გია მურღულია - “რამ შემქმნა ადამიანად”

გააზიარე:

– ადამიანი ორჯერ იბადება: ჯერ – ბიოლოგიურად, მერე – სოციალურად, – გვეუბნება გია მურღულია, ფილოლოგიის დოქტორი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი, სკოლა “IB მთიების” ჰუმანიტარული განათლების შესავლის მასწავლებელი.

ბატონი გია სისტემაში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება, როგორც პედაგოგი და განათლების ექსპერტი, საკუთარ გამოცდილებასა და ხედვას გვიზიარებს და იმ პიროვნულ არჩევანზეც გვიამბობს, რომელმაც მისი სოციალური დაბადება განაპირობა.

მასწავლებლები და მასწავლებლობა

– ლიტერატურის სიყვარული პირველი ექსპერიმენტული სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მამუკა ოჩიგავამ გამიღვივა. ფილოლოგობაც მანვე მომანდომა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც მასწავლა, როგორი დახვეწილი და ესთეტიკური შეიძლება იყოს ფიქრი. იქ დავიბადე როგორც ამ გზის მაძიებელი. უნივერსიტეტში შევხვდი რეზო სირაძეს, რომელსაც დღემდე ჩემს მთავარ მასწავლებლად მივიჩნევ. მან შექმნა ფიქრის სკოლა, რომლის მიმდევარიც დღემდე ვარ.

როგორც ხედავთ, ორი პიროვნება დავასახელე, რომლებმაც ჩემს ცხოვრებას კვალი დაამჩნიეს და ორივე დიდი პედაგოგი იყო.

ჩემი რწმენით, მასწავლებელს სამი მთავარი რამ მოეთხოვება:

პირველი – ასწავლოს საგანი.

მეორე – განუვითაროს მოსწავლეს უნარები, რომელთა გარეშე წარმატებაზე ფიქრიც ზედმეტია: ნებისყოფა,  შრომისმოყვარეობა, შეუპოვრობა, ალგორითმის გააზრების უნარი, ასევე – ფსიქოლოგიური მდგრადობა წარუმატებლობის მიმართ: რადგან ამქვეყნად გამუდმებით ბრძოლა გვიწევს, ადამიანს მარცხის დამარცხება უნდა შეეძლოს. რაც მთავარია, დაეხმაროს პასუხისმგებლობის გააზრებაში. ძალიან ბევრს გვესაუბრებიან თავისუფლებასა და იმ ვალდებულებებზე, რომლებიც სამყაროს ჩვენ მიმართ აქვს. ჩვენს მოვალეობებსა და პასუხისმგებლობაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ ხანდახან?

პედაგოგის მესამე დანიშნულებაა, მოსწავლეს ღირებულებათა სისტემა ჩამოუყალიბოს, რათა ის სიმართლისა და ღირსების მხარეს დადგეს.

ახლა გიამბობთ, როგორ ვართმევ თავს ამ ფუნქციებს:

რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა მაქვს, რომლებიც სამივე მიმართულებას აერთიანებს. პირველია “მცირე პროზა” – გაკვეთილზე მსოფლიოს დიდი მწერლების პატარ– პატარა ტექსტებს ვკითხულობთ და ვმსჯელობთ. ეს ძალაუნებურად ფიქრს გვაჩვევს, პასუხების მოძიებისკენ გვიბიძგებს, ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაში გვეხმარება.

მეორე პროგრამაა “ფილმმი”. ეს აბრევიატურა ასე იშიფრება: ფ – ფილოსოფია, ი – ისტორია, ლ – ლიტერატურა, მ – მუსიკა, მ –  მხატვრობა და ი – იერარქია ანუ ღირებულებათა სისტემა. მთლიანად, როგორც ხედავთ, “ფილმიც” გამოდის. ისეთ თემებს ვეჭიდებით, როგორებიცაა: მე და ღმერთი, მე და სახელმწიფო, მე და სამყარო, მე და საზოგადოება, მე და ოჯახი, მე და მე... სიყვარული, სამართლიანობა, პატრიოტობა...

მაგალითად, მოგიყვებით როგორ ხდება სამართლიანობის გააზრება “ფილმმის” სქემით:

ვიწყებთ ფილოსოფიით. მაგალითად მომყავს უკვდავი ტექსტი “სოკრატეს აპოლოგია”, რომელშიც პლატონი იმაზე საუბრობს, რატომ თქვა სოკრატემ უარი გადარჩენაზე, როდესაც ათენის სასამართლომ მას სიკვდილი მიუსაჯა.

ისტორია – აქ უამრავ საკითხზე შეიძლება მსჯელობა. თუნდაც იმაზე, როგორ არეგულირებდა ვახტანგისეული სამართალი ორ ძმას შორის მამის მემკვიდრეობის გაყოფას: ერთს ეძლეოდა განაწილების უფლება, მეორეს – პირველი არჩევანის უფლება. პირველი უკმაყოფილო ვერ იქნებოდა, რადგან თავად გაყო, მეორემ კი პირველმა აირჩია და რადღა ექნებოდა პრეტენზია? მოსწავლე მიხვდება, რომ ქართული სამართალი თავად კონფლიქტის წყაროს აქრობდა.

ლიტერატურა – სამართლიანობის გასააზრებლად თუნდაც ფრანც კაფკას ბრწყინვალე ტექსტის “კანონის წინაშე” განხილვა რად ღირს, ან ბერტოლტ ბრეხტის ნახევარგვერდიანი მოთხრობის “ღონისძიება ძალადობის წინააღმდეგ” წაკითხვა. სტუდენტებთან ან მოსწავლეებთან ამაზე რომ ვსაუბრობ, დრო ისე გადის, ვერც ამჩნევენ.

მუსიკაში ამ თემის საილუსტრაციოდ “პინკ ფლოიდის” “კედელი” მომაქვს, რომელმაც საზოგადოების ცნობიერება შეცვალა.

რაც შეეხება ფილმს –  გენიალურია “თორმეტი განრისხებული მამაკაცი”, რომელშიც არც შოუა, არც სექსი, არც ძალადობა, მოქმედება ერთ ოთახში ვითარდება და უნდა ნახოთ, რა ინტერესით უყურებენ მოზარდები.

მიყვარს პატარ-პატარა ფილმების ჩვენება და იგავების განხილვა. მათ  უცებ ითვისებენ და იმახსოვრებენ ბავშვები.

ჩემი ამ პროგრამების უპირატესობა ის არის, რომ დავალებებს არ ვაძლევ. კლასში ვასწრებთ ნახვას და მსჯელობას. აქ მთავარი ურთიერთობაა, ბავშვის დაინტერესება, ყოველ გაკვეთილზე მოტივაციის შექმნა. მერე კი მას სჭირდება თავისუფალი დრო, რომ იფიქროს, გაიაზროს, გონებაში დაალაგოს... სამწუხაროდ, სკოლის მოსწავლეებს ახლა იშვიათად რჩებათ დრო მარტოობისთვის: სკოლა, ჭადრაკი, ცეკვა, სხვადასხვა წრეზე სიარული, გაკვეთილების მომზადება... დროს არ ვუტოვებთ ფიქრისთვის, უბრალოდ სეირნობისთვის, წიგნის გააზრებულად წაკითხვისთვისაც კი.

საგანმანათლებლო რეფორმა

ბოლო დროის კვლევები ცხადყოფს, რომ საქართველოში განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია. გია მურღულია როგორც განათლების მინისტრის მრჩეველი ცვლილებათა პაკეტის შექმნაში აქტიურად არის ჩართული:

– ჯერ დიაგნოზი დავსვათ – ვთქვათ, რა გვჭირს, რა უნდა გამოვასწოროთ.

პირველი პრობლემა დაფინანსებაა. ეს ეხება ინფრასტრუქტურას, სკოლების სიმცირეს, თანამედროვე ტექნოლოგიებით მოსწავლეების უზრუნველყოფას, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და მათი შრომის ანაზღაურებას. უნდა რეგულირდებოდეს ახალგაზრდა თაობის  პროფესიაში შემოსვლა, ძველი თაობის გასვლის წესი და რიგიც უნდა არსებობდეს.

პრობლემაა ისიც, რომ ჩვენი საზოგადოება ზოგადი განათლების მნიშვნელობას ცუდად აცნობიერებს. დრო აჩქარდა, სწრაფად იცვლება გამოწვევები, ამიტომ ადამიანს საბაზისო ცოდნა უნდა ჰქონდეს, რომ მასზე საჭიროების მიხედვით სხვადასხვა პროფესიული მიმართულება დააშენოს.

მწვავედ დგას კომპეტენციის პრობლემაც როგორც სკოლის მართვის თვალსაზრისით, ისე მასწავლებელთა კორპუსშიც. მოტივაციისა და პასუხისმგებლობის დეფიციტი იკვეთება – მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში ჩატარებულმა საერთაშორისო კვლევამ დაადასტურა, რომ მასწავლებლების 60%-ზე მეტი მუდმივი განათლების საჭიროებას ვერ ხედავს. თუ თავად არ მიილტვი შემეცნებისა და განვითარებისკენ, ბავშვებისთვის მაგალითად ვერ გამოდგები! ბევრი შესანიშნავი მასწავლებელი გვყავს, მაგრამ პრობლემასაც უნდა გავუსწოროთ თვალი.

რა გამოსავალს სთავაზობს საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო? – უნდა გავზარდოთ სკოლების ავტონომიურობის ხარისხი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ჩამოყალიბება და სასწავლო გეგმის შედგენა სახელმწიფოს პრეროგატივაა, ხოლო როგორ მიაღწევს ამ მიზნებს, სკოლამ თავად უნდა გადაწყვიტოს. დიდი ნაწილი ითხოვს, რომ ყველაფერზე ინსტრუქციები მივცეთ – იქმნება შთაბეჭდილება, რომ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ეშინიათ. დიახ, არ არსებობს თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე. თუმცა მონიტორინგი აუცილებელია, რის შესაძლებლობასაც სასწავლებლის ავტორიზაცია და სხვადასხვა საფეხურზე მოწაფეებისთვის საგამოცდო ტესტები გვაძლევს.

სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელს შორის კავშირი თითქოს გაწყვეტილია. მხოლოდ ეროვნული გამოცდებით არ უნდა ხდებოდეს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების მიღება, არამედ უნდა დავინტერესდეთ, რა აქტივობები, შეფასებები აქვს დაგროვილი მას ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურზე. დასავლური უნივერსიტეტები უპირობოდ ინტერესდებიან, რას აკეთებს მოსწავლე სკოლაში თორმეტი წლის განმავლობაში: როგორ სწავლობს, რა სოციალურ თუ აკადემიურ პროეტებსა თუ პროგრამებში მონაწილეობს.

მაღალ კლასებში პროფილური განათლების მომხრეთა რიცხვიც დიდია, თუმცა ზოგად განათლებას ეს არ ეწინააღმდეგება – მოსწავლე სწავლობს ყველა საგანს, ოღონდ გაძლიერებულად – მისთვის საინტერესოს. სკოლაში პროფესიული განათლების შემოტანაც აქტუალური საკითხია. თუმცა, რაც უნდა იდეალური გეგმა დავსახოთ, მთავარია ამ იდეების სკოლებში რეალიზება, რომ გეგმა ქაღალდზე არ დარჩეს.

მშობელი

– პიროვნების ფორმირებაში მშობლებს თავისი ფუნქცია და წვლილი აქვთ. აქაც ყოველთვის ნათლად ვხედავ ჩემს პასუხისმგებლობას – როგორც მამა, მუდამ ვცდილობდი, ჩემი შვილებისთვის (სხვებისთვისაც) მესწავლებინა მთავარი – რა არის ღირსება. მწამს, რომ შვილს არ უნდა მიუთითო და პირდაპირ უკარნახო, რა გააკეთოს, ჩარჩოებსა და ბორკილებში არ უნდა მოაქციო. მე შვილებს ყოველთვის მეტ თავისუფლებას ვაძლევდი, მაგრამ ვუხსნიდი, სად გადის ზღვარი ღირსებასა და უღირსობას შორის, რომ ეს საზღვარი არასდროს გადაელახათ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა ზომიერების შეგრძნება და გემოვნება. დაბოლოს, პიროვნებას პრინციპები უნდა ჰქონდეს. სწორედ ეს განაპირობებს გზას ბიოლოგიურიდან სოციალურ დაბადებამდე. თორემ განა ყველა, ვინც ადამიანად გაჩნდა, კაცია, ადამიანი?

ცხოვრების ჯანსაღი წესი

– მართებული აღზრდა ცხოვრების ჯანსაღი წესის ფორმირებასაც გულისხმობს. საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა ერთგვარი პასუხისმგებლობაა ღმერთის მიმართ, რომელმაც სიცოცხლე გაჩუქა, ასევე – საზოგადოების, სახელმწიფოს, ოჯახის მიმართ. საღი გონების, ენერგიის, განწყობის გარეშე ეს პასუხისმგებლობა ტვირთად იქცევა. ამ სიტყვებს რომ ვამბობ, თვითკრიტიკულიც უნდა ვიყო: წლების განმავლობაში მაგიდის ჩოგბურთს და კალათბურთს ვთაშობდი. დღეს იმავე ინტენსივობით აღარ ვარ სპორტით გატაცებული. მაინც ვცდილობ, არ ვიყო სტატიკური, რადგან ეს მდგომარეობა დასასრულისკენ მიმავალი მოკლე გზაა.

ჰარმონია

– ვმღერი, თუმცა ხანდახან ვფიქრობ, რა მემღერება-მეთქი (იცინის). საქმე ის არის, რომ ადამიანი  საკუთარ თავშიც და გარე სამყაროშიც ჰარმონიას ეძებს. მუსიკას ან პოეზიას რომ ვუსმენ, თითქოს შიგნით, სადღაც სულში, ღმერთის შეგრძნება მძაფრდება.

ადამიანური ურთიერთობების ჰარმონია მხიბლავს. რეზი თვარაძე, შესანიშნავი ლიტერატორი და ჩემი უფროსი მეგობარი, ამბობდა, რომ არსებობს ადამიანური ურთიერთობების პოეზია, რომელსაც მოყვასის მიმართ ჩვენი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით “ვწერთ” და ეს არის ყველაზე ლამაზი ლექსი.

ამავე ჰარმონიას ვგრძნობ ჭადრაკის თამაშის დროს – ფიგურები, რომლებსაც სული ჩაედგათ თითქოს, ჩემს ნებას ემორჩილებიან და მიზნობრივი შემოქმედება იშლება დაფაზე, ადამიანი კი ღმერთს ყველაზე მეტად მაშინ ემსგავსება, როდესაც თავად არის შემოქმედი – ბიბლიის თანახმად, სწორედ ამიტომ შეიქმნა ის შესაქმის სულ ბოლო, მეექვსე დღეს: ღმერთმა დაასრულა შემოქმედება და შექმნა შემოქმედი – ჩვენ ყველა მის საქმეს ვაგრძელებთ, როდესაც რაღაც ახალს ვქმნით.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: