როგორ დავეხმაროთ ბავშვს სტრესის დაძლევაში
გააზიარე:
იცოდით, რომ სტრესის დროს ბავშვები ზრდასრულების ქცევასა და ემოციებს აკვირდებიან და ამის მიხედვით ცდილობენ საკუთარი ქცევისა და ემოციების მართვას?
ყველას გვინდა, ჩვენს შვილებს რაც შეიძლება ნაკლები სტრესი შეხვდეთ, მაგრამ, ცხადია, ყველა ვაცნობიერებთ, რომ ბავშვს ყოველგვარი უსიამოვნებისგან ვერ დავიცავთ, ამიტომ უმჯობესია, ძალისხმევა იმისკენ მივმართოთ, რომ შვილს სტრესთან გამკლავების ჯანსაღი გზები და ყოველდღიური პრობლემების მარტივად მოგვარება ვასწავლოთ.
მოუსმინეთ
რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო აცნობიერებს სტრესულ სიტუაციებს და სჭირდება მშობლის დახმარება, რათა ცხოვრებისეულ სირთულეებზე ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს. სტრესთან გამკლავების უნარის გამომუშავების გზაზე ამოსავალი წერტილია დიალოგი. ყოველთვის მოუსმინეთ ბავშვს, როცა რამე აწუხებს, დააკვირდით ჟესტებს, რომლებსაც თხრობისას იყენებს. ხელების სრესა, ფრჩხილების კვნეტა, ოფლიანობა ძლიერ სტრესზე მიუთითებს. ასეთ დროს განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ.
შეამზადეთ
ეცადეთ, წინასწარ შეამზადოთ ბავშვი სტრესული სიტუაციებისთვის და მასთან ერთად შეიმუშაოთ გეგმა, როგორ ჯობია მოქცევა ასეთ დროს. თუ ექიმთან ვიზიტი გაქვთ დაგეგმილი, უთხარით, რომელი პროცედურები ჩაუტარდება, რა შეიძლება აღმოჩნდეს მისთვის არაკომფორტული, რისთვის უნდა იყოს მზად. ბავშვს ძალიან ეხმარება მისთვის უცნობი გარემოებების შესახებ წინასწარ მიღებული ინფორმაცია, რადგან დრო რჩება იმაზე საფიქრალად, რას გრძნობს მოსალოდნელი სიტუაციის მიმართ.
სუნთქვითი ვარჯიშები და იოგა
დღეში თუნდაც თხუთმეტწუთიანი მსუბუქი იოგა და სუნთქვითი ვარჯიშები ბავშვს დიდ სამსახურს გაუწევს, რადგან დამშვიდების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
გთავაზობთ სპეციალურ ვარჯიშებს სტრესის შესამსუბუქებლად. ჩაატარეთ იმ სიხშირით, როგორითაც საჭიროდ მიიჩნევთ. თუ ბავშვთან ერთად თქვენც ივარჯიშებთ, თავად დაინახავთ, რაოდენ სასიამოვნო და სასარგებლოა ისინი სტრესისგან გადაღლილი გონებისთვის.
მუცლით სუნთქვა
როცა სტრესულ მდგომარეობაში ვართ, სუნთქვა ზედაპირული გვიხდება. ამ დროს სასურველია, არა მკერდით, არამედ მუცლით ვისუნთქოთ, რადგან სწორედ მუცლით სუნთქვა ავსებს ფილტვებს ჰაერით და გვცლის ნეგატიური ემოციებისგან.
დაიდეთ ხელი მუცელზე, ხუთჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ჩაისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით. ჩასუნთქვაც და ამოსუნთქვაც 5-5 წამი უნდა გაგრძელდეს.
ასწავლეთ ბავშვს, ჩასუნთქვისას ოდნავ გაბეროს მუცელი, თითქოს ბუშტია, ხოლო ამოსუნთქვისას ამ "ბუშტიდან" ნელა გამოუშვას ჰაერი.
კომფორტის ადგილი
ზოგჯერ სტრესული გარემო ბავშვს ძალიან თრგუნავს. მას ეჩვენება, რომ გასაქცევი არსად აქვს. კარგი იქნება, ასწავლოთ მას, რომ ყოველთვის შეუძლია, საკუთარ გონებაში იპოვოს თავისი კომფორტის ადგილი.
დაჯექით ან დაწექით კომფორტულ პოზაში. დახუჭეთ თვალები და მოდუნდით. რამდენჯერმე ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირით, ჩაუშვით ჰაერი მუცელში და ნელა ამოისუნთქეთ პირით.
იმის მიხედვით, სად გრძნობს თავს ყველაზე კომფორტულად, ბავშვს დეტალურად აღუწერეთ ყოველი მოქმედება. თუ პლაჟზე ყოფნა უყვარს, სთხოვეთ წარმოიდგინოს, რომ ფეხშიშველა დგას სანაპიროზე, თბილ ქვიშაში, ნიავი ეალერსება, ტალღების ნაზი ხმა ჩაესმის, თქვენც მის გვერდით ხართ, გარშემო სიმშვიდეა. შეგიძლიათ, ფონად ზღვის ხმაური ჩაურთოთ.
ამ სავარჯიშოს სისტემატური გამეორებით ბავშვი იპოვის შინაგანი სიმშვიდის წერტილს და მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეძლებს საკუთარ გონებაში ცოტა ხნით სტრესისგან გადამალვას, დამშვიდებას და ძალების მოკრებას.
ბოლოს ყურადღება თანდათანობით ისევ სუნთქვაზე – ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის მშვიდ რიტმზე გადაიტანეთ. ყურადღება მიაქციეთ, როგორ ეხება ჰაერი თქვენს კანს. ოდნავ გაატოკეთ ხელისა და ფეხის თითები. ჩაისუნთქეთ და ფართოდ გაიწელეთ. ღრმად ამოისუნთქეთ. როცა მზად იქნებით, თვალები გაახილეთ.
გაიზიარეთ მისი ემოციები
როდესაც დასტრესილი ბავშვი თქვენთან მოდის და თავის განცდებს გიზიარებთ, ნუ დაიწყებთ მიზეზების ძიებას, იმ ადამიანის კიცხვას, ვინც აწყენინა, უბრალოდ გაიზიარეთ შვილის ემოციები.
როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ მშობელს მისი ესმის, მის განცდებს სისულელედ არ მიიჩნევს და ყოველგვარი კრიტიკის გარეშე მის გვერდითაა, მისთვის ეს დიდი ემოციური მხარდაჭერაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტრესულ სიტუაციებში. ბავშვი თანდათან სწავლობს საკუთარი გრძნობებისთვის თვალის გასწორებას და მშობლის დაუხმარებლად მათ მართვას.
არ მიუთითოთ, ვისზე გაბრაზდეს, რას გრძნობდეს. აცადეთ, თვითონვე გაერკვიოს ამ ყველაფერში. თუ დაინახეთ, რომ არასწორი დამოკიდებულება აქვს სიტუაციის მიმართ, მშვიდად, დიალოგით, კითხვების საშუალებით მიიყვანეთ სწორ პოზიციამდე.
შვება ხელოვნებაშია
ისეთი აქტივობები, როგორიცაა ხატვა, ძერწვა, გაფერადება, შესანიშნავი საშუალებაა სტრესის დასაძლევად. მოიმარაგეთ საჭირო ატრიბუტები და სტრესულ სიტუაციაში ბავშვს შესთავაზეთ, თავისი გრძნობები და ემოციები ქაღალდზე გადაიტანოს ან გამოძერწოს, მერე კი დემონსტრაციულად გადააგდოს ნაგავში. ეს სიმბოლური ჟესტი რეალურად დაეხმარება უარყოფითი ემოციებისგან გონების გათავისუფლებაში.
არ გადააჭარბოთ
სტრესის მართვის ზოგიერთი მექანიზმი შესაძლოა რეალობისგან გაქცევის საშუალებად იქცეს, თუ მას ბავშვი საჭიროზე ხშირად მიმართავს. აკონტროლეთ, რამდენ ხანს ატარებს ელექტრონულ მოწყობილობებთან, თუნდაც სამოტივაციო ვიდეოებს უყურებდეს ან დამამშვიდებელ მუსიკას უსმენდეს. დააკვირდით და მიხვდებით, ის ამგვარად სტრესთან გამკლავებას, საკუთარი თავის ფეხზე წამოყენებას და დახმარებას ცდილობს თუ დრო გაჰყავს, პრობლემებთან პირისპირ აღმოჩენის ეშინია და წარმოსახვით სამყაროს აფარებს თავს.
ლიკა ქათამაძე