყება, პირველი ნაბიჯის გადადგმა.
დანერგეთ ახალი ტრადიციები დღესასწაულებზე (და საერთოდაც, ეს ყველაზე რთული დღეებია). მე და ჩემს ყოფილ ქმარს ასეთი ტრადიცია გვქონდა: ყოველ ახალ წელს ნაძვის ხის ახალ სათამაშოს ვყიდულობდით. პირველ ახალ წელს, რომელიც მის გარეშე გავატარე, ბევრი მაღაზია მოვიარე და ჩემი გემოვნებით, ყველასთან შეუთანხმებლად ვიყიდე ნაძვის ხის სათამაშოები. საახალწლო სუფრაზე კი ნაირ-ნაირი ყველი და ბევრი ზეთისხილი მეწყო. მეტი არაფერი მინდოდა.
5. დაიწყეთ ფიქრი პრაქტიკულ საკითხებზე
როდის სად, ვისთან იქნებიან ბავშვები? რა მოუვა საერთო ბინას? თუ მის გაყიდვას აპირებთ, სად იცხოვრებთ? როგორი ურთიერთობა გექნებათ ყოფილის ოჯახის წევრებთან? მაგალითად, დაბადების დღეს ტელეფონით მიულოცავთ თუ მიხვალთ და საჩუქარს მიუტანთ? ვინ გადაიხდის ალიმენტებს და რა სახით? როდის გააფორმებთ განქორწინებას? ვინ გადაიხდის ბავშვების სწავლის საფასურს? აღარ გადადოთ ეს მნიშვნელოვანი საკითხები და ეცადეთ, წყნარად, აუღელვებლად გადაწყვიტოთ.
გლოვის მეორე ტალღის შემდეგ
1. გამოიტანეთ დასკვნები
განშორების უკან მოსატოვებლად უნდა გავიაზროთ, რა მოხდა და რა როლი შევასრულეთ ჩვენ ურთიერთობის შენარჩუნებასა თუ დასრულებაში. ეს დაგვეხმარება, მომავალი ურთიერთობები უფრო გონივრულად და ჯანსაღად წარვმართოთ.
ჰკითხეთ თქვენს თავს:
* რა წვლილი შეიტანეთ დაშლაში?
* ხომ არ იმეორებთ იმავე შეცდომებს ან ხომ არ ირჩევთ თქვენთვის შეუფერებელ ადამიანს იმავე თვისებებით?
* დაფიქრდით, როგორ უმკლავდებით სტრესს, კონფლიქტს და პირად პრობლემებს. შეგიძლიათ, უფრო კონსტრუქციულად მოიქცეთ?
* შეგიძლიათ, მიიღოთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან თუ მოითხოვთ მათგან, იყვნენ ისეთები, როგორებიც "უნდა იყვნენ"?
გულწრფელად უპასუხეთ ამ კითხვებს. თავს ნუ დაიდანაშაულებთ. უკან მოხედვა საშუალებას მოგცემთ, მეტი გაიგოთ საკუთარი თავის შესახებ, იმის შესახებ, როგორ ხედავთ სხვა ადამიანებს და პრობლემებს, რომლებიც უნდა გადალახოთ.
2. გაუშვით ყოფილი
მახსოვს, ერთი განქორწინებული ქალის ბლოგს ვკითხულობდი. ის წერდა, რომ პირველ ხანებში გონებაში სულ ასეთი ფრაზა უტრიალებდა: “ქორწილის დღეს დამპირდი, რომ სიკვდილამდე ჩემთან იქნებოდი. ჰოდა, რატომღა ხარ ახლა ცოცხალი?” დაახლოებით იგივე ფრაზა ჟღერს ალანის მორისეტის ცნობილ სიმღერაშიც, “მპირდებოდი, რომ სიკვდილამდე გეყვარებოდი, მაგრამ კვლავაც ცოცხალი ხარ”.
ყოფილზე ბრაზი, მისი სიძულვილი, აგრესია – ეს ყველაფერი მისაღები და გასაგებია. მაგრამ დრო გადის და ეს გრძნობები ფერკმრთალდება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ გაშვება ჩვენივე კეთილდღეობისთვის. სხვაგვარად ეს ბრაზი ყოფილ ქმარს მიგვაბამს. სხვაგვარად ნებისმიერი ახალი ურთიერთობა ძველის გაგრძელება იქნება. სხვაგვარად ბავშვებს თავგზას ავუბნევთ და მათ გაუჭირდებათ მომავალში საკუთარი ურთიერთობების აგება და შენარჩუნება.
3. სურვილის შემთხვევაში დაიწყეთ ახალ ურთიერთობაზე ფიქრი
შესაძლოა, უკვე ჩანაცვლებითი ურთიერთობაც გამოიარეთ. შესაძლოა, პირიქით, განქორწინების შემდეგ არავინ გყოლიათ და ვერც ბედავთ, დაბალი თვითშეფასება გაქვთ, აღარავის ენდობით ან უბრალოდ ფლირტი დაგავიწყდათ, ანდა სხვა პასუხისმგებლობების იმხელა ტვირთი დაგაწვათ, რომ ამაზე ფიქრისთვის არც კი გეცალათ.
თუ გსურთ, ურთიერთობაში იყოთ, სწორედ ის დროა, ახალი ადამიანები გაიცნოთ. ეცადეთ, ისინი ყოფილისგან დამოუკიდებლად შეაფასოთ, მას არ შეადაროთ. საკუთარ რეაქციებსაც დააკვირდით – არც თქვენ ხართ ისეთი, როგორც ქორწინებამდე ან ქორწინებაში იყავით.
თუ თავდაპირველად არაფერი გამოგივიდათ, არ შეგეშინდეთ, ჩათვალეთ, რომ პარტნიორთან ურთიერთობას ხელახლა სწავლობთ. ესაუბრეთ მეგობრებს, რომლებსაც მეტი გამოცდილება აქვთ, შეხვდით ახალ ნაცნობებს, რომლებიც მზად არიან, საღამო ტელევიზორის წინ კი არა, სადმე საინტერესოდ გაატარონ, მოუსმინეთ მათ ისტორიებს. ნელ-ნელა გადადით დაოჯახებული ქალის პოზიციიდან მარტო მცხოვრები (და არა მარტოსული) ქალის პოზიციაში.
გახსოვთ, ზემოთ დავწერე, ახალი ჰობი გაიჩინეთ ან კარგად დავიწყებული ძველი გაიხსენეთ-მეთქი? სწორედ აქედან წამოვა ახალი ნაცნობობაც. დაუკავშირდით ხალხს, რომლებსაც მსგავსი ინტერესები აქვთ და დაინახავთ: სულაც რომ ვერ იპოვოთ პარტნიორი, დახვეწთ დიალოგის წამოწყების, გაუბედაობის დაძლევის, ხუმრობის, უბრალოდ სიხარულის გაცდის უნარებს. ნუ დაიწყებთ პარტნიორის ძებნას, უბრალოდ შექმენით გარემო, სადაც შესაძლოა ვინმე გაიცნოთ.
სახიფათო ნიშნები
მთელი ეს სტატია იმაზე საუბარს დავუთმე, რომ რასაც გრძნობთ, ბუნებრივია და ნორმალური. მაგრამ დეპრესიის რისკი იმატებს, თუ:
* ბავშვობაში მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა გადაგიტანიათ;
* არ გაგაჩნიათ სოციალური წრე და მხარდაჭერა;
* არ გყავთ ოჯახის წევრები, რომლებსაც შეიძლება დაეყრდნოთ;
* დრო გადის, თქვენი ემოციები კი არ იცვლება, სულ სევდიანი ხართ ან სულ ბრაზობთ;
* განქორწინება ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის ფონზე მიმდინარეობდა;
* განქორწინებამდე განიცდიდით ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ძალადობას;
* ჩამოგიყალიბდათ ალკოჰოლზე ან სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულება.
ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპია ფუფუნება აღარ არის – საჭიროებაა. აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ, თავი დააღწიოთ დეპრესიას. დეპრესია, გლოვისგან განსხვავებით, ბუნებრივი მოვლენა არ არის და რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, თავისით არ გაივლის.
დასკვნა
ამ სტატიაში ბევრი მინიშნებაა ფილმებსა თუ სიმღერებზე. ეს იმიტომ, რომ მარტოობისგან ხელოვნება გვიცავს. მეტი ყურადღებით და მგრძნობელობით ვუსმენთ მუსიკას, ვუყურებთ ფილმებს, გვახარებს იმის ნახვა და მოსმენა, რაც მდგომარეობას გვიმსუბუქებს. ეს რაღაცით გარდატეხის ასაკს ჰგავს, როდესაც ყოველი გულისტკივილი სამუდამო ტრაგედიად მიგვაჩნდა. უფროსები გვარწმუნებდნენ, რომ ესეც გაივლის, ჩვენ კი არ გვყოფნიდა ძალა და სიმწიფე, ჰორიზონტისთვის თვალი გაგვესწორებინა და სიბნელის იქით ამომავალი მზე დაგვენახა. ერთ-ერთ ჩემს საყვარელ სიმღერაში შემდეგი ფრაზაა: “ყველაზე მეტად აისამდე ბნელა”. თუ თქვენთან ჯერაც ბნელა, არ შეგეშინდეთ – ჯერ არ დამდგარა ღამე, რომელიც არ გათენებულა.
ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე