აქვს თუ არა ურთიერთობას გადარჩენის შანსი

გააზიარე:

როდესაც რომანტიკულ ურთიერთობას ვიწყებთ, არ ვიცით, საით წაგვიყვანს ის, რით დამთავრდება, რას მოგვიტანს. გაცნობის შემდეგ რამდენიმე თვე ყველა ვცდილობთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიის წარმოჩენას, ამიტომ ძნელი მისახვედრია, სინამდვილეში როგორია ჩვენი პარტნიორი – ისიც ხომ თავის საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ სრულდება ახალი ურთიერთობის "თაფლობის თვე" და იძულებული ვხდებით, რეალობას თვალი გავუსწოროთ. ბევრი წყვილი სწორედ ამ დროს წყვეტს კავშირს, რადგან შეყვარებულობით გამოწვეული აღმაფრენის დასრულების შემდეგ ვეღარ ახერხებს ყოველდღიურ ცხოვრებაში პარტნიორთან ურთიერთობას.

მსგავსი კრიზისები წყვილის  ცხოვრებაში კვლავ და კვლავ მეორდება, რადგან ყოველ ჯერზე ახალი გამოწვევა გვხვდება წინ. დაახლოებით ორი წლის შემდეგ ჩვენ უკვე ვიცით ერთმანეთის მთავარი სისუსტეები და ძლიერი მხარეები და ვიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, გვსურს თუ არა ერთად დარჩენა. ამ დროისთვის ყველა იცნობს ერთმანეთს: ოჯახიც, მეგობრებიც, – და პარტნიორებიც შეთანხმებულები არიან იმაზე, როგორ ხედავენ მომავალს, რამდენად ემთხვევა ერთმანეთს მათი წარმოდგენა ოჯახური ცხოვრების შესახებ.

ასეთი კონფლიქტები ხდება ურთიერთობის ყოველ ეტაპზე, როდესაც იმასთან ერთად, რასაც ახლა განვიცდით, ვფიქრობთ მომავალზეც და ვცდილობთ გავარკვიოთ, გვიღირს თუ არა მოცემულ ურთიერთობაში დარჩენა. კრიზისებს ყველა წყვილი გადის. საუკეთესო შემთხვევაში, კონფლიქტის დასრულების შემდეგ წყვილი იზრდება, აანალიზებს მომხდარს და ერთმანეთს უფრო მეტად უახლოვდება. მომდევნო კრიზისი კი სხვა გარემოებებს ეხება... ასე ნახტომ-ნახტომ მიდის ერთობლივი ცხოვრება და ჩვენც პრობლემებს ერთად ვუმკლავდებით.

ხანდახან ისეც ხდება, რომ წყვილი გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდება ხოლმე. ამ დროს პარტნიორთან სიახლოვე იკარგება, ერთმანეთის თვისებები გვაღიზიანებს, ხშირად ვუბრუნდებით ერთსა და იმავე არგუმენტს. პარტნიორს გულახდილად აღარ ვესაუბრებით, ჩვენ შორის მანძილი იზრდება და ვეღარც ერთობლივ მომავალს ვხედავთ.

ძნელი გადასაწყვეტია, დავრჩეთ თუ წავიდეთ. ერთი მხრივ, ურთიერთობა მხოლოდ სიყვარული არ არის – ის მოითხოვს შეთანხმებას, დათმობას, ფიქრს და, თუ შესაძლებელია, ყოველთვის ვცდილობთ მის შენარჩუნებას. მეორე მხრივ, ხანდახან არაფერი ჭრის და როგორც არ უნდა ვეცადოთ, უარეს და უარეს მდგომარეობაში ამოვყოფთ თავს, ამიტომ საგულისხმოა, თუ წყვილის ურთიერთობაში თავს იჩენს შემდეგი პრობლემები:

* ფიზიკური შეხების გაქრობა;

* სადავო საკითხების გაანალიზებისა და გადაწყვეტის შეუძლებლობა;

* ერთად ყოფნის დროს მარტოობის განცდა;

* "რაღაც ისე არ არის" ფიქრები.

ფიზიკური შეხება

გრძელვადიან ურთიერთობაში მოსალოდნელია როგორც ინტიმური ცხოვრების ცვლილებები, ისე უბრალოდ შეხების ნაკლებობაც. რასაკვირველია, შეუძლებელია, წყვილი მუდამ ისე იქცეოდეს, როგორც ურთიერთობის დასაწყისში – დრო გადის და  უწინდებურად აღარ გვაქვს მოთხოვნილება, ხელიხელჩაკიდებულებმა ვიაროთ, მძიმე დღის შემდეგ ჩახუტება დაძაბულობას აღარ აქარწყლებს, მთელი დღე პარტნიორის სიახლოვე არ გვენატრება და ინტიმური ურთიერთობის სიხშირეც იკლებს.

ფიზიკური გაცივება-გაცხელების პერიოდები ერთმანეთს ენაცვლება, რადგან ფიზიკური სიახლოვე, როგორც წესი, ემოციურ სიახლოვეს მოჰყვება, რასაც ციკლური ხასიათი აქვს. სხვაგვარად, ჩვენ ხანდახან ძლიერ სიახლოვეს ვგრძნობთ პარტნიორთან, ხან კი ვდისტანცირდებით მისგან და ყურადღებას ჩვენი ცხოვრების სხვა ასპექტებს ვუთმობთ. მერე ისევ პარტნიორი ხდება ჩვენი მთავარი საფიქრალი და გვიბრუნდება სურვილი, მოვეწონოთ, შევეხოთ. საგანგაშოა, როცა ფიზიკური შეხება საერთოდ ქრება. თუ დროს არ დავუთმობთ ამ პრობლემის განხილვას, ემოციურად უფრო და უფრო მეტად დავშორდებით პარტნიორს, რაც იმას ნიშნავს, რომ დავშორდებით ფიზიკურადაც და ემოციურადაც და ასე იწყება გაცივების დაუსრულებელი წრე.

როდესაც პარტნიორთან ყველანაირი ფიზიკური კავშირი წყდება, ის ხდება მეგობარი, თანაგუნდელი, შეიძლება შევხედოთ მას როგორც თანამშრომელს, ოჯახის წევრს ან მეგობარს, მაგრამ აღარ ვუყურებთ მას როგორც ჩვენს მეწყვილეს.  ამიტომ ფიზიკური სიახლოვის გაქრობა (და არა მხოლოდ ცოტა ხნით შეწყვეტა) ურთიერთობის დასრულების ნიშანია.

სადავო საკითხების გაანალიზებისა და გადაწყვეტის შეუძლებლობა

გრძელვადიან ურთიერთობებში მოსალოდნელია ჩხუბი, კინკლავოა, უთანხმოება. მაგრამ არის კონფლიქტი, რომელიც არასოდეს მთავრდება. მას არ მოჰყვება ურთიერთდათმობა, ზრდა, გაანალიზება იმისა, რა შეგვეშალა და მომავალში როგორ ავარიდოთ ამას თავი. თქვენ ხედავთ, რომ მუდამ ერთსა და იმავეზე ჩხუბობთ, მაგრამ გამოსავალი არ ჩანს.

შესაძლოა, ეს კონფლიქტი არ ეხებოდეს მნიშვნელოვან საკითხს; შესაძლოა, გამუდმებით უბრუნდებოდეთ ისეთ პრობლემებს, როგორიც არის ვინ სად იმუშავებს, ვინ დარეცხავს ჭურჭელს, როგორ დაიხარჯება ფული. ხანდახან ისე ვიღლებით ერთსა და იმავეზე კამათით, რომ საერთოდ ვარიდებთ თავს ამ თემას. შედეგად გროვდება ფრუსტრაცია და დაძაბულობა. საბოლოოდ, პარტნიორი თანაგუნდელი კი არა, მოწინააღმდეგე ხდება, რომელთან ერთადაც კი არ ვმუშაობთ პრობლემის გადასაჭრელად, არამედ ვებრძვით მას.

თუ დაუსრულებელმა კონფლიქტმა მიაღწია იმ ეტაპს, რომ პარტნიორთან სიახლოვეს სამუდამოდ ვკარგავთ, ემპათია გვიქრება და ადამიანური უკუკავშირის ნაცვლად ლოგიკურად დასაბუთებული არგუმენტებით, სიმართლის მტკიცებით ან სიჩუმით და დაგროვილი წყენით ვპასუხობთ, დასაფიქრებელია, საერთოდ ღირს თუ არა ამ ჩაკეტილ წრეში ტრიალი.

ერთად ყოფნის დროს მარტოობის განცდა

ზოგჯერ ისე ცუდად ვგრძნობთ თავს პარტნიორთან ერთად, რომ მუდამ იმაზე ვფიქრობთ, როდის წავა, რომ ჩვენთვის სასიამოვნო საქმიანობას დავუბუნდეთ – ვუყუროთ ფილმს, წავიკითხოთ წიგნი, ვნახოთ მეგობრები და ცხოვრებისგან სიამოვნება მივიღოთ, რადგან ეს ყველაფერი პარტნიორთან ერთად არ გამოგვდის. მას არ აინტერებს იგივე, რაც ჩვენ, არ უყურებს ცხოვრებას ისე, როგორც ჩვენ. ერთად ყოფნის დროს არ განვიცდით პარტნიორთან ემოციურ სიახლოვეს, თავს მარტოსულად ვგრძნობთ, გვგონია, რომ მას ჩვენი არ ესმის, ვერ გვხედავს. მის გვერდით ბედნიერი არ ვართ.

დაფიქრდით, სინამდვილეში რა გაკავშირებთ თქვენს პარტნიორთან. იქნებ არც არაფერი და მხოლოდ იმიტომ ხართ ერთად, რომ  მარტოობის გეშინიათ? ამ დროს კარგი იქნება, საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა: "ახლა მარტო არ ვარ? ამაზე უფრო მარტო ვიქნები?"

“რაღაც ვერ არის რიგზე” ფიქრები

ეს, ცოტა არ იყოს, ძნელად ასახსნელი მოვლენაა, რადგან როდესაც ვცდილობთ გავიგოთ, რაშია საქმე, ზედაპირულად ისე ჩანს, რომ ყველაფერი რიგზეა. ამავე დროს, თუ მთელი ცხოვრება კონფლიქტურ, ტოქსიკურ ურთიერთობებს ვართ მიჩვეული, შესაძლოა, კომფორტულ პარტნიორთანაც დაძაბული ვიყოთ და ველოდეთ, როდის დაუშვებს შეცდომას. თუმცა დროთა განმავლობაში  პარტნიორთან მიღებული კარგი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს მხოლოდ ჩვენი შიშებია და კარგი იქნება, რომ ისინი თერაპევტთან ერთად გავარჩიოთ.

შიშსა და შფოთვას ხშირად მოჰყვება მომავალი კატასტროფის წარმოდგენა, ნერვიულობა, დაძაბულობა.

მაგრამ თუ განცდა, რომ “რაღაც ვერ არის რიგზე” დიდი ხანია არ გვშორდება, თუ სხეული გვკარნახობს, რომ ამ ადამიანთან ყოფნა არ გვინდა, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს გვიშავებს, ეს ჩაღრმავებას იმსახურებს. ამ დროს შიშისა და წრეზე მოტრიალე აზრების ნაცვლად ვგრძნობთ, რომ უბრალოდ ვერ ვეწყობით ამ ადამიანს.

დავშორდეთ თუ დავრჩეთ?

თუ ურთიერთობაში არ არის ძალადობა, ის არ არის ტოქსიკური, არ არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე აგებული, მაშინ მას ყოველთვის აქვს გადარჩენის შანსი. ნებისმიერი რომანტიკული ურთიერთობა მოითხოვს მუშაობას, ანალიზს, შეთანხმებას, კომუნიკაციის დახვეწას. მაგრამ ხანდახან ურთიერთობა თავიდან ბოლომდე ჯაფად იქცევა, ერთ პრობლემას მეორე მოჰყვება, ვერ ხერხდება მოლაპარაკება და მორიგება. ამ დროს უნდა დავფიქრდეთ: გვიღირს კი ამისთვის ამდენი ენერგიის ხარჯვა?

როდესაც ვწყვეტთ პარტნიორთან გულახდილ კომუნიკაციას, როდესაც ემოციურად ვშორდებით, როდესაც მის გვერდით ყოფნა ვალდებულებად იქცევა, შესაძლოა, ჩვენი დამაკავშირებელი ძაფი გაწყდა.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: