მარიკო ებრალიძე: სცენამდე და სცენაზე

გააზიარე:

სატელევიზიო მუსიკალური პროექტების წყალობით მსმენელის თვალწინ არაერთი ვარსკვლავი დაიბადა. ერთი მათგანია მომღერალი მარიკო ებრალიძე, რომელიც ფართო აუდიტორიას "ვარსკვლავების აკადემიამ" გააცნო. ხუჭუჭა თმა, ხმის გამორჩეული ტემბრი,  შესრულების თავისებური მანერა მის სავიზიტო ბარათად იქცა. საზოგადოებამ მარიკო მალევე შეიყვარა. "პროექტის დასრულების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ქუჩაში ყველა მცნობდა, მესალმებოდა... პოპულარობამ ცოტა დამაბნია“, – ღიმილით იხსენებს მომღერალი.

დღეს მარიკო რამდენიმე საინტერესო პროექტშია ჩართული. ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე იოლად გამომდისო, ამბობს, თუმცა "იოლად" მის ცხოვრებაში არაფერი მოსულა – მისი წარმატება კოლოსალური შრომის შედეგია.

სცენაზე არ უოცნებია, არც პოპულარობა ყოფილა მისი თვითმიზანი, მაგრამ მუსიკა მის ცხოვრებაში ყოველთვის იყო:

–  საქართველოში ლამის ყველა მღერის. ჩვენს ოჯახსაც დიდი მუსიკალური ტრადიცია აქვს. დედაჩემის ბიძები მცხეთის გუნდის ლოტბარები იყვნენ. მეც ყველგან ვმღეროდი – ოჯახურ წვეულებებზე, ბაღის ზეიმზე, სკოლის ღონისძიებებზე... პროფესიის არჩევაზე რომ მიდგა საქმე, ხან სტომატოლოგობა მოვინდომე, ხან – იურისტობა, მაგრამ როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი, ჩემი ფიქრები სულ მუსიკის გარშემო ტრიალებდა.

მუსიკალური შვიდწლედის ფორტეპიანოს კლასში სწავლობდა. ცოტა ვზარმაცობდიო, გამოგვიტყდა:

– ერთხელ გამოცდაზეც კი დავიგვიანე – მთაწმინდაზე ვცხოვრობდი, სკოლა სოლოლაკში იყო. ნება-ნება, ღიღინ-ღიღინით მივედი სკოლამდე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გამოცდა დამთავრებულიყო. გამოვიხურე კარი და ახლა შინისკენ  გავუყევი გზას ღიღინით... სოლფეჯიოც რუტინად მეჩვენებოდა. მაგრამ სიმღერა ძალიან მიყვარდა.

საბოლოოდ ყველაფერს სიმღერის სიყვარულმა სძლია და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სასწავლებელში ჩააბარა ვოკალის მიმართულებით. ოჯახისთვის მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. "დედამ დელიკატურად შენიშნა, ჯობდა, სხვა პროფესია აგერჩია, სიმღერას ყოველთვის მოასწრებდიო, თუმცა ეს საყვედური არ ყოფილა", – იხსენებს მარიკო.

– ოთარ ტატიშვილის  ექსპერიმენტულ ჯგუფში  მოვხვდი. გამოცდიდანვე შეგვარჩია რამდენიმე ახალგაზრდა. სასწავლებელში ირინა ებრალიძემ მომისმინა და ბავშვთა ჯაზურ ანსამბლში  მიმიწვია. ამავე ანსამბლში მღეროდნენ რატი დურგლიშვილი, მაკა ზამბახიძე, ელენე ფოჩხუა... დილიდან დაღამებამდე ვმუშაობდით, მაგრამ დაღლას ვერ ვგრძნობდით, რადგან ამ ყველაფერს არა პოპულარობისთვის, არამედ სიყვარულით ვაკეთებდით.

ბაკალავრიატში სწავლა წლიურად 300 ლარი ღირდა. იმ დროს ეს არ იყო მცირე თანხა. რუსთავსა და გორში  კონცერტები ჩავატარეთ და ამ კონცერტების შემოსავლით ჯგუფის ხელმძღვანელმა შვიდი სტუდენტის სწავლის საფასური გადაიხადა.

სატელევიზიო პროექტები

– "ვარკვლავების აკადემიის" კასტინგი რომ გამოცხადდა, კომპლექსების დასაძლევად და გამბედაობის მოსაკრებად და საკმაო ხანი დამჭირდა... საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მარიკო ებრალიძის სახელით კონკურსზე ორი განაცხადი შევიდა:  მე და ჩემი ოჯახის წევრებმა ერთმანეთისგან მალულად შევიტანეთ. მივედი შინ, შემოვირტყი დოინჯი და შუბლშეკრულმა მოვითხოვე პასუხი: – ჩემ მაგივრად გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ, ორჯერ მიმიწვიეს კასტინგზე-მეთქი! ამაზე აქეთ შემომიტიეს – შენ რატომ დაგვიმალეო... ოჯახმა, მეგობრებმა, მეზობლებმა დიდი ზარ-ზეიმით გამაცილეს კონკურსზე.

პროექტმა რადიკალურად შემცვალა – სიხისტის, სიმკაცრის, სიჯიუტის ადგილი სილაღემ დაიკავა. ტელევიზია, მრავალრიცხოვანი აუდიტორია, სწავლების ახალი მეთოდები, კონკურენცია – ამ ყველაფერმა უდიდესი გამოცდილება შემძინა.

"ვარსკვლავების აკადემიამ" ხალხის სიყვარული მომიტანა. ცოტა უხერხულობასაც კი ვგრძნობდი. თმაშეკრული დავდიოდი, რომ არავის ვეცნე, მაგრამ მალე ეს "ნიღაბიც" პოპულარული გახდა.

"ვარსკვლავების აკადემიას" მოჰყვა "ორი ვარსკვლავი", "ანა-ბანა"... ყველა პროექტიდან ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება და ურთიერთობები წამოვიყოლე. "ვარსკვლავების აკადემიაში" სოფო ხალვაშთან ერთად დუეტი შევასრულე. მახსოვს, როგორ ზრუნავდა ჩემზე ადამიანი, რომელიც იმ დროს ვარსკვლავად, ნამდვილ დედოფლად მიმაჩნდა. მოგვიანებით, როცა საბავშვო კონკურსში პატარა მუსიკოსებს ვუწევდი პარტნიორობას, მეც ასევე ვამხნევებდი ახალბედებს.

სატელევიზიო პროექტმა ბევრი კარი გამიღო, თუმცა ვერ გეტყვით, რომ მას შემდეგ არც იმედგაცრუება ყოფილა და არც პაუზები...  2008 წლის ზაფხულში საინტერესო ტურნე გვქონდა დაგეგმილი. ქუთაისში და ზუგდიდში კონცერტების ჩატარება მოვასწარით და ომი დაიწყო... მოგვიანებით მანანა მორჩილაძის მოვხვდი რეკომენდაციით არაჩვეულებრივ ბენდში, რომელიც კახა ხოშტარიას ინიციატივით შეიქმნა და წლების განმავლობაში იტალიურ რესტორანთან ასოცირდებოდა. მალე ბენდს ვაჟა მანია, გიორგი სუხიტაშვილი, სალომე ბაკურაძე, ნინი წიკლაური შემოემატნენ. მასშტაბები და თვალსაწიერი თანდათან გაიზარდა.

ევროვიზია

საერთაშორისო კონკურსზე მარიკო ებრალიძე ჯგუფ "შინთან" ერთად წარდგა. როგორც თვითონ ამბობს, ამ პროექტშიც თავით გადაეშვა:

– ქვეყნის სახელით ასეთ მასშტაბზე გასვლა დიდი პასუხისმგებლობაა. ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობისას ვცდილობ, არა მხოლოდ მე წამოვიღო ბევრი დადებითი, არამედ თავადაც შევმატო რაღაც. კიდევ ერთი კარგი თვისება მაქვს – წარუმატებლობას და იმედგაცრუებას ტრაგედიად არ აღვიქვამ, ვცდილობ, მსუბუქად მივიღო და ბედს მივენდო. 

არც რჩევის მიღება მიჭირს. პირიქით! სირთულეების გამო პანიკა არ მიპყრობს, ნეგატიურ მოვლენებს არ ვემონები. ალბათ, ისიც ჩემი გაწონასწორებული ხასიათის დამსახურებაა, რომ არც პოპულარობამ ჩამაგდო ხიბლში.

ოჯახი

მარიკო ორი ბიჭის – დემეტრეს და დანიელის დედაა:

– მახსოვს,  დედა გაბრაზებით რომ შემომხედავდა, ნერვიულობისგან მუცელი მტკივდებოდა. ახლანდელ ბავშვებს თუ გაბრაზებით შეხედე, ორჯერ უფრო გაბრაზებულები შემოგხედავენ. დედაშვილურ ურთიერთობაში ლმობიერება და სამართლიანობა მიმაჩნია ამოსავლად, ამიტომ ყოველთვის ვითვალისწინებ მათ სურვილებს, პატივს ვცემ მათ არჩევანს, თავს არ ვახვევ ჩემს შეხედულებებს. შეუძლებელია, უფროსი ყოველთვის მართალი იყოს.

მეუღლე ექიმია. ალბათ, ძნელია ჩემი პროფესიის ადამიანის ქმრობა – სწორედ მაშინ გავდივარ შინიდან, როცა ოჯახის დანარჩენი წევრები შინ იკრიბებიან...

მიხარია, რომ ნიჭს არ ვუღალატე და ჩემი გზა ვიპოვე. ვფიქრობ, ცოტა იღბალიც წამეხმარა.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ჟურნალის საშუალებით მსმენელს მადლობა ვუთხრა სიყვარულისთვის.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: