გამწოვი სამზარეულოსთვის

გააზიარე:

თუ კერძების კეთება თქვენი ჰობია, სახლში დატრიალებული მადის აღვძვრელი სურნელი უცხო არ იქნება თქვენი ოჯახის წევრებისთვის. ეს სურნელი თავდაპირველად სასიამოვნოა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ გამაღიზიანებელი ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტაფაზე ხახვი, ნიორი ან თევზი იხრაკება, ამიტომ გამწოვი სამზარეულოში აუცილებელია.

რაზეა დამოკიდებული გამწოვის ეფექტური მუშაობა? როგორი მოდელები არსებობს და რა უნდა გავითვალისწინოთ შეძენისას?

როგორ მუშაობს გამწოვი

გამწოვი კერძის მომზადებისას წარმოქმნილ ორთქლს, ცხიმის წვეთებსა და სუნს იწოვს და სამზარეულოში  ჰაერის სისუფთავეს უზრუნველყოფს.

არსებობს გამწოვის ორი ძირითადი ტიპი, რომლებიც სხვადასხვა პრინციპით მუშაობს.

ჰაერგამტანი

ყველაზე პოპულარული ჰაერგამტანი გამწოვია. ის ნამწვსა და ორთქლს ჯერ ცხიმის ფილტრში ატარებს, მერე კი სპეციალური მილით გარეთ უშვებს. არსებობს ერთჯერადი და მრავალჯერადი ფილტრები. მრავალჯერადი აკრილისგან, ალუმინისგან ან უჟანგავი ლითონისგან არის დამზადებული, მარტივად იხსნება და ირეცხება.

ცირკულარული

ცირკულარული გამწოვის მუშაობის პრინციპი ასეთია: ღუმლიდან შეწოვილი ჰაერი, ცხიმი და ორთქლი ჯერ ცხიმის ფილტრში გაივლის, მერე – ნახშირის ფილტრში, რომელიც ეფექტურად აქრობს სუნს, გაწმენდილი ჰაერი კი უკანვე, ოთახში ბრუნდება. ნახშირის ფილტრმა ეფექტურად რომ იმუშაოს, ხშირად უნდა გამოცვალოთ, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. თანაც ასეთი მოდელები უფრო ხმაურიანია, ვიდრე ჰაერგამტანი,

ჰაერგამტანი გამწოვი გაცილებით ეფექტურად ებრძვის ტენსა და სუნს და უკეთესად ასუფთავებს ჰაერს, თუმცა მისი მონტაჟი რთულია, რადგან მილმა კედელში უნდა გაიაროს, ეს კი სპეციალისტის დახმარებას მოითხოვს, თანაც ხვრელიდან შესაძლოა სითბოც გავიდეს.

ცირკულარული გამწოვის დამონტაჟება კი ნებისმიერ ადგილას შეიძლება და კედლის გახვრეტას არ მოითხოვს, ამიტომ არც სითბო იკარგება.

საუკეთესო ეფექტისთვის ჰაერგამტანი გამწოვის მუშაობისას უმჯობესია, ფანჯარა ოდნავ გამოაღოთ, ცირკულარული გამწოვის მუშაობისას კი ეს აუცილებელი არ არის, თუმცა, საზოგადოდ, სამზარეულოს დროდადრო განიავება არ აწყენს.

გაზქურა ინტეგრირებული გამწოვით

რამდენიმე წელია, ბაზარზე გამოჩნდა გაზქურები ინტეგრირებული გამწოვით. ქურაში ჩამონტაჟებული გამწოვი ტენსა და ნამწვს ქვემოთ იწოვს. ის რთული გასაწმენდია და რთული დასამონტაჟებელიც. გარდა ამისა, ორთქლი შესაძლოა ნაწილობრივ  მაინც გაიფანტოს ჰაერში, ამიტომ ასეთი ქურის თავზე არ არის რეკომენდებული კარადის დაკიდება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ ტიპის გამწოვის ფილტრები ხშირ ცვლას მოითხოვს, რაც საკმაოდ ძვირია.

გამწოვმა ორთქლი და ნამწვი მაქსიმალურად რომ შეიწოვოს, უმჯობესია, კერძის მოსამზადებლად დაბალი ქვაბები და ტაფები გამოიყენოთ. გარდა ამისა, ერიდეთ ორპირს სამზარეულოში.

მახასიათებლები

გამწოვმა ეფექტურად რომ იმუშაოს, უნდა გაითვალისწინოთ  მისი კონსტრუქცია და დიზაინი, ზომა, შეწოვის სიმძლავრე, ხმაურის დონე, მართვის სტილი. მოდი, განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.

კონსტრუქცია და დიზაინი

ჩასაშენებელი გამწოვი ყველაზე ბიუჯეტურია. ის მთლიანად ქურის თავზე დაკიდებულ კედლის კარადაშია ჩამონტაჟებული ისე, რომ არც გამწოვი ჩანს და არც სამართავი პანელი.

კედლის გამწოვი კედელზე მონტაჟდება, ჰაერგამტანი მილი კი სპეციალური ალუმინის ან უჟანგავი ფოლადის ხუფში იმალება. მილის სიმაღლე რეგულირდება, ასე რომ, მისი მორგება ნებისმიერ სამზარეულოში ადვილია.

გამწოვი-კუნძული ჭერზე მაგრდება. ის შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას ჩამოკიდოთ – როგორც კედელთან, ისე სამზარეულოს კუნძულის თავზე.

რაც შეეხება დიზაინს, არჩევანი დიდია, თუმცა ყველაზე ექსტრავაგანტული დიზაინით კუნძული-გამწოვები გამოირჩევა.

ზომა

გამწოვის შეძენამდე უნდა გაზომოთ თქვენს განკარგულებაში არსებული სივრცე. გამწოვის ზომა ქურის ზომაზეა დამოკიდებული. ძირითადი წესი ასეთია: გამწოვი ქურის მთელ ზედაპირს უნდა ფარავდეს. მეტიც – ეფექტურად რომ შეასრულოს თავისი ფუნქცია, ქურის ზედაპირზე განიერი უნდა იყოს, საუკეთესო შემთხვევაში – 30 სმ-ით.

მნიშვნელოვანია ქურის ზედაპირსა და გამწოვს შორის მანძილიც. ელექტროქურისთვის ის არ უნდა იყოს 45 სმ-ზე ნაკლები, ხოლო გაზქურისთვის – 65 სმ-ზე ნაკლები.

სიმძლავრე და მოცულობა

სიმძლავრე გამწოვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ის გვიჩვენებს, რამდენი კუბური მეტრი ჰაერი შეიწოვება საათში და, შესაბამისად, მ³/სთ-ებით გამოისახება.

რა სიმძლავრის გამწოვი დაგჭირდებათ, სამზარეულოს ზომაზეა დამოკიდებული. დახურული სამზარეულოსთვის სიმძლავრე გამოითვლება მარტივი ფორმულით: სამზარეულოს მოცულობა გამრავლებული 10-ზე (რადგან ჰაერი საათში, სულ ცოტა, 10-ჯერ უნდა გამოიცვალოს).

თუ სამზარეულოს სიგანე 3 მეტრია, სიგრძე – 4 მ, სიმაღლე – 2,5 მ, სასურველია, გამწოვის სიმძლავრე იყოს 3X4X2,5X10=30X10=300მ³.

თუ სამზარეულო ღიაა და ჰაერის ცირკულაცია მაღალია, ჰაერის გამოცვლა საათში 20-ჯერ მაინც უნდა მოხდეს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ტექნიკური მახასიათებლები და სამონტაჟო პირობებიც. მაგალითად, ჰაერგამტანი მილის ყოველ მეტრსა და ყოველ 90-გრადუსიან კუთხეზე შეწოვის ძალა დაახლოებით 20მ³-ით იკლებს.

ასე რომ, იმავე მოცულობის ღია სამზარეულოსთვის, თუ გამწოვის მილი 4 მეტრი სიგრძისაა და  3 კუთხეს ქმნის, ოპტიმალურია გამწოვი 740მ³ სიმძლავრით (30ხ20+140=600+140)

ხმაურის დონე

თანამედროვე გამწოვები შედარებით ჩუმად მუშაობს, თუმცა ხმაურის დონე იზრდება სიმძლავრის დონის მატებასთან ერთად. მისაღები მაჩვენებელია 45-65 დეციბელი.

მართვის პანელი

განათებისა და ვენტილატორის ჩართვა-გამორთვისა და მომატება-დაკლების ფუნქცია ღილაკების ან სენსორის საშუალებით იმართება. სენსორიანი მოდელი უფრო ადვილი გასაწმენდია, მაგრამ ღილაკები გაცილებით მოხერხებულია, თუ ხელები სველი ან ცხიმიანი გაქვთ. ზოგიერთი მოდელი დისტანციურადაც იმართება. ზოგს დისპლეიც აქვს, რომელზეც ყოველგვარი ინფორმაცია აისახება.

განათება

გამწოვს ქურის განათების ფუნქციაც აქვს. სხვადასხვა ტიპის მოდელები ჰალოგენური, LED, ან ფლუორესცენტური ნათურებით არის აღჭურვილი. განათების არჩევანი თქვენს სურვილებსა და პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. თუ თბილი სინათლე გიყვართ, ჰალოგენურ ნათურებს გირჩევთ, თუმცა LED-ები მეტ ენერგიას ზოგავს.

ენერგოეფექტურობის კლასი

ენერგოეფექტურობის კლასი  ეტიკეტზეა მითითებული. ის ლათინური ანბანის ასოებით (A-დან G-მდე) აღინიშნება. A ყველაზე ეკონომიური ენერგოკლასის მაჩვენებელია. ენერგომოხმარების კლასიფიკაცია უმთავრესად გამოისახება სიმბოლოებით: A, A +, A++.  რაც მეტი პლუსი ახლავს A-ს, მით ნაკლებ დენს ხარჯავს მოწყობილობა.

ცხიმის შთანთქმის ხარისხი

ჰაერში გაფრქვეული ცხიმის რამდენ პროცენტს შთანთქავს ფილტრი, ესეც ასოებით  აღინიშნება – A-დან (ძალიან კარგი, 95%-ზე მეტი) G-მდე (ცუდი).

დამატებითი ფუნქციები

ზოგიერთი მოდელი დამატებითი ფუნქციებითაც არის აღჭურვილი, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მუშაობას. მაგალითად:

ინტენსიური რეჟიმი – მცირე ხნით ზრდის ვენტილატორის სიმძლავრეს, მერე კი ავტომატურად აბრუნებს ჩვეულ რეჟიმში;

ავტომატური სენსორი – ავტომატურად, ორთქლის რაოდენობის მიხედვით არეგულირებს ვენტილატორის სიმძლავრეს;

ვენტილატორის ავტომატური გამორთვის ღილაკი;

მაჩვენებელი, რომელიც მიუთითებს, ფილტრი გასაწმენდია თუ შესაცვლელი.

როგორ გავწმინდოთ

გამწოვი რეგულარულად უნდა წმინდოთ. ალუმინის, უჟანგავი ლითონის ან მინის კორპუსი ადვილად იწმინდება სტანდარტული საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებებით. ცხიმის ფილტრი კი 3-4 კვირაში ერთხელ უნდა გაირეცხოს. ალუმინის ან უჟანგავი ლითონის ფილტრი შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხოთ (წაიკითხეთ ინსტრუქცია).

თუ ცირკულარული გამწოვი გაქვთ, რეგულარულად უნდა ცვალოთ ნახშირის ფილტრი. ექსპერტები მის წელიწადში ერთხელ შეცვლას გვირჩევენ.

როგორ გამოვიყენოთ გამწოვი ეფექტურად

  • ჩართეთ ყველაზე დაბალ სიმძლავრეზე.
  • კერძის მომზადებას რომ დაასრულებთ, გამწოვი კიდევ რამდენიმე წუთით დატოვეთ ჩართული,  შიგნიდან კარგად რომ გამოშრეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ცირკულარული ტიპისაა და არსებობს ობის გაჩენის საფრთხე.
  • თუ შესაძლებელია, ეცადეთ, კერძის მომზადებისას ქვაბსა და ტაფას თავსახური დაახუროთ – ეს დაზოგავს ენერგიას და შეამცირებს ორთქლის, ცხიმისა და სუნის გამოყოფას.
  • რეგულარულად რეცხეთ ცხიმის ფილტრი.
  • ჩართული არ დატოვოთ განათება, როცა გამწოვს არ იყენებთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: