როდის ველოდეთ ძაღლის თავდასხმას და როგორ დავიცვათ თავი

გააზიარე:

თბილისში ძაღლებს ყველგან შეხვდებით: ცენტრალურ უბნებში, გარეუბნებში, ეზოებში, სკვერებსა და პარკებში. ზოგჯერ – ხროვებად, უფრო ხშირად – მარტოს. ადამიანებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ მიუსაფარი ძაღლების მიმართ. ზოგს პანიკურად ეშინია, ზოგს ეზიზღება, ზოგს მიაჩნია, რომ საჭიროა მათი დაჭერა, იზოლირება ან სულაც განადგურება, ზოგი კი მათზე ზრუნავს. სოციალურ ქსელში არაერთი თემატური ჯგუფია: ადამიანები მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად ერთიანდებიან. ამ ჯგუფებში ხშირად წააწყდებით აღშფოთებული მოქალაქეების განცხადებებს: “ჩემთვის მივდიოდი და ძაღლი გამომეკიდა”, “გვერდით ჩავუარე და ღრენა დამიწყო”, “მოფერება მინდოდა და მიკბინა”... იქვეა არანაკლებ აღშფოთებული ცხოველთა მოყვარულების პასუხებიც: “ძაღლი ტყუილუბრალოდ არავის ერჩის”, “ღირსი იყავი და იმიტომ”, “ალბათ, გააღიზიანე”...

დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ყველა ჩვენგანს ჰქონია ძაღლთან “დაძაბული ურთიერთობის” გამოცდილება. ამ სტატიის დაწერაც ერთმა ასეთმა შემთხვევამ გადამაწყვეტინა: ძაღლების ხროვის პირისპირ აღმოვჩნდი და მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე ამ დროს, მაინც გვარიანად შევშინდი. რომ არა ის ცოდნა, რომელიც წლების განმავლობაში ძაღლებთან ურთიერთობისა და სპეციალური ლიტერატურის კითხვის წყალობით დამიგროვდა, კარგი დღე არ დამადგებოდა.

როგორ მოვიქცეთ, თუ ძაღლს ან ძაღლების ხროვას შევეჩეხეთ? რას “გვეუბნება” ძაღლი საკუთარი სხეულის დახმარებით? როგორ მივხვდეთ, ის “უბრალოდ მოსასალმებლად” მოექანება ჩვენკენ თუ “რამე ცუდი აქვს განზრახული”?

პირველი წესი

დავიწყოთ ერთი მნიშვნელოვანი განცხადებით: თუ ძაღლი

. არ არის დაავადებული,

. არ აქვს რაიმე ტიპის ფსიქიკური დარღვევა,

. საგანგებოდ არ არის დაგეშილი,

. არ გრძნობს საფრთხეს ადამიანისგან,

– ის არასოდეს გამოიწევს საკბენად. ეს იმას ნიშნავს, რომ “ქუჩის” ძაღლი, რომელიც მიჩვეულია ადამიანების გარემოცვას, ნაკლებად საშიშია და თუ სწორად მოვიქცევით, არაფერს დაგვიშავებს.

საფრთხის მომასწავებელი ნიშნები

ძაღლმა ადამიანის მიმართ აგრესია შეიძლება გამოამჟღავნოს, თუ:

* ადამიანი თვითონვე ამჟღავნებს აგრესიას მის მიმართ;

* მეძუძური ძუა და იცავს ლეკვებს;

* დაჭრილია ან გრძნობს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება;

* ადამიანი შეიჭრა ტერიტორიაზე, რომელზეც ძაღლი “მუშაობს" (მაგალითად, მოგზაური უნებურად მოხვდა ფარის საძოვარზე, რომელსაც მეცხვარის ნაგაზი დარაჯობს);

* დაავადებულია ცოფით;

* საგანგებოდაა დაგეშილი პატრონის მიერ;

* მუდმივად ჯაჭვითაა დაბმული და მოულოდნელად აიშვა;

* დაზიანებული აქვს ფსიქიკა არასწორი აღზრდის, მოპყრობის გამო.

ისეც ხდება, რომ ადამიანი, იმის სადემონსტრაციოდ, ძაღლებს ვუყვარვარ და არ მერჩიანო, ისეთი ქმედების უფლებას აძლევს თავს, რომელიც ძაღლისთვის მიუღებელია. ცხოველის საპასუხო აგრესია ამ დროსაც მოსალოდნელია.

სამახსოვრო

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ძაღლთან ფრთხილი და პატივისცემით განმსჭვალული მოპყრობაა საჭირო. ფამილარობა, მოფერების მცდელობა, პირადი სივრცის დარღვევა, თუნდაც კეთილი განზრახვით, ძაღლმა შესაძლოა თავდასხმად აღიქვას.

გაუთვალისწინებელი გარემოებები

შესაძლოა, ეს ყველაფერი ვიცოდეთ, ძაღლებს ჩასახუტებლად არ დავდევდეთ და უსაფრთხოების წესებსაც ვიცავდეთ, მაგრამ მოხდეს რაღაც გაუთვალისწინებელი.

მაგალითად, მივდივართ ჩვენთვის და გვხვდება ძაღლების ხროვა ან ვხედავთ, როგორ მორბის ძაღლი ჩვენკენ.

როგორ ვიქცევით?

რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალია, გავეცალოთ იმ ადგილს და სხვა გზით წავიდეთ.

თუ მეცხვარეების მიერ მონიშნულ ტერიტორიაზე მოხვდით და მეცხვარის ნაგაზმა შეგამჩნიათ, უმჯობესია, უკუსვლით გაერიდოთ არეს.

თუ ძაღლს ზურგს შეაქცევთ და გაიქცევით, აუცილებლად გამოგეკიდებათ, მაგრამ თუ მშვიდად გაეცლებით მის მიერ “კონტროლირებად” ტერიტორიას, გაგიშვებთ. მეცხვარის ნაგაზს თავისი საქმე აქვს და ფარას არ მიატოვებს. ადამიანის კბენა მისი თვითმიზანი არ არის.

თუ ძაღლების ხროვის პირისპირ აღმოჩნდით, არ აგრძნობინოთ, რომ გეშინიათ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ცხადია, შინაგანად დაძაბულიც იქნებით და შიშსაც იგრძნობთ, - ეს ბუნებრივი რეაქციაა, - მაგრამ ეცადეთ, გარეგნულად ეს არ გამოხატოთ. არ დაიწყოთ ხელების ქნევა, არ დაიხიოთ უკან, აქეთ-იქით არ მიაწყდეთ. დადექით მტკიცედ, ერიდეთ თვალებით პირდაპირ კონტაქტს. არავითარ შემთხვევაში არ გაიქცეთ. ამ დროს თქვენი ერთადერთი იარაღი სიმშვიდეა. როცა გარბიხართ, ცხოველში იღვიძებს ინსტინქტი – “გარბის-დაეწიე”.

შესაძლოა, ხროვის ლიდერმა თქვენთან მოახლოება გადაწყვიტოს. მოახლოება არ ნიშნავს შეტევას. ძაღლი, რომელსაც კბენა აქვს გადაწყვეტილი, ორჭოფობის გარეშე კბენს. შორიდან ყეფა, მოახლოებისას ყეფის შეწყვეტა და ინტერესის გამომხატველი სხეულებრივი სიგნალები (კუდი მიწის პარალელურადაა გაჭიმული, თავი – ოდნავ დახრილი, არ ისმის ღრენა) იმის გარანტიაა, რომ ცხოველი მხოლოდ და მხოლოდ თქვენი რეაქციის შესაბამისად იმოქმედებს.

როცა ძაღლი მოგიახლოვდებათ, არავითარ შემთხვევაში არ შეაქციოთ ზურგი, მისკენ მიბრუნდით და მშვიდად გამოელაპარაკეთ (“რაო?” “კარგი ცუგა”, “ხედავ, არ მეშინია”), მაგრამ თვალებში არ შეხედოთ – ეს შესაძლოა გამოწვევად აღიქვას. ნელი ნაბიჯით დაიხიეთ უკან და ასე უკუსვლით გაეცალეთ იქაურობას.

თუ ძაღლი მოგიახლოვდათ და დაგყნოსათ, ეს ერთმნიშვნელოვნად კეთილგანწყობის გამოვლენაა. მიეცით ამის საშუალება. ნუ გააკეთებთ სწრაფ, მოულოდნელ მოძრაობებს. ნურც მოფერებას ეცდებით – მისკენ გაწვდილი ხელი შესაძლოა აგრესიის გამოხატულებად აღიქვას და გიკბინოთ. ძაღლი ამ შემთხვევაშიც იქცევა შემდეგი პრინციპის შესაბამისად: “დავაკვირდები, როგორ იქცევი შენ და გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე მე“.

ნურასდროს მიეკარებით ცხოველს თქვენი ინიციატივით, თუ ის არ გამოხატავს თქვენ მიმართ სიმპათიას ან ინტერესს. სიმპათიისა და ინტერესის გამომხატველია შემდეგი ნიშნები:

* ძაღლი აქნევს კუდს;

* ფართოდ პირგაღებული და ენაგადმოგდებული, ხშირ-ხშირად სუნთქავს, წინ იხრება და წინა ორ თათს ეყრდნობა, ფეხებთან გიწვებათ, ცდილობს, გაგეთამაშოთ, ითხოვს მოფერებას, გულაღმა წვება და მუცელს მოგიშვერთ...

აგრესიის გამომხატველი სხეულებრივი ენა კი ასეთია:

* ძაღლი ღრენისას აჩენს წინა ეშვებს;

* სხეულზე (განსაკუთრებით – ქედზე) ბეწვი ეჯაგრება;

* იღრინება ყრუდ და ძრწოლის მომგვრელად (ძაღლი, რომელიც ბევრს იყეფება, არ არის მზად კბენისთვის. კბენას წინ ღრენა უძღვის);

* ძაღლი ცდილობს, უკნიდან მოგიდგეთ (თავდასხმა უმეტესად სწორედ ზურგიდან ხდება). ამისთვის ფრთხილად და შემპარავად ცდილობს, შემოგიაროთ.

თუ შეატყვეთ, რომ შეტევა გარდაუვალია და ძაღლი საკბენად გიახლოვდებათ, შეეცადეთ, ისეთი რამ მოიგდოთ ხელში, რასაც ძაღლი კბილებით ჩააფრინდება. ეს შეიძლება იყოს ჩანთა, ზურგჩანთა, დაგორგლილი ქურთუკი, ჯოხი, პლასტმასის ბოთლი – ნებისმიერი რამ, რასაც ძაღლი თქვენი სხეულის ნაცვლად “ჩაკბეჩს“.

ნინო ლომიძე

გააზიარე: