რატომ ვკარგავთ თმას

გააზიარე:

ადამიანი, განურჩევლად სქესისა, დღეში ასზე მეტ თმის ღერს კარგავს. უმეტესად ეს ნორმალურია და შეშფოთების მიზეზს არ იძლევა. საქმე ის არის, რომ თმის ღერს თავისი სასიცოცხლო ციკლი აქვს: იბადება, იზრდება, ბერდება და გენეტიკურად განსაზღვრული ხნის შემდეგ კვდება ანუ ბუდიდან ვარდება, დაკარგულის ადგილს კი ახალი ღერი იკავებს.

თუმცა, რასაკვირველია, თმის ცვენის პათოლოგიური მიზეზებიც არსებობს და ასეთ დროს ექიმის ჩარევა აუცილებელია.

თმის სასიცოცხლო ციკლი

თმის თითოეული ღერი 2-დან 10 წლამდე ცოცხლობს და იზრდება. მისი ზრდა–განვითარება ექვემდებარება სპეციფიკურ ციკლს, რომელიც სამი ფაზისგან შედგება:

ანაგენი აქტიური ზრდის ფაზაა. თმის ღერი სწორედ ამ ფაზაში წარმოიქმნება და იზრდება. რაც უფრო ხანგრძლივია ანაგენის ფაზა, მით უფრო მეტად იზრდება თმა და პირიქით. ჯანმრთელი ადამიანის თმის ღერების დაახლოებით 80-85 პროცენტი ანაგენის ფაზაშია.

კატაგენი ეწოდება შუალედურ ანუ გარდამავალ ფაზას, რომელიც 2 კვირამდე გრძელდება. უჯრედები ნელ-ნელა წყვეტენ გამრავლებას, თმის ბოლქვს საკვები ნივთიერებები აღარ მიეწოდება და იკუმშება. ამ ფაზაში იმყოფება თმის ღერების ერთი პროცენტი.

დასვენების ფაზაა ტელოგენი. ამ პერიოდში თმის ძირი ნელ-ნელა კანის ზედაპირისკენ მიიწევს და ბოლოს ამოვარდება ფოლიკულიდან, მის ადგილას კი ახალი ღერი იბადება. ტელოგენის ფაზა 2-დან 4 თვემდე გრძელდება. ამ ფაზაში თმის 15-20 პროცენტია.

თმის თითოეულ ფოლიკულს 10-დან 30-მდე სასიცოცხლო ციკლის გავლა შეუძლია, ვიდრე საერთოდ შეწყვეტს ახალი თმის წარმოქმნას.

თმის დიფუზური ცვენა

როცა გარეგანი თუ შინაგანი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად თმა ჩვეულებრივზე ინტენსიურად ცვივა, – მაგალითად, 1000 ღერზე მეტი დღეში, – საქმე გვაქვს დიფუზურ თმის ცვენასთან.

ამ დროს თმის ზრდის ფაზა ერთბაშად წყდება და ღერები ტელოგენურ ფაზაში გადადის, რომელიც 3–6 თვე გრძელდება. სწორედ ამის შემდეგ იწყებს თმა ცვენას. ასე რომ, თმის ცვენის მიზეზი მის დაწყებამდე რამდენიმე კვრით ან თვით ადრეა საძიებელი.

ეს მიზეზი კი შესაძლოა იყოს:

  • ორსულობა და მშობიარობა;
  • ინფექცია;
  • მაღალი ცხელება;
  • სისხლის დიდი დანაკარგი;
  • ავტოიმუნური დაავადება;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
  • მკაცრი დიეტა;
  • წონის უეცარი კლება;
  • ზოგიერთი ნივთიერების, მაგალითად, B ჯგუფის, A, D ვიტამინების, რკინის, თუთიის, სილიციუმის დეფიციტი;
  • ქირურგიული ოპერაცია;
  • ძლიერი ემოციური სტრესი;
  • ზოგიერთი მედიკამენტი – ბეტა-ბლოკატორები, სტატინები, სისხლის გამათხელებლები, ფარისებრი ჯირკვლის, კიბოს სამკურნალო პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები;
  • მენოპაუზა;
  • მძიმე მეტალებით, მაგალითად, ვერცხლისწყლით ან ლითიუმით მოწამვლა;
  • ხშირი ვარცხნა, ქიმიური საღებავებით ღებვა, არასწორი მოვლა. 

თმის ცვენის სხვა ფორმები

ანდროგენური ალოპეცია თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და გენეტიკურად განწყობილ ადამიანებს ემუქრება. ასაკის მატებასთან ერთად თმა ნელ-ნელა თხელდება.

ბუდობრივი ალოპეცია - ამ დროს თავზე ჩნდება წრიული გამელოტებული კერები. კლინიცისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ბუდობრივი ალოპეცია ავტოიმუნური ხასიათისაა.

ნაწიბუროვანი ალოპეცია თმის ფოლიკულების შეუქცევადი დაზიანების შედეგია. დაზიანებულ ადგილებზე თმა აღარ იზრდება და თავზე გამელოტებული უბნები წარმოიქმნება. მიზეზი შესაძლოა იყოს ტრამვა, დამწვრობა, ქირურგიული ჩარევა, ზოგიერთი დაავადება: წითელი მგლურა, ფსორიაზი, სოკოვანი ინფექცია, სიმსივნე.

თმის მექანიკური ცვენა შესაძლოა გამოიწვიოს თმის ძირებზე გარეგანმა ზემოქმედებამ, მაგალითად, თმის მჭიდროდ შეკვრამ, რის შედეგადაც ღერები იჭიმება და ფოლიკულიდან ვარდება. მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ მდგომარეობა ნორმას უბრუნდება.

ვინაიდან თმის ცვენის ყველა ფორმას თავისი სპეციფიკური მიზეზები აქვს, თითოეულ მათგანის შესაბამისი მკურნალობა სჭირდება. თუ ეჭვობთ, რომ ნორმაზე მეტი თმა გცვივათ და ეს დიდი ხანია გრძელდება, გირჩევთ, კონსულტაციისთვის ექიმთან მიხვიდეთ. უპირველეს ყოვლისა, მიმართეთ ოჯახის ექიმს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დერმატოლოგთან ან ენდოკრინოლოგთან გაგგზავნით.

ჯანსაღი და ძლიერი თმა რომ გქონდეთ

* ხშირად გადაამოწმეთ თმისა და თავის კანის მდგომარეობა – drodadro მათი მოთხოვნები შესაძლოა შეიცვალოს. თმის მოვლის საშუალებებიც თმისა და თავის კანის მდგომარეობის შესაბამისად გამოიყენეთ. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველ ნაზ, დამატენიანებელ შამპუნსა და კონდიციონერს, რომლებიც ხელს შეუწყობს სისხლის მოძრაობის გააქტიურებას, გაამაგრებს თმის ძირებს, დააჩქარებს ზრდის პროცესს, აღუდგენს და შეუნარჩუნებს თავის კანს ნორმალურ მიკროფლორას.

თმის მოვლის საშუალებების შერჩევისას აუცილებლად გაეცანით შემადგენლობას, ერიდეთ ისეთებს, რომლებიც სილიკონს, ალკოჰოლს, სულფატებს და სხვა მავნე ნივთიერებებს შეიცავს.

* ნუ გაიმშრალებთ თმას უხეში პირსახოცით – მექანიკურმა ხახუნმა ისედაც დაზიანებულ თმას შესაძლოა ზედმეტი ტრავმა მიაყენოს. მის ნაცვლად რბილი ბამბის ან მიკრობოჭკოვანი ქსოვილი გამოიყენეთ, რომელიც თმის სტრუქტურას არ დააზიანებს. თმა ნაზად შეიშრეთ ან ქსოვილი თავზე შემოიხვიეთ და დაიტოვეთ, ვიდრე მაქსიმალურად არ შეიწოვს ტენს.

* ნუ დაიბანთ მეტისმეტად ცხელი წყლით – ეს უფრო მეტად გამოაშრობს და დააზიანებს თმას, გამოიწვევს თავის კანის დაჭიმვას და ქავილს.

* თმა ბუნებრივად გაიშრეთ. ფენით გაშრობისას უპირატესობა საშუალო და სუსტ სითბოს რეჟიმს მიანიჭეთ – ცხელი ჰაერი თმას და თავის კანს აშრობს და წვავს. ნუ გამოიყენებთ თმის უთოს და ცხელ სავარცხელს. ერიდეთ თმის ქიმიურ დახვევას, გასწორებას, შეღებვას და სილამაზის სხვა ისეთ პროცედურებს, რომლებიც ღერებს კიდევ უფრო დააზიანებს.

* ნუ დაიბანთ თავს მეტისმეტად ხშირად - ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს თავის კანის მჟავატუტოვანი ბალანსის დარღვევას.

* კარგად ჩამოიბანეთ შამპუნი და კონდიციონერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლის საშუალებების ნარჩენები თმის ღერზე დაგროვდება, დაამძიმებს მას და ბუდიდან ამოაგდებს.

* მოწევა და ალკოჰოლის ჭარბი მიღება თმის ცვენას კიდევ უფრო გააძლიერებს.

* თმის სიჯანსაღეზე დიდ გავლენას ახდენს ცხოვრების წესი - სწორი და დაბალანსებული კვება და სათანადო მოძრაობა. მენიუში შეიტანეთ საკვები, რომელიც მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, განსაკუთრებით – ბიოტინით, ასევე – A და C ვიტამინებით, რკინით, თუთიით, სელენით და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავათი.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: