თმის გაყოფილი ბოლოები

გააზიარე:

ჯანმრთელი თმა ქალის ბუნებრივი სამკაულია. მისი სიჯანსაღე კი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. თუ თავის რეგულარული ბანა საკმარისი გეგონათ, სამწუხაროდ, იმედი უნდა გაგიცრუოთ – სისუფთავე არ არის საკმარისი თმის სილამაზისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.

თუ მიგაჩნიათ, რომ თმას სწორად უვლით, მაგრამ ბოლოები მაინც გაყოფილი გაქვთ, თმა კი გამომშრალია და უსიცოცხლო, გირჩევთ, ყურადღებით წაიკითხოთ ჩვენი სტატია – შესაძლოა, ბოლოების გაყოფის რომელიმე მიზეზი გეცნოთ და მდგომარეობის გამოსწორების გზებსაც მიაგნოთ.

კვება

გამოთქმაში “ის ვართ, რასაც მივირთმევთ” ნამდვილად არის სიმართლის წილი. სხეულის ჯანმრთელობა საკვების შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზეა დამოკიდებული, სილამაზე კი ჯანმრთელობის გარეშე წარმოუდგენელია.

თმისა და კანის ჯანმრთელობისთვის ეცადეთ, თქვენს რაციონში საკმარისი რაოდენობით შედიოდეს თუთია, რკინა, ფოლიუმის მჟავა.

გარდა ამისა, გირჩევთ:

* დღის განმავლობაში სვათ 2-3 ლიტრი წყალი.

* ნაკლებად მიირთვათ ცხიმიანი, ტკბილი, ცხარე და მჟავე საკვები.

* კვების რაციონი შეივსოთ ბოსტნეულით, ხილით, მარცვლეულით და ნაკლებცხიმიანი ცილოვანი საკვებით. ცილები და ანტიოქსიდანტები, რომლებიც უხვადაა მცენარეულ საკვებში, ასევე უწყობს ხელს თმის სიჯანსაღის შენარჩუნებას.

თმასაც, როგორც მთელ ორგანიზმს, ვიტამინები სჭირდება. აი ის ხუთი მთავარი ვიტამინი, რომლებიც თმის სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. 

A ვიტამინი

A ვიტამინი, რეტინოლი, ცხიმის ჯირკვლებს ცხიმის გამომუშავებაში ეხმარება, ის კი, თავის მხრივ, ატენიანებს თავის კანს და თმას ბზინვარებას მატებს.

კვების რაციონში A ვიტამინის ნაკლებობა მარტო თმის ბოლოების გაყოფას კი არ იწვევს, არამედ შესაძლოა, თმის ცვენის მიზეზადაც იქცეს.

მიუხედავად ამისა, A ვიტამინის ჭარბი მიღება საზიანოა. მაგალითად, რაც უნდა პარადოქსული მოგეჩვენოთ, A ვიტამინის სიჭარბემაც შეიძლება თმის ცვენა გამოიწვიოს.

A ვიტამინით მდიდარია ტკბილი კარტოფილი, სტაფილო, ისპანახი, გოგრა, ნესვი, ბროკოლი.

ვიტამინი  B7

ვიტამინი  B7, იგივე ბიოტინი, აუცილებელია თმის ჯანმრთელი სტრუქტურისთვის, ღერების სიმტკიცისთვის. ბიოტინი უმთავრესად ცხიმის სინთეზს აკონტროლებს, ამიტომ, ბუნებრივია, გავლენას ახდენს კანისა და თმის ცხიმიანობაზე. მას უხვად შეიცავს ნუში, ბურღული, ხორცი, თევზი.

C ვიტამინი

C ვიტამინი, ასკორბინის მჟავა, ორგანიზმს ისეთი მნიშვნელოვანი ცილის გამოსამუშავებლად სჭირდება, როგორიცაა კოლაგენი, ეს უკანასკნელი კი თმის (ისევე როგორც კანის, ფრჩხილების) ჯანსაღი სტრუქტურის განუყოფელი ნაწილია.

C ვიტამინი ორგანიზმს რკინის შეწოვაში ეხმარება, რკინა კი თმის ზრდისთვის აუცილებელი მინერალია.

C ვიტამინი უხვადაა ციტრუსებში, მარწყვში.

D ვიტამინი

ამ ვიტამინის ნაკლებობამაც შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა და ბოლოების გაყოფა, ამიტომ, თუ ეს პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად გადაამოწმეთ ორგანიზმში მისი რაოდენობა.

ორგანიზმში D ვიტამინი გამომუშავდება მზის სხივებთან კონტაქტისას, თუმცა მისი მიღება შეიძლება დანამატის სახითაც.

E ვიტამინი

E ვიტამინი აუცილებელია თმის სიჯანსაღისთვის, ხელს უწყობს მის ზრდას. ბევრია მზესუმზირაში, ნუშში, ისპანახსა და ავოკადოში.

მავნე ფაქტორები

სტრესი

უამრავი კვლევა აკავშირებს ერთმანეთთან სტრესსა და თმის ცვენას. აღმოჩნდა, რომ სტრესს შეუძლია, თმის ბოლოების გაყოფაც გამოიწვიოს. თმის ცვენის ამ ფორმას თელოგენ ეფფლუვიუმ-ს უწოდებენ. თმის ფოლიკულები აქტივობას წყვეტს და    სტატიკურ ფაზაში გადადის, შესაბამისად, ზრდის ფაზაში მყოფი თმა აღარ იზრდება და ბოლოები ეყოფა.

სათქმელად ადვილია, მაგრამ მაინც უნდა გირჩიოთ, შეძლებისდაგვარად ერიდოთ სტრესის გამომწვევ ფაქტორებს. მით უმეტეს, ბოლოჭამიები არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელსაც სტრესი იწვევს.

სიმშრალე

სიმშრალე თმის ბოლოების გაყოფის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. თმის ღერების გამოშრობას ხელს უწყობს მშრალი ამინდი, დაბალი ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა.

ეცადეთ, თავი დაიბანოთ არა ცხელი, არამედ თბილი წყლით. არავითარ შემთხვევაში არ დაივიწყოთ თმის კონდიციონერი.

სითბური დაზიანება

თმის უთომ, ფენმა თუ თმის სახვევმა საჭირო ეფექტი რომ მოახდინოს, საკმარისად ცხელი უნდა იყოს ან საკმარისად ცხელ ჰაერს უბერავდეს. ჰოდა, სწორედ ეს ცხელი ზედაპირი და ცხელი ჰაერი აზიანებს თმას, თანაც მით უფრო მეტად, რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ აღნიშნულ მოწყობილობებს.

გირჩევთ, არჩევანი შეაჩეროთ თმის კერამიკული უთოზე, რომლის ზედაპირი თანაბრად ცხელდება, ამიტომ თმის ერთსა და იმავე მონაკვეთზე მისი რამდენჯერმე ჩამოსმა არ გიწევთ. ამასთან, ეცადეთ, თმა კვირაში ორი დღე მაინც დაასვენოთ სითბური ზემოქმედებისგან.

ვიდრე გაშრობას, გასწორებას თუ დახვევას შეუდგებით, სასურველია, თმა სპეციალური დამცავი სპრეით ან ლოსიონით დაიმუშაოთ.

ზედმეტი “მოვლა”

სალონიდან ახალგამოსული ადამიანის თმა ლამაზად და ჯანსაღად გამოიყურება, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული ეფექტია. ფენის, საღებავისა თუ თმის საფიქსაციო საშუალებების ხშირი გამოყენება ვნებს თმას. სასურველია, დროდადრო დაასვენოთ ის და სპეციალური აღმდგენი ნიღბები მიაშველოთ.

ზედმეტი დაბანა

თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, თმა უფრო ადვილად მიიღებს ჭუჭყიან იერს (მშრალი თმის პატრონებს ამ მხრივ გაუმართლათ). ეცადეთ, ცდუნებას არ აჰყვეთ. თავის ყოველდღე ბანა ნორმალურია, მაგრამ დღეში რამდენჯერმე – უკვე ამოვარდნილია ნორმის ფარგლებიდან.

რაც შეეხება ძალიან მშრალ თმას, მას, შესაძლოა, კვირაში მხოლოდ ერთხელ დასჭირდეს შამპუნით დაბანა.

თმის შემშრალება

ფენით გაშრობამდე თმას პირსახოცით ვიმშრალებთ. იცოდით, რომ სწორედ ეს პროცესი აზიანებს თმას ყველაზე მეტად? თანაც სწორედ იმ დროს, როდესაც ის ყველაზე მოწყვლადია, ანუ სველია.

პირსახოცს კი ნუ გაუხახუნებთ თმას, არამედ ასე მოიქეცით: კარგად გაწურეთ თმის კონა, მერე ზედ პირსახოცი შემოიხვიეთ და ოდნავ მოუჭირეთ ხელი, რათა ზედმეტი სისველე შეიწოვოს. შეგიძლიათ, თავზე ჩალმასავით შემოიგრაგნოთ და რამდენიმე წუთი გაიჩეროთ, რომ უკეთ შეიწოვოს სისველე.

თმის რეზინი

რეზინის თმის სამაგრი ძალიან საჭირო რამაა, რათა მუშაობის ან ვარჯიშის დროს თმა თვალებში არ ჩაგვივიდეს, მაგრამ იცოდეთ, რომ რეზინით ქაჩვა თმას აზიანებს, ღერებს წყვეტს ან ფესვიანად აძრობს.

ასე რომ არ მოხდეს:

* ეცადეთ, იხმაროთ არა რეზინის, არამედ სილიკონის ან ქსოვილის სამაგრები.

* თმას გულდასმით ნუ გადაიქაჩავთ სკალპიდან – ოდნავ მოშვებული შეიკარით.

* თმას მთელი დღე ნუ დაიტოვებთ რეზინით შეკრულს, საღამო ხანს გაიშალეთ და დაასვენეთ.

თმის დაზიანება არასწორ ვარცხნასაც შეუძლია.

* ნუ დაივარცხნით სველ თმას – ღერები ადვილად დაწყდება.

* თუ ხვეული თმა გაქვთ, გამოიყენეთ სპეციალური სავარცხელი.

* ნებისმიერი ტიპის თმისთვის აარჩიეთ სავარცხელი, რომელსაც საკმაოდ დაშორებული კბილები აქვს.

* რეგულარულად მოიჭერით თმის ბოლოები (3-4 სანტიმეტრიც საკმარისია), თორემ ბოლოჭამია ღერებს უფრო მეტად დააზიანებს.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: