როცა იცი, რომ ყველაფერი იცი ანუ დანინგ-კრიუგერის ეფექტი

გააზიარე:

ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნეში საბერძნეთში ცხოვრობდა ერთი ფილოსოფოსი, ანაქსიმენე. ერთხელ მოსწავლემ ჰკითხა: რატომ არის, რომ რაც უფრო მეტს ვსწავლობ, რაც უფრო მეტს შევიმეცნებ, მით უფრო მეტად მეეჭვება, რომ რამე ვიციო. პასუხად ანაქსიმენემ ქვიშაზე ორი წრე დახაზა, ერთი – დიდი, ერთი – პატარა, და თქვა: “პატარა წრე ის არის, რაც ახალგაზრდობაში ვიცოდი, დიდი კი ის, რაც ახლა ვიცი. ყველაფერი, რაც ცოდნის წრის გარშემოა, არის უმეცრება. რაც უფრო ფართოა წრე, მით უფრო მეტი შეხება აქვს მას უმეცრებასთან, მით უფრო მეტი კითხვა და ეჭვი იბადება გონებაში...”

ანაქსიმენემ თავის მოწაფეს თვალსაჩინოდ აუხსნა უცნაური მიმართება ცოდნასა და უმეცრებას შორის. ფაქტია, რომ რაც უფრო მეტი ვიცით ამა თუ იმ საკითხის შესახებ, მით უფრო უკეთ ვხედავთ, რომ კიდევ უამრავი რამაა შესასწავლი. შემეცნების მისწრაფება ზღვარდაუდებელია და ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად ადამიანის მთელი სიცოცხლეც არ იკმარებს. არსებული ცოდნა მას საშუალებას აძლევს განსაზღვროს, რა ინფორმაციას ფლობს და კიდევ რა სჭირდება იმისთვის, რომ სრულყოფილი ცოდნა ჰქონდეს, მაგრამ, იმავდროულად, მისი თავდაჯერება იკლებს, ეჭვი კი იმატებს, რადგან საკუთარი შესაძლებლობების შეფასებისას უფრო და უფრო კრიტიკული ხდება, ცდილობს, საკითხი სრულყოფილად, ყოველმხრივ გაიაზროს, რაც ხშირად იმდენად რთულია, რომ კონკრეტული დასკვნის გამოტანა ჭირს.

პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია: უწიგნურ, უმეცარ ადამიანს ასეთი ეჭვი არ აწუხებს. მისი თვალსაწიერი ვიწროა, გადაწყვეტილებები კი – შეუვალი. ის დარწმუნებულია, რომ ცოდნა, რომელიც ამა თუ იმ საკითხის შესახებ აქვს, სავსებით საკმარისია. მისი თავდაჯერება უსაზღვროა, რწმენა, რომ აღარაფერი აქვს სასწავლი – მტკიცე.

უმეცარი ადამიანების მიდრეკილებით, გაზვიადებით შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და მიანიჭონ მათ საშუალოზე ბევრად მაღალი მნიშვნელობა, 1999 წელს დაინტერესდნენ ამერიკელი მკვლევრები დევიდ დანინგი და ჯასტინ კრიუგერი. თავიანთ მასშტაბურ გამოკვლევაში მათ მეცნიერულად აღწერეს და დაასაბუთეს ის, რასაც შემდგომ დანინგ-კრიუგერის ეფექტი ეწოდა. 2000 წელს დანინგს და კრუგერს ამ გამოკვლევისთვის იგნობელის პრემია მიენიჭათ (იგნობელის პრემია – Ig Nobel Prize – არის პრიზი, რომელიც გადაეცემათ უჩვეულო და ორიგინალური მეცნიერული აღმოჩენების ავტორებს. ეს აღმოჩენები იმითაა გამორჩეული, რომ თავდაპირველად სკეპტიკურად და იუმორისტულად განაწყობს საზოგადოებას და სამეცნიერო წრეებს შესწავლილი საკითხის მიმართ, მერე კი დააფიქრებს).

თავიანთ ნაშრომში, რომელიც გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაიწერა და საკმაოდ პოპულარულიც გახდა, დანინგს და კრუგერს ამ ეფექტის საილუსტრაციოდ შემდეგი ისტორია მოჰყავთ:

“1995 წელს პიტსბურგელმა მაკარტურ ვილერმა დღისით ორი ბანკი გაძარცვა და მიიმალა. მოგვიანებით, საღამოს 11 საათზე, მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებებმა ბანკების სათვალთვალო კამერით გადაღებული ძარცვის ამსახველი კადრები გაავრცელეს, ვილერი დააპატიმრეს. პოლიცის განყოფილებაში მას ვიდეოჩანაწერი აჩვენეს. ვილერი გაოგნებას ვერ მალავდა და გაუთავებლად ბუტბუტებდა: “კი მაგრამ, მე ხომ წვენი გამოვიყენე!” აღმოჩნდა, რომ ბატონ ვილერს ძარცვის წინ სახეზე ლიმონის წვენი გადაუსვამს. ის ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მჟავა კამერის ობიექტივს მისი სახის აღბეჭდვის საშუალებას არ მისცემდა”.

დანინგმა და კრუგერმა ჩაატარეს ექსპერიმენტების მთელი სერია კორნელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით. ისინი სტუდენტებს სთხოვდნენ სხვადასხვა ტიპის ინტელექტუალური დავალების შესრულებას, მერე კი საკუთარი შედეგების პროგნოზირებას. ტესტებით მოწმდებოდა როგორც სტუდენტებისთვის კარგად ნაცნობი მასალა, ისე ლოგიკური აზროვნების უნარი.

აღმოჩნდა, რომ სტუდენტებს, რომლებმაც ამ ტესტებში დაბალი შედეგები აჩვენეს, მაღალი თვითშეფასება ჰქონდათ: თუ მათი რეალური შედეგი იყო, პირობითად, 12 ქულა, საკუთარი შედეგების პროგნოზირებისას ვარაუდობდნენ, რომ 60 ექნებოდათ. ამის საპირისპიროდ, სტუდენტები, რომლებმაც ტესტებში მაღალი შეფასება მიიღეს, შედარებით დაბალს ელოდნენ. მაგალითად, ვინც 90 ქულა მოაგროვა, ვარაუდობდა, რომ მისი შეფასება 80-ზე ნაკლები იქნებოდა.

უსაფუძვლო თავდაჯერების, საკუთარი შესაძლებლობების გაზვიადებული შეფასების ან საკუთარ სისწორეში ეჭვის შეუტანლობის ფენომენი მეტად გავრცელებულია. მეცნიერები ასკვნიან, რომ რაც უფრო ნაკლები იცის ადამიანმა ამა თუ იმ თემის შესახებ, მით მეტადაა დარწმუნებული საკუთარ სისწორეში და უჭირს სხვისი კომპეტენტურობის შეფასება.

იმისთვის, რომ რომელიმე დარგში საკუთარი ცოდნის დონე განსაზღვრო, ამ დარგის შესახებ განსაზღვრულ ინფორმაციას უნდა ფლობდე, თავდაჯერებული, მაგრამ ინტელექტუალურად ნაკლებად განვითარებული ადამიანი კი ვერ ხედავს იმის საჭიროებას, უკვე შესწავლილ საკითხზე დამატებით იკვლიოს რამე. უვიცმა უბრალოდ არ იცის, რომ ამა თუ იმ დავალების შესასრულებლად საჭირო ცოდნა არ გააჩნია.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველა ჩვენგანი შეხვედრია ადამიანს, რომელიც დანინგ-კრიუგერის ეფექტის მოარული ილუსტრაციაა. არაერთხელ შევსწრებივართ, როგორ იძლევა ამა თუ იმ დარგში სრულიად არაკომპეტენტური პირი რჩევებს ან როგორ ცდილობს საკუთარი მოსაზრების მართებულობაში სხვების დარწმუნებას ისე, რომ თავად მის სისწორეში ეჭვი იოტის ოდენადაც არ ეპარება.

დანინგისა და კრიუგერის ჰიპოთეზის თანახმად, დაბალი კვალიფიციკაიისა და კომპეტენციის მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელია შემდეგი საერთო ნიშნები:

1. ისინი მიდრეკილნი არიან თავიანთი შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასებისკენ.

2. არ შეუძლიათ, ადეკვატურად შეაფასონ სხვისი შესაძლებლობები ან კვალიფიკაცია.

3. არ შეუძლიათ გაიაზრონ თავიანთი არაკომპეტენტურობა, უმეცრება.

4. ვერ გრძნობენ მოთხოვნილებას, აიმაღლონ კომპეტენცია ან სხვა კუთხით გაიაზრონ საკითხი, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი ისედაც კარგად იციან.

არსებობს მოსაზრება, რომ სახელისუფლებო კრიზისი სახელმწიფოში სწორედ მაშინ იჩენს თავს, როდესაც გადაწყვეტილებათა მიმღებ პირებს, მაღალჩინოსნებს შორის დანინგ-კრუგერის ეფექტი მძვინვარებს, რადგან არაკომპეტენტური ადამიანები, ქვეყნის რეალური მმართველები, ვერ აცნობიერებენ თავიანთ არაკომპეტენტურობას, სხვის კომპეტენტურობას კი სათანადოდ ვერ აფასებენ, არ ძალუძთ განსხვავებული მოსაზრების მოსმენა, განსხვავებული პოზიციის აღიარება.

ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ სწორად წარმართული საგანმანათლებლო პროგრამების, ტრენინგებისა და სხვა ამ ტიპის ღონისძიების მეშვეობით შესაძლებელია დანინგ-კრუგერის ეფექტის შემცირება.

როცა ადამიანი ამა თუ იმ საკითხზე ახალ ინფორმაციას იღებს და თვალსაწიერს იფართოებს, ის უკეთ აცნობიერებს, რომ ყველაფერი არც ისე მარტივი და ერთმნიშვნელოვანია, როგორც აქამდე ეგონა.

მკვლევრები მიუთითებენ იმაზეც, რომ არსებობს რამდენიმე გზა აღნიშნული ეფექტის შესამცირებლად და ადამიანებისთვის სწორი დამოკიდებულებების შესაქმნელად.

ამისთვის საჭიროა:

* ადამიანმა იცოდეს ამ ეფექტის შესახებ და თვითდაკვირვების საფუძველზე შეძლოს მისი ნიშნების ამოცნობა საკუთარ თავში.

* აზრის გამოთქმამდე, არჩევანის გაკეთებამდე ან გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმამდე დაფიქრდეს, გაიაზროს, რა იცის კონკრეტულ საკითხზე, შეეცადოს, გაიგოს უფრო მეტი, გაეცნოს განსხვავებულ მოსაზრებებს, რაციონალურ კონტრარგუმენტებს და ისწავლოს გარე დამკვირვებლის თვალით ამ ყველაფრის შეფასება.

მნიშვნელოვანია საკუთარი კომპეტენციის ობიექტური შეფასება და საჭიროების შემთხვევაში დარგის სპეციალისტთა მოსაზრებების (თუნდაც რადიკალურად განსხვავებულის ან მიუღებლის) მოსმენა და გააზრება.

საინტერესოა, რომ დანინგ-კრუგერის ეფექტი 1999 წლამდეც არაერთხელ გამხდარა მოაზროვნეთა ფიქრისა და მსჯელობის საგანი. მაგალითად, ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პაგუოშის კონფერენციების ერთ-ერთი დამაარსებელი ბერტრან რასელი ნაშრომში “სისულელის ტრიუმფი” წერდა: “ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა ის არის, რომ ზედმეტად თავდაჯერებული და საკუთარი შესაძლებლობების უსაზღვრობაში დარწმუნებული ადამიანები რეალურად უვიცები არიან, ხოლო ის, ვისაც წარმოსახვის, გაგებისა და ლოგიკური აზროვნების მართლაც მაღალი უნარი აქვს, ეჭვითა და გაუბედაობითაა აღსავსე”.

 

 

 

 

გააზიარე: