როგორ აღვზარდოთ მაღალი თვითშეფასების მქონე გოგონა

გააზიარე:

მაღალი თვითშეფასება და საკუთარი თავის რწმენა ყველა ადამიანისთვის აუცილებელია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ თავის დამკვიდრება გოგონებს გაცილებით მეტად უჭირთ. მცირე ასაკიდანვე, მულტფილმებისა თუ გარშემო მყოფების გავლენით, მათ საკუთარ შესაძლებლობებზე არასწორი წარმოდგენა ექმნებათ. სილამაზის სტანდარტები, ინფლუენსერების არარეალურად იდეალური ცხოვრებისკენ სწრაფვა დიდ გავლენას ახდენს გოგონების მსოფლმხედველობაზე. ამიტომ მშობლებმა უნდა იცოდნენ, სად ეძებონ საფრთხე და შვილების დაცვა შეეძლოთ.

მედიის გავლენა

დავიწყოთ ინფლუენსერებით. მართალია, ზოგიერთი მათგანი მართლაც სასარგებლო გზავნილებს აწვდის თავის აუდიტორიას, მაგრამ უდიდესი ნაწილი მაინც საკუთარი ვითომ იდეალური ცხოვრების ჩვენებით იხვეჭს სახელს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ბავშვებს მცირე ასაკიდანვე მიუწვდებათ ხელი ამ ვიდეოებზე და უყალიბდებათ წარმოდგენა, რომ ცხოვრება მართლაც ასეთი ლამაზი და ფერადია. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ამ ფერადი კადრების მიღმა რეალური ადამიანები დგანან რეალური პრობლემებით, რომლებსაც სოციალურ მედიაში უბრალოდ არ აჩვენებენ. სანამ ამას გააცნობიერებს, გოგონა უკვე იმ სტანდარტების ტყვეა, სადაც იდეალური ვარცხნილობითა და მაკიაჟით იღვიძებენ, საყვარელ ადამიანს ყავა საწოლში მოაქვს, ბავშვი სულ ხალისიან განწყობაზეა და არასოდეს ტირის, სახლი სულ დალაგებულია და ათასი სხვა არარეალური რამ. ამის შემყურე გოგონა საკუთარ თავსაც ასეთ პერფექციონისტულ მიზნებს უსახავს და ვინაიდან რეალურ ცხოვრებაში ამის მიღწევა შეუძლებელია, იმედი უცრუვდება. როდესაც ის ხედავს, რომ სახლი ზოგჯერ მიულაგებელია, დედა ხშირად დადის საშინაო ხალათით, მშობლები ხანდახან კამათობენ, ხოლო მისი ჩვილი ძამიკო გამუდმებით ტირის, ისტრესება, რადგან ჰგონია, რომ მისი ოჯახი არ არის იდეალური, რომ ოჯახი, რომელსაც სოციალურ მედიაში ხედავს, მისას სჯობია. ვერ აცნობიერებს, რომ სწორედ ის, რაც მის ოჯახში ხდება, სავსებით ნორმალურია და იმ იდეალური ადამიანების კადრსმიღმა ცხოვრებაში შესაძლოა გაცილებით სერიოზული პრობლემები იმალებოდეს.

კიდევ ერთი პრობლემაა სხეულის არაჯანსაღი აღქმა, რომელიც ასევე მედიით ნანახი, ფოტოშოპით იდეალურობამდე მიყვანილი ქალის სხეულების ნახვის შედეგად უყალიბდებათ გოგონებს.

და ვინაიდან ამ ყველაფერს ვერ გავექცევით, – ბავშვს სრულიად ვერ მოვწყვეტთ ინტერნეტს და ტელევიზორს, – აუცილებელია მასთან ამ თემებზე გულახდილად საუბარი.

მშობელი ბავშვს ასაკის შესაბამისად უნდა ესაუბროს და მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნას, რომ ის, რასაც სოციალურ მედიასა და ტელევიზორში ხედავს, არარეალურია. შეგიძლიათ აჩვენოთ ამ ადამიანების რეალური, ფოტოშოპით დაუმუშავებელი ფოტოები, რათა დაარწმუნოთ, რომ დროდადრო ყველას აქვს ცუდი დღე და ყველა ქალი ყოველთვის იდეალურად არ გამოიყურება. აუცილებლად გაუმახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ იდეალურობა არ უნდა იყოს მისი მიზანი, ხაზი გაუსვით, რამდენად მნიშვნელოვანია განათლება, გონებრივი სიჯანსაღე, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, პროფესია, რომ გარეგნობა არ განსაზღვრავს მის პიროვნებას.

“დისნეის” პრინცესები

ფიფქია, კონკია, მძინარე მზეთუნახავი ალბათ ყველა გოგონას ბავშვობის საყვარელი გმირები არიან, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ის პასიური როლი, რომელიც ამ პერსონაჟებს აქვთ მინიჭებული, არცთუ ისე სასიამოვნო მოგეჩვენებათ. კონკიას ისტორია მთავრდება მას შემდეგ, რაც ის ცოლად გაჰყვება პრინცს, თითქოს ამით მან თავისი ცხოვრებისეული ვალი მოიხადა და მიზანს მიაღწია. მძინარე მზეთუნახავი მთელი ფილმის განმავლობაში გაუნძრევლად წევს და მხოლოდ მამაცი პრინცის კოცნის შედეგად მოდის გონს. ფიფიქია უვლის შვიდ ჯუჯას, მერე კი ისიც მხოლოდ პრინცის კეთილი ნების იმედად რჩება.

თუ ერთ მშვენიერ დღეს თქვენმა პატარა გოგონამ გითხრათ, რომ არ სურს ზეიმზე მძინარე მზეთუნახავის კოსტიუმის ჩაცმა, რადგან ის მისთვის უინტერესო პერსონაჟია, ხოლო პრინცი ფილიპი გაცილებით საინტერესოა, ნუ გაგიკვირდებათ – ეს ნიშნავს, რომ თქვენს გოგონას პრიორიტეტები სწორად აქვს განაწილებული. მსგავსი მულტფილმები სასიამოვნო საყურებელია თავისი მუსიკალური ნომრებით და იმ პატარ-პატარა სიკეთის ჟესტებით, რომლებიც მათშია ჩადებული, მაგრამ მათი ნახვის შემდეგ პატარა გოგონებს აუცილებლად ესაუბრეთ. განიხილეთ, რა მოეწონა, რა – არა, თქვენ რა მოგწონთ და რას შეცვლიდით. საუბარში უთხარით, რომ სილამაზე და სინაზე არ არის მთავარი გმირების ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ კონკია იმიტომ კი არ გახდა პრინცის მეუღლე, რომ უბრალოდ გაუმართლა, რადგან ლამაზი იყო, არამედ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება სიკეთეს აკეთებდა, სიკეთე კი ყოველთვის ფასდება. შეგიძლიათ, ისიც დასძინოთ, რომ კონკიას შეეძლო, ხასიათის მეტი სიმტკიცე გამოეჩინა დედინაცვალსა და დებთან. ჰკითხეთ, თავად როგორ მოიქცეოდა მის ადგილას.

ხსნა ინდივიდუალობაშია

არათუ ბავშვებს, ზოგიერთ ზრდასრულსაც კი საკმაო დრო სჭირდება თავისი ინდივიდუალობის მნიშვნელობის გასაცნობიერებლად. თუ გოგონა მიხვდება, რომ ის ერთადერთია სამყაროში, რომ მეორე მისნაირი არ არსებობს და ამიტომ მისი ყოველი მოქმედება, ყოველი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, ზემოხსენებული გავლენების ქვეშ მისი მოქცევა ადვილი აღარ იქნება. ყოველთვის გაუმახვილეთ ყურადღება იმაზე, რაოდენ მნიშვნელოვანია, ისწრაფოდეს საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნისკენ, ეჯიბრებოდეს არა სხვას, არამედ საკუთარ თავს, ისახავდეს რეალურ მიზნებს და ეს მიზნები მხოლოდ საკუთარი თავის სრულყოფისკენ იყოს მიმართული. მას შემდეგ, რაც გოგონა დააფასებს საკუთარი სხეულის სილამაზეს, საკუთარი გონების ძალას და შესაძლებლობებს, შეგიძლიათ, მშვიდად ამოისუნთქოთ – ის მომზადებული შეუდგება ცხოვრების რთულ, მაგრამ სასიამოვნო გამოწვევებით სავსე გზას.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: