კოსმეტიკური პროცედურები ძუძუთი კვების დროს

გააზიარე:

ორსულობამ ჩაიარა, ამიერიდან უკვე პატარას მოვლა და აღზრდაა თქვენი მთავარი საზრუნავი, მაგრამ თუ შვილს ძუძუს აწოვებთ, გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი აკრძალვა, რომლებსაც ორსულობის დროს იცავდით, ისევ აქტუალურია.

მშობიარობის შემდეგ ნელ-ნელა იწყება წონის კლება და ბუნებრივია, გიჩნდებათ სურვილი, კვლავ მიმართოთ იმ კოსმეტიკურ პროცედურებს, რომელთა ჩატარების შესაძლებლობაც ორსულობისას არ გქონდათ.

მოდი, გავარკვიოთ, რომელი კოსმეტიკური პროცედურებია ნებადართული და რომელი – არა ძუძუთი კვების პერიოდში, რადგან ამ დროს გამოყენებული ქიმიკატები შესაძლოა დედის ორგანიზმმა შეიწოვოს, რძეში მოხვდეს და ავნოს ახალშობილს.

შილაკი

შილაკი ჩვეულებრივი მანიკიურის ბევრად უფრო კომფორტული ალტერნატივაა – ის 2-დან 3 კვირამდე ძლებს, შესაბამისად, ხელებიც უფრო მეტხანს ინარჩუნებს მოვლილ იერს. შილაკის გაკეთების დროს ფრჩხილზე მანიკიურის რამდენიმე ფენა ისმება და ყოველი ფენის გადასმის შემდეგ ფრჩხილი სპეციალური LED (შუქდიოდური) ნათურის აპარატით შრება.

მიიჩნევა, რომ ეს პროცედურა ულტრაიისფერი გამოსხივების ხარჯზე ხელს უწყობს კანის ნაადრევ დაბერებას.

ლაქტაციის დროს შილაკის მავნეობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა – ყურადღება მიაქციეთ, რომ პროცედურა ჩატარდეს უმაღლესი ხარისხის მანიკიურით და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მავნე ნივთიერებების რაოდენობა, LED აპარატი იყოს მაღალი ხარისხის და, რაც მთავარია, სალონში იცავდნენ სტერილიზაციის წესებს.

სასურველია, შილაკი მოიხსნას აპარატულად და არა აცეტონით, რადგან, მართალია, ფრჩხილი თვითონვე წარმოადგენს მავნე ნივთიერებებისგან ორგანიზმის დამცავ ერთგვარ ბარიერს, მაგრამ აცეტონის მძაფრ სუნს და მასში შემავალ ალკოჰოლთან კონტაქტს, უმჯობესია, ძუძუთი კვების პერიოდში მაინც ერიდოთ.

პერმანენტული მაკიაჟი

პერმანენტული მაკიაჟი, იგივე კონტურული მაკიაჟი, მიკროპიგმენტაცია, დერმოპიგმენტაცია, არის პროცედურა, რომლის დროსაც სპეციალური პიგმენტი ნემსით შეჰყავთ კანის შრეებში სახის ნაკვთების გამოსაკვეთად ან მაკიაჟის იმიტირებისთვის.

ექიმების ნაწილს მიაჩნია, რომ ლაქტაციის დროს პერმანენტული მაკიაჟისგან თავი უნდა შეიკავოთ, ისევე როგორც ტატუს გაკეთებისგან, თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ პერმანენტული მაკიაჟის დროს ნემსი ისეთ მცირე სიღრმეზე ჩადის კანში, დედის რძეში მავნე ნივთიერებების მოხვედრის შანსი მინიმალურია. მთავარია, პროცედურა ჩაატაროს პროფესიონალმა სისუფთავის უმაღლესი სტანდარტების მქონე დაწესებულებაში, სადაც ინფიცირების მიზერული შანსიც არ იარსებებს,  რადგან თუ დედის ორგანიზმი მავნე ნივთიერებით მოიწამლა, ძუძუზე მყოფი ბავშვის ჯანმრთელობასაც საფრთხე დაემუქრება. გარდა ამისა, ინფექციის სამკურნალოდ შესაძლოა ისეთი მედიკამენტების მიღება დაგჭირდეთ, რომლებიც ლაქტაციისას არ შეიძლება და ამას ძუძუთი კვება შეეწიროს.

სოლარიუმი და მზეზე გარუჯვა

არ არსებობს კვლევები, რომლებიც დაადასტურებდა ან უარყოფდა რუჯის არასასურველ გავლენას დედის რძეზე, ასე რომ, შეგიძლიათ, მშვიდად გაირუჯოთ, ოღონდ მზის დაბალი აქტივობის საათებში და მხოლოდ და მხოლოდ ძუძუთი კვებისას ნებადართული დამცავი კრემის გამოყენებით. არ დაგავიწყდეთ კრემის ჩამობანა ბავშვის კვების წინ.

ბოლო დროს სოლარიუმს უფრო და უფრო ნაკლები მომხმარებელი ჰყავს, რადგან კანისა და, საზოგადოდ, ორგანიზმისთვის მის მიერ მიყენებულ ზიანს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხედავს. დედის რძეზე სოლარიუმის მავნე გავლენა არ დასტურდება, მაგრამ მაშინ, როდესაც დედის მკერდი ისედაც ძალზე მგრძნობიარეა და ნებისმიერ დროს შეიძლება სარძევე ჯირკვლებში რძე ჩაგროვდეს, გამაგრდეს, დაიწყოს ანთება, მისი ზედმეტად გადახურება ნამდვილად არ არის სასურველი.

ფილერი და ბოტოქსი

ნაოჭების საწინააღმდეგო პრეპარატების დოზები, რომლებიც გამოიყენება ამ კოსმეტიკური პროცედურების დროს, ძალიან მცირეა, შესაბამისად, მიზერულია მათი სისტემურად შეწოვის რისკი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ  ლაქტაციის პერიოდში ამ ნივთიერებების გავლენის შესასწავლად კვლევები თითქმის არ ჩატარებულა, შესაბამისად, არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რათა ვამტკიცოთ, რომ ეს პროცედურები უსაფრთხოა პატარასთვის, რომელიც ძუძუთი იკვებება, ამიტომ თუ ლაქტაციის პერიოდში ფილერის ან ბოტოქსის შეყვანას გადაწყვეტთ, პროცედურის შემდეგ, სულ მცირე, ორი საათი ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ. თუ შესაძლებელია, რძე გამოიწველეთ და ახლის ჩადგომას დაელოდეთ.

ლაზერული ეპილაცია

ლაზერული ეპილაცია არასასურველი თმის მოცილების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. ლაქტაციის პერიოდში მისი უვნებლობის შესახებ ინფორმაცია მწირია, ექიმების აზრი კი ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ საკმარისია, არ გაიკეთოთ ლაზერული ეპილაცია ძუძუზე და ძუძუსთავის გარშემო – სხეულის სხვა უბნებზე თამამად შეგიძლიათ პროცედურის ჩატარება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ლაზერული ეპილაცია მაინც შეიცავს გარკვეულ რისკს მეძუძური დედის ისედაც დასუსტებული და გამოფიტული ორგანიზმისთვის, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში ამ პროცედურისგან თავის შეკავებას გვირჩევენ.

საბოლოო ჯამში, თავად უნდა გადაწყვიტოთ რა გიღირთ და რა – არა, გაანაწილოთ პრიორიტეტები, პირველ ადგილზე დააყენოთ შვილი, რომლის ჯანმრთელობაც დიდწილად თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ არც საკუთარი თავი და სურვილები დაივიწყოთ, არ მოექცეთ საზოგადოების წნეხის ქვეშ. ძნელია, მაგრამ დროთა განმავლობაში პრიორიტეტების სწორად განაწილებას ისწავლით და მშვიდად განაგრძობთ ბავშვის კვებას.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: