გაფართოებული სისხლძარღვები
გააზიარე:
მთელი ჩვენი სხეული დაქსაქსულია სისხლძარღვებით – არტერიებით, ვენებით და კაპილარებით. ისინი ჩაკეტილ სისტემას ქმნიან, მაგრამ, იმავდროულად, სხეულის ყველა უჯრედის ნივთიერებათა ცვლას უზრუნველყოფენ. სისხლძარღვების სხვადასხვა პათოლოგია სხვადასხვანაირ საფრთხეს წარმოშობს. მათი შევიწროება ან დახშობა, რაზეც ჟურნალის წინა ნომერში ვისაუბრეთ, სისხლის მიწოდებას ამცირებს ან წყვეტს, რამაც შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ზოგიერთ ორგანოს (გულს, ტვინს, თირკმელს და სხვა). ამჯერად იმაზე ვაპირებთ სუბარს, რა იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და რას უნდა ველოდეთ მისგან.
ვაზოდილატაცია
ვაზოდილატაცია არის სისხლძარღვების გაფართოება მათი გლუვი კუნთების მოდუნების შედეგად. ეს ბუნებრივი რეაქციაა, რომელიც ზრდის სისხლის ნაკადს სხეულის იმ უბნებში, სადაც ამის საჭიროება წარმოიშობა. ამრიგად, ცალკეულ სიტუაციებში მსგავსი რეაქცია აუცილებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ სისხლძარღვების გადაჭარბებულმა გაფართოებამ შესაძლოა გვავნოს.
როგორ
როდესაც ქსოვილებს უჩნდებათ ჟანგბადის ან საკვები ნივთიერებების დამატებითი მოთხოვნილება (მაგალითად, ვარჯიშის დროს), ისინი გამოყოფენ სპეციფიკურ ნივთიერებებს – ენდოგენურ ვაზოდილატატორებს. ეს ნივთიერებები აქვეითებს სისხლძარღვთა წინააღმდეგობას და ზრდის კაპილარების გამავლობას.
ენდოგენური ვაზოდილატატორებია: აზოტის ოქსიდი, ნახშირორჟანგი, აცეტილქოლინი, პროსტაგლანდინები, ჰისტამინი და სხვა. სისხლძარღვთა გლუვი კუნთების მოსადუნებლად ვაზოდილატატოდები ორი მექანიზმით მოქმედებს: ან ამცირებს კუნთებისკენ მიმავალ შეკუმშვის სტიმულს, ან თავად კუნთების შეკუმშვას თრგუნავს.
ასაკოვან და ჭარბწონიან ადამიანებს შესაძლოა დარღვეული ჰქონდეთ ვაზოდილატაციის მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარებას.
როდის
ვაზოდილატაციას იწვევს:
* ალკოჰოლი – სისხლძარღვების გაფართოება მისი ერთ-ერთი მეყსეული ეფექტია. ის გამოიხატება წამოხურვებით, გაოფლიანებით, აწითლებით, თუმცა ეს ეფექტი მალე გაივლის, ალკოჰოლის ჭარბმა მიღებამ კი შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიღოს – წნევის მომატების მიზეზი გახდეს.
* ვარჯიში – ამ დროს კუნთების უჯრედები მეტ ენერგიას მოიხმარს, რაც სისხლში საკვები ნივთიერებების კლებას და ნახშირორჟანგის მატებას იწვევს. საჭირო ხდება ჟანგბადის მიწოდების გაძლიერება. სწორედ ამას ემსახურება ვაზოდილატაცია.
* ანთება – ვაზოდილატაციის შედეგად იმატებს ანთების ადგილისკენ მიმავალი სისხლის ნაკადი. სწორედ ეს იწვევს დაზიანების ზონაში სიმხურვალესა და სიწითლეს. იზრდება სისხლძარღვის კედლის გამტარობაც, რაც იმუნურ (დამცავ) უჯრედებს უადვილებს დაზიანებულ ზონასთან მისვლას. ასე რომ, ანთებითი პროცესი სხეულს უცხო აგენტებისგან თავის დაღწევაშიც ეხმარება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, მძიმე ალერგიული რეაქციის ან ქრონიკული ანთებითი დაავადების დროს, შესაძლოა უკუშედეგი გამოიღოს.
ამრიგად, ვაზოდილატაცია შესაძლოა განვითარდეს:
* ტრავმის – ხიწვის შერჭობის, გაკაწვრის, ფეხის გადაბრუნების – შემდეგ;
* ზოგადი (მაგალითად, სასუნთქი გზების) ან ადგილობრივი (ჭრილობის) ინფექციის ფონზე;
* ალერგიული რეაქციის დროს – იმუნური სისტემა არასწორად რეაგირებს უვნებელ, მაგრამ უცხო ნივთიერებებზე. ამ შემთხვევაში ვაზოდილატაციას ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის გამო ორგანიზმში ჰისტამინის გამოთავისუფლება;
* ქრონიკული დაავადების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაავადება ავტოიმუნურია, მაშასადამე, იმუნური სისტემა თავს ესხმის სხეულის ჯანსაღ უჯრედებს (ასეთია რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა, ნაწლავის ანთებითი დაავადება);
* გარემოს მაღალი ტემპერატურა – სხეულში არსებული თერმორეცეპტორები გარემოს ტემპერატურის ცვლილებებს აფიქსირებს. როდესაც ცხელა, სისხლძარღვები ფართოვდება, კანისკენ მიმავალი სისხლის ნაკადი იმატებს, რაც სხეულიდან ზედმეტი სითბოს გამოდევნაში გვეხმარება, მაგრამ თუ ადამიანმა ძლიერ სიცხეში დიდი ხანი დაყო, შესაძლოა, სხეულმა ვეღარ შეძლოს ტემპერატურის რეგულირება, გადახურდეს და სითბური დაკვრა მიიღოს;
* სიმაღლე – დიდ სიმაღლეზე ჰაერში ნაკლები ჟანგბადია. იმისთვის, რომ ქსოვილები ჟანგბადით ადეკვატურად მომარაგდეს, სხეულის თავდაპირველი რეაქციაა სისხლძარღვების გაფართოება, თუმცა ამას მათი შევიწროება, ვაზოკონსტრიქცია მოჰყვება. ვაზოკონსტრიქციის მაღლა იწევს არტერიული წნევა, შესაძლოა, სითხე დაგროვდეს ფილტვებში ან ტვინში – განვითარდეს სიმაღლით გამოწვეული ფილტვების`ტვინის შეშუპება, ეს მდგომარეობა კი სიცოცხლისთვის საშიშია.
ვაზოდილატატორები
ვაზოდილატატორები სისხლძარღვების გამაფართოებელი მედიკამენტებია. ისინი ან პირდაპირ სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე ზემოქმედებენ, ან ავტონომიურ ნერვულ სისტემაზე, რომელიც არეგულირებს ვაზოდილატაციას და ვაზოკონსტრიქციას. იმის გამო, რომ სისხლძარღვების გაფართოებისას დაბლა იწევს არტერიული წნევა, ექიმები ვაზოდილატატორებს ხშირად გამოწერენ მაღალი წნევის ან გულის უკმარისობის დროს.
უშუალოდ სისხლძარღვების კედლებზე მოქმედი ვაზოდილატატორებია ჰიდრალაზინი და მინოქსიდილი, თუმცა სისხლძარღვები შესაძლოა გააფართოოს მაღალი წნევის სამკურნალო ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმაც, მაგალითად, კალციუმის არხის ბლოკატორებმა.
ვაზოდილატატორები ინიშნება სხვადასხვა მდგომარეობით გამოწვეული სიმპტომების პრევენციისთვის, სამკურნალოდ ან შესამსუბუქებლად. ეს მდგომარეობია:
* მაღალი არტერიული წნევა (მათ შორის – ორსულობის ან მშობიარობის დროს);
* გულის უკმარისობა;
* ფილტვის ჰიპერტენზია (მაღალი წნევა ფილტვის არტერიებში).
ვაზოდილატაციის მექანიზმით მოქმედებს ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატიც (ვიაგრა).
პირდაპირი ვაზოდილატორები ძლიერმოქმედი მედიკამენტებია, რომლებიც, წესისამებრ, გამოიყენება მაშინ, როდესაც წნევა სხვა წამლებს არ ემორჩილება.
ვაზოდილატატორებისთვის დამახასიათებელია თანმხლები მოვლენები, რომელთაგან ზოგიერთის სამკურნალოდ შესაძლოა სხვა მედიკამენტების გამოყენებაც კი გახდეს საჭირო. ეს მოვლენებია:
- გულისცემის გახშირება;
- გულის ფრიალი, გულისცემის აღქმა, გულისცემის გაძლიერებული შეგრძნება (პალპიტაცია);
- შეშუპება ორგანიზმში სითხის დაგროვების გამო ;
- გულისრევა;
- ღებინება;
- თავის ტკივილი;
- თმის გადაჭარბებული ზრდა;
- სახსრების ტკივილი;
- გულმკერდის ტკივილი;
- წამოხურება, სიწითლე.
აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ თქვენთვის დანიშნული მედიკამენტის თაობაზე რაიმე კითხვა გაგიჩნდათ.
***
ჰიპოტენზია
დაბალი არტერიული წნევა
სისხლძარღვების დიამეტრის ცვლილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს არტერიული წნევის რეგულირებაში. მათი შევიწროება წნევის აწევას იწვევს, გაფართოება – დაწევას. ადამიანები, რომლებსაც მუდმივად ნორმის ქვედა ზღვარს მიახლოებული წნევა აქვთ, სიცოცხლის მეტი ხანგრძლივობით გამოირჩევიან, მაგრამ ზედმეტად დაბალი წნევა სასურველი არ არის: ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს ორგანოთა სისხლით მომარაგებას, უჯრედებმა ვერ მიიღონ საკმარისი ჟანგბადი და საკვები ნივთიერება და ვერც ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტებისგან გათავისუფლდნენ, რასაც შესაძლოა ორგანოთა ნორმალური მუშაობის დარღვევა მოჰყვეს.
ძალიან დაბალი არტერიული წნევა სიცოცხლისთვის საშიშია, რადგან შეუძლია, გამოიწვიოს შოკი, რომლის დროსაც შინაგანი ორგანოები ზიანდება.
არტერიული წნევა დაბალია, თუ მისი ზედა, სისტოლური მაჩვენებელი ნაკლებია 90 მმ ვწყ. სვ–ზე, ხოლო ქვედა, დიასტოლური – 60 მმ ვწყ. სვ–ზე. იმავდროულად, ის, რაც ერთი ადამიანისთვის დაბალ წნევად ითვლება, მეორისთვის შესაძლოა ნორმალური იყოს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ დაბალი არტერიული წნევა მხოლოდ მაშინ მოითხოვს ყურადღებას, როცა სიმპტომებს იწვევს.
ტიპები
არსებობს რამდენიმე ტიპის ჰიპოტენზია:
* ორთოსტაზული (ორთოსტატიკური), იგივე პოსტურული ჰიპოტენზია – წნევის უეცარი ვარდნა მწოლიარე ან მჯდომარე ადამიანის წამოდგომისას. ამას, წესისამებრ, პროვოცირებას უწევს დეჰიდრატაცია, გახურება (მაგალითად, ცხელი აბაზანა), ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი, ორსულობა, ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობა, ზოგიერთი მედიკამენტი. ამ ტიპის დაბალი წნევა ხშირია ხანდაზმულებთან. ადამიანთა უმეტესობის ორგანიზმი სწრაფად რეაგირებს ორთოსტაზულ ჰიპოტენზიაზე და საქმე გულის წასვლამდე არ მიდის.
* პოსტპრანდიული ჰიპოტენზია – წნევის ვარდნა ჭამიდან 1-2 საათის შემდეგ. ყველაზე ხშირად ხანდაზმულებს აღენიშნებათ, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს მაღალი წნევა ან ავტონომიური ნერვული სისტემის დაავადება, მაგალითად, პარკინსონის დაავადება. სიმპტომების შესამსუბუქებლად რეკომენდებულია დაბალნახშირწყლოავანი საკვების მიღება მცირე ულუფებით, მეტი წყლის სმა და ალკოჰოლზე უარის თქმა.
* ნეირონებით გაშუალებული ჰიპოტენზია (ვაზოვაგალური ჰიპოტენზია) – არტერიული წნევის ვარდნა ხანგრძლივი დგომის შემდეგ. ასეთი რამე უმეტესად მოზარდებსა და ბავშვებს ემართებათ. შესაძლოა, გამოწვეული იყოს გულსა და ტვინს შორის არასწორი კომუნიკაციით;
* მრავლობითი სისტემური ატროფია ორთოსტაზული ჰიპოტენზიით, იგივე შაი-დრაგერის სინდრომი – ეს იშვიათი აშლილობა გავლენას ახდენს ავტონომიურ ნერვულ სისტემაზე, რომელიც აკონტროლებს უნებლიე ფუნქციებს – არტერიულ წნევას, გულისცემას, სუნთქვას და საჭმლის მონელებას. წოლის დროს ასეთ ადამიანს, პირიქით, ძალიან მაღალი წნევა აღენიშნება.
რა ცვლის წნევას
წნევის ცვალებადობა ბუნებრივი პროცესია. წნევა სხვადასხვაა მოსვენების, ფიზიკური დატვირთვის, ძილის დროს. წნევის ცვალებადობას სხეული სხვადასხვა გზით აღწევს – ის ცვლის:
* სისხლძარღვთა დიამეტრს, ძირითადად – არტერიოლებისას (მცირე არტერიების), უფრო ნაკლებად – ვენებისას. არტერიოლების შეკუმშვა-გაფართოებაზე გავლენას ახდენს არტერიოლების გლუვი კუნთების შემკუმშველი ნერვები, თირკმლის ჰორმონები, ზოგიერთი მედიკამენტი. არტერიული წნევის რეგულირებაში ვენებიც მონაწილეობს, თუმცა არტერიებზე ნაკლები ინტენსივობით. როდესაც ვენები ვიწროვდება, მათი ტევადობა მცირდება, გულს უფრო მეტი სისხლი უბრუნდება, გულიდან სისხლი არტერიებში გადადის და წნევაც მაღლა იწევს, ხოლო გაფართოებისას ვენები მეტ სისხლს აკავებს და არტერიული წნევაც იკლებს.
* გულის წუთმოცულობას – გულიდან სხეულში გადატუმბული სისხლის რაოდენობას. რაც უფრო მეტი სისხლი გამოიდევნება გულიდან წუთის განმავლობაში, მით უფრო მაღალია არტერიული წნევა, სანამ არტერიების დიამეტრი არ შეიცვლება. გულის თითოეული შეკუმშვის დროს გადატუმბული სისხლის რაოდენობაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს გულის რიტმმა, გულის შეკუმშვის სიძლიერემ, ვენებიდან გულში დაბრუნებული სისხლის მოცულობამ, მსხვილ არტერიებში არსებულმა წნევამ, სარქველთა მდგომარეობამ;
* სისხლის მოცულობას – რაც უფრო მეტია სისხლის მოცულობა არტერიებში, მით უფრო მაღალია არტერიული წნევა, სანამ არტერიების დიამეტრი არ შეიცვლება. არტერიებში სისხლის მოცულობაზე გავლენას ახდენს ჰიდრატაცია – ორგანიზმში არსებული სითხის რაოდენობა, მცირე არტერიოლებიდან სითხის გადასვლა ქსოვილებში (მაგალითად, თუ სისხლში ცილის დონე ძალიან დაბალია ან`და დაზიანებულია მცირე არტერიების კედლები), თირკმელების მიერ შარდის სახით გამოდევნილი სითხის ოდენობა, წამლები, განსაკუთრებით შარდმდენები, ალფა ბლოკერები, ბეტა ბლოკერები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, ერექციის დარღვევების სამკურნალო საშუალებები.
* სხეულის პოზიციას – არტერიული წნევაზე პირდაპირ მოქმედებს გრავიტაცია. ფეხზე დგომისას წნევა ფეხებში უფრო მაღალია, ვიდრე თავში, წოლისას კი მთელ სხეულში თანაბარია.
ფეხზე წამოდგომისას ფეხის ვენებიდან სისხლს უჭირს გულში დაბრუნება. გულიდან ნაკლები სისხლი გადაიტუმბება, რამაც შესაძლოა არტერიული წნევის დროებითი დაქვეითება გამოიწვიოს. როდესაც ადამიანი დაჯდება ან დაწვება, სისხლი უფრო ადვილად უბრუნდება გულს, იმატებს გულის წუთმოცულობა და არტერიული წნევა. თუ მწოლიარე ადამიანს ფეხებს გულის დონეზე მაღლა ავაწევინებთ, გულში მეტი სისხლი დაბრუნდება, მოიმატებს გულის წუთმოცულობა და არტერიული წნევა.
წნევის კონტროლი
არტერიების კედლებში განლაგებულია ბარორეცეპტორები, რომლებიც, ფაქტობრივად, წნევის სენსორებია. როდესაც კისრისა და გულმკერდის დიდ არტერიებში არსებული ბარორეცეპტორები არტერიული წნევის ცვლილებას შეიგრძნობს, ტვინს შესაბამის იმპულსებს უგზავნის. ტვინიდან კი იმპულსები მიემართება:
* გულისკენ – იცვლება გულისცემის სიხშირე და ძალა, რაც ცვლის გადატუმბული სისხლის ოდენობას. ეს ერთ-ერთი პირველი ცვლილებაა და სწრაფად იწვევს წნევის მატებას;
* არტერიოლებისკენ, რომლებიც პასუხად იკუმშება ან ფართოვდება – ამით იცვლება სისხლძარღვების წინააღმდეგობა;
* ვენებისკენ – ისინიც იკუმშება ან ფართოვდება, რითაც იცვლება მათი სისხლის შეკავების უნარი;
* თირკმელებისკენ – იცვლება გამოყოფილი სითხისა და თირკმელების მიერ წარმოქმნილი ჰორმონების რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს არტერიოლების შეკუმშვას ან გაფართოებას და ცვლის სისხლის მოცულობას. ეს წნევის კონტროლის ყველაზე ნელი მექანიზმია.
ამ მექანიზმების წყალობით სხეული ინარჩუნებს ნორმალურ წნევას, მაგრამ ზოგჯერ – მაგალითად, მაშინ, როცა ადამიანი სწრაფად კარგავს ბევრ სისხლს – სხეულის მიერ წნევის აღდგენის მცდელობა უშედეგოდ სრულდება და ვითარდება შოკი.
ასაკის მატებასთან ერთად სხეული არტერიული წნევის ცვლილებებზე უფრო და უფრო ნელა რეაგირებს.
რატომ
მნიშვნელოვანია წნევის დაცემის მიზეზის დადგენა, რათა საჭიროების შემთხვევაში სწორი მკურნალობა ჩატარდეს.
დაბალი არტერიული წნევის ტიპობრივი მიზეზებია (ჩამოთვლილთგან ერთი ან მეტი):
- არტერიოლების დილატაცია, გამოწვეული ბაქტერიების მიერ გამომუშავებული ტოქსინებით მწვავე ბაქტერიული ინფექციების დროს (სეპტიკური შოკი, ტოქსიკური შოკი), ზოგიერთი წამლით, ზურგის ტვინის დაზიანებით, ალერგიული რეაქციით (ანაფილაქსია), თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობით;
- გულის პათოლოგიები – მიოკარდიუმის ინფარქტი, ერთი ან მეტი სარქვლის დაზიანება, გულის რიტმის დარღვევა (ტაქიკარდია, ბრადიკარდია, არითმია);
- ორგანიზმში სისხლის მცირე მოცულობა გაუწყლოების, სისხლდენის, თირკმლის ფუნქციის მოშლის გამო;
- ორსულობა, განსაკუთრებით – პირველი 24 კვირის განმავლობაში;
- ენდოკრინული დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენს პარათირეოიდულ ან თირკმელზედა ჯირკვლებზე (ადისონის დაავადება), სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), ზოგჯერ – შაქრიანი დიაბეტი;
- საკვებ რაციონში ვიტამინ B12-ის, ფოლიუმის მჟავასა და რკინის დაბალი შემცველობა, რასაც ხშირად ანემიამდე მივყავართ.
წნევა შესაძლოა დაბალი იყოს, თუ დაზიანდა ნერვები (მაგალითად, ავტონომიური ნეიროპათიის გამო), რომელთა გავლითაც მოძრაობს იმპულსები თავის ტვინს, გულსა და სისხლძარღვებს შორის.
სიმპტომები
როდესაც არტერიული წნევა ძალიან დაბალია, პირველი ორგანო, რომლის ფუნქციობაც ირღვევა, ტვინია, რადგან ის სხეულის ზედა ნაწილში მდებარეობს და იქამდე მისასვლელად სისხლის ნაკადმა უნდა გადალახოს დედამიწის მიზიდულობის ძალა. ამიტომ არის, რომ დაბალი წნევის დროს უმეტესობას თავბრუ ეხვევა ან თავი უმსუბუქდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფეხზე დგას. დაბალი წნევისთვის ასევე დამახასიათებელია მხედველობის დაბინდვა, კონცენტრაციის გაძნელება, გულისრევის შეგრძნება. არის შემთხვევები, როცა ადამიანს გული მისდის და ეცემა. დაცემულის ტვინი და გული თანაბარ სიმაღლეზეა, ამიტომ სისხლი უფრო ადვილად აღწევს ტვინს და ამ უკანასკნელის სისხლით მომარაგება იმატებს, რაც მას დაზიანებისგან იცავს. თუმცა, თუ არტერიული წნევა ძალიან დაბალია, ტვინი შესაძლოა მაინც დაზიანდეს. ხოლო გულის წასვლით გამოწვეულმა დაცემამ გამოიწვიოს თავის ან სხეულის სხვა ნაწილების მძიმე ტრავმა.
დაბალი არტერიული წნევა ზოგჯერ იწვევს ქოშინს ან გულმკერდის ტკივილს გულის კუნთის სისხლით არასაკმარისი მომარაგების (სტენოკარდია) გამო.
ზოგიერთი სიმპტომი მაშინ იჩენს თავს, როცა სხეული წნევის აწევას ცდილობს. მაგალითად, არტერიოლების შეკუმშვისას კანში, ტერფებსა და მტევნებში სისხლის მიწოდება იკლებს და ეს ადგილები შესაძლოა გაცივდეს და გალურჯდეს. გულის უფრო სწრაფი და ძლიერი მუშაობისას ადამიანმა შესაძლოა პალპიტაცია იგრძნოს.
მდგომარეობებმა, რომლებიც არტერიული წნევის დაცემას იწვევს, შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სიმპტომებიც, რომლებიც უშუალოდ დაბალ წნევასთან არ არის დაკავშირებული, მაგალითად, ინფექციამ – ცხელება.
დაბალი არტერიული წნევა შესაძლოა თან ახლდეს ჯანმრთელობის სხვა პრობლემას. ასეთი რამ განსაკუთრებით მაშინ არის სავარაუდო, თუ წნევა მოულოდნელად დაეცა ან სიმპტომებით გამოიხატა. არტერიული წნევის უეცარი დაცემა საშიშია – სისტოლური მაჩვენებლის თუნდაც სულ 20 მმ-ით დაწევამ, თუნდაც 110 მმ-დან 90 მმ-მდე, შესაძლოა თავბრუხვევა და სისუსტე გამოიწვიოს.
უკიდურესად დაბალი წნევის ფონზე შესაძლოა განვითარდეს შოკი. მისი სიმპტომებია:
* დაბნეულობა, – განსაკუთრებით ხანდაზმულებთან;
* ცივი, ნოტიო კანი;
* კანის გაფერმკრთალება;
* სწრაფი ზედაპირული სუნთქვა;
* სუსტი სწრაფი პულსი.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ჰიპოტენზიის სადიაგნოზოდ მიღებული ერთ-ერთი ტესტი ასეთია: პაციენტი წვება და რამდენიმე წუთის შემდეგ ექიმი მას უზომავს არტერიულ წნევას და პულსს. თუ წნევა ნორმის ფარგლებშია და ადამიანი თავს კარგად გრძნობს, მას ააყენებენ და არტერიულ წნევას ადგომისთანავე გადაუმოწმებენ. რამდენიმე წუთის შემდეგ წნევა კიდევ ერთხელ გადამოწმდება.
დაბალი წნევის მიზეზის დასადგენად შესაძლოა ჩატარდეს სისხლის ანალიზები, ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, სტრესტესტი, ენდოკრინული გამოკვლევები, დახრილი მაგიდის ტესტი.
დაბალ არტერიულ წნევას იშვიათად სჭირდება მკურნალობა, თუ უსიმპტომოა ან მხოლოდ მსუბუქ სიმპტომებს იწვევს.
სიმპტომების არსებობისას მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ დაბალი წნევა მედიკამენტის ბრალია, ექიმი გირჩევთ წამლის შეცვლას, შეწყვეტას ან დოზის შემცირებას. თუ მიზეზი დაუდგენელია, მკურნალობის მიზანია არტერიული წნევის აწევა და სიმპტომების შესუსტება.
ასაკის, ჯანმრთელობისა და დაბალი წნევის ტიპის მიხედვით, ამის რამდენიმე გზა არსებობს:
* გამოიყენეთ მეტი მარილი – მას შეუძლია, ასწიოს არტერიული წნევა, მაგრამ წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგან ნატრიუმის ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის უკმარისობა, განსაკუთრებით – ხანდაზმულებთან.
* სვით მეტი წყალი. სითხე ზრდის სისხლის მოცულობას და ხელს უწყობს დეჰიდრატაციის თავიდან აცილებას.
* ატარეთ კომპრესიული წინდები ან ელასტიკური სახვევები – ისინი ხელს უწყობენ სისხლის ფეხებიდან გულისკენ დენას.
ორთოსტაზული ჰიპოტენზიის სამკურნალოდ ზოგჯერ მედიკამენტებიც გამოიყენება, მაგალითად, ფლუდროკორტიზონი, მიდოდრინი და სხვა.
***
ვარიკოზული ვენები ფეხებზე
ვარიკოზული ეწოდება ამობურცულ, გაფართოებულ ვენებს. ვარიკოზი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ზედაპირულ, კანთან ახლოს მდებარე ვენაზე, თუმცა ყველაზე ხშირად ის მაინც ფეხის ვენების პრობლემაა, რადგან დგომისა და სიარულის დროს მათში წნევა იმატებს.
ვარიკოზული ვენები, ისევე როგორც ობობასებრი ვენები (ვარიკოზის მსუბუქი გამოხატულება), ბევრს მხოლოდ კოსმეტიკურ პრობლემად მიაჩნია, მაგრამ ასე არ არის – ზოგჯერ ვარიკოზს თან ახლავს ტკივილი, დისკომფორტი ან ჯანმრთელობის უფრო სერიოზული პრობლემების მიზეზად იქცევა.
რა იწვევს
ვარიკოზს ვენებში არსებული პატარა სარქველების სისუსტე ან დაზიანება იწვევს. მათი დახმარებით ვენები უფრო ადვილად ეწინააღმდეგება გრავიტაციას და სისხლს გულში აბრუნებს. სარქველები იხსნება, როდესაც სისხლი გულისკენ მიედინება, მერე კი იხურება, რათა მის უკან დაბრუნებას ხელი შეუშალოს.
სისხლს მოძრაობაში ეხმარება ფეხის კუნთების შეკუმშვაც, რაც ტუმბოს მსგავსად მოქმედებს.
თუ სარქველები დასუსტდა ან დაზიანდა, სისხლმა შესაძლოა უკან დაიხიოს და ვენებში დაგროვდეს. შედეგად მათში მოიმატებს წნევა, რაც დროთა განმავლობაში მათ გაწელვას და დაკლაკვნას გამოიწვევს.
რისკის ფაქტორები
ვარიკოზული ვენების ორი ძირითადი რისკფაქტორია:
- ოჯახური ისტორია – თუ ოჯახის სხვა წევრებს ვარიკოზი აქვთ, დიდი შანსია, ვერც თქვენ აიცილოთ თავიდან;
- სიმსუქნე, რადგან ჭარბი წონა დამატებით ტვირთად აწვება ვენებს.
- რისკს ასევე ზრდის:
- ასაკი – დაბერება იწვევს სარქველთა ცვეთას;
- სქესი – ვარიკოზი უმეტესად ქალებს ემართებათ, რადგან მის განვითარებას ხელს უწყობს ჰორმონული ცვლილებები მენსტრუაციამდე, ორსულობის დროს და მენოპაუზის პერიოდში, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები;
- ორსულობა – ამ დროს ჰორმონული ფონის შეცვლასთან ერთად იმატებს დედის სისხლის მოცულობაც, რაც ვენების დატვირთვას ზრდის;
- დიდხანს დგომა ან ჯდომა – უძრაობა ხელს უწყობს სისხლის შეგუბებას.
სიმპტომები
ვარიკოზული ვენები მუქი იისფერი, ლურჯი ან კანისფერია, კლაკნილი, ზედაპირიდან ამოწეული, კვანძოვანი. შესაძლოა, თან ახლდეს:
* ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება ფეხებში;
* წვა, კუნთების კრთომა, კუნთების კრამპი, ფეხების შეშუპება;
* ტკივილის გაძლიერება ხანგრძლივი ჯდომის ან დგომის შემდეგ;
* ქავილი ერთი ან რამდენიმე ვენის ირგვლივ;
* კანის ფერის ცვლილება ვარიკოზული ვენის გარშემო.
ობობასებრი ვენები ობობას ქსელს ჰგავს. ისინი ვარიკოზულ ვენებზე პატარა და ზედაპირულია, ვითარდება კაპილარებისგან უმეტესად ფეხებზე, ზოგჯერ – სახეზეც.
გართულებები
ვარიკოზული ვენების მქონე ადამიანს ძალიან იშვიათად შეიძლება განუვითარდეს:
* წყლულები. კანზე, ვარიკოზულ ვენებთან, უმეტესად – კოჭების მიდამოში, თავდაპირველად ჩნდება გაუფერულებული ლაქა, რომელიც თანდათან წყლულად გარდაიქმნება. თუ წყლული გაგიჩნდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
* თრომბი. თუ ცალი ფეხი შეგიშუპდათ და აგტკივდათ, მიმართეთ ექიმს – შესაძლოა, ეს ვენაში თრომბის წარმოქმნის ნიშანი იყოს;
* სისხლდენა. კანთან ახლოს მდებარე ვენა შეიძლება გასკდეს. უმეტესად ამას მცირე სისხლდენა მოჰყვება, მაგრამ სამედიცინო დახმარება საჭიროა;
* ფეხების შეშუპება – ვარიკოზული ვენების ხანგრძლივი არსებობისას მოსალოდნელია ფეხების შეშუპება.
დიაგნოსტიკა
ვარიკოზული ვენების შესაფასებლად ექიმი ათვალიერებს ფეხზე მდგომ პაციენტს, უმოწმებს შეშუპებას, გამოჰკითხავს ჩივილებს. დიაგნოსტიკის დამატებითი ინსტრუმენტია ფეხის ვენების ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია, რომლის მეშეობითაც ფასდება, როგორ გაივლის სისხლი ვენებს და გაირკვევა, არის თუ არა მათში თრომბი.
მკურნალობა
ვარიკოზული ვენების ტკივილის შესამსუბუქებლად ექიმები გვირჩევენ ვარჯიშს, ჯდომისა და წოლის დროს ფეხების ზევით აწევას ან მთელი დღის განმავლობაში კომპრესიული წინდების ტარებას.
ვარიკოზული ვენების სამკურნალო პროცედურები უმეტესად ამბულატორიულად ტარდება, ანუ პაციენტი იმავე დღეს ეწერება კლინიკიდან.
მკურნალობა უმეტესად ხსნის სიმპტომებს, აქრობს კოსმეტიკურ დეფექტს და თავიდან გვაცილებს მდგომარეობის გართულებას.
სკლეროთერაპია გულისხმობს ვენაში სპეციალური ნივთიერების შეყვანას, რომელიც მას შიგნიდან ანაწიბურებს, აწებებს და გამავლობას უკარგავს. ვენა, ფაქტობრივად, უქმდება. ზოგიერთ ვენას ამ ნივთიერების შეყვანა შესაძლოა რამდენჯერმე დასჭირდეს.
იმავე პრინციპს ეფუძნება ლაზერული ან რადიოსიხშირული მკურნალობა. გაფართოებული კანქვეშა კაპილარებისთვის შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ლაზერის ზემოქმედება კანის ზემოდან. ოპერაციული მეთოდით ვენების მოსაცილებლად უმეტესად ორი მცირე განაკვეთი საკმარისია.
პრევენცია და ცხოვრების წესი
სისხლის ნაკადის გაუმჯობესება და კუნთების ტონუსის მომატება ამცირებს ვარიკოზული ვენების განვითარების რისკს. იგივე ღონისძიებები აგაცილებთ თავიდან ვენების ვარიკოზით გამოწვეულ დისკომფორტს.
* ივარჯიშეთ რეგულარულად. სიარული შესანიშნავი საშუალებაა ფეხებში სისხლის მიმოქცევისთვის ხელის შესაწყობად.
* მართეთ წონა. შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა. ჭარბი წონის მოშორება ვენებსაც შვებას მისცემს.
* ერიდეთ მარილს. მარილით შედარებით ღარიბი რაციონი თავიდან აგაცილებთ ორგანიზმში სითხის შეკავებით გამოწვეულ შეშუპებას.
* მიირთვით ბოჭკოთი მდიდარი საკვები – ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
* ატარეთ მორგებული ფეხსაცმელი. ერიდეთ მაღალქუსლიანს. დაბალქუსლიანი ფეხსაცმელები უკეთესად ამუშავებს წვივის კუნთებს და სასარგებლოა ვენებისთვის.
* არ ჩაიცვათ მოჭერილი ტანსაცმელი. წელის, ფეხების ან საზარდულის გარშემო ტანსაცმლის სიმჭიდროვემ შესაძლოა დააბრკოლოს სისხლის ნაკადი. ნუ ჩაიცვამთ მჭიდრო წინდებს, გარდა კომპრესიულისა.
* ასწიეთ ფეხები. ფეხებში სისხლის ნაკადის გასაუმჯობესებლად დღეში რამდენიმეჯერ რამდენიმე წუთით ასწიეთ ფეხები გულის დონეზე მაღლა. მაგალითად, დაწექით და ფეხები სამ ან ოთხ ბალიშზე შემოაწყვეთ.
* ხშირად იცვალეთ პოზა. ერიდეთ დიდხანს გაუნძრევლად ჯდომას და დგომას. მოძრაობა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.
ეს ღონისძიებები მოხსნის ვარიკოზის სიმპტომებს, მაგრამ ახალი ვარიკოზული ვენების წარმოქმნას თავიდან ვერ აგვაცილებს.
ორსულობის დროს განვითარებული ვარიკოზი უმეტესად მშობიარობიდან 2-3 კვირში თვითონვე ქრება. ამ ხნის გასვლამდე მას მკურნალობა არ სჭირდება.
***
ანევრიზმა
ანევრიზმა არტერიის კედლის პათოლოგიური გამობერილობაა. ის თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. მისი განვითარების რისკს ზრდის მაღალი წნევა, სისხლში ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა და თამბქოს მოხმარება.
ანევრიზმა თავისთავად არაფერს აშავებს, თუ ირგვლივ მდებარე სტრუქტურებს მეტისმეტად არ მიაწვა. საფრთხეს ქმნის მისი გახეთქვა, რუპტურა, რადგან სიცოცხლისთვის საშიშ შინაგან სისხლდენას იწვევს.
ზოგიერი ანევრიზმმა, საკმაოდ დიდიც კი, დიდხანს უსიმპტომოდ არსებობს და შემთხვევით აღმოაჩენენ სხვა მიზეზით ჩატარებული გამოკვლევისას.
ანევრიზმა შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ადგილას, მაგრამ ყველაზე ხშირად აორტასა და თავის ტვინის სისხლძარღვებზე გვხვდება. შედარებით ნაკლებად გავრცელებული ადგილებია აორტიდან გამომავალი სისხლძარღვები, მუხლქვეშა, საზარდულის და სხვა არტერიები.
თავის ტვინის ანევრიზმა
თავის ტვინის (ცერებრალური, ინტრაკრანიალური) ანევრიზმა საკმაოდ ხშირია, თუმცა ასეთი ანევრიზმების უმეტესობა, მით უმეტეს – მცირე ზომისა, არ არის საშიში – არც სკდება და არც რაიმე სიმპტომით ამჟღავნებს თავს. შეერთებულ შტატებში ტვინის ანევრიზმა აქვს ასიდან 3-5 ადამიანს. ის ყველაზე მეტად გავრცელებულია 30-დან 60 წლამდე ასაკის პირებთან, უმეტესად – ქალებთან. ყველაზე ხშირია პარკისებრი ანვერიზმები, შედარებით იშვიათი – თითისტარისებრი და სხვა სახისა.
როდესაც ანევრიზმა ჟონავს ან სკდება, თავის ტვინში სისხლი ჩაიქცევა. სწორედ ეს არის ჰემორაგიული ინსულტი. ყველაზე ხშირად სისხლი იღვრება თავის ტვინსა და მის მფარავ თხელ შრეს შორის. ამას სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა ეწოდება. გახეთქილი ანევრიზმა სიცოცხლისთვის საშიშია და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.
რა აჩენს
ანევრიზმა უმეტესად ვითარდება არტერიის კედლის თანდაყოლილი სისუსტის გამო, შედარებით იშვიათად – ათეროსკლეროზის, სისხლძარღვის კედელში ცხიმოვანი ნადების დაგროვების შედეგად. არსებობს სისხლძარღვის კედლის ბაქტერიული ან სოკოვანი ანთების შედეგად განვითარებული (მიკოზური) ანევრიზმებიც. ეს ანთება, წესისამებრ, ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარების შედეგია. ინფექცია ჯერ სხვა ადგილას აღმოცენდება (უმეტესად – გულის სარქველში), მერე კი ტვინის არტერიებში ვრცელდება.
ტვინის სისხლძარღვებზე ანევრიზმების განვითარების ალბათობას ზრდის შემაერთებელი ქსოვილის მემკვიდრეობითი პათოლოგია, თირკმლის პოლიცისტოზი, პირველი რიგის ნათესავებში (მშობელი, და, ძმა, შვილი) ანევრიზმის ისტორია, მაღალი არტერიული წნევა, თამბაქოს წევა, ნარკოტიკების მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, ხოლო გახეთქვისას – ანევრიზმის დიდი ზომა, ზოგიერთი ლოკალიზაცია, მოწევა, არანამკურნალევი მაღალი წნევა.
როგორ ვლინდება
თავის ტვინში არსებული ანევრიზმების უმეტესობა უსიმპტომოა. თუ ანევრიზმა ტვინის ქსოვილს ან ნერვებს მიაწვა, – ასეთი რამ დიდი ზომის ანევრიზმებს ახასიათებს, – შესაძლოა, ტკივილი და სხვა სიმპტომები გამოიწვიოს. მაგალითად, ტკივილი ცალი თვალის ზემოთ და უკან, გუგის გაფართოება, მხედველობის დაბინდვა ან გაორება, სახის ცალი მხარის დაბუჟება.
რაც შეეხება ანევრიზმის გახეთქვას, მისი მთავარი სიმპტომია უეცარი ძლიერი თავის ტკივილი. პაციენტები მას აღწერენ როგორც ყველაზე საშინელ თავის ტკივილს, რომელიც კი ოდესმე გამოუცდიათ. ანევრიზმის გასკდომამ, გარდა ტკივილისა, შესაძლოა გამოიწვიოს:
- გულისრევა და ღებინება;
- კისრის რიგიდულობა (დაჭიმულობა);
- მხედველობის დაბინდვა ან გაორება;
- სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება;
- კრუნჩხვა;
- ქუთუთოს დაშვება;
- დაბნეულობა, ცნობიერების არევა;
- გონების დაკარგვა.
ზოგიერთ შემთხვევაში ანევრიზმიდან შესაძლოა გაჟონოს სისხლმა. გაჟონვას რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე პერიოდში ხშირად მოჰყვება ანევრიზმის გახეთქვაც. გაჟონვა შესაძლოა გამოვლინდეს უეცარი, უკიდურესად ძლიერი თავის ტკივილით, რომელიც რამდენიმე დღიდან ორ კვირამდე გრძელდება.
დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ თქვენ ან თქვენს ახლოს მყოფ ადამიანს უეცრად ძლიერ ასტკივდა თავი.
რით რთულდება
როდესაც თავის ტვინის ანევრიზმა სკდება, წესისამებრ, სისხლდენა მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება, მაგრამ სისხლმა შესაძლოა ისე დააზიანოს მიმდებარე უჯრედები, რომ ისინი დაიხოცონ. იმატებს თავის ქალას შიდა წნევაც. მისი ძლიერი მომატებისას ტვინში სისხლისა და ჟანგბადის მიწოდება ფერხდება, პაციენტი გონებას კარგავს და შესაძლოა, ყველაფერი ლეტალური შედეგითაც დასრულდეს.
ანევრიზმის გასკდომის შემდეგ შესაძლოა:
* სისხლდენის ხელახლა განვითარება;
* თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროება, ვაზოსპაზმი, რომელიც, თავის მხრივ, გამოიწვევს იშემიურ ინსულტს. ამ დროს ტვინის უჯრედები ნაკლებ სისხლს იღებს, ვითარდება ჟანგბადოვანი შიმშილი, რაც იწვევს უჯრედების დამატებით დაზიანებას და მათ დაკარგვას;
* ტვინში სითხის დაგროვება, ჰიდროცეფალია. გამსკდარი ანევრიზმიდან სისხლი ყველაზე ხშირად ჩაიღვრება თავის ტვინსა და ტვინის შემომგარსავ შრეს შორის და შესაძლოა დაბლოკოს თავ-ზურგტვინის სითხის მოძრაობა, დაგროვილი სითხე ტვინს დააწვეს და ქსოვილები დააზიანოს;
* ნატრიუმის დონის ცვლილება. თავის ტვინში სისხლდენამ ჰიპოთალამუსის დაზიანების გამო შესაძლოა დაარღვიოს სისხლში ნატრიუმის ბალანსი, ამ უკანასკნელის დონის დაცემამ კი გამოიწვიოს ტვინის უჯრედების შეშუპება და შეუქცევადი დაზიანება.
როგორ მკურნალობენ
თუ ადამიანს ანევრიზმის განვითარების არც ისე მაღალი რისკი აქვს, არ არის რეკომენდებული გამოსახვითი გამოკვლევის პროფილაქტიკური მიზნით ჩატარება. გახეთქილი ანევრიზმის სამკურნალოდ შეიძლება ჩატარდეს ღია ოპერაცია, რომლის დროსაც ანევრიზმის ყელს მომჭერს ადებენ (კლიპირება) ან ანევრიზმაში ენდოვასკულარულად მოთავსდეს სპეციალური სპირალები (ხვეულები) ან`და სტენტი.
გაუხეთქავი ანევრიზმის სამკურნალოდაც გამოიყენება ქირურგიული კლიპი, ენდოვასკულარული ხვეული ან ნაკადის გადამყვანი სტენტი, მაგრამ თუ გახეთქვის ალბათობა ძალიან მცირეა, შესაძლოა, ექიმმა მიიჩნიოს, რომ სამკურნალო პროცედურის თანმხლები რისკი აღემატება მის პოტენციურ სარგებელს.
მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისას ითვალისწინებენ ანევრიზმის ზომას, ფორმას, მდებარეობას, პაციენტის ასაკს, მისი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, ანევრიზმის გახეთქვის ოჯახურ ისტორიას, ჯანმრთელობის თანდაყოლილ პრობლემებს.
თუ ანევრიზმიან ადამიანს მაღალი წნევა აქვს, აუცილებელია მისი რეგულირება ექიმის გამოწერილი მედიკამენტებით. ვინც მწეველია, უნდა გაიაზროს, რომ სიგარეტის მოწევა არის ანევრიზმის ფორმირების, ზრდისა და გახეთქვის მძლავრი რისკფაქტორი და როგორმე უარი თქვას ამ მავნე ჩვევაზე.
აორტის ანევრიზმა
აორტა სხეულის მთავარი, ყველაზე მსხვილი არტერიაა, რომელშიც სისხლი პირდაპირ გულიდან გადაიტყორცნება. ანევრიზმა შესაძლოა მის ნებისმიერ მონაკვეთზე გაჩნდეს. განასხვავებენ გულმკერდის აორტისა და მუცლის აორტის ანევრიზმებს.
რა აჩენს
აორტის ანევრიზმის განვითარების მიზეზად შესაძლოა იქცეს ათეროსკლეროზი, მაღალი არტერიული წნევა, სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონე, გენეტიკური დარღვევა, სისხლძარღვის ანთება, აორტის სარქვლის თავისებურება, არანამკურნალევი ინფექცია (სიფილისი, სალმონელოზი), ტრავმა, რისკის ფაქტორებს კი მიეკუთვნება თამბაქოს წევა, 65 წელზე უფროსი ასაკი, ანევრიზმის არსებობის ოჯახური ისტორია და სხვა.
როგორ ვლინდება
აორტის ანევრიზმებიც, წესისამებრ, უსიმპტომოა, რაც მათ გამოვლენას ართულებს. მათი უმეტესობა ნელა იზრდება და ზოგიერთი დროთა განმავლობაში საკმაოდ დიდ ზომას აღწევს.
მუცლის აორტის მზარდ ანევრიზმას შესაძლოა თან ახლდეს
- მუდმივი ღრმა ტკივილი მუცლის არეში ან გვერდით,
- ზურგის ტკივილი,
- პულსაცია ჭიპის ახლოს,
ხოლო მის გახეთქვას – მუცლის ქვედა ნაწილისა და ზურგის ძალიან ძლიერი ტკივილი. თუ შინაგანი სისხლდენა ძლიერია, სწრაფად ვითარდება შოკი.
გულმკერდის აორტის მზარდი ანევრიზმის შემთხვევაში მოსალოდნელია
- ზურგის ტკივილი,
- ხველა,
- ხმის დასუსტება, ჩახლეჩა,
- ჰაერის უკმარისობა,
- ტკივილი გულმკერდის არეში,
ხოლო მისი გახეთქვისას ან განშრევებისას –
- უეცარი მკვეთრი ტკივილი, რომელიც ზურგის ზედა ნაწილში აღმოცენდება და ვრცელდება ქვემოთ,
- ტკივილი გულმკერდის, ყბის, კისრის ან მკლავების მიდამოში,
- სუნთქვის გაძნელება,
- დაბალი წნევა,
- ცნობიერების დაკარგვა,
- ჰაერის უკმარისობა,
- ყლაპვის გაძნელება.
რით რთულდება
ანევრიზმიდან სისხლის გაჟონვა და აორტის კედლის გახეთქვა ამ პათოლოგიის ორი მთავარი გართულებაა. მიიჩნევა, რომ რაც უფრო დიდია ანევრიზმა, მით უფრო მაღალია მისი გახეთქვის რისკი. ანევრიზმის გახეთქვა იწვევს შინაგან სისხლდენას, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია. ასეთ დროს ადამიანის გადასარჩენად აუცილებელია სასწრაფო ოპერაცია.
კიდევ ერთი გართულებაა თრომბების წამოქმნა, რომელიმე ორგანოში მათი მოხვედრა კი სხვა გართულებებსაც იწვევს, მათ შორის – ინსულტს.
როგორ სვამენ დიაგნოზს
ანევრიზმის სადიაგნოსტიკო ტესტები მოიცავს ულტრაბგერით გამოკვლევას (გულმკერდის აორტის ანევრიზმის შემთხვევაში – ექოკარდიოგრამას), კომპიუტერულ ტომოგრაფიას, მაგნიტურ– რეზონანსულ გამოსახვას (MRI). ზოგჯერ ეს ორი გამოკვლევა ტარდება ვენიდან შეყვანილი კონტრასტული ნივთიერების ფონზე.
როგორ მკურნალობენ
ანევრიზმის მკურნალობის მიზანი მისი გახეთქვის თავიდან აცილებაა. მკურნალობა დამოკიდებულია ანევრიზმის ზომასა და ზრდის სისწრაფეზე. ის შესაძლოა მოიცავდეს რეგულარულ შემოწმებას, სულ მცირე, ექვს თვეში ერთხელ, მედიკამენტებს, უმთავრესად – მაღალი წნევისა და მაღალი ქოლესტეროლის სამკურნალოს, და ქირურგიულ ოპერაციას.
იმის მიხედვით, რა ზომისაა ანევრიზმა, სად მდებარეობს ის და რა ასაკისაა პაციენტი, ტარდება ღია ან ენდოვასკულარული ოპერაცია. ანევრიზმით დაზიანებული აორტის ნაწილი იცვლება ხელოვნური აორტით, გრაფტით.
თუ ანევრიზმა გასკდა, აუცილებელია გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა მას აქვს გართულების მაღალი რისკი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი აორტის ანევრიზმის იდენტიფიცირება და მკურნალობა მის გახეთქვამდე.
აორტის განშტოებების ანევრიზმა
აორტიდან გამომავალი სისხლძარღვების ანევრიზმა საკმაოდ იშვიათია. ის შესაძლოა განვითარდეს აორტიდან გამომავალ ნებისმიერ მსხვილ არტერიაზე. ესენია ლავიწქვეშა, ელენთის, ღვიძლის, ზედა მეზენტერული (ნაწლავის მომმარაგებელი) და თირკმლის არტერიები.
არტერიების მიმდებარე ქსოვილების ინფექცია იწვევს მიკოზურ ანევრიზმას, ხოლო ანთებითი ანევრიზმის მიზეზია სხვადასხვა ავტოიმუნური დაავადების შედეგად არტერიებში განვითარებული ანთებითი პროცესები, რომლებიც მათ კედლებს ასუსტებს.
როგორ ვლინდება
აორტიდან გამომავალ არტერიათა ანევრიზმების სიმპტომები ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან. განსხვავება იმ ორგანოზეა დამოკიდებული, რომელსაც ანევრიზმა აწვება და სისხლით მომარაგებაში ხელს უშლის.
ინფიცირებულმა ან ანთებითმა ანევრიზმამ, განურჩევლად მდებარეობისა, შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი დაზიანებული არტერიის მახლობლად და ინფექციის სიმპტომები (ცხელება, წონის კლება). ნებისმიერი ანევრიზმის გახეთქვისას მოსალოდნელია ტკივილი ანევრიზმის მიდამოში, სისხლის სწრაფი კარგვა, წნევის დაცემა და სიკვდილიც კი.
ლავიწქვეშა არტერიის ანევრიზმამ შესაძლოა გამოიწვიოს მხრის ან მკლავის ტკივილი, პულსაციის შეგრძნება, ახლომდებარე ვენებში თრომბის წარმოქმნა ან შეშუპება ვენებზე ზეწოლის გამო, გარდამავალი იშემიური შეტევები, ინსულტი, ხმის ჩახლეჩა ან დასუსტება.
მუცლის აორტიდან გამომავალ არტერიებში არსებული ანევრიზმების უმეტესობა, თუ არ გასკდა, არ იწვევს არავითარ სიმპტომს. იშვიათად ელენთის არტერიის ანევრიზმის მქონე ადამიანები უჩივიან მუცლის ტკივილს, გულისრევას და ღებინებას. ღვიძლის არტერიის ანევრიზმის მქონეებს აწუხებთ მუცლის ტკივილი, თუ ანევრიზმა ნაღვლის სადინარს დააწვა – კანი და თვალები უყვითლდებათ. ზედა მეზენტერიული არტერიის ანევრიზმისთვის მუცლის ტკივილი და სისხლიანი დიარეაა დამახასიათებელი. თირკმლის არტერიის ანევრიზმისთვის – მაღალი წნევა, მუცლის ან გვერდის ტკივილი, სისხლი შარდში.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
აორტიდან გამომავალი არტერიების ანევრიზმათა უმრავლესობა გასკდომამდე არ დიაგნოსტირდება. შესაძლოა, შემთხვევით აღმოაჩინონ სხვა მიზეზით ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევის ან კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს. მკურნალობა ტარდება ენდოვასკულარულად – ანევრიზმაში აყენებენ ხელოვნურ არტერიას, გრაფტს.
მოამზადა მარი აშუღაშვილმა