ხახვი ჯანმრთელობისთვის

გააზიარე:

ხახვი (Allium Cepa) თითქმის ყველა კერძს უხდება, თანაც უამრავი სიკეთე მოაქვს ჯანმრთელობისთვის. XVI საუკუნის ექიმს პარაცელსუსს მიაჩნდა, რომ ერთი თავი ხახვი მთელ აფთიაქს უდრის. მისი შეფასება თანამედროვე კვლევებმაც დაადასტურა.

სასარგებლო ნივთიერებები

100 გრამი ხახვი შეიცავს:

* 7,4 მგ C ვიტამინს, რაც რეკომენდებული დღიური ოდენობის 7 პროცენტია. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია – იჭერს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც უჯრედებსა და ქსოვილებს აზიანებს და აუვნებლებს მათ. ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.

* 156 მკგ პირიდოქსინს (ვიტამინი B6), რაც რეკომენდებული დღიური ოდენობის 8 პროცენტია. ეს ვიტამინი მონაწილეობს ამინმჟავების – უჯრედთა საშენი მასალის – სინთეზში და აუცილებელია სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისთვის. ხელს უწყობს ორგანიზმში ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსის შენარჩუნებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნერვული სისტემის გამართული ფუნქციობისთვის.

* 4 მკგ ბიოტინს (ვიტამინი B7), რაც რეკომენდებული დღიური ოდენობის 4 პროცენტია. ის ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის მოწესრიგებას, მნიშვნელოვანია კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღისთვის.

* 162 მგ კალიუმს, რაც რეკომენდებული დღიური ოდენობის 8 პროცენტია. კალიუმი დიდ როლს ასრულებს ნერვკუნთოვანი იმპულსების გატარებაში. ნატრიუმთან ერთად ის მონაწილეობს მეტაბოლიზმის ისეთ საბაზისო პროცესებში, როგორიცაა წყალმარილოვანი ცვლა, მჟავატუტოვანი წონასწორობის, სისხლის ოსმოსური წნევისა და არტერიული წნევის შენარჩუნება.

* 50 მგ გოგირდს. ის, როგორც ცილების მნიშვნელოვანი კომპონენტი, აძლიერებს იმუნურ სისტემას, დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის დეტოქსიკაციის სისტემის გამართულ მუშაობაში.

სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა შესაძლოა ოდნავ განსხვავებული იყოს ჯიშის, მოყვანის ადგილისა და პირობების მიხედვით.

ფრუქტანები

ხახვი არ შეიცავს სახამებელს. ნახშირწყლები მასში ფრუქტანების ფორმით გვხვდება. ფრუქტანები წყალში ხსნადი ოლიგო- და პოლისაქარიდებია, რომლებიც ხახვს გამოშრობისგან იცავს, თუმცა მგრძნობიარე საჭმლის მომნელებელი სისტემის მქონე ადამიანებთან ხშირად ისეთ პრობლემებს იწვევს, როგორიცაა, მაგალითად, მეტეორიზმი. მიზეზი ის გახლავთ, რომ ფრუქტანები ცუდად შეიწოვება წვრილ ნაწლავში და უცვლელად აღწევს მსხვილ ნაწლავამდე, სადაც მას ბაქტერიები შლიან. ასე რომ, თუ უმი ხახვი გიყვართ, ეცადეთ, სალათებში ის ჯიშები გამოიყენოთ, რომლებსაც შედარებით ნაზი გემო აქვს. მაგალითად, წითელი ხახვი.

თუ ხახვი დისკომფორტს არ გიქმნით, შეგიძლიათ, სრულყოფილად ისარგებლოთ ჯანმრთელობაზე ფრუქტანების უაღრესად დადებითი ზემოქმედებით. მაგალითად, იაპონიაში, ტოიამას უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხახვში შემავალი ფრუქტანები ეფექტურია გრიპის A ვირუსის წინააღმდეგ.

ამასთან, ფრუქტანები ააქტიურებს ნაწლავურ ფლორას, ასტიმულირებს ნაწლავების მოქმედებას და ზრდის კალციუმისა და სხვა მინერალების შეწოვას.

გოგირდოვანი ნაერთები

გოგირდის ნაერთებს მნიშვნელოვანი წვლილი შექვთ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ხახვის უჯრედების გარეთა ფენებში გოგირდის შემცველი და ანტისეპტიკური თვისებების მქონე ამინმჟავა იზოალიინი (Iსოალლიინ) იმალება, უჯრედის შიგნით კი – ფერმენტი ალიინაზა. ხახვის ჭრისა და ღეჭვის დროს სწორედ ამ ორი ნივთიერების კონტაქტის შედეგად წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც ცრემლდენას იწვევს.

მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რაოდენ ღირებულია ეს ნაერთები ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით – გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, რამდენიმე ცრემლის ჩამოგდება ნამდვილად ღირს.

მაინც რა სიკეთე მოაქვს გოგირდოვან ნაერთებს?

ხელს უწყობს სისხლის გათხელებას და გვიცავს ინფარქტისგან

ერთ-ერთი კვლევის საფუძველზე მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ხახვში შემავალი გოგირდშემცველი ნივთიერებები იცავს სისხლის წითელ უჯრედებს მემბრანის დაზიანებისგან, რითაც უზრუნველყოფს ჟანგბადის სათანადო მიწოდებას.

იმავდროულად, გოგირდის ნაერთები ათხელებს სისხლს, რითაც ხელს უშლის თრომბების (სისხლძარღვებში სისხლის შედედებული მასების) ჩამოყალიბებას, ეს კი, თავის მხრივ, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის – ინფარქტის, რისკს.

ხახვში შემავალი ფლავინოიდები, მაგალითად, კვერცეტინი, გოგირდშემცველ ნივთიერებებთან ერთად ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას და ახდენს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს.

აქვეითებს ქოლესტეროლის დონეს

გოგირდის ნაერთები ამცირებს ქოლესტეროლის დონეს, რითაც ხელს უწყობს სისხლძარღვების სიჯანსაღის შენარჩუნებას.

ტაივანის ჩუნგ შანის სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოში ჩატარებული კვლევის საფუძველზე მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ამ მხრივ ხახვის წვენი უფრო სასარგებლოა, რადგან მასში განსაკუთრებით ბევრია კვერცეტინი.

კვლევაში მონაწილეობდა 24 მოხალისე, რომლებსაც ოდნავ ჰქონდათ მომატებული ქოლესტეროლის დონე. ერთი ჯგუფი 8 კვირის განმავლობაში ყოველდღე იღებდა 100 მლ ხახვის წვენს, ხოლო მეორე – პლაცებოს. კვლევის დასასრულს აღმოჩნდა, რომ ხახვის წვენმა მნიშვნელოვნად დასწია როგორც LDL-ის (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები), ისე საერთო ქოლესტეროლის დონე.

ამცირებს კიბოს განვითარების რისკს

ჰოლანდიაში, ლიმბურგის უნივერსიტეტში, დაასკვნეს, რომ დღეში ნახევარი თავი ხახვი 50 პროცენტით ამცირებს კუჭის კიბოს განვითარების რისკს.

კვლევა, რომელიც იტალიაში, მარიო ნეგრის ფარმაკოლოგიურ კვლევათა ინსტიტუტში ჩატარდა, გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ხახვი პირის ღრუს, ყელის, საკვერცხის კიბოსგანაც გვიცავს.

ჩეხმა მეცნიერებმა რამდენიმე სახეობის ბოსტნეული გამოიკვლიეს იმის დასადგენად, რომელ მათგანს აქვს საუკეთესო პრევენციული ეფექტი პანკრეასის კიბოს მიმართ. პირველი ადგილი კომბოსტოს მწნილმა დაიკავა, მეორე – ბროკოლიმ, მესამე კი ხახვმა.

მეცნიერები ვარაუდობენ, ეფექტისთვის საჭიროა ჩამოთვლილი ბოსტნეულის კვირაში სამზე მეტი ულუფა ციტრუსებთან ერთად.

დიაბეტის დროს

ჩინეთში, ჩჟეძიანის უნივერსიტეტში, მეცნიერებმა შეისწავლეს ხახვის მოქმედება დიაბეტის დროს და აღმოაჩინეს, რომ ამ ბაღჩეულს ჰიპოგლიკემიური – სისხლში შაქრის დონის დამქვეითებელი თვისება ჰქონია, რაც გოგირდის ნაერთებისა და ფლავონოიდების დამსახურებაა.

იგივე ნივთიერებები ხელს უშლის ოქსიდაციური სტრესის განვითარებას. შედეგად მცირდება უჯრედების რეზისტენტობა ინსულინის მიმართ და იმატებს საჭიროების შემთხვევაში ინსულინის გამოყოფა.

პოლიფენოლები

გარდა გოგირდის მაღალეფექტური ნაერთებისა, ხახვი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებებსაც შეიცავს. მაგალითად, პოლიფენოლები მასში იმდენია, რომ ძალიან ცოტა საკვები თუ გაუწევს ამ მხრივ კონკურენციას. ხახვში შემავალ პოლიფენოლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ფასეული ნივთიერებაა ფლავონოიდი კვერცეტინი, რომელსაც ანტიკანცეროგენული ეფექტი აქვს.

სპეციალისტები გვირჩევენ, ყოველდღე ვჭამოთ თითო საშუალო ზომის თავი ხახვი. ანტიოქსიდანტების ბუნებრივი ფორმით მიღება უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე დანამატებად – ასე ორგანიზმი მათ უფრო ადვილად ამოიცნობს და ითვისებს.

სახეობები

ხახვი სახეობათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რომლებიც ფორმით, ზომით, ფერითა და გემოთი განსხვავდება ერთმანეთისგან.

ყავისფერ ხახვს ცხარე არომატი აქვს და თითქმის ყველა კერძისთვის გამოიყენება. თანაბრად უხდება ხორცს, თევზს, ბოსტნეულს.

წითელ ხახვს მოტკბო გემო აქვს, თუმცა სიცხარეც დაჰკრავს. ის – როგორც უმად, ისე თერმულად დამუშავებული – საუკეთესოა სალათებისთვის, სუპებისთვის, სოუსებისთვის. ძალიან უხდება რიზოტოს.

მწვანე ხახვს ნაზი, პრასისებრი არომატი აქვს და განსაკუთრებულ გემოს სძენს ნებისმიერ სალათს -ბოსტნეულისას, თევზისას თუ ხორცისას.

თეთრი ხახვიც მოტკბოა. ძალიან უხდება მარინადებს და თეთრი ღვინის სოუსებს.

განსაკუთრებით არომატული სახეობაა შალოტი. იდეალურია სოუსებისა და რიზოტოსთვის.

წითელი ხახვი

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა წითელი ხახვი, რადგან ორჯერ მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე სხვა ჯიშები.

იტალიაში, მესინის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ წითელი ხახვი მნიშვნელოვან ფლავონოიდებთან ერთად ანტოციანებსაც უხვად შეიცავს. მისი ფერი სწორედ ანტოციანების დამსახურებაა. ამ ნივთიერებებს ანტიოქსიდანტური მოქმედება ახასიათებთ – აუვნებლებენ თავისუფალ რადიკალებს, რომლებსაც მრავალი დაავადების გამოწვევა ედებათ ბრალად. 100 გრამი ქორფა წითელი ხახვი 250 მილიგრამამდე ანტოციანებს შეიცავს – იმდენივეს, რამდენსაც შავი მოცხარი.

ხახვის სასარგებლო თვისებები მაქსიმალურად რომ გამოიყენოთ, ეცადეთ, გარეთა ნედლი ფოთლები არ მოაცალოთ. გახსოვდეთ, პოლიფენოლების დიდი ნაწილი გარეთა ფოთლებშია. მათი მოცილებით ხახვი კვერცეტინის დაახლოებით 20 პროცენტს და ანტოციანების თითქმის 75 პროცენტს დაკარგავს. ამასთან, მაღალ ტემპერატურაზე ანტოციანების უდიდესი წილი ნადგურდება, კვერცეტინი კი წვენში გადადის, ამიტომ გირჩევთ, წითელი ხახვი მეტწილად უმად მიირთვათ.

ხალხურ მედიცინაში

ხახვს უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ. ხველის, ყელის ტკივილის, ყურის ტკივილის, საშარდე გზების ინფექციის, გრიპისა და გაციების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების, რევმატული ჩივილების დროს ეფექტურია როგორც უმი ხახვი, ისე ხახვის წვენი და ხახვის ფურცლის ინჰალაცია.

მაგალითად, ხველას (ბრონქიტის, გაციების დროს) უხდება ხახვის სიროფი: ნახევარი კილო დაჭრილი ხახვი ნახევარ ლიტრ წყალში მოხარშეთ, დაამატეთ 100 გრამი თაფლი და ადუღეთ, სანამ ოდნავ არ შესქელდება. თან განუწყვეტლივ ურიეთ. მიიღეთ დღეში 4-5 სუფრის კოვზი.

ინჰალაციისთვის ერთი ან ორი თავი ხახვი პატარა კუბიკებად დაჭერით და 2 ლიტრ წყალში მოხარშეთ, შემდეგ თავზე პირსახოცი გადაიფარეთ და ნახარშის ორთქლი ისუნთქეთ, ოღონდ ფრთხილად იყავით, არ დაიწვათ.

ყურის ტკივილის დროს ხახვი წვრილად დაჭერით, ბამბის თხელ ქსოვილში გაახვიეთ და გაათბეთ, მაგალითად, ორთქლზე. თბილი პაკეტი ყურზე მიიდეთ და 20-30 წუთით დაიტოვეთ.

რამდენიმე რჩევა დიასახლისებს

  • ხახვი აუცილებლად ბასრი დანით დაჭერით. წინააღმდეგ შემთხვევაში მწარე გემო ექნება და ცრემლებსაც გაღვრევინებთ.
  • ხახვმა არომატი რომ არ დაკარგოს, დაჭერით უშუალოდ გამოყენების წინ.
  • ხელებიდან ხახვის სუნის მოსაცილებლად კანში ლიმონის წვენი შეიზილეთ.
  • თუ ხახვის ჭამის შემდეგ შეხვედრა გიწევთ, პიტნის ფოთლები დაღეჭეთ.
  • მოხარშული, მოწალული, შემწვარი ხახვი უფრო ტკბილია, ვიდრე უმი, რადგან თერმული დამუშავებისას ხახვში შემავალი შაქრები გამოიყოფა.

რა გავითვალისწინოთ ყიდვისას

შეიძინეთ მკვრივი და დაუზიანებელი ხახვი, მით უმეტეს – თუ შენახვას აპირებთ. ყიდვისას გარეთა ხმელი ფურცლები მშრალი უნდა იყოს და ობის კვალი არ ეტყობოდეს.

რბილი და ყლორტიანი ხახვი დიდი ხნისაა.

მწვანე ხახვის ღეროები ქორფა და ხრაშუნა უნდა იყოს.

როგორ შევინახოთ

მშრალ და ბნელ ადგილას, სადაც ჰაერი კარგად ცირკულირებს, ხახვი რამდენიმე თვეს გაძლებს. მთავარია, ცელოფნის პარკში არ დატოვოთ – ბადეში ან ჰაერგამტარი ქსოვილის ტომსიკაში ჩააწყვეთ.

ხახვი შესანახად საუკეთესო ტემპერატურა 1-2 გრადუსია. მწვანე ხახვი კარგად ინახება მაცივარში, ბოსტნეულის განყოფილებაში. თუ კარგად გაწურულ ტილოში შეფუთავთ, ოთხ-ხუთ დღეს გაძლებს.

თუ შეამჩნიეთ, რომ ხახვმა ყლორტები ამოიყარა, რაც შეიძლება მალე გამოიყენეთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: