სასარგებლო დესერტი ძაღლისთვის
გააზიარე:
რა არ უნდა ვაჭამოთ ძაღლს, ამ მნიშვნელოვან თემას “ვეტკაბინეტის” წინა გამოშვებაში შევეხეთ. ამჯერად გთავაზობთ პასუხს კითხვაზე, რით შეიძლება გავამდიდროთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების რაციონი.
კენკრა
გაგიკვირდებათ და კენკრა პირის ჩასატკბარუნებელთა სიაში მოწინავე ადგილს იკავებს. ძაღლების წინაპრები, მგლები, ველურ ბუნებაში ხშირად შეექცეოდნენ სეზონურ ხილს. კენკრა კი, გარდა იმისა, რომ გემრიელია, სასარგებლოცაა, რადგან შეიცავს მიკროელემენტებს, ჩ და B ჯგუფის ვიტამინებს, ცილებს, ცხიმებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს. ზაფხულის ცხელ დღეებში გაყინულ კენკრას თუ შესთავაზებთ ცუგას, ორმაგად გაიხარებს – გაგრილდება კიდეც და გემრიელი და სასარგებლო სასუსნავითაც ჩაიგემრიელებს ყელს.
გოგრა
თუ ძაღლს ლეკვობიდან შეაჩვევთ მოხარშული ან ღუმელში უცხიმოდ შემწვარი გოგრის გემოს, დიდ სამსახურს გაუწევთ, რადგან გოგრა მიკროელემენტებისა და მინერალების მდიდარი წყაროა. მისი რეგულარული ჭამა ხელს უწყობს თითქმის ყველა შინაგანი ორგანოს ნორმალურ ფუნქციობას. გოგრა შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, როგორიცაა კალიუმი, მაგნიუმი, კობალტი, თუთია და რკინა. ამას ემატება უამრავი ვიტამინი – А, Е, С, D, F, PP, თ, B. გარდა ამისა, გოგრა დაბალკალორიულია და ძაღლის რაციონში მისი ჩართვა დღიური ულუფის გაუთვალისწინებლადაც შეიძლება. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშრალ კვებაზე მყოფი ძაღლებისთვის. მწარმოებლის მიერ მითითებული ან ექიმის დანიშნულებით შედგენილი რაციონის გადაჭარბება არ არის საურველი.
სტაფილო
სტაფილო მშვენიერი ხემსია, თანაც კბილებს ნადებისგან ასუფთავებს. ძაღლის დღიურ რაციონში მისი ჩართვა აუცილებელიც კია. სტაფილო უნდა იჭამოს უმად.
ბანანი
ბევრი ძაღლი დიდი სიამოვნებით მიირთმევს ამ ტკბილ და ნოყიერ ხილს. ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბანანი საკმაოდ მაღალკალორიულია და როცა ამ ხილით უმასპინძლდებით ცუგას, სხვა სასუსნავის მიცემა უნდა შეიზღუდოს. დღეში ერთი ბანანი საკმარისია, რომ ორგანიზმმა შეივსოს B1, A1, B9, B12 და ჩ ვიტამინების მარაგი.
კვერცხი
მოხარშული კვერცხი D ვიტამინის წყაროა. რაციონში მისი ჩართვა ჯანსაღი, ლამაზი, ბზინვარე ბეწვის საწინდარია. კვერცხი ძლიერი ანტიოქსიდანტია და ძალიან სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლს უმი კვერცხის ჭამაც შეუძლია, მოხარშვა აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციური დაავადებები, მათ შორის – სალმონელოზი, რომელიც ძაღლისთვისაც სახიფათოა.
გემრიელი და სასარგებლო სასუსნავების რეცეპტები
* ორი წილი გოგრა და ერთი წილი მაწონი ერთმანეთში აურიეთ და ყინულის ფორმებში ჩაასხით. გაყინეთ გამყარებამდე.
* ერთი ბანანი, ერთი ჩაის კოვზი უშაქრო და უმარილო არაქისის კარაქი, 100 გრამი გახეხილი სტაფილო და ძაღლებისთვის განკუთვნილი სპეციალური ორცხობილა ერთმანეთში აურიეთ, დააბლენდერეთ და ყინულის ფორმებში ჩაასხით. მოაყარეთ დაფხვნილი ძაღლის ორცხობილა. გაყინეთ გამყარებამდე.
* თითო წილი კენკრა, გოგრა, არაქისის კარაქი (უშაქრო და უმარილო) და მაწონი, ნახევარი წილი ბანანი და მესამედი წილი ძაღლის სასუსნავი დააბლენდერეთ. ჩაასხით ყინულის ფორმებში. გაყინეთ გამყარებამდე.
პირველ ჯერზე მცირე ულუფა მოამზადეთ და გაასინჯეთ ცუგას. ის თავად მიგახვედრებთ, რომელი “ნაყინი” უფრო მოსწონს.
ნინო ლომიძე