ყავის არომატი - ყავის აპარატის ნაირსახეობები
გააზიარე:
ყავა დღის საუკეთესო დასაწყისია, ხოლო ყავის აპარატი – ყავის ყველა მოყვარულის ერთგული და დაუზარელი ასისტენტი: ღილაკზე თითის ერთი დაჭერა და სქელი, არომატული, მაცოცხლებელი სასმელი მზად არის.
ყავის აპარატების ასორტიმენტი ფართოა და ყველას თავისი სპეციფიკური მახასიათებლები აქვს, რომლებზეც ყავის გემოთა მრავალფეროვნებაა დამოკიდებული.
ყავამანები დამეთანხმებიან, რომ მადუღარასა და ფილტრიან აპარატში მომზადებულ ყავას სულ სხვა გემო აქვს, ხოლო ავტომატსა და კაფსულებიან აპარატში მომზადებულს – სულ სხვა.
ასე რომ, თუ ყავის აპარატის ყიდვას გეგმავთ, ჯერ მის ნაირსახეობებში უნდა გაერკვეთ.
რა და რა ტიპის აპარატები არსებობს, რით განსხვავდება ერთმანეთისგან და რომელი როგორ ყავას გვთავაზობს?
ყავადანი პრესით
დაპრესვის მეთოდით ყავის მომზადება საფრანგეთში მოიგონეს, სადაც ის ყავის მომზადების ტრადიციულ ფორმად ითვლება. შექმნეს შესაბამისი მოწყობილობაც – მინის ან ლითონის ჭურჭელი ლითონისავე ბადიანი დგუშით. მისი მუშაობის პრინციპი ასეთია: ჭურჭელში ვყრით დაფქულ ყავას, ვასხამთ ძალიან ცხელ, ადუღებამდე მიყვანილ წყალს (და არა მდუღარეს – იდეალური ტემპერატურაა 94-96 გრადუსი) – იმდენს, რომ ფხვნილი დაიფაროს, 20 წამის შემდეგ წყალს ვამატებთ და დაახლოებით 4 წუთის შემდეგ ნელ-ნელა, თანაბრად ვაწვებით დგუშით. ასე მომზადებული ყავა მაგარი და არომატულია, რადგან მარცვლებში არსებული ეთერზეთები მთლიანად გადადის სასმელში.
ესპრესო-მადუღარა
თუ მაგარ ყავას ამჯობინებთ, ეგრეთ წოდებული ესპრესო-მადუღარა კარგი არჩევანია. ის ყავის მომზადების უძველეს იტალიურ მეთოდს ეფუძნება. მართალია, ნამდვილ ესპრესოს ვერ მოგიმზადებთ, მაგრამ იმავე პრინციპით მუშაობს, რომლითაც ესპრესო-მანქანა. სახელიც ამიტომ შეარქვეს.
მადუღარა ალუმინის ან უჟანგავი ლითონის რვაკუთხა ჭურჭელია, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. წყალი ქვედა ნაწილში ისხმება, თავზე კი დაჩვრეტილძირიანი სათავსი ეხურება, რომელშიც ყავას ვყრით. მადუღარას გაზზე ან ელექტროქურაზე ვდგამთ. როცა წყალი ადუღდება, ორთქლი წნევით ყავის ფხვნილში გაივლის და იქიდან გამოთავისუფლებულ არომატულ ნივთიერებებთან ერთად მადუღარის ზედა ნაწილში ყავად იქცევა.
გახსოვდეთ: თუ მადუღარა ადრე გადმოდგით ქურიდან, შესაძლოა ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდეს ყავის მოსამზადებლად, ხოლო თუ დიდხანს დატოვეთ – ჭურჭლიდან გადმოვიდეს.
ვინაიდან არსებობს საფრთხე, ალუმინიდან ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები გამოთავისუფლდეს, გირჩევთ, უჟანგავი ლითონის მადუღარა შეიძინოთ.
ყავა გემრიელი რომ გამოვიდეს, მარცვლები ძალიან წვრილად უნდა იყოს დაფქული.
ფილტრიანი აპარატი
ფილტრიან აპარატში წყალი სპეციალური ავზიდან გამაცხელებელში გადადის და 92-94 გრადუსამდე ცხელდება, ორთქლი და წყლის წვეთები მილში აიტყორცნება და ქაღალდის ფილტრში ჩაყრილ ყავას ეცემა. ამ მეთოდით მომზადებისას ყავის ფხვნილიდან არომატული ნივთიერებები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოიყოფა.
არსებობს უფრო რთული მოდელებიც, საფქვავითა და სხვადასხვა პროგრამით, მაგალითად, "მსუბუქი", "საშუალო" და "ძლიერი". ასეთი აპარატი წყლისა და ყავის კონტაქტის ხანგრძლივობას წინასწარ მიცემული პროგრამის მიხედვით არეგულირებს. რაც უფრო ნელა მიმდინარეობს მომზადების პროცესი, მით უფრო მეტი არომატული ნივთიერება გამოიყოფა ყავიდან და მით უფრო კონცენტრირებული გამოდის სასმელი.
კონტეინერი, რომელშიც ყავა ჩაედინება, ქვემოდან თბება. ის შეიძლება იყოს მინის, უჟანგავი ლითონის ან თერმოსის ტიპის. მინის ჭურჭელში ყავის ათ წუთზე მეტ ხანს გაჩერება არ არის რეკომენდებული – შესაძლოა, ოდნავ გამწარდეს. არომატის დიდხანს შესანარჩუნებლად თერმოსის ტიპის კონტეინერი ჯობია.
ამ ტიპის აპარატი საუკეთესოა მათთვის, ვინც ბევრ ყავას სვამს, რადგან რამდენიმე ჭიქის ერთდროულად მომზადება შეუძლია. ხშირად მოგიწევთ ქაღალდის ფილტრის შეძენაც, თუმცა არსებობს მრავალჯერადი ბადისებრი ფილტრიც, რომელიც ირეცხება.
კაფსულებიანი აპარატი
ეს აპარატი ძალიან სწრაფია და მოხერხებულია, როცა სტუმრებისთვისაც გიწევთ ყავის მომზადება, ოღონდ ჩვეულებრივი დაფქული ყავა არ გამოგადგებათ – სპეციალური, ალუმინის კაფსულებში დახუფულია საჭირო. კაფსულას დებთ აპარატში, წყლის ავზში ასხამთ წყალს და ჩამრთველს თითს აჭერთ. სულ ეს არის. თქვენი ესპრესო, კაპუჩინო ან ლატე მაკიატო რამდენიმე წუთში მზად იქნება.
არსებობს მარტივი და პატარა მოდელები, რომლებსაც მხოლოდ ჩამრთველი ღილაკი აქვს, და უფრო დახვეწილი, დიდი ზომის აპარატებიც რამდენიმე პროგრამით, რომელთა დახმარებით წყლის რაოდენობასა და ტემპერატურას თავად არეგულირებთ.
არსებობს კაფსულების სამი პოპულარული სისტემა: Nესპრესსო, Dოლცე Gუსტო და თასსიმო. გემოთი, არომატით და სიმაგრით ეს სისტემები ერთმანეთისგან განსსხვადება და თითოეულს შესაბამისი აპარატი სჭირდება.
პადებიანი აპარატი
ეს ტიპი კაფსულებიანი აპარატის პრინციპით მუშაობს: ქაღალდის პაკეტებში (პადებში) ულუფებად დაფასოებულ ყავას აპარატში მოათავსებთ, ავზში წყალს ჩაასხამთ და აპარატს ჩართავთ. 90 გრადუსამდე გაცხელებული წყალი წნევით ყავის პაკეტში გაივლის. ეს პროცესი 40 წამი გრძელდება.
რადგან მწარე ნივთიერებები და ეთერზეთები ფილტრში რჩება, ამგვარად მომზადებული ყავა უფრო რბილია.
ყავის პადები, ისევე როგორც კაფსულები, სხვადასხვა არომატით გამოდის.
ავტომატური აპარატი
კაპუჩინო, ესპრესო, ამერიკანო, ლატე მაკიატო – ღილაკზე თითის ერთი დაჭერით აპარატი ყავის ნებისმიერ ვარიანტს ჩამოგისხამთ, ამიტომ ის განსაკუთრებით კომფორტულია დიდი ოჯახებისთვის. აპარატი ყავასაც თავად ფქვავს, თქვენ მხოლოდ მარცვლები უნდა ჩაყაროთ საფქვავში, შესაბამისი ოდენობის წყალი ჩაასხათ ავზში და სასურველი პროგრამა აირჩიოთ. რამდენიმე წამში ყავა მზად იქნება.
ზოგიერთ მოდელს ორი საფქვავიც კი აქვს სხვადასხვა ყავისთვის.
ამ ტიპის აპარატები რძის ავზითაც არის აღჭურვილი. რძის ქაფი და ყავა შესაბამისი თანაფარდობით ერთად ჩაედინება ფინჯანში, ყავის ნალექს კი აპარატი ავტომატურად ცლის სპეციალურ კონტეინერში.
ავტომატური აპარატის არჩევისას სასურველია ტექნიკური მონაცემების გათვალისწინებაც. მაგალითად, რაც უფრო დიდია სიმძლავრე, მით უფრო სწრაფად ცხელდება წყალი. წნევა, რომლითაც წყალი ყავას მიეწოდება, მნიშვნელოვანია სასმლის სიმაგრისა და არომატისთვის. მანქანების უმეტესობა 15 ბარი წნევით მუშაობს, თუმცა ყავის სრულყოფილი არომატისთვის 9 ბარიც საკმარისია.
ინტეგრირებული საფქვავის გამო ავტომატური აპარატები სხვებთან შედარებით ხმაურიანია, თუმცა არსებობს ისეთებიც, რომლებშიც უკვე დაფქული ყავა იყრება.
დიდი ოჯახისთვის რეკომენდებულია მოდელი, რომელსაც წყლის დიდი ავზი აქვს. არსებობს ასევე აპარატები, რომლებსაც ორი ფინჯანი ყავის ერთდროულად მომზადება შეუძლია.
ესპრესო-მანქანა
მიუხედავად იმისა, რომ საქმის ნახევარს აპარატი აკეთებს, ნამდვილი ესპრესოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ყავას, დაფქვის ხარისხს და თქვენს გამოცდილებას.
ყავის გემო და არომატის ინტენსივობა ყავის სახეობაზე, მოხალვისა და დაფქვის ხარისხზეა დამოკიდებული. ყავამანები მარცვლებს უშუალოდ მომზადების წინ ფქვავენ. რაც უფრო მეტად არის მოხალული და წვრილად არის დაფქული, მით უფრო მაგარია ყავა.
დაფქული ყავა პორტაფილტრში უნდა ჩაყაროთ, – 25 მლ ესპრესოს მოსამზადებლად 7-8 გრამია საჭირო, – სპეციალური დგუშით კარგად დაპრესოთ და პორტაფილტრი მანქანაზე დაამაგროთ. წყალიც წინასწარ უნდა ჩაასხათ. ზოგიერთ მოდელს ყავის საფქვავიც აქვს.
92 გრადუსამდე გაცხელებული წყალი ყავას 8-10 ბარი წნევით მიეწოდება 25-30 წამის განმავლობაში. მაღალი წნევის წყალობით ყავაში შემავალი ეთერზეთები წყალში გადადის, ემულსიად იქცევა და რამდენიმე წამში ესპრესოს სქელი წვეთები ფინჯანში ჩაედინება.
თუ უპირატესობას რძიან ესპრესოს ანიჭებთ, ისეთი მოდელი უნდა შერჩიოთ, რომელსაც რძის ასაქაფებელი ფუნქციაც აქვს.
რეგულარული წმენდა სავალდებულოა!
აპარატზე შერჩენილმა ყავის ზეთოვანმა ნაწილაკებმა შესაძლოა ახალმომზადებულ ყავას მწარე გემო მისცეს, ხოლო რძის ნარჩენებმა მიკრობების გამრავლებას შეუწყოს ხელი, ამიტომ ყავის აპარატი რეგულარულად და საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით. ამ მხრივ ძალიან პრაქტიკულია მოდელები, რომლებსაც ნაწილები ეხსნება: წყლის ავზი, ჯამი, რომელშიც ყავა გროვდება და სხვა. ზოგიერთი ნაწილი შეიძლება ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც გაირეცხოს, ოღონდ ამისთვის მას მწარმოებლის შესაბამისი მითითება უნდა ახლდეს.
გაცილებით კომფორტულია აპარატები, რომლებსაც ავტომატური წმენდის ფუნქცია აქვს. ეკრანზე ავტომატურად მიიღებთ შეტყობინებას, რომ აპარატი გასაწმენდია ან გამოსაცვლელია წყლის ფილტრი, თუ ეს უკანასკნელი წყლის ავზშია ინტეგრირებული.
ჯილდა გაჩეჩილაძე