ირინა მიქაბერიძე – მხატვარი ზღვისპირა ქალაქიდან
გააზიარე:
ირინა მიქაბერიძეს საზოგადოება ზღვისპირელის ფსევდონიმით იცნობს. ბათუმელი ხელოვანი ხატავს, წერს და თავისი ნამუშევრებით სხვებსაც უფერადებს ცხოვრებას.
ბავშვობიდან ხატავდა. რვეულები, თაბახის ფურცლები მისი ჩანახატებით იყო სავსე. ბათუმის სამხატვრო სასწავლებელიც დაამთავრა, მაგრამ მერე ხატვისთვის ვეღარ მოიცალა: დაოჯახდა, სამი შვილი – ანა, თათია და დემეტრე – შეეძინა და ყოველდღიურობამ ჩაითრია. ხუთიოდე წლის წინ კი, ხელმოტეხილს, სრულიად შეუფერებელ დროს აეკვიატა ხატვის სურვილი.
– ვერაფრით მოვისვენე. შინ მხოლოდ აკრილის საღებავები მქონდა. თაბახის ფურცლებიც გამოვძებნე და ასე, ცალი ხელით, ფუნჯის გარეშე დავიწყე ხატვა. ვიყენებდი ყველაფერს – ფოთლებს, ბოთლის ხუფს, ყურის ჩხირებს, ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს... ამ ყველაფერს დღემდე ვიყენებ., რამდენიმე ნახატი შევქმენი თითებით, რაც გასაოცარი ფსიქოლოგიური თერაპიაა. გირჩევთ, თქვენც სცადოთ და ბავშვებსაც მისცეთ ემოციების ამ გზით გამოხატვის შესაძლებლობა.
თავიდან ჩემთვის ვხატავდი, მალე ნამუშევრების შეძენის მსურველები გამოჩნდნენ. ამან თავდაჯერებაც შემმატა და მოტივაციაც. უკვე ორასამდე ნახატი გავასხვისე. ადამიანები, რომლებსაც ჩემი ნამუშევრები აქვთ, მეუბნებიან, რომ მათ სახლში ჩემი ნახატები დადებით ატმოსფეროს ქმნან. შემოქმედისთვისაც მეტი რა არის საჭირო?! – მათი სიხარული მაბედნიერებს.
ხატვის პროცესი
– სამწუხაროდ, სახელოსნოს ფუფუნება არ მაქვს, შინ ვმუშაობ აკრილის საღებავებით. შთამაგონებს ბევრი რამ: ჩემი გოგონას გადაღებული ფოტო-ბროწეულები; წიგნის პერსონაჟი – სუფია შამს თებრიზი; სიზმრად ნანახი წითელი კალმახები; თოვლი, რომელიც უზომოდ მიყვარს და ფერადი, მხიარული სახლები ამ თოვლში. ზღაპრულ ქალაქებს და ჩემს წარმოსახვაში არსებულ პეიზაჟებს ვხატავ.
საყვარელი თემა მაინც თოვლია. ალბათ იმიტომ, რომ იანვარში დავიბადე და იმ წელს ორ მეტრამდე თოვლი მოსულა. ყოველ ზამთარს სასწაულივით ველი ფანტელების გამოჩენას, მაგრამ ბათუმში, სამწუხაროდ, იშვიათად თოვს. ვცდილობ, ნახატებში ავიხდინო ოცნება.
ჩემი ნამუშევრების უმრავლესობაში მყვირალა ფერები ჭარბობს, რაც ცოტათი პედრო ალმოდოვარის გავლენის ბრალია. მიყვარს მისი ფერთა შეხამება. ამ სიკაშკაშეში ჩემი შინაგანი სამყაროს გამოძახილს ვხედავ. ავტოპორტრეტიც ძირითადად წითელ და ყვითელ ფერებში დავხატე.
ყოველდღიურობაში, ინტერიერსა და ჩაცმულობაშიც კი მინიმალიზმს ვანიჭებ უპირატესობას. გადაჭარბებული არაფერი მომწონს. დეტალების სიმრავლე მღლის, თუმცა ბოლო დროს გამორჩეულად მომწონს აზიური ორნამენტი და ხანდახან ნახატებშიც ვიყენებ.
როგორ მოვიდა ამელი
– წერა ყოველთვის მიყვარდა. ბავშვობაში დღიურებსაც ვწერდი, რომლებსაც დღემდე ვინახავ. როცა განვლილი წლები მომენატრება და უკვე განცდილი ემოციების ხელახლა განცდა მომინდება ხოლმე, გადმოვალაგებ და ვკითხულობ.
ათი წლის წინ, ერთ წვიმიან დღეს, წითური, ხუჭუჭა გოგო მოვიდა ჩემთან და გვერდით მომიჯდა. ჯიბიდან ფერადი კარამელები ამოიღო და გამომიწოდა.
– მე ამელი ვარ, – მითხრა და გამიღიმა.
ასე დავიწყე "ამელის დღიურის" წერა. იმედი მაქვს, მალე წიგნად დავბეჭდავ და ამ ფერად გოგოს ფართო მკითხველს გავაცნობ.
პატარ-პატარა ნოველებსა და ავტობიოგრაფიულ ჩანახატებსაც ვწერ, რომლებიც ჟურნალ "ჭოროხში" დაიბეჭდა. ასევე ვარ ლიტსაიტ “ურაკპარაკის” წევრი.
ჩემი ფსევდონიმიც "ზღვისპირელი" ამ ვებგვერდზე დარეგისტრირებისას დაიბადა. უკვე ათი წელია, მკითხველი ამ სახელით მიცნობს.
ჩემი ქალაქი
–მეოთხე თაობის ბათუმელი ვარ. მიყვარს ჩემი ქალაქი, თუმცა მენატრება ბავშვობისდროინდელი, თეთრი, კოხტა, მშვიდი და თბილი ბათუმი, – მეუბნება ირინკა.
ხშირად ახსენდება სტუდენტობის წლები, ბებია-ბაბუების სახლები და მაშინდელი ურთიერთობები. ამ სევდანარევ მონატრებასაც ნახატებსა და ნოველებში აქსოვს.
– ბათუმი ჩემი სახლია, ოჯახია, სიმშვიდეა, კიდევ – ზღვაა, თოლიები და წვიმა.
– მეამაყება ისიც, რომ სამი კარგი ადამიანი გავზარდე. ჩემთვის პიროვნება უბრალოებით და თანაგრძნობის უნარით ფასობს. იმედი მაქვს, შვილებსაც, პირველ რიგში, ეს ვასწავლე. თავს კომფორტულად მაშინ ვგრძნობ, როცა სამივე ჩემ გვერდითაა. ჩემი ნახატების პირველი შემფასებლებიც შვილები არიან.
ჩემს შემოქმედებას სიყვარული ასაზრდოებს. ოჯახის, ბათუმის, ზღვისა და თოვლის სიყვარული. ალბათ ამიტომ, მას სხვებისთვისაც მხოლოდ დადებითი ემოციები მოაქვს.
თამარ ციბალაშვილი