ლიმონი – იმუნური სისტემის ბუსტერი
გააზიარე:
ერთხელ მაინც ალბათ ყველას გაუსინჯავს ლიმონის წვენისა და თაფლის ელექსირი, ურომლისოდაც ვერც ერთი ზამთარი ვერ ჩაივლის. ლიმონი ოდითგანვე გაციების უებარ წამლად მიიჩნეოდა, მოგვიანებით კი არაერთმა სამეცნიერო კვლევამ ცხადყო, რომ ეს ციტრუსი აძლიერებს იმუნურ სისტემას, აჩქარებს გამოჯანმრთელებას და დადებით გავლენას ახდენს ავადმყოფობის პროგნოზზე.
მაინც რითია სასარგებლო ლიმონი? როგორ გამოვიყენოთ ის საუკეთესო ეფექტის მისაღებად? აქვს თუ არა უკუჩვენება?
რას შეიცავს
ლიმონი C ვიტამინის, ჯანმრთელობისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი ნუტრიენტის, ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. 100 გ ახალ ლიმონში დაახლოებით 50 მგ C ვიტამინია, რაც ადამიანის ყოველდღიური მოთხოვნილების თითქმის ნახევარს უტოლდება.
ლიმონში არცთუ ისე ცოტაა E ვიტამინი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი.
ლიმონის კანი შეიცავს ეგრეთ წოდებულ მონოტერპენებს – მეორეულ მცენარეულ ნივთიერებებს, რომლებიც ტიპურ არომატს აძლევს მცენარეს და, როგორც ვარაუდობენ, ანტიკანცეროგენული ანუ კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.
გარდა ამისა, ლიმონი ნაკლებკალორიულია და თითქმის არ შეიცავს ცხიმებსა და ნახშირწყლებს.
10 მიზეზი, რის გამოც ლიმონი რეგულარულად უნდა მივირთვათ:
1. აძლიერებს იმუნურ სისტემას
C ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით ლიმონს აქვს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის ორგანიზმის მედეგობას, მატებს მას ბაქტერიებსა და ვირუსებთან ბრძოლის უნარს, მაგრამ თუ ლიმონს გრიპისა და გაციების თავიდან აცილების იმედით იღებთ, უმჯობესია, მთელი წლის განმავლობაში მიიღოთ ცოტ–ცოტა და არა ერთბაშად ბევრი, როცა უკვე ავადმყოფობის ნიშნებს შეამჩნევთ.
ლიმონის წვენს ისეთი ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს, მეცნიერები არ გამორიცხავენ მის გამოყენებას ბაქტერიებით დაბინძურებული წყლის დეზინფექციისთვის.
2. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
ლიმონის შემადგენლობაში შემავალი მჟავები აადვილებს მძიმე ცილოვანი და ცხიმიანი საკვების მონელებას. ლიმონის რეგულარულმა მიღებამ შესაძლოა თავიდან აგვაცილოს საჭმლის მონელების პრობლემები, მათ შორის ყაბზობა. ეფექტი კიდევ უფრო ძლიერი იქნება, თუ ლიმონის წვენს ცოტაოდენ ჯანჯაფილსაც დაუმატებთ.
გარდა ამისა, ლიმონის ქერქი შეიცავს პექტინს – ხსნად ბოჭკოს, რომელიც პრებიოტიკივით მოქმედებს და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბინადარი სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნაწლავური ფლორის სიჯანსაღისთვის.
3. ასუფთავებს თირკმელებს
ლიმონის წვენში გაცილებით მეტი ციტრატია, ვიდრე რომელიმე სხვაში. ციტრატებს შეუძლია დაშალოს თირკმლის ზოგიერთი კენჭი, უმთავრესად – შარდმჟავასა და კალციუმის შემცველი, და ხელი შეუშალოს მათ ხელახალ წარმოქმნას.
4. იცავს სახსრებს
როცა სისხლში შარდმჟავას კონცეტრაცია იმატებს, შარდმჟავას მარილები შესაძლოა სახსრებშიც ჩალაგდეს და პოდაგრის შეტევა გამოიწვიოს.
ყოველ დილით ერთი ჭიქა ლიმონიანი წყალი დაგეხმარებათ, სახსრები შარდმჟავას კრისტალების ფორმირებისგან დაიცვათ, მაგრამ თუ ორგანიზმში მომატებულია შარდმჟავას კონცენტრაცია და მაღალია პოდაგრის განვითარების რისკი, მხოლოდ ლიმონის იმედად ნუ იქნებით – ამ დროს მნიშვნელოვანია სათანადო დიეტაც, კერძოდ, პურინების შემცველი საკვების შემცირება.
5. ახდენს დეტოქსიკაციას
ლიმონს აქვს მსუბუქად შარდმდენი მოქმედება, შესაბამისად, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი წყლის და მასთან ერთად მავნე ნივთიერებების გამოძევებას.
6. დაბლა სწევს მჟავიანობას
მართალია, ლიმონი მჟავეა, მაგრამ ტუტე ეფექტს ავლენს და ხელს უწყობს ორგანიზმში მჟავიანობის დაბალანსებას. მჟავიანობა ხშირად იმატებს ისეთი საკვების გამო, როგორიცაა შაქარი, თეთრი ფქვილი, ხორცი და ხშირად ჯანმრთელობის პრობლემებსაც იწვევს.
7. ხელს უწყობს წონის კონტროლს
შარდმდენი, საჭმლის მონელების ხელშემწყობი, მჟავიანობის დამარეგულირებელი და ორგანიზმის გამწმენდი ეფექტის გამო, ლიმონიანი წყალი აადვილებს წონის კლებას.
ამ მხრივ კიდევ უფრო ეფექტურია ლიმონის რბილობი და პოლიფენოლებით მდიდარი ქერქი.
8. უხდება ლორწოვან გარსებს
შესაძლოა გეგონოთ, რომ ლიმონის წვენში შემავალი მჟავები აღიზიანებს ორგანიზმის ლორწოვან გარსებს. სინამდვილეში შესაძლოა პირიქითაც იყოს – მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ლიმონის წვენი ხელს უწყობს კუჭის ლორწოვანი გარსის რეგენერაციას.
ამასთან, ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ლიმონის წვენის რეგულარული მიღების შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდა იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ალერგიით გამოწვეულ ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებას და კონიუნქტივიტს უჩიოდნენ.
9. ჯანსაღი კანისთვის
C ვიტამინი ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას. სწორედ ეს ცილა უნარჩუნებს ელასტიკურობას კანს, იოგებსა და მყესებს, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, ამაგრებს ძვლებსა და კბილებს, სიმტკიცეს მატებს თმასა და ფრჩხილებს. C ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, იცავს უჯრედებს ნაადრევი დაბერებისგან და აჯანსაღებს შემაერთებელ ქსოვილს.
ლიმონიანი წყალი შეიძლება კანზეც წავისვათ, მაგალითად, როგორც ტონერი, მაგრამ ზომიერება აუცილებელია, რადგან ლიმონის წვენს შეუძლია, კანი ძლიერ გაღიზიანოს, განსაკუთრებით – მგრძნობიარე.
10. უხდება ნერვულ სისტემას
ლიმონი სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის. თაგვებზე ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ლიმონში შემავალ ეთერზეთებს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. იმავე კვლევის თანახმად, ლიმონის წვენი მეხსიერებასაც აუმჯობესებს.
უკუჩვენებები
ლიმონზე, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საკვებზე, ადამიანები სხვადასხვანაირად რეაგირებენ.
მაგალითად, ლიმონის წვენმა შესაძლოა კუჭის გაღიზიანება, მუცლის ტკივილი ან გულძმარვა გამოიწვიოს, იშვიათ შემთხვევებში კი ხელი შეუწყოს პირის ღრუში აფთების გაჩენას.
ეს სიმპტომები უმთავრესად მაშინ იჩენს თავს, როცა:
* გაქვთ მგრძნობიარე კუჭი,
* მიიღებთ ზომაზე მეტ ლიმონის წვენს,
* უზმოზე დალევთ ლიმონიან წყალს.
ლიმონის წვენს კბილების დაზიანებაც შეუძლია – მასში შემავალი მჟავები აგრესიულნი არიან კბილის მინანქრის მიმართ, თუმცა მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში, მაგალითად, მაშინ, როცა რამდენიმე საათის განმავლობაში შეუჩერებლად წრუპავთ ლიმონიან წყალს ან დღეში რამდენჯერმე ივლებთ პირში ლიმონის წვენს, რასაც, რა თქმა უნდა, არავინ აკეთებს.
მაგრამ თუ ლიმონის წვენს სანელებლად გამოიყენებთ ან ლიმონიან წყალს დღეში ერთხელ დალევთ (რასაც მაქსიმუმ 1 წუთი სჭირდება), თქვენს კბილებს არაფერი დაემუქრება.
გარდა ამისა, ლიმონი არ არის სასურველი ჰისტამინის აუტანლობის დროს. მართალია, თავად არ შეიცავს ჰისტამინს, მაგრამ მასში შემავალი ე.წ. ბიოგენური ამინები ხელს უწყობს ამ ჰორმონის დონის მატებას.
ლიმონი არ არის რეკომენდებული პირის ღრუში წყლულების და გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს.
გაითვალისწინეთ სიფრთხილის შემდეგი წესებიც:
* გააზავეთ ლიმონის წვენი საკმარისი ოდენობის წყლით.
* გასაზავებლად გამოიყენეთ ცივი ან თბილი წყალი, რადგან ცხელი წყალი მჟავას უფრო აგრესიულს ხდის.
* დალიეთ საწრუპი ჩხირით, რათა წყალი ნაკლები შეეხოს კბილებს.
* ლიმონის შეჭმის ან ლიმონიანი წყლის დალევის შემდეგ პირში, ყოველი შემთხვევისთვის, სასმელი წყალი გამოივლეთ.
მთელი ლიმონი
თუ გსურთ, სრულყოფილად ისარგებლოთ ლიმონის სასარგებლო თვისებებით, არა მხოლოდ წვენი, არამედ კანიც გამოიყენეთ.
ცედრაზე არანაკლებ ღირებულია თეთრი კანი, რომელსაც ბევრი ფაქიზად აცილებს. ის რბილობზე არანაკლებ მდიდარია ჩ ვიტამინით და ფლავონოიდებით, რომლებიც, მრავალ სიკეთესთან ერთად, უჯრედებსაც იცავენ თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, დაბოლოს, ის ბოჭკოსგან შედგება, ბოჭკო კი, როგორც ვიცით, დიდი ხნით ანაყრებს – მისი მიღების შემდეგ ისე მალე არ გვშივდება, როგორც შაქრის შემცველი საკვების მიღების შემდეგ.
თუ ლიმონის კანიანად ჭამას აპირებთ, ეცადეთ, გამოიყენოთ მხოლოდ სერტიფიცირებული ორგანული მეურნეობის პროდუქტი, რომელიც პესტიციდებს არ შეიცავს. სამწუხაროდ, ეკოლოგიურად სუფთა ლიმონი გაცილებით სწრაფად ფუჭდება, ამიტომ დიდხანს შესანახად უმჯობესია გაყინოთ.
შეიძლება თუ არა ლიმონიანი წყლის ყოველდღე მიღება?
თუ ლიმონიანი წყლით მკურნალობთ, მაგალითად, დეტოქსიკაციას იტარებთ, ის ყოველდღე უნდა სვათ. 10-14–დღიანი კურსი საკმარისია, მაგრამ თუ ლიმონიანი წყალი თქვენს ორგანიზმს არ ვნებს, შეგიძლიათ, მეტხანსაც სვათ.
თანაფარდობა ასეთია: 250-300 მლ წყალში ჩაწურეთ ნახევარი ლიმონი. უმჯობესია, ყოველდღე ახალ–ახალი მოამზადოთ.
ლიმონიანი სასმელი ნივრით
ლიმონის ეფექტის გაძლიერების ერთ-ერთი საუკეთესო გზა ნივრის დამატებაა. ნივრისა და ლიმონის კომბინაცია არაერთი დაავადების პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაცაა და გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს. ის ხელს უშლის სხეულში კალციუმის დალექვას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სახსრებისა და ტვინის სრულყოფილი ფუნქციობისთვის. უფრო უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ ნივრიან ლიმონს ჯანჯაფილს, კურკუმასა და შავ პილპილსაც დაამატებთ.
სასმლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
0,5 ლიტრი წყალი
2 ქერქიანი ლიმონი (უმჯობესია ეკოლოგიურად სუფთა)
ნახევარი ლიმეტი (ასევე ეკოლოგიურად სუფთა)
15 მომცრო კბილი ნიორი
1,5 სმ ზომის კანიანი ჯანჯაფილის ნაჭერი
ნახევარი ჩაის კოვზი ახალდაფქული კურკუმა
ერთი მწიკვი ახალდაფქული შავი პილპილი
ინგრედიენტები კარგად დააბლენდერეთ და მიღებული პასტა ანადუღარ თბილ წყალში გახსენით, მერე წვრილ ბადეში გაატარეთ და მაცივარში შედგით. მიიღეთ დღეში 15-20 მლ 10-15 დღის განმავლობაში. მიღების წინ კარგად შეანჯღრიეთ. პროფილაქტკური მკურნალობა წელიწადში ერთხელ ჩაიტარეთ.
ცხელი ლიმონი
ცხელი ლიმონი პოპულარული სასმელია, განსაკუთრებით – ზამთრის ცივ დღეებში. უკეთესია, თადარიგი დაიჭიროთ და იმუნური სისტემა წინასწარ მოიძლიეროთ, მაგრამ უკვე განვითარებული ვირუსული დაავადების შემთხვევაშიც დაგეხმარებათ.
C ვიტამინი ძალიან მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურის მიმართ, ამიტომ ლიმონს არასოდეს დაასხათ ცხელი და, მით უმეტეს, მდუღარე წყალი – მისი ტემპერატურა 40 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს.
ლიმონიანი ყავა
ლიმონის წვენით შეზავებული ახალმოხარშული ყავა თავის ტკივილის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა: კოფეინი სისხლძარღვებს აფართოებს, ჩ ვიტამინი კი ანთებას აცხრობს.
ვარაუდობენ, რომ ეს სასმელი საჭმლის მონელებასაც ასტიმულირებს. კერძოდ, ყავა ააქტიურებს კუჭის მჟავას გამომუშავებას და ნაწლავების პერისტალტიკას, ხოლო ლიმონმჟავა ზრდის ნაღვლის წარმოქმნას. თუ წონის დაკლება გსურთ, მოსინჯეთ ლიმონიანი ყავა ჯანსაღ დიეტასა და ვარჯიშთან ერთად.
როგორ შევინახოთ
გაუჭრელი ლიმონი, უმჯობესია, ბნელ, გრილ ადგილას შეინახოთ – იქ დაახლოებით ორი-სამი კვირა გაძლებს, დაჭრილის ადგილი კი მაცივარშია, ოღონდ გადაჭრილი მხარე ზემოთ უნდა მოუქციოთ, რომ არ დაობდეს. დაჭრილი ლიმონი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოიყენოთ.
ლიმონის გაყინვაც შეიძლება: კარგად გარეცხეთ, გააშრეთ, დაჭერით და ჯერ სათითაოდ გაყინეთ, მერე სათავსოში გადაიღეთ.
ჯილდა გაჩეჩილაძე