მაანკილოზებელი სპონდილიტი – ხერხემლის მადეფორმირებელი დაავადება

გააზიარე:

მაანკილოზებელი სპონდილიტი ანთებითი დაავადებაა, რომელიც ხერხემალს, მსხვილ სახსრებს და სხვა ორგანოებს აზიანებს. სიტყვა “მაანკილოზებელი” სიხისტეს, არადრეკადობას აღნიშნავს, "სპონდილიტი" კი ხერხემლის ანთებას. დაავადების სახელწოდება მისივე არსიდან გამომდინარეობს: ანთება ხერხემალს მოქნილობას უკარგავს და მის დეფორმაციას იწვევს.

როგორ ვლინდება

მაანკილოზებელი სპონდილიტის ადრეული სიმპტომებია ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი და შებოჭილობა ხერხემლის წელის არესა და მენჯის სახსრებში. შებოჭილობა განსაკუთრებით ძლიერია დილაობით და უმოძრაო პერიოდის შემდეგ. ხშირია კისრის ტკივილი და საერთო სისუსტე. ყველაზე ხშირად ზიანდება გავა-თეძოს სახსრები, ზურგის ქვედა ნაწილის ხერხემლის მალები, ხერხემლის მალებსა და ქუსლის ძვლებთან მყესებისა და იოგების მიმაგრების ადგილები. ანთებამ ასევე შესაძლოა დააზიანოს ხრტილოვანი შესახსრება მკერდის ძვალსა და ნეკნებს შორის, მენჯ-ბარძაყისა და მხრის სახსრები. როდესაც პათოლოგიურ პროცესში ხერხემლისა და ნეკნების შესახსრება ერთვება, ადამიანს უჭირს ღრმად ჩასუნთქვა. დაავადების კლინიკური სურათი ნელ-ნელა, თვეობით, წლობით ვითარდება და სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვანაირად გამოიხატება. მდგომარეობა თანდათან მძიმდება, თუმცა არის დროებითი გაუმჯობესების შემთხვევებიც.

მაანკილოზებელი სპონდილიტის მძიმე ფორმის დროს ორგანიზმი ახალი ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნით ცდილობს განკურნებას. ახალი ძვალი ნელ-ნელა ავსებს ხერხემლის მალებს შორის არსებულ სივრცეებს და იწვევს მალათა შერწყმას. შერწყმული მალები ხერხემლის ბუნებრივ სიმრუდეებს აბრტყელებს და ადამიანი წელში იხრება – ე.წ. მთხოვნელის პოზას იღებს. ხერხემლის დასახელებული ნაწილები მოუქნელი, არადრეკადი ხდება.

მაანკილოზებელი სპონდილიტის ორ ტიპს განასხვავებენ: თუ დაავადება რენტგენოგრაფიულად ვლინდება, აქსიალურ სპონდილოართრიტს უწოდებენ, ხოლო თუ რენტგენზე არ ჩანს და მხოლოდ დამახასიათებელი სიმპტომებით გამოიხატება – არარადიოგრაფიულ სპონდილოართრიტს. სიმპტომები, წესისამებრ, ზრდასრული ასაკის მიღწევიდან მალევე იჩენს თავს.

რა იწვევს

მაანკილოზებელი სპონდილიტის ზუსტი მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ დაავადების განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები. მაღალი რისკი ემუქრებათ HLA-B27 გენის მატარებელ პირებს – სტატისტიკურად, ამ გენის მქონე 100 ადამიანიდან ხუთს მაანკილოზებელი სპონდილიტი უვითარდება. დაავადება უფრო ხშირად აღირიცხება მამაკაცებთან და ერთი ოჯახის წევრებს შორის. დიდია ალბათობა მათთვისაც, ვისაც კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ან ფსორიაზი აქვს.

რით რთულდება

მკურნალობის თანამედროვე პირობებში მაანკილოზებელი სპონდილიტი საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას, თუმცა აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და თან ახლავს პოტენციურად საშიში გართულებების განვითარების რისკი. ყველაზე გავრცელებული გართულებაა უვეიტი – თვალების ანთება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ერთბაშად დაწყებული თვალების ტკივილი, სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება, მხედველობის დაბინდვა. დიდია ოსტეოპოროზის – ძვლების სიმყიფით მიმდინარე დააავადების – განვითარების ალბათობაც, რაც, თავის მხრივ, ზრდის მოტეხილობათა რისკს. ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობის დროს მალის ძირითადი ნაწილის, სხეულის, მთლიანობა ირღვევა, ის იღებს სოლისებურ ფორმას  და ზურგის ტვინსა და მისგან გამომავალ ნერვებს აწვება. კომპრესიული მოტეხილობა შესაძლოა უმნიშვნელო მოძრაობამ, მაგალითად, კიბეზე ასვლამ ან წინ დახრამაც კი გამოიწვიოს.

დროთა განმავლობაში, დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ, ხერხემლის დრეკადობის დაკარგვისა და სხვა სახსრების დაზიანების შედეგად, შესაძლოა განვითარდეს უუნარობა (უმთავრესად – ასაკოვნებთან).

მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს ანთებამ შესაძლოა ჩაითრიოს კანი, ნაწლავები, გულ-სისხლძარღვთა სისტემა.

დიაგნოსტიკა

მოწმდება სხვადასხვა მიმართულებით ხერხემლის მოძრაობის დიაპაზონი, მენჯისა და გავა-თეძოს სახსრების მტკივნეულობა, გულმკერდის ღრუს გაფართოება. ტარდება ხერხემლისა და გავა-თეძოს სახსრების რენტგენოლოგიური გამოკვლევა, თუმცა დაავადების ადრეულ ეტაპზე ცვლილებები შესაძლოა არ იყოს გამოხატული. მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით შესაძლოა დადგინდეს არარადიოგრაფიული აქსიალური სპონდილოართრიტის არსებობა დაავადების ადრეულ ეტაპზე. მაანკილოზებელი სპონდილიტის სადიაგნოზო სპეციფიკური ლაბორატორიული კვლევა არ არსებობს. სისხლის ანალიზით ვლინდება ანთების არსებობა, მაგალითად, ერითროციტების დალექვის სიჩქარის მატება მაანკილოზებელი სპონდილიტის მქონე ათიდან შვიდ პაციენტს აღერიცხება. ტარდება გენეტიკური ტესტირება HLA-B27 გენის აღმოსაჩენად, რომელიც მაანკილოზებელი სპონდილიტის მქონე 20-დან 19 ადამიანთან გვხვდება. 

მკურნალობა

მკურნალობის მიზანია ტკივილისა და შებოჭილობის შემსუბუქება, ხერხემლის დეფორმაციების თავიდან აცილება და შეძლებისდაგვარად სრულფასოვანი ცხოვრების წესის შენარჩუნება. ვინაიდან მაანკილოზებელი სპონდილიტისგან განკურნება შეუძლებელია, უფრო ეფექტურია სამკურნალო ღონისძიებების მანამდე დაწყება, სანამ დაავადება ორგანიზმს შეუქცევად ზიანს მიყენებს.

ანთებისა და ამით გამოწვეული ტკივილის დასაცხრობად ყველაზე ხშირად გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები – ნატრიუმის ნაპროქსენი და იბუპროფენი. არჩევის სხვა პრეპარატებია სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის (TNF) საწინააღმდეგო საშუალებები (ადალიმუმაბი, ცერტოლიზუმაბი, ინფლიქსიმაბი, ეტანერცეპტი), ინტერლეიკინ-17-ის დამთრგუნველი ნივთიერებები (სეცუკინუმაბი, კოსენტიქსი), სხვა ბიოლოგიური მედიკამენტები. ისინი კანქვეშ ან ვენაში შეჰყავთ.

ზოგჯერ ტარდება ოპერაცია მენჯ-ბარძაყის დაზიანებული სახსრების შესაცვლელად ან ხერხემლის გასქელებული ძვლების მოსაცილებლად.

მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია სამკურნალო ვარჯიში და ფიზიოთერაპია. ფიზიოთერაპევტი პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით არჩევს ვარჯიშთა სპეციალურ კომპლექსს. ვარჯიში და ფიზიოთერაპია აუმჯობესებს სახსრების ძალასა და ხერხემლის მოქნილობას, ამსუბუქებს ტკივილს, ხსნის შებოჭილობას.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: