ნანა დიხამინჯია: “ადამიანს ინტერესი ამოძრავებს”
გააზიარე:
ნანა დიხამინჯია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორია ინოვაციებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით. ამასთან ერთად, კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელია. არის ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში. პარალელურად რამდენიმე საგანმანათლებლო და ტექნოლოგიურ პროექტს უწევს კონსულტირებას.
ქალბატონ ნანას ჩვენს ქვეყანაში განათლების სისტემის პრობლემებსა და იმ პროექტებზე ვესაუბრეთ, რომლებიც მისი ინიციატივით ახალგაზრდებისთვის ხორციელდება.
საქმე
მშობლები მათემატიკოსები იყვნენ და სწავლის გაგრძელება თავადაც ამ მიმართულებით ისურვა:
– როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი, მთელი ოჯახი საერთო საცხოვრებლის ერთ ოთახში ვცხოვრობდით. იმ დროს ჩვენი მთავარი საზრუნავი საჭმლის და კომუნალური გადასახადების ფულის შოვნა იყო. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამდენს ვისწავლიდი, გავაკეთებდი, ვიმოგზაურებდი. საზოგადოდ, იმ დროს პროფესიები უფრო მარტივად წარმოგვედგინა, თითქოს რაღაცას სწავლობდი და მერე მთელი ცხოვრება მშვიდად უნდა გეკეთებინა ერთი და იგივე საქმე. ჩემი ცხოვრება ამის საპირისპირო აღმოჩნდა – გამუდმებით რაღაც ახალს ვეჭიდები.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა მაგისტრის ხარისხით, გამოთვლითი მათემატიკის დოქტორის ხარისხი კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა. პარალელურად კომპანია "გეოგრაფიკის" პროგრამისტი გახდა და გეოსაინფორმაციო სისტემები შეისწავლა. 2013 წლის ბოლოს მისურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ელექტრომაგნიტური თავსებადობის ლაბორატორიაში მიიწვიეს მკვლევრად, სადაც უკვე ელექტრული ინჟინერიის ამოცანებზე დაიწყო მუშაობა და მას შემდეგ ამ სფეროშია.
_ კომპიუტერული ტექნოლოგიები არათუ საქართველოსთვის, მსოფლიოსთვისაა სიახლე. რა პრობლემებია ამ დარგში დღეს და რა არის საჭირო წარმატებისთვის?
– ნებისმიერ სფეროში ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ძალა მისი ინტერესია. ცხადია, ასევე საჭიროა გამძლეობა და შრომისმოყვარეობა. განსაკუთრებით STEM მიმართულებებისთვისაა მნიშვნელოვანი მუდმივი განვითარება, მუდმივად ახალი ცოდნის შეძენა.
პრობლემებიდან ჩემს სფეროში ადამიანური რესურსის ნაკლებობას გამოვყოფდი. ეს უმთავრესად იმის ბრალია, რომ, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, სკოლებში სწორად არ ასწავლიან მათემატიკას, არადა სწორედ მათემატიკის ცოდნა ქმნის საფუძველს ტექნოლოგიებითა და ინჟინერიით დაინტერესებისთვის.
მეცნიერება და ტექნოლოგიები დღეს ძალიან სწრაფად ვითარდება, მაგრამ მოსახლეობის მცირე ნაწილს თუ შეუძლია მათი მიღწევების სრულად გამოყენება ან იმის გააზრება, როგორ მუშაობს ამ ცოდნაზე დამყარებული სისტემები. ამასთან, ნებისმიერ სფეროში ყველა თანამედროვე გადაწყვეტილება მონაცემების ანალიზზე დაფუძნებულ სისტემებს ეყრდნობა. კიდევ უფრო მეტ სირთულეს დავინახავთ, როცა ყველა სფეროში აქტიურად დამკვიდრდება ხელოვნური ინტელექტის სისტემები. მათი სწორად დანერგვისთვის, გამოყენებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ესმოდეს ამ სისტემების მუშაობის პრინციპები.
საქართველოში ეს პრობლემა კიდევ უფრო ცხადად ჩანს. განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, მოსწავლეებისთვის ძალიან ცოტაა ისეთი კლუბები და შეჯიბრებები, რომლებიც ავითარებს ინტერესს ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართ. სასკოლო პროგრამაში პროგრამირება ახლა შედის და ისიც – ძალიან ზედაპირულად. ამავე დროს, სწორედ ახლა გვაქვს შესაძლებლობა, სწრაფად განვვითარდეთ როგორც ტექნოლოგიური ქვეყანა და მსოფლიო რუკაზე აქტიურად გამოვჩნდეთ. ვცხოვრობთ უნიკალურ დროში, როცა ქვეყნის ძალა და სიმდიდრე მის ცოდნაზეა დამოკიდებული და ეს ცოდნა ადვილად ხელმისაწვდომი გახდება, თუ შესაბამის ფიზიკურ და ვირტუალურ ინფრასტრუქტურას შევქმნით.
_ რას გვეტყვით განათლების სისტემის ზოგად პრობლემებზე?
– საქართველოს განათლების სისტემის მთავარი პრობლემა ერთიანი გრძელვადიანი სტრატეგიის უქონლობაა. აქ განათლების სისტემა პოლიტიზებულია და ყოველი ახალი პროექტის განხორციელება მინისტრების ცვლაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ბევრი საინტერესო პროექტისა, რომლებიც ცვლის განათლების სისტემას, ჯერ არ მომხდარა ამ სისტემის მასშტაბური რეფორმა ყველა მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ჩართულობით. სწორედ ეს გვჭირდება – ქვეყანამ დაისახოს ერთიანი მიზანი, რომელიც შეესაბამება თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნებს და მოიცავს განათლების ყველა საფეხურს, დაწყებული სკოლამდელი განათლებით, დამთავრებული სამეცნიერო კვლევებით და მათი კომერციალიზაციით. ამ მიზანს უნდა მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ, მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა, ყოველ წელს, განათლებასა და მეცნიერებაში ახალი ცოდნის გაჩენის კვალდაკვალ, არსებული მონაცემების მუდმივი ანალიზით და პრობლემების გამოვლენით გადავხედოთ და დავხვეწოთ სამოქმედო გეგმა.
_ პანდემიამ რამდენად დააზარალა განათლების სფერო?
– განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ პანდემიით გამოწვეულმა "საგანგებო დაშორებულმა სწავლებამ" გააღრმავა უთანასწორობა განათლებაში საშუალო საფეხურზე. წარმატებულ ქვეყნებშიც კი ბევრი მოსწავლე დარჩა სასწავლო პროცესის მიღმა, რადგან განათლებაზე პასუხისმგებლობამ ძირითადად გადაინაცვლა მშობლებსა და მათ შესაძლებლობებზე ფინანსებისა თუ დროის მხრივ. საქართველოს ზუსტ სურათზე, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მიგვიწვდება ხელი, მაგრამ პირადი დაკვირვებით თუ კერძო საუბრებიდან კარგად ჩანს, რომ საჯარო სკოლების მოსწავლეთა საკმაო ნაწილისთვის პანდემიის დროს განათლების შესაძლებლობას წარმოადგენდა მხოლოდ ტელეგაკვეთილები და კვირაში რამდენიმესაათიანი შეხვედრა მასწავლებლებთან. ზოგიერთი ონლაინგაკვეთილებსაც ვერ ესწრებოდა ინტერნეტისა თუ მოწყობილობის უქონლობის გამო. ასევე სამწუხაროა, რომ არც სექტემბერში, არც იანვარში არ ჩატარებულა მოსწავლეების შიდა ტესტირება იმის გამოსავლენად, რამდენად ჩამორჩნენ ისინი ეროვნულ სასწავლო გეგმას. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი წელია, ასეთ მძიმე მდგომარეობაშია საშუალო სკოლა, განათლების სამინისტროს ჯერჯერობით არ შემოუთავაზებია რემედიაციის პროგრამები სასწავლო გეგმას ჩამორჩენილი მოსწავლეებისთვის. ამ ტიპის ჩავარდნები მოსწავლეს საგრძნობლად სწევს უკან, რადგან სკოლაში დაბრუნებისას მას ახალი მასალის ათვისება გაუჭირდება.
ამავე დროს, პანდემიამ ბიძგი მისცა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემებში ტექნოლოგიების გამოყენების გავრცელებას, რითაც ძალიან ჩამოვრჩებოდით განვითარებულ ქვეყნებს. იმედი მაქვს, ამას სასიკეთოდ გამოვიყენებთ, ბევრ ციფრულ რესურსს და ონლაინ პლატფორმას განვავითარებთ.
– ახალგაზრდებთან აქტიური შეხება გაქვთ. რას იტყვით თქვენი სტუდენტების თაობაზე?
– ჩემი დაკვირვებით, თანამედროვე თაობას ნაკლებად აინტერესებს მატერიალური სიკეთეები და ეს ძალიან კარგია. ისინი უფრო თამამები არიან, ცვლილებების მიმართ გახსნილები, ნაკლებად აღიარებენ ავტორიტეტებს და სოციუმის შეზღუდვებს. ეს ყველაფერი ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ეს თვისებები ქმნის უკეთეს სამყაროს, უფრო თავისუფალს და მიმღებს. ჩვენმა თაობამ ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ დააღწია თავი საბჭოთა გავლენებს, რაც ყველაფერში ჩანს – პოლიტიკაში, განათლებაში, მართვის მეთოდებში. ასე მგონია, მომდევნო თაობა ამას არ მოითმენს, ვიღაცის ხათრი და შიში არ იმოქმედებს მათ გადაწყვეტილებებზე.
ნანა დიხამინჯია ბევრი საინტერესო პროექტის ინიციატორია:
– ბედნიერი ვარ, თუ რამე საინტერესო პროექტს ვახორციელებ ახალგაზრდებისთვის, მიხარია, როცა ჩემი კვლევა ქვეყნდება კარგ ჟურნალში ან ვიგებ სამეცნიერო გრანტს, მაგრამ სიამაყეს ყოველთვის სჭარბობს თვითკრიტიკა – ვეძებ, რისი გაკეთება შემეძლო უკეთ, რა ცოდნა ან ინსტრუმენტი მაკლია, რომ უფრო შედეგიანი იყოს ჩემი შრომა, როგორ მოვასწრო მეტი.
ამჟამად რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობ, მაგრამ ყველაზე მეტ ენერგიას მაინც ახალგაზრდების არაფორმალური განათლების პროექტებში ვდებ. პანდემიამ შესაძლებლობა მოგვცა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი უფასო სასწავლო კურსი შევთავაზოთ მოსწავლეებს ონლაინ ფორმით – პროგრამირების, ელექტრონიკის თუ თამაშების განვითარების. ჩავატარეთ რამდენიმე ჰაკათონი. ერთ-ერთი საინტერესო პროექტი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, არის აშშ საელჩოს მიერ დაფინანსებული საინჟინრო სკოლა ასი უფროსკლასელი გოგოსთვის. ახლახან რამდენიმე პარტნიორთან ერთად დავიწყეთ ევროკავშირის მასშტაბური პროექტი – სამი წლის განმავლობაში რეგიონის ას საჯარო სკოლაში ტექნოლოგიური კლუბები უნდა შევქმნათ. ჩემი სამომავლო პროექტებიც, სამეცნიერო კვლევებთან ერთად, ამ მიმართულებას უკავშირდება – რომ არაფორმალური განათლებით შევავსოთ საქართველოს საჯარო სკოლებში ტექნოლოგიური და საინჟინრო ცოდნის მიღების შესაძლებლობის ნაკლებობა.
ოჯახი
– დედაჩემი მათემატიკის მასწავლებელი იყო, მამა – დოცენტი სოხუმის უნივერსიტეტში ფუნქციონალური ანალიზის მიმართულებით. მშვიდი ბავშვობა მქონდა. ბევრს ვკითხულობდი, ეზოშიც ვთამაშობდი. გარედან არ ჩანდა, მაგრამ უფროსებთან უფრო იოლად ვპოულობდი საერთო ენას, თანატოლებთან ურთიერთობა კი მიჭირდა, რის გამოც ყოველთვის ვღელავდი. დეპრესიული განწყობებიც მახასიათებდა. ცხადად მახსოვს, როგორ ვსეირნობდით ხოლმე მე და დედა სანაპიროზე და სანაყინეში ვსხდებოდით.
ომი
– ის წელი აგარაკზე, წებელდაში გავატარეთ. სექტემბერში დავბრუნდით, სკოლაც კი დავალაგეთ მასწავლებლებთან ერთად. 16 სექტემბერს ისევ განახლდა ბრძოლები და ოთხი დღე მეტწილად ცხრასართულიანი კორპუსის სარდაფში ვისხედით. მერე მოვახერხეთ ფეხით გაქცევა ისევ წებელდაში. 22 სექტემბერს გავიგეთ, რომ ჩვენი სახლი დაიწვა. ეს კორპუსი ჩემს დაბადებამდე ცოტა ადრე ერთად ააშენეს სოხუმის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა და ყველა მეზობელს არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა ჰქონდა. არ მახსოვს, მოწაფეობის წლებში რამე წიგნი დამჭირვებოდა და მეზობლებთან არ მეპოვა. როცა სახლი დაიწვა, ამაზე ვფიქრობდი – რამდენი წიგნი განადგურდა. 28 სექტემბერს, გამთენიისას, სვანეთის გზით წამოვედით. მახსოვს გზაზე ნანახი პირველი გარდაცვლილი, წითელი საბანი ეფარა. ბოლო დღეს, ტყიდან გამოსვლისას ნანახი გარდაცვლილიც ცხადად დამამახსოვრდა – ქვაზე იყო მიწოლილი. როგორც ჩანს, ტყემდე მიაღწია და ცეცხლის დანთება ვეღარ მოასწრო, გაიყინა... ომამდე ცხოვრება გაცილებით მარტივი მეგონა და თუ რამე მენატრება იქიდან, ეს შეგრძნებაა – ზღვის თეთრი სანაპირო და ტალღების მშვიდი ხმა. მას შემდეგ ბევრი ზღვისა თუ ოკეანის სანაპიროზე ვყოფილვარ, მაგრამ დაცულობის ეს შეგრძნება აღარასოდეს მქონია.
პორტრეტი
– მგონია, რომ სამართლიანი ადამიანი ვარ და ამ თვისებას სხვებშიც ყველაზე მეტად ვაფასებ.
საკუთარ თავს უფრო მეტს ვთხოვ, ვიდრე გარშემო მყოფებს. კარგად მესმის ადამიანის მრავალმხრივობა და ყოველთვის ვცდილობ, უკეთესი მხრიდან შევხედო. იოლად ვპატიობ შეცდომებს, იმიტომ რომ საკუთარ შეცდომებსაც ვაღიარებ, ზოგს – თუნდაც წლების შემდეგ. ვიცი, რომ ადამიანები სულ ვიზრდებით და შეიძლება, მომავალში ისევე კრიტიკულად შევხედო ჩემს ახლანდელ წარმოდგენებს სამყაროს შესახებ, როგორც ახლა ვუყურებ ხუთი წლის წინანდელ შეხედულებებს. მიყვარს, როცა ადამიანები ცდილობენ, საკუთარ თავთან და, შესაბამისად, სხვებთანაც მართლები იყვნენ. ვბრაზობ, როცა ვიღაც ცდილობს, სხვის ხარჯზე მიაღწიოს რამეს, სხვა დაჩაგროს, არ ითვალისწინებს სხვისი ცხოვრების სირთულეებს.
ჯანმრთელობის რეცეპტი
– სპორტული არ ვარ, თუმცა ვცდილობ, ფეხით ვიარო და სახლში ვივარჯიშო. ჯანსაღად კვებასაც ვცდილობ. ეს საკითხი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, იმიტომ რომ ბევრ დროს ვატარებთ უძრავად, ონლაინ რეჟიმში. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას სჭირდება მეტი სპორტული აქტივობა სკოლაში, საკვების ხარისხის კონტროლი სახელმწიფოს მიერ, ბავშვებზე მორგებული პარკები, ხელმისაწვდომი აუზები, გზების ისეთი სისტემა, რომ მოსწავლეებმა სკოლაში ველოსიპედით და სკეიტით უსაფრთხოდ იარონ.
თავად განტვირთვისთვის თითქმის ვერ იცლის, თუმცა კითხვისთვის დროს ყოველთვის პოულობს. მუსიკას უსმენს და შვილებთან ერთად სამაგიდო თამაშებით იქცევს თავს. თუ დრო გამონახეს, მოგზაურობენ.
მიაჩნია, რომ ბევრი პირობით ვართ შემოსაზღვრული, რაც მიზნის მიღწევაში ხშირად გვიშლის ხელს, მაგრამ ადამიანს ამ მოცემულობის ფარგლებშიც შეუძლია, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები.
სწორედ განვითარების შესაძლებლობაა მისთვის ბედნიერება, მამოძრავებელი ძალა კი – რწმენა, რომ ირგვლივ რაღაცის სასიკეთოდ შეცვლა შეუძლია.
თამარ ციბალაშვილი