ახალი წლის იმედგაცრუება

გააზიარე:

რაღაცნაირად ჩვევად გვექცა: ახალ წელს ველოდებით, რომ ახალი ცხოვრება დავიწყოთ, ახალი მიზნები დავისახოთ. ამ დღეს ყველაფერი თითქოს სუფთა ფურცლიდან იწყება, ის კი, რაც მანამდე იყო, გაქრა, წაიშალა.

ჩავლილი წლისა და პრობლემებისგან გაქცევის ერთ-ერთი გზა ახალ წელს საკუთარი თავთან აღთქმის დადების ტრადიციაა, რომელიც ამერიკიდან შემოვიდა და ჩვენც ავიტაცეთ. ტრადიცია, რომელიც ძალიან ჰგავს “ორშაბათიდან დავიწყებ-ს".

რას ჰპირდებიან საკუთარ თავს და სხვებს ადამიანები საახალწლოდ? დანაზოგის გადადებას, მეტ ვარჯიშს, ჯანსაღად კვებას, ახალი სამსახურის დაწყებას, მოწევისთვის თავის დანებებას... სია უსასრულოა. თან ვისვენებთ, ვერთობით და საყვარელ კერძებს შევექცევით, თან ვგეგმავთ, როგორ შევზღუდავთ თავს ცოტა ხანში, დავუწესებთ რეგულაციებს, გავუმკაცრებთ კონტროლს. თითქოს არ შეიძლება, კარგი დროსტარებით უბრალოდ ვისიამოვნოთ – აუცილებლად საფასური უნდა გადავიხადოთ, რომ დანაშაულის განცდა აღარ გვქონდეს.

რა იცვლება ახალი წლის დადგომასთან ერთად? – არაფერი. დანაზოგის გასაკეთებლად ან მეტი უნდა გამოვიმუშაოთ, ან ნაკლები ვხარჯოთ და ეს ერთნაირად შესაძლებელი თუ შეუძლებელია როგორც იანვარში, ისე მარტსა თუ ოქტომბერში. ვარჯიშის დაწყება ზამთარში უფრო ძნელიც კია, ხოლო ჯანსაღი კვებისთვის საუკეთესო დრო ხილისა და ბოსტნეულის სეზონი უფროა, ვიდრე ახალი წლის შემდგომი ორი კვირა.

ახალი წლის დათქმების მთავარი პრობლემა ის არის,  რომ ცვლილებები, რომლებსაც საკუთარ თავს ვპირდებით, სინამდვილეში არ გვინდა, მაგრამ ვცდილობთ, დავაძალოთ თავს და ახალი წლის ჯადოსნობის გვჯერა.

რას ვაძალებთ ჩვენს თავს? – რასაც საზოგადოება მიიჩნევს ჯანსაღად და მისაღებად. საზოგადოება გვკარნახობს, რომ უნდა ვიყოთ გამხდრები, ლამაზები, დამოუკიდებლები და თან მზრუნველები, კარიერულ კიბეზე მაღლა მივიწევდეთ, მაგრამ არც შვილებს ვაკლებდეთ ყურადღებას, გვქონდეს უნაკლოდ დალაგებული სახლი, ძველი და ახლად ნასწავლი კერძებით სავეს სუფრა, ვიყოთ იდეალურები, მაგრამ თან შეცდომების არ გვეშინოდეს, თან გულწრფელები, თან იდუმალები, თან ემოციურები, თან რაციონალურები… და ვინაიდან ეს შეუძლებელია, ყოველ წელს თავიდან ვეჭიდებით ამ ტვირთს და უნაკლობისკენ სწრაფვის გზაზე კიდევ ერთ ამოცანას ვისახავთ: “მორჩა, ახალი წლიდან სირბილს ვიწყებ!”

მეორე პრობლემა ის გახლავთ, რომ მეყსეულად გვსურს მიზნების მიღწევა. მაგალითად, თუ არასოდეს გვირბენია, უცებ, ორ კვირაში გვინდა 8 კმ გავირბინოთ. არადა, პირადი გამოცდილებით გეტყვით, ჩემი გრაფიკიდან და ჩემი სხეულის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, 6 თვე დამჭირდა, 2 კმ-მდე რომ ავსულიყავი. და ვინაიდან შეუძლებელ ამოცანებს ვისახავთ, დახმარების ნაცვლად საკუთარ თავს მუდმივი მარცხისა და უკმაყოფილების განცდისკენ ვუბიძგებთ.

დიახ, ახალ წელს ბევრი ვუბრუნდებით ბავშვობას, როდესაც ბებია გოზინაყს გვიმზადებდა, როდესაც შუქს მთელი დღით გვაძლევდნენ და სახლში, ზამთრის დანარჩენი დღეებისგან განსხვავებით, სითბო ტრიალებდა, როდესაც ნაძვის ხის ქვეშ საჩუქარი გვხვდებოდა, ჩვენზე ზრუნავდნენ და რამდენიმე დღით მართლა ჯადოსნურად ქრებოდა ყველა პრობლემა. ამას ემატება უამრავი ვიდეო და რეკლამა, სადაც მთელი ოჯახი ბედნიერია და იღიმება, ახალგაზრდები ერთმანეთს კოცნიან, ბავშვები სანტას მიერ მოყვანილ წითელბაფთიან ლეკვს ეფერებიან... ანუ გვაჩვენებენ იმას, რაც გვინდა რომ მოხდეს და არა იმას, რაც სინამდვილეში ხდება.

მაგრამ უცებ რომ გაქრეს ფეიერვერკი, შუშხუნა ღვინო, სანტას ქუდები და საახალწლო დათქმები, რაღა დარჩება?

ჩვენ და ჩვენი ფიქრები.

ბევრისთვის ახალი წელი დაკარგულის, წარსულის გადააზრებისა და დანაკარგთან გამოთხოვების დროა. შესაძლოა, გაგვახსენდეს ხალხი, რომელიც აღარ გვყავს, შემოგვიტიოს სევდამ, ნოსტალგიურმა მოგონებებმა. მახსოვს, განქორწინების შემდგომ პირველ ახალ წელს თავს ძლივს დავაძალე, მარტოს მომეტანა ნაძვის ხე. ვიჯექი და ვიხსენებდი, რამდენად განსხვავებული ახალი წელი მქონდა მრავალი წლის განმავლობაში და როგორ მტკივა ახლა. ირგვლივ კი ჩემსავით სევდიანი ადამიანებიც თავს იკატუნებდნენ, რომ ახალი წლიდან სასწაულებრივად ეწვეოდათ ბედნიერება. იმ წელს არც საახალწლო სუფრა გამიწყვია, საჩუქარი კი მხოლოდ შვილს ვუყიდე. 31 დეკემბერს ბავშვობის დროინდელი საყვარელი კანფეტები მოვიმარაგე და მარტო შევხვდი ახალ წელს კანფეტების ღეჭვით.

ადამიანებისთვის, რომლებიც დეპრესიას, შფოთვას თუ მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს განიცდიან, ახალი წელი განსაკუთრებით სტრესულია. მათ უწევთ, შეადარონ თავიანთი მდგომარეობა ბედნიერი ადამინების ხატებს, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს სიცარიელეს, რომელსაც თავად გრძნობენ. ეს ბედნიერი ადამიანები კი მოგვიწოდებენ, საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ: ოდნავ რომ გავხდეთ, ოდნავ მეტი რომ ვიმუშაოთ, ოდნავ სხვაფრად რომ შევიღებოთ თმა, ყველაფერი დალაგდება.

რეალურ სამყაროში მოკლე გზები არ არსებობს და ჩვენს გრძნობებს, ჩვენს ემოციებს, ჩვენს პრობლემებს ვერც ახალ წელს და ვერ წელიწადის სხვა დროს ვერ გავექცევით. თუ ახალ წელს სევდიანობთ, რადგან ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს გადიხართ, რომელსაც ძველ წელიწადში ვერ ტოვებთ – არა უშავს. არ არის აუცილებელი, ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოაგვაროთ. შეცდომები, დანაკარგის გამო გლოვა, სევდა, ბრაზი გვზრდის და გვავითარებს, ეს ყველაფერი ადამიანური და ბუნებრივია.

მაშ, როგორი იქნება თქვენი ახალი წელი? ეცადეთ, მოიშოროთ მოლოდინები და დღეთა დინებას მიჰყვეთ, ყოველი დღე თვითონ მოიტანს თავის მიზნებსა და ამოცანებს. არ დაისახოთ უამრავი მიზანი, რომლებიც ვერ გაგაბედნიერებთ. იმუშავეთ საკუთარი თავის გაბედნიერებაზე დღიდან დღემდე წელიწადის ნებისმიერ დროს და თუ ახალი წლისთვის რამეს ვერ მოასწრებთ, არა უშავს. მოეშვით და თუ ცხოვრება ამის საშუალებას გაძლევთ, გაატარეთ დღესასწაული ახლობლებთან ერთად, გემრიელად ჭამეთ, დაისვენეთ, დაიძინეთ  და დამშვიდდით.

იმ საშინელი ახალი წლის ღამიდან ერთი წლის შემდეგ, ტირილის, გლოვის, თერაპიის, სირბილის, ბუნებაში ბევრი სიარულის, მეგობრების მხარდაჭერის, ახალ რეალობასთან შეგუებისა და გაძლიერების შემდეგ სულ სხვა განწყობა მქონდა – ვიყიდე ახალი სათამაშოები, ყველაფრის დამოუკიდებლად მოტანა ვისწავლე და ახალ წელს შვილთან ერთად შევხვდი, რომელსაც მეორე დღეს თოვლის ბაბუამ კნუტი მოუყვანა. ან იქნებ მე მომიყვანა ახალი მეგობარი, რადგან ჩემს თავს შევპირდი, რომ ამიერიდან თავს მარტო ყოფნისგან დავიცავდი.

გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ, ის აგხდომოდეთ, რაც მართლა ძალიან გინდათ.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპვტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: