სახის ლიფტინგი – ახალგაზრდული და გლუვი კანი გვიან სიბერემდე

გააზიარე:

ასაკთან ერთად კანის სტრუქტურა იცვლება. კანი სიმკვრივეს კარგავს და ეშვება. მართალია, ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს, მაგრამ ესთეტიკური მედიცინის წყალობით მისი შედეგების გადავადება ნამდვილად შესაძლებელია. კანის გამაახალგაზრდავებელი უამრავი პროცედურიდან ამჯერად სახის ლიფტინგის მეთოდებზე ვისაუბრებთ.

რას გულისხმობს სახის ლიფტინგი და რომელი პროცედურა როდის უფრო ეფექტურია? ამის გასარკვევად "ავერსის კლინიკის" დერმატოლოგ-კოსმეტოლოგ ნინო ლომსაძეს მივმართეთ.

– ქალბატონო ნინო, რა არის და როდის ტარდება სახის ლიფტინგი?

– ლიფტინგი კანის დაჭიმვის კოსმეტიკური პროცედურაა. მისი საშუალებით კანი და კანქვეშა შემაერთებელი ქსოვილი იჭიმება და სიმკვრივეს და სიგლუვეს იბრუნებს. ამ პროცედურების მიზანია, მინიმუმამდე დაიყვანოს დაბერების კვალი ისე, რომ სახის ნაკვთები არ შეცვალოს.

არსებობს კანის დაჭიმვის როგორც არაქირურგიული, ისე ქირურგიული მეთოდები, მაგრამ სანამ მათზე ვისაუბრებდეთ, მოდი, კანის დაბერების ფაზები მიმოვიხილოთ.

კანში სისხლის მიმოქცევა და ნივთიერებათა ცვლა უმეტესად უკვე 20-25 წლიდან ნელდება. კანის უჯრედები საკმარის ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს ვეღარ იღებს, ნელდება უჯრედების განახლების პროცესიც.

30-35 წლიდან ასაკობრივი ცვლილებები თვალსაჩინო ხდება. უჯრედთა განახლების პროცესი კიდევ უფრო ნელა მიმდინარეობს, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი იკლებს, კანი თხელდება, ადრინდელ ელასტიკურობას კარგავს, თვალებსა და ცხვირ-ტუჩს შორის ნაოჭები ჩნდება.

კანის ასაკობრივი გადაგვარება (დისტროფია) კი 40-45 წლიდან იწყება. ელასტინისა და კოლაგენის ბოჭკოების სტრუქტურა იცვლება, ჰიალურონის მჟავას სინთეზი მცირდება, შემაერთებელი ქსოვილის წილი იკლებს, რაც კანის მოდუნებას განაპირობებს.

50-55 წლიდან ზემოთ აღწერილი ცვლილებები უფრო ინტენსიური ხდება. კანი უფრო მეტად თხელდება, შრება, ეშვება, სახის კონტური იშლება.

– სახის რომელი ზონების დაჭიმვაა შესაძლებელი?

– ლიფტინგი შეიძლება სახის სხვადასხვა ზონაზე ჩატარდეს. მოშვებული კანი, წესისამებრ, შესამჩნევია შუბლზე და საფეთქლებთან, ლოყების მიდამოში და ქვედა ყბის ხაზთან. შეიძლება ამ ზონების როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთდროულად აწევა. შესაძლებელია ქუთუთოების ლიფტინგის ჩატარებაც.

დაბერების კვალი განსაკუთრებით თვალში საცემია კისერზე, ამიტომ ხშირად ამ ზონის ლიფტინგიც ტარდება, რათა სახიდან კისერზე გადასვლა ჰარმონიული იყოს.

ლიფტინგის პროცედურა უნდა შეირჩეს კანის დაბერების ფაზისა და ზონის შესაბამისად, ინდივიდუალურად, ასაკის, კანის ტიპისა და მდგომარეობის მიხედვით. მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორსაც. მაგალითად, ზოგჯერ 40 წლის ქალს უკეთესი ტურგორი (კანის სიმკვრივე) აქვს, ვიდრე 30 წლისას.

კანის მოვლა უმჯობესია 25 წლიდან დაიწყოთ ამ ასაკის შესაბამისი პროცედურებით, თუმცა ლიფტინგის პროცედურებს უმეტესად 40 წლიდან მიმართავენ, ქირურგიული ჩარევა კი 65 წლიდან არის მიზანშეწონილი, მაგრამ ვინც კანს რეგულარულად უვლის, ოპერაცია შესაძლოა ღრმა სიბერემდეც კი არ დასჭირდეს.

განასხვავებენ ზედაპირულ და ღრმა ლიფტინგს.

ეგრეთ წოდებული მინი ლიფტინგი კანის ზედა ფენის დაჭიმვაა. ის მაშინ არის ეფექტური, როცა დაბერების ნიშნები არც ისე აშკარაა და ზედმეტი კანიც არ შეინიშნება. მინი ლიფტინგის პროცედურებია, მაგალითად, ბიორევიტალიზაცია და პლაზმოლიფტინგი. SMAS-ლიფტინგი კი კანის უფრო ღრმა ფენების დაჭიმვას გულისხმობს. მისი ჩატარება შესაძლებელია როგორც არაოპერაციული, ისე ოპერაციული მეთოდითაც.

ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია ეფექტური საშუალებაა კანის დაბერების პირველ ნიშნებთან საბრძოლველად და, იმავდროულად, კანის სხვა პრობლემების მოგვარებასაც უწყობს ხელს

ბიორევიტალიზაცია:

* აუმჯობესებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს;

* ღრმად ატენიანებს კანს;

* აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ტონუსს, ებრძვის წვრილ ნაოჭებს, ამკვეთრებს სახის კონტურს, აღადგენს კანის ელასტიკურობას;

* ებრძვის პიგმენტურ ლაქებს.

ბიორევიტალიზაციას ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. ის განსაკუთრებით ეფექტურია 25 წლიდან.

პროცედურისთვის იყენებენ ჰიალურონის ბაზაზე დამზადებულ პრეპარატებს, რომლებსაც უკეთესი შედეგისთვის შესაძლოა დამატებული ჰქონდეს სხვა ნივთიერებებიც, მაგალითად, ქარვის მჟავა. პრეპარატი კანში წვრილი ნემსით შეჰყავთ. პროცედურა ნაკლებმტკივნეულია. გაუტკივარებისთვის ტარდება აპლიკაციური ანესთეზია ლიდოკაინის 10%-იანი საცხით. ალერგიული რეაქციები და სხვა სახის გართულებები მინიმალურია. შესაძლოა, გაჩნდეს მცირე ჰემატომები, რომლებიც რამდენიმე დღეში გაიწოვება.

საუკეთესო შედეგისთვის უმჯობესია ჩატარდეს მინიმუმ სამი პროცედურა. პროცედურებს შორის ინტერვალების ხანგრძლივობა შერჩეულ პრეპარატზეა დამოკიდებული.

პლაზმოლიფტინგი

ამ პროცედურის ერთ-ერთი დანიშნულება აკნესთან ბრძოლაა, მაგრამ იმავდროულად ლიფტინგის ეფექტიც აქვს. ის კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავას გამომუშავებას ააქტიურებს. სწორედ ეს სამი ნივთიერებაა პასუხისმგებელი კანის სიმკვრივესა და ელასტიკურობაზე.

საინექციო პლაზმა პაციენტის სისხლისგან მზადდება სპეციალურ-გამყოფტიხრიან სინჯარაში დაცენტრიფუგების გზით. პლაზმა წვრილი ნემსით შეჰყავთ კანში. პროცედურა ტარდება აპლიკაციური ანეთეზიის ფონზე და 30-40 წუთს გრძელდება.

პლაზმოლიფტინგი უმჯობესია ჩატარდეს დილით, უზმოზე. პროცედურამდე 3 საათის განმავლობაში წყლის გარდა სხვა სითხის მიღება არ არის რეკომენდებული.

სასურველი შედეგისთვის ოპტიმალურია 3-6 პროცედურა ერთკვირიანი ინტერვალებით. თანამოვლენები პლაზმოლიფტინგს არ ახასიათებს.

ბიოარმირება

ბიოარმირება კანის დაჭიმვისა და სახის ოვალის კორექციის ინექციური მეთოდია. ბიორევიტალიზაციისა და პლაზმოლიფტინგისგან განსხვავებით, ის გამოიყენება კანის მკვეთრად გამოხატული ასაკობრივი ცვლილებების დროს, კერძოდ, მაშინ, როცა:

* დაშვებულია ტუჩის კუთხეები, ასევე კანი თვალისა და წარბის მიდამოში;

* ჩაღრმავებულია ცხვირ-ტუჩის ნაოჭი;

* დაშვებულია სახის კონტური ქვედა ყბის არეში.

ბიოარმირების შედეგად სახის კონტური გამოიკვეთება, ღრმა ნაოჭები სწორდება, კანის სტრუქტურა უმჯობესდება.

ამ პროცედურის ჩატარება 35-40 წლიდან არის რეკომენდებული.

მოდელირება ფილერით

რბილი ქსოვილების კონტურული მოდელირებისთვის გამოიყენება იმპლანტი ანუ ფილერი. იმპლანტებს ერთმანეთისგან მოქმედების ხანგრძლივობა და კანქვეშ შეყვანის მეთოდი განასხვავებს. პრეპარატი აუცილებლად დერმატოლოგიურად ტესტირებული და უსაფრთხო უნდა იყოს.

იდეალური იმპლანტი:

*არ უნდა იწვევდეს ალერგიულ რეაქციას;

*არ უნდა ჰქონდეს კანცეროგენული და ტერატოგენური მოქმედება;

*უნდა იყოს ბიოთავსებადი და არ ჰქონდეს მიგრირების უნარი;

*რაც მთავარია, უნდა იყოს ბიოდეგრადირებადი ანუ გარკვეული ხნის შემდეგ სრულიად გაიწოვოს.

საუკეთესოდ მიიჩნევა ჰიალურონის მჟავას შემცველი ფილერი. კარგი მახასიათებლებით გამოირჩევა კალციუმის ჰიდროქსიაპატიტისგან დამზადებული პრეპარატიც (თუმცა მისი შეყვანა მხოლოდ სპეციალური გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე ექიმს შეუძლია).

ფილერების დიფერენცირება სიმკვრივის მიხედვით ხდება. სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა სიმკვრივის ფილერი გამოიყენება.

პრეპარატი რბილ ქსოვილებსა და ნაოჭებში ეგრეთ წოდებული კანულებით შეჰყავთ. კანულა გრძელი ნემსია, რომელსაც არ აქვს წამახვილებული თავაკი, ამიტომ გაცილებით უსაფრთხოა, რადგან არც ნერვულ დაბოლოებებს და არც სისხლძარღვებს არ აზიანებს.

ეფექტი 1-2 წელი ძლებს, მერე კი ფილერი გაიწოვება. ფილერი, რომელიც არ გაიწოვება, უხარისხოა.

თუ ფილერი სწორად არ არის შერჩეული, მაგალითად, თუ ექიმმა ყვრიმალებისთვის განკუთვნილი ფილერი ტუჩის აუგმენტაციისთვის გამოიყენა, შესაძლოა განვითარდეს საკმაოდ მძიმე გართულება – ნეკროზი.

RF ლიფტინგი

RF ლიფტინგი (რადიოსიხშირული ლიფტინგი, ფრაქციული რადიოლიფტინგი) კანის გამკვრივებისა და დაჭიმვის აპარატული მეთოდია. მაღალი სიხშირის ელექტრული იმპულსების ზემოქმედებით, რომლებიც კანის ქსოვილში მაქსიმუმ 3 მმ სიღრმეზე აღწევს, ხდება კანის უჯრედების 40-50 გრადუსამდე გახურება, რაც იწვევს კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების დამოკლებას, ასტიმულირებს კანში ახალი კოლაგენის გამომუშავებას და უჯრედების რეგენერაციას. შედეგად იმატებს კანის ტონუსი, უმჯობესდება მისი სტრუქტურა.

პროცედურა უმტკივნეულოა და 30-დან 90 წუთამდე გრძელდება.

RF-ლიფტინგის ეფექტი პირველივე პროცედურის შემდეგ შესამჩნევია კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების დამოკლების ხარჯზე. 3-4 კვირის შემდეგ, როცა ახალი კოლაგენური ბოჭკოები წარმოიქმნება, შედეგი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება, ხოლო 4-5 თვეში პიკს მიაღწევს. ეფექტი 1-2 წელი ძლებს.

ულთერაპია

ულთერაპია სახის კონტურის, კისრისა და დეკოლტეს დაჭიმვის უნიკალური მეთოდია, რომლებსაც არც უკუჩვენება აქვს და არც სეზონური შეზღუდვა. პროცედურა ტარდება სპეციალური აპარატით. ულტრაბგერითი ტალღები ღრმად იჭრება კანში, 5 მმ-მდე სიღრმეზე, და ზედაპირული კუნთების აპონევროზამდე (Superficial Muscular Aponeurotic System, SMAS), ცხიმოვანი ქსოვილის ქვეშ მდებარე შრემდე აღწევს. აქამდე ასეთ სიღრმეზე მუშაობა მხოლოდ პლასტიკურ ქირურგებს შეეძლოთ.

ულტრაბგერითი ტალღები იწვევს ლოკალიზებულ თერმულ შეკუმშვას შემაერთებელ ქსოვილში. ქსოვილი მკვრივდება და იჭიმება.

პროცედურის დროს აუცილებელია ულტრაბგერითი ტალღების კონტროლი, რაც ექიმს საშუალებას აძლევს, ზუსტად განსაზღვროს ულტრაბგერითი ზემოქმედების სიღრმე და ინტენსივობა.

პროცედურა, საკორექციო ადგილის სირთულის მიხედვით, ნახევარი საათიდან საათ-ნახევრამდე გრძელდება. აბსოლუტურად უმტკივნეულოა და არ მოითხოვს შემდგომ რეაბილიტაციას. შესაძლოა, განვითარდეს მცირე შეშუპება და სიწითლე, მაგრამ მალევე გაივლის.

პროცედურა ერთხელ ტარდება. ცვლილება მისი დასრულებისთანავე შესამჩნევია, თუმცა საბოლოო ეფექტი 2-6 თვეში მიიღწევა და 1,5-2 წლამდე გრძელდება.

უნდა ითქვას, რომ SMAS ლიფტინგის ჩატარება შეიძლება ზაფხულში გარუჯულ კანზეც.

ულთერაპია არ არის მიზანშეწონილი, თუ სახის ლიფტინგი მეზოძაფებით გაქვთ გაკეთებული, რადგან ის ძაფების დაშლას აჩქარებს.

სახის ლიფტინგი მეზოძაფებით

მეზოძაფებს ხანგრძლივი, ორწლიანი ეფექტი აქვს. ამ ხნის განმავლობა განმეორებითი პროცედურა არ არის საჭირო.

ჰიალურონის მჟავას შემცველი, ჰიპოალერგიული ძაფები სპეციალური ნემსით შეჰყავთ კანქვეშ. ისინი, გარდა იმისა რომ ჭიმავენ კანს, კოლაგენის სინთეზსაც ასტიმულირებენ. სხვადასხვა ზონაში შეჰყავთ სხვადასხვა ზომის ძაფები, რომლებიც დროთა განმავლობაში გაიწოვება.

მეზოძაფები სხვადასხვა სახისაა. რა ტიპის ძაფით ჩატარდეს ლიფტინგი, ექიმმა კანის მდგომარეობის მიხედვით უნდა გადაწყვიტოს.

მონოძაფები გამოიყენება შედარებით მსუბუქი ცვლილებების დროს, წვრილი ნაოჭების გასასწორებლად.

3D ძაფები მონოძაფებზე ძლიერია და, შესაბამისად, ლიფტინგის ეფექტიც უფრო ძლიერი აქვს.

არსებობს კოგებიც. “კოგი” ბრჭყალს ნიშნავს. ასეთ მეზოძაფებს წამახვილებული კიდეები აქვს, კანქვეშ კანულით შეჰყავთ და უფრო დიდი ზონებისთვის არის მიზანშეწონილი. მოქაჩვის შემდეგ “ბრჭყალები“ იშლება, რბილ ქსოვილებს ეჭიდება და მაქსიმალურად ჭიმავს სასურველი მიმართულებით. კოგები მზადდება პოლიდიოქსანონისგან, რომელიც ბიოდეგრადირებადია და ნელ-ნელა იშლება.

სხვადასხვა ტიპის ძაფები კანქვეშ სხვადასხვა სიღრმეზე იდგმება.

პროცედურა ზედმიწევნით სიფრთხილეს მოითხოვს, ამიტომ აუცილებლად პროფესიონალმა, კვალიფიციურმა დერმატოკოსმეტოლოგმა უნდა ჩაატაროს. არაპროფესიონალის მიერ ჩატარებულმა პროცედურამ შესაძლოა არასასურველი შედეგი გამოიღოს, მეტიც – კანის დანაწიბურება  გამოიწვიოს.

მეზოძაფები შეიძლება გაკეთდეს შუბლზე, თვალების გარშემო, წარბებზე, ყვრიმალებზე, ყელზე, დეკოლტეზე, მკერდზე, მუცელზე, მკლავებზე, ბარძაყებზე. ლიფტინგის ეს მეთოდი უფრო 50-55 წლიდან არის მიზანშეწონილი და მცირეინვაზიურ ჩარევად მიიჩნევა. მართალია, ისეთი ეფექტიანი არ არის, როგორიც ქირურგიული ოპერაცია, მაგრამ საუკეთესო შედეგი აქვს ლიფტინგის არაქირურგიულ მეთოდებს შორის.

მეზოძაფების ეფექტი პროცედურის დასრულებისთანავე შეიმჩნევა. პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება და გართულება არ ახასიათებს.  პაციენტი მისი დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რეაბილიტაციის პერიოდი ხანმოკლეა, თავდაპირველად შესაძლოა შეგაწუხოთ სუსტმა ტკივილმა, მცირედმა შეშუპებამ და სილურჯემ – ეს ყველაფერი ერთ-ორ კვირაში გაივლის. თუმცა გასათვალისწინებელია შეზღუდვები, რომლებზეც ექიმი მიგითითებთ.

ლიფტინგი ქირურგიული მეთოდით

სახის ღრმა ლიფტინგი ქირურგიული ოპერაციითაც მიიღწევა, რომლის ჩატარებაც პლასტიკური ქირურგის პრეროგატივაა. ოპერაცია ტარდება, როდესაც კანი ძლიერ არის დაშვებული და ნაოჭებიც ძალიან ღრმაა, – წესისამებრ, 65 წლიდან. ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს როგორც მთელ სახეზე, ისე ცალკეულ ზონებზე, ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიით. ხდება კანის აშრევება, კუნთების დაჭიმვა და ზედმეტი კანის მოცილება. განაკვეთები კეთდება ბუნებრივი ნაკეცების მიდამოებში. ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა. საბოლოო შედეგი 3-4 თვის შემდეგ დგება და საკმაოდ დიდხანს ნარჩუნდება.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: