ინდუქციური ქურა – პლუსები და მინუსები
გააზიარე:
თუ ქურის შეცვლას აპირებთ და ტრადიციულ ვარიანტებთან ერთად ინდუქციურსაც განიხილავთ, უპირველეს ყოვლისა, კარგად აწონ-დაწონეთ მისი ღირსებები და ნაკლოვანებები. ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური და ეკონომიური ხელსაწყოს ტექნოლოგიას შესაძლოა არც კი იცნობდეთ.
მაინც როგორ მუშაობს ინდუქციური ქურა? რა განსაკუთრებული თვისებები აქვს მას და ნამდვილად ღირს თუ არა მისი შეძენა?
როგორ მუშაობს
ერთი შეხედვით, ის ჩვეულებრივ მინაკერამიკულ ქურას ჰგავს. ჩართავთ და არაფერი იცვლება, გაცხელებას კი მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა ზედ ჭურჭელს დადგამთ.
ელექტროქურაზე კომფორას ჩვეულებრივი ელექტროსპირალი აცხლებს, ჰალოგენურ ქურაში ამ ფუნქციას ჰალოგენის სხივები ითავსებს, ინდუქციურზე კი კომფორა საერთოდ არ ცხელდება – ენერგია ჭურჭლის ძირს გადაეცემა და სითბოსაც იქ გამოიმუშავებს.
როგორ?
ცოტაოდენი ფიზიკა გავიხსენოთ:
თითოეული კომფორის ქვეშ მოთავსებულია ეგრეთ წოდებული სოლენოიდი (სპირალი), რომელიც ელექტრონული დენისგან მაგნიტურ ველს წარმოქმნის. მას შემდეგ, რაც ქვაბს კომფორაზე დადგამთ, მაგნიტური ველი იწყებს მოქმედებას ქვაბის ელექტრონებზე; ეს ჭურჭლის ფსკერზე წარმოშობს ელექტრონულ ძაბვას და შედეგად – ეგრეთ წოდებულ ინდუქციურ დენს, რომელიც ძალიან სწრაფად აცხელებს ფსკერს.
ჭურჭელი
მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ინდუქციური ქურისთვის ყოველგვარი ჭურჭელი არ გამოგადგებათ. მასზე მხოლოდ ფერომაგნიტური ლითონისგან დამზადებული ან სპეციალური საფარით დაფარული ჭურჭლის დადგმა შეიძლება. მაგალითად, სპილენძთან მაგნიტური ველი არც ისე ეფექტურად ურთიერთქმედებს და ძლიერად ასხივებს, თუმცა ისეთი ფერომაგნიტური ლითონები – ფოლადი, ნიკელი, კობალტი, რომლებიც მაგნიტზე რეაგირებს – მეტად ფოკუსირდება მაგნიტურ ველზე და, შესაბამისად, მათი ეფექტიანობაც ძალიან მაღალია. “ფერომაგნიტური” ნიშნავს, რომ ლითონი მაგნიტს იზიდავს. არის თუ არა ჭურჭელი ფერომაგნიტური, თავადაც შეგიძლიათ შეამოწმოთ. ამისთვის მხოლოდ მაგნიტი დაჭირდებათ. თუ მიიზიდა, თამამად შეგიძლიათ ინდუქციური ქურისთვის მისი გამოყენება.
სითბოს განაწილებისთვის მნიშვნელოვანია ჭურჭლის ძირის სისქეც. რაც უფრო სქელია ძირი, მით უფრო უკეთესად ნაწილდება სითბო.
ჭურჭლის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტს. მასზე ინდუქციური ქურის სიმბოლო უნდა იყოს გამოსახული.
ენერგოეფექტურობა
რადგან სითბო კი არ “ტრანსპორტირდება”, არამედ უშუალოდ ჭურჭელში წარმოიქმნება, კამფორის ზედაპირი არ ცხელდება, ეს კი ენერგიის მნიშვნელოვნად ნაკლებ დანაკარგს იწვევს. ინდუქციურ ქურაზე კერძის მომზადებისას ჩვეულებრივ მინაკერამიკულ (ინფრაწითელ) ქურასთან შედარებით 20-30 პროცენტით ნაკლები ენერგია იხარჯება, რაც ნიშნავს, რომ ინდუქციური ქურები მაღალი ენერგოეფექტურობით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ სითბო ამ დროს თითქმის არ იკარგება.
ღირსებები
* ეკონომიურობა – ინდუქციური ქურის ყველაზე დიდი ღირსება ენერგიის დაზოგვაა. როგორც უკვე ვთქვით, მას გაცილებით ნაკლები ენერგია სჭირდება, ვიდრე სხვა ქურებს. ენერგია მაშინაც კი არ იკარგება, როდესაც დიდი დიამეტრის მქონე კომფორაზე პატარა ზომის ჭურჭელს დადგამთ, რადგან ენერგია მხოლოდ იმ ნაწილში გადაეცემა, სადაც კომფორას ჭურჭლის ძირი ეხება, დანარჩენი კი ფაქტობრივად ცივი რჩება.
* მომზადების მინიმალური დრო – ინდუქციურ ქურაზე ლიტრ-ნახევარი წყლის ადუღებას 5-6 წუთი სჭირდება. არცერთი სხვა ქურა არ არის ასეთი სწრაფი. ზოგიერთ მოდელს შესაძლოა დამატებითი ფუნქციაც ჰქონდეს, რომელიც წყალს კიდევ უფრო სწრაფად აადუღებს, თუმცა ამ შემთხვევაში ენერგიაც შედარებით მეტი დაიხარჯება.
* ტემპერატურის კონტროლი – ეს ფუნქცია შესაძლოა ყველა მოდელს არ ჰქონდეს. გარდა იმისა, რომ ტემპერატურის განსაზღვრა სხვადასხვა დონით (1-დან 8-მდე) არის შესაძლებელი, ამ ფუნქციის მქონე მოდელებში მისი მითითება წინასწარაც შეგიძლიათ. მაგალითად, თუ 80 გრადუსს მიუთითებთ, ტემპერატურა ამ ნიშნულის ირგვლივ იტრიალებს.
ეს ფუნქცია საუკეთესოა, როდესაც საკვების მეტისმეტად სწრაფად მომზადება არ გინდათ. მაგალითად, ორთქლზე მოთუთქვისას. უმაღლესი ტემპერატურა 150 გრადუსია, თუმცა შეიძლება, მწარმოებლის მიხედვით განსხვავდებოდეს.
* უსაფრთხოება – ჩვეულებრივი ქურის შემთხვევაში თუ მთელი კამფორა ცხელდება, ინდუქციურ ქურაზე ზედაპირი თითქმის ცივი რჩება. მას მხოლოდ ჭურჭლიდან გამოყოფილი სითბო ათბობს, ისიც ოდნავ, ასე რომ, ხელის დაწვა თითქმის შეუძლებელია. კამფორის ზედაპირი ჭურჭლის აღებისთანავე ცივდება.
* ადვილად მოსავლელობა – ჩვეულებრივ ქურაზე თუ კერძი დაიღვარა, მაშინვე მიიწვავს, ინდუქციურ ქურაზე კი ეს თითქმის შეუძლებელია, რადგან კომფორა არასდროს ცხელდება ისე ძლიერ, რომ მიიწვას. ის ადვილად იწმინდება კარგად გაწურული ტილოთი.
ნაკლოვანებები
ამ ერთი შეხედვით იდეალურ მოწყობილობას ნაკლოვანებებიც აქვს, მაგალითად:
* მაგნიტურმა ველმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე, თუმცა რამდენად მავნე შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის, ჯერჯეობით დაუდგენელია.
ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით კი შეუსაბამო ჭურჭლის გამოყენებისას, შესაძლოა მაგნიტური ველი გამოიფრქვეს, ამიტომ უმჯობესია, ორსულები და კარდიოსტიმულატორის მქონე ადამიანები ერიდონ ინდუქციურ ქურას ან მის შეძენამდე ექიმთან გაიარონ კონსულტაცია.
გამოსხივების მინიმუმამდე დასაყვანად ისეთი ზომის ჭურჭელი გამოიყენეთ, კომფორა მთლიანად რომ დაიფაროს. გარდა ამისა, დაიცავით დისტანცია – მინიმუმ 15-20 სმ. ამისთვის საკვები უკანა კომფორებზე მოამზადეთ.
* ინდუქციური ქურა და მისთვის ვარგისი ჭურჭელი ჩვეულებრივზე გაცილებით ძვირია.
* ქურა გამორთულიც კი (სტანდბყ-მოდუს მდგომარეობაში) მოიხმარს უმნიშვნელო ოდენობის ენერგიას.
როგორ მოვუაროთ
ინდუქციური ქურა ტრადიციულ ქურებზე გაცილებით მგრძნობიარეა და ადვილად ზიანდება, ამიტომ მოვლის წესები უნდა დაიცვათ.
რა ყურადღებითაც უნდა იყოთ ხარშვის დროს და რა ზუსტადაც უნდა აკონტროლებდეთ ტემპერატურას, შესაძლოა, კერძი ქურაზე მაინც დაიღვაროს. მოდელების უმრავლესობა ტენისადმი მგრძნობიარეა და შესაძლოა, დაღვრილმა კერძმა ელექტროგაყვანილობა დააზიანოს, მისი გამოცვლა კი არც ისე ადვილია და ძვირიც დაგიჯდებათ.
ჯილდა გაჩეჩილაძე