კომპიუტერი და ჯანმრთელობა
გააზიარე:
არავინ დავობს, რომ კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა ჩვენს ცხოვრებაში მყარად მოიკიდა ფეხი. სამსახური, განათლება თუ გართობა სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ამ მოაზროვნე მანქანებზე. ეს რჩევები კომპიუტერთან თქვენს ურთიერთობას უფრო უსაფრთხოს გახდის.
ხერხემალი ნაკლებად რომ გადაიტვირთოს:
- შეიძინეთ მოხერხებული მაგიდა და სკამი.
- დაარეგულირეთ მონიტორის მდებარეობა. ეკრანის ცენტრი თვალების დონეზე ან ოდნავ დაბლა უნდა იყოს, რომ სკამზე ჯდომისას არც თავის დახრა დაგჭირდეთ და არც მხრებში მოხრა.
- როგორც ყველაფერს, სწორად ჯდომასაც სწავლა უნდა: საზურგე რამდენიმე გრადუსით უკან არის გადახრილი (ასეთი პოზა ხელს უწყობს ხერხემლის განტვირთვას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ტორსსა და ბარძაყებს შორის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწიფული ასაკის მამაკაცისთვის); ხელები თავისუფლად არის ჩამოშვებული სკამის სახელურებზე; იდაყვები და მტევნები მოდუნებულია; მტევნები და წინამხრები სწორ ხაზს ქმნის, მხოლოდ თითები მოძრაობს; ბარძაყები ტორსთან ქმნის მართ კუთხეს, წვივები კი ბარძაყებთან; ფეხები მყარად დგას იატაკზე ან სპეციალურ საყრდენზე.
ძალიან მნიშვნელოვანია მოხერხებული სავარძელი, რომელშიც ამ პოზას ყოველგვარი დაძაბულობისა და ძალისხმევის გარეშე შეინარჩუნებთ. სასურველია, სავარძელი გორგოლაჭებზე იდგეს და სიმაღლისა და საზურგის დახრილობის რეგულირებაც შეიძლებოდეს. იდეალურია საზურგე, რომელიც ხერხემლის მრუდებს იმეორებს და ზურგის ქვედა ნაწილს საიმედო საყრდენს უქმნის. ოდნავ წინ დახრილი დასაჯდომი ზეწოლას ბარძაყებსა და ფეხებზე გადაანაწილებს, მისი ოდნავ აპრეხილი კიდე კი ბარძაყებზე ზეწოლას ამცირებს. დასაჯდომი მკვრივი ან ნახევრად მკვრივი უნდა იყოს – ეს მცირე მენჯის ღრუში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
- გადაეჩვიეთ ფეხის ფეხზე გადადებას – დიდხანს ჯდომისგან მცირე მენჯის ღრუს სისხლის მიმოქცევას ისედაც არ ადგას კარგი დღე.
- კომპიუტერთან მუშაობისას საათში ერთხელ 10-15 წუთით შეისვენეთ, მუშაობისას კი ხშირ-ხშირად (3-4-ჯერ მაინც) შეიცვალეთ პოზა: გაიშალეთ მხრებში, აამოძრავეთ ფეხები, აბრუნეთ თავი…
- იზრუნეთ ერთ მდგომარეობაში იძულებით გაშეშებულ ხელებზეც: მტევნები დროდადრო დაფერთხეთ, ათიოდეჯერ მუშტად შეკარით და გაშალეთ, მუშტები დაატრიალეთ. ეს მარტივი მოძრაობები ხელის კუნთებში სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს.
თვალებს რომ შვება მიეცეთ
- კომპიუტერმა თვალი ნაკლებად რომ დაღალოს, ოთახი სათანადოდ უნდა იყოს განათებული. ოთახის არც ჩაბნელება ვარგა და არც მეტისმეტად გაკაშკაშება. საუკეთესო ვარიანტი დაბინდული გაფანტული განათებაა.
- არ არის სასურველი კომპიუტერის ფანჯარასთან დადგმა. თუ ეს გარდაუვალია, პრობლემას სქელი შტორები ან ფარდა-ჟალუზი გადაგიჭრით.
- მონიტორის ეკრანი თვალებიდან 50-60 სმ-ით მაინც უნდა იყოს დაშორებული. თუ ამ მანძილზე ცუდად ხედავთ, ახლოს კი ნუ მიუცუცქდებით, შრიფტი გაზარდეთ.
- დროდადრო დახუჭეთ თვალები, ეს კუნთებს – დასვენების, ლორწოვანს კი დატენიანების საშუალებას მისცემს.
- მონიტორის ეკრანი აბსოლუტურად სუფთა უნდა იყოს. თუ სათვალით მუშაობთ, ისიც აბსოლუტურად სუფთა უნდა იყოს. მონიტორის ეკრანი კვირაში ერთხელ მაინც გაწმინდეთ (სჯობს, სპეციალური სითხით ან ხელსაწმენდით), სათვალის კრისტალურ გამჭვირვალობაზე კი ყოველდღიურად იზრუნეთ.
- ზოგჯერ კომპიუტერთან სამუშაოდ სპეციალურ სათვალეს ან ფილტრს ურჩევენ. მათ მართლაც შეუძლიათ ვიდეოსისტემის ერთ-ერთი მაჩვენებლის გაუმჯობესება, ოღონდ აუცილებლად სხვა მაჩვენებლის ხარჯზე. თუ კარგი სათვალის ფასსაც გავითვალისწინებთ, უფრო გონივრული ამ თანხით მონიტორის გამოჯობესება იქნება.