ნაადრევი მშობიარობა
გააზიარე:
დედის წიაღი მართლაც საუკეთესო გარემოა ნაყოფის ზრდისა და განვითარებისთვის. რაც უფრო მეტხანს რჩება ნაყოფი საშვილოსნოში, მით უკეთესად ვითარდება ფიზიკურადაც და ფსიქოემოციურადაც, ამიტომ დედის მუცელში გატარებული ყოველი დღე მნიშვნელოვანია. მაგრამ ზოგჯერ ნაყოფი დროზე ადრე ცდილობს საშვილონოს ღრუს დატოვებას, ზოგჯერ კი, დედისა და ნაყოფის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმები მშობიარობას ხელოვნურად აღძრავენ...
ნაადრევი მშობიარობა უწინარესად სწორედ ნაყოფის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ის ახალშობილთა სიკვდილიანობისა და ავადმყოფობის ძირითადი მიზეზია. საქართველოში, პერინატალური მეთვალყურეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ნაადრევი მშობიარობა კიდევ უფრო გახშირდა.
ნაადრევი მშობიარობის მიზეზებზე, პრევენციასა და გამოსავალზე თსსუ მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნიკოლოზ კინტრიას გავესაუბრეთ.
– რა არის ნაადრევი მშობიარობა და რა იწვევსმას?
– ნაადრევად მიიჩნევა მშობიარობა ორსულობის 22-დან 37-ე კვირამდე. 37-ე კვირის შემდეგ მშობიარობა დროულია, 22-ე კვირამდე ორსულობის შეწყვეტას კი აბორტი ეწოდება.
ნაადრევ მშობიარობას ბევრი რამ იწვევს: სხვადასხვა ინფექცია, ორსულობასთან დაკავშირებული გართულებები (მაგალითად, ეკლამფსია, პრეეკლამფსია, პლაცენტის წინამდებარეობა), დედის ასაკი (18 წლამდე ან 40 წლის ზემოთ), საშვილოსნოს ყელის ანატომიური ცვლილებები, მისი უკმარისობა, მრავალნაყოფიანი ორსულობა. არსებობს მოსაზრება, რომ ნაადრევი მშობიარობის მიზეზად შესაძლოა მავნე ჩვევები – თამბაქოს ან ნარკოტიკების მოხმარებაც იქცეს. დედის ექსტრაგენიტალური დაავადებები: ჰიპერტენზია, გულის მანკი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა, – იშვიათად იწვევს ნაადრევ მშობიარობას, მაგრამ ზოგჯერ თავად ექიმს უხდება ორსულობის დროზე ადრე შეწყვეტა და ნაადრევი მშობიარობის აღძვრა. ამრიგად, ნაადრევი მშობიარობა შესაძლოა აღიძრას სპონტანურად, ბუნებრივად ან ხელოვნურად ექიმის მიერ. თუ დედას ექსტრაგენიტალური დაავადება აქვს, მდგომარეობა ზოგჯერ ისე მძიმდება, რომ ორსულობის გაგრძელება დიდ საფრთხეს ქმნის. შესაძლოა აღინიშნებოდეს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება. ამ დროს აშკარაა, რომ ნაყოფი დედისგან ვეღარაფერს იღებს, ამოწურა თავისი რესურსი და მისთვისვეა უკეთესი, დაიბადოს და ისე გამოვზარდოთ. ნაადრევი მშობიარობის აღძვრის მიზეზად შესაძლოა სამეანო გართულებაც იქცეს: ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის აცლა, პლაცენტის წინმდებარეობა... საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, ვირჩევთ ტაქტიკასაც – მშობიარობას თუ საკეისრო კვეთას.
– რა შემთხვევაშია მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა?
– თუ ქალს ერთხელ მაინც გადაუტანია ნაადრევი მშობიარობა, ის მაღალი რისკის ჯგუფში შედის და თავიდანვე გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. რისკის ფაქტორებია ასევე მრავალნაყოფიანი ორსულობა, ქალის ასაკი... ასეთ ქალებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. უკვე დაწყებული მშობიარობის შემჩნევა ადვილია. გაცილებით ძნელია, მაგრამ აუცილებელი მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის დროულად ამოცნობა, როცა ჩარევას ჯერ კიდევ აქვს აზრი. მასზე მიგვანიშნებს საშვილოსნოს პერიოდული შეკუმშვა, ტკივილი მუცლის არეში, სისხლიანი გამონადენი. კიდევ ერთი საყურადღებო ნიშანია არასისხლიანი, მაგრამ უხვი, სუნიანი გამონადენი, – მწვანე, ყავისფერი, ხაჭოსფერი, ყვითელი და სხვა. ასეთი გამონადენი ინფექციაზე მიუთითებს, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, შესაძლოა, ნაადრევი მშობიარობის მიზეზად იქცეს. ყველა ამ შემთხვევაში ორსულმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა დროულად შეფასდეს მდგომარეობა და ადეკვატური ღონისძიებებიც გატარდეს. თუმცა ისიც შესაძლოა, მშობიარობა უსიმპტომოდ, ყოველგვარი კლინიკური გამოხატულების გარეშე დაიწყოს.
– კვლევის რომელი მეთოდით დიაგნოსტირდება მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა?
– საამისოდ მრავალი ტესტი არსებობს, მაგრამ ყველაზე სარწმუნო მაინც ფეტალური ფიბრონექტინის განსაზღვრაა. გამოკვლევისთვის მასალას საშვილოსნოს ყელიდან იღებენ. თუ საშვილოსნოს სეკრეტში ფეტალური ფიბრონექტინი აღმოჩნდა, ნაადრევი მშობიარობის დაწყების ალბათობა მაღალია. ამასთან ერთად დიაგნოსტიკის ყველაზე სანდო მეთოდად მიიჩნევა ვაგინალური ულტრასონოგრაფია, რომლის საშუალებითაც ზუსტად იზომება საშვილოსნოს ყელის სიგრძე. ამ ორი ტესტის ერთდროულად ჩატარება საკმაოდ ღირებულ ინფორმაციას გვაძლევს.
– მოარული აზრის თანახმად, ორსულობისას ტრანსვაგინალური ექოსკოპია უკუნაჩვენებია. მეტიც – შესაძლოა, ის თავად იქცეს ნაადრევი მშობიარობის მიზეზად...
– ეს მცდარი აზრია. ამის მტკიცებულება არ არსებობს. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის ყველა რეკომენდაციაში ერთმნიშვნელოვნადაა ნათქვამი, რომ ასეთ დროს გამოკვლევის ყველაზე სარწმუნო მეთოდი ვაგინალური ექოსკოპიაა. ტრანსაბდომინალურ გამოკვლევას, ფაქტობრივად, აზრი არ აქვს, ასე ყელის სიგრძეს ზუსტად ვერ ადგენენ.
– როგორია ექიმის ტაქტიკა მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის დროს?
– სხვათა შორის, ტაქტიკა რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ახალი ცნება – მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა – გაჩნდა. წინათ თუ მეანის ამოცანა ორსულობის გახანგრძლივება იყო, დღეს საკითხს ასე აღარ ვუდგებით – ნაადრევი მშობიარობის დროს ორსულობა რამდენიმე დღით გახანგრძლივდება და ისიც იმისთვის, რომ ნაყოფის ფილტვები ჰაერით სუნთქვაზე გადასასვლელად მოვამზადოთ რესპირატორული დისტრესსინდრომის თავიდან ასაცილებლად. ცხადია, მნიშვნელობა აქვს გესტაციის ვადასაც. აუცილებელია, ექიმმა ქალი შესაბამის დაწესებულებაში გააგზავნოს, ისეთ კლინიკაში, სადაც შემდგომ ახალშობილს მოუვლიან. მოგეხსენებათ, 2015 წლიდან, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამშობიარო სახლები სამ დონედ არის დაყოფილი. 34 კვირამდე მშობიარე აუცილებლად მესამე დონის სუბსპეციალიზებულ სამეანო დაწესებულებაში უნდა გაიგზავნოს, 34 კვირის შემდეგ კი შეიძლება მეორე დონის სამშობიაროშიც მოთავსდეს.
– ორსულობის გასახანგრძლივებლად რა საშუალებებს იყენებთ და რამდენად უსაფრთხოა ისინი ნაყოფისთვის?
– ორსულობის გახანგრძლივება ანუ პროლონგირება ტოკოლიზური საშუალებებით ხდება, ნაყოფის ფილტვების მოსამწიფებლად კი სტეროიდებს ვუნიშნავთ.
– აუცილებელია თუ არა, ორსულმა დაიცვას წოლითი რეჟიმი, ერიდოს აქტივობას?
– ეფექტური პერინატალური მოვლის სწავლების თანახმად, წოლითი რეჟიმი და ინტრავენური ჰიდრატაცია არაფრის მომცემია და ქალს მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობისაგან არ იცავს.
– რა გართულებებია მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის დროს?
– დედასთან გართულების ალბათობა ნაკლებია, მაგრამ ნაყოფის მხრივ გართულებები, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია. საზოგადოდ, უმწიფარი ნაყოფის გამოზრდა საკმაოდ ძნელია.
მწიფედ მიიჩნევა ნაყოფი, რომელიც 37 კვირაზე მეტისაა და სხეულის მასა 2500 გრამი მაინც აქვს. რაც მეტია ნაყოფის წონა და გესტაციის ასაკი, მით დიდია მისი გამოზრდის ალბათობაც.
– ნაადრევად დაწყებული მშობიარობა ნაყოფის სიცოცხლესაც უქმნის საფრთხეს?
– სამწუხაროდ, ასეა. ახალშობილთა სიკვდილიანობა ასევე მშობიარობის ვადასა და ნაყოფის წონაზეა დამოკიდებული და მის პირდაპირპროპორციულად მცირდება. როცა ნაყოფი 1000 გრამზე მეტს იწონის, მისი გამოზრდის შანსი საკმაოდ დიდია. ნაყოფის გამოზრდა არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ბავშვი იცოცხლებს. დღენაკლულ ახალშობილებს (რომელთა წონა 500-დან 1000 გრამამდეა) შემდგომ ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნებათ. ხშირია ინვალიდობა. ვგულისხმობ ფიზიკურ და არა მენტალურ ინვალიდობას. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გესტაციის ვადასა და ნაყოფის წონასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, დაბადებიდან რამდენი ხნის შემდეგ დაიწყებენ ახალშობილის გამოზრდას. თუ ორსული შესაბამის დაწესებულებაში მოხვდა და პირველივე წუთიდან ნაყოფის ზრდის სწორად მართვა შევძელით, ალბათობა, რა თქმა უნდა, დიდია.
– რა როლი ენიჭება ამ პროცესში მეანის კომპეტენციას?
– უპირველეს ყოვლისა, მეანის კომპეტენციაზეა დამოკიდებული მაღალი რისკის კატეგორიის ორსუთა გამორჩევა და მათზე განსაკუთრებული მეთვალყურეობის დაწესება, მეანს არ უნდა გამოეპაროს მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის ნიშნები და სწორად უნდა გაგზავნოს ასეთი ორსულები შესაბამის დაწესებულებაში.
– რით შეიძლება ნაადრევი მშობიარობის პრევენცია?
– შეიძლება ითქვას, რომ პრევენციის ერთადერთი გზა ორსულობის დაგეგმვა, მისთვის მომზადებაა. მომზადება, უპირველესად, ინფექციების მკურნალობას მოიაზრებს. რაც შეეხება უშუალოდ ორსულობასთან დაკავშირებულ ფაქტორებს, ამ თვალსაზრისით პრევენციის შანსი ნაკლებია. ამ დროს მთავარი გაძლიერებული მეთვალყურეობაა.
– თუ ქალს ნაადრევი მშობიარობა აქვს გადატანილი, ის მომავალშიც გამეორდება?
– ცხადია, დაბეჯითებით ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ რისკი მაღალია და ასეთ ქალებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.
– როგორც თავად ბრძანეთ, საშვილოსნოს ყელის უკმარისობა ნაადრევი მშობიარობის ერთ-ერთი მიზეზია. რამდენად ეფექტურია ასეთ დროს ყელზე ცირკულარული ნაკერის დადება?
– ეს საკითხი კარგა ხანს საკამათო იყო. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ნაკერის დადება არაფერს ცვლიდა, ზოგი კვლევა კი საპირისპიროზე მეტყველებდა. ამჟამად მიიჩნევენ, რომ გაცილებით უკეთესია ყელის დეფექტის დაორსულებამდე გასწორება ქირურგიული გზით, მაგრამ თუ ყელის უკმარისობა ორსულობის დროს გამოვლინდა და სხვა გამოსავალი არ არის, საშვილოსნოს ყელზე ცირკულარული ნაკერის დადება ერთ-ერთ აუცილებელ მეთოდად მიიჩნევა.
ნაკერის დადება მე-16 კვირიდან უკვე შეიძლება. მისი უკუჩვენებაა სანაყოფე წყლების დაღვრა ან ინფექცია. მკითხველისთვის გასაგებად რომ ვთქვა, თუ ყელში გამოჩრილი სანაყოფე ბუშტი მომწვანოა, ნაკერი არ იდება. ნაკერს მშობიარობის ან საკეისრო კვეთის წინ ხსნიან.
– დაბოლოს, რას ეტყოდით მომავალ დედებს?
– მინდა, ყველა ქალს ვურჩიო, წინასწარ დაგეგმონ ორსულობა და საორსულებამდე ჩაიტარონ შესაბამისი გამოკვლევები, აუცილებლად მეუღლესთან ერთად. ეს საგრძნობლად გაზრდის შანსს, ორსულობაც ნორმალურად წარიმართოს და ნაყოფიც ჯანმრთელი იყოს.