პიროვნების ფსიქოლოგია

გააზიარე:

 

 

ერთხელ ძალიან საინტერესო ლექციაზე მოვხვდი. პროფესორმა ლექცია ასეთი შესავლით დაიწყო: “რამდენიმე წამში მე დავსვამ კითხვას, რომელიც ძალიან მარტივი მოგეჩვენებათ, მაგრამ რომელზე პასუხის გასაცემადაც შესაძლოა მთელი სიცოცხლე არ გეყოთ. კითხვა ასეთია: “ვინ ვარ მე?”

ლექცია განათლებისა და თანამედროვე სამყაროს გამოწვევების შესახებ მსჯელობით გაგრძელდა. ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ გავიგე, მაგრამ ეს კითხვა, ვფიქრობ, ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო. დასამახსოვრებელიც და დასაფიქრებელიც.

მართლაც, გიცდიათ, საკუთარი თავისთვის დაგესვათ ეს ერთი შეხედვით უმარტივესი კითხვა? პასუხის გაცემისას პირველად რომელი ცნებები ამოტივტივდება თქვენს ცნობიერებაში? ადამიანი? დედა? და`ძმა? შვილი? კეთილი? მორცხვი? მშვიდი? ყველაფერი ერთად? რა ქმნის იმას, რასაც თითოეული ჩვენგანი საკუთარ “მეს” უწოდებს? რას მივაკუთვნოთ პირველი ადგილი ჩვენი პიროვნების იდენტიფიცირებისას?

რუბრიკით “გამოყენებითი ფსიქოლოგია” ამჯერად პიროვნების კვლევის ისტორიას გაგაცნობთ.

 

ეტიმოლოგია

ერთი თეორიის თანახმად, პიროვნების ცნება ძველი ბერძნული თეატრიდან იღებს სათავეს. ძველი ბერძნები ნიღაბს prosopon-ს უწოდებდნენ. ზოგიერთი ენათმეცნიერის აზრით, ლათინური persona-ს ძირი სწორედ ამ სიტყვაშია საძიებელი. ზოგი მკვლევარი კი ვარაუდობს, რომ persona personare-ს –  [ნიღბის] შიგნიდან მომდინარე ხმას –  უნდა უკავშირდებოდეს.

ენათმეცნიერთა ნაწილი მიუთითებს persona-ს ეტიმოლოგიურ კავშირზე გამოთქმასთან “peri-soma”, რაც ნიშნავს “სხეულის ირგვლივ”. სხვები ეტრუსკულ persu-სთან (ეტრუსკთა სამარხებში ნაპოვნ ნიღბოსან ფიგურასთან) ხედავენ კავშირს. არსებობს მოსაზრებაც, რომ persona ლათინური per se una-დან (ჩემგან, ჩემი მე-დან) მომდინარეობს.

 

ისტორიული ექსკურსი

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 106-43 წლებში მოღვაწე რომაელი პოლიტიკოსი, მოაზროვნე და სახელგანთქმული ორატორი მარკუს ტულიუს ციცერონი პიროვნების ცნების ოთხ ასპექტს განიხილავდა:

1. როგორი ჩანს ადამიანი სხვების თვალში;

2. რა როლს ასრულებს ის სოციუმში;

3. იმ ნიშან-თვისებების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას და საქმიანობას;

4. ინდივიდუალურობა, უნიკალურობა, სტილი.

ციცერონისეულ კლასიფიკაციაშივე გამოიკვეთა ორი პოლუსი, რომლებსაც პიროვნების შესახებ შექმნილი გვიანდელი თეორიების ავტორებიც უტრიალებენ. ერთი ადამიანის გარეგანი, “ნიღბისმიერი” ბუნების ამსახველია, მეორე კი პიროვნების შინაგან ბუნებასა და სტრუქტურას გამოკვეთს. პიროვნება, უხეშად თუ ვიტყვით, ამ ორი საწყისის ერთიანობაა თითოეული პოლუსის მეტ-ნაკლები აქცენტირებით.

ბერძენი ფილოსოფოსი თეოფრასტე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ხასიათის მიხედვით ადამიანის ერთგვარი ტიპოლოგია შემოგვთავაზა. მანვე გამოიყენა პირველმა სიტყვა “ხასიათი” (character –  ნიშანი, თვისება, თავისებურება) და აღწერა ადამიანთათვის დამახასიათებელი მკვეთრი პიროვნული ნიშნები. მისმა ნაშრომმა დიდი გავლენა მოახდინა არა მარტო ანტიკური ეპოქის მოაზროვნეებზე, არამედ თანამედროვე შემოქმედებზეც.

თავის ნაშრომში თეოფრასტე 30 განსხვავებული ხასიათის ადამიანს აღწერს. მისი ეს “ფსიქოლოგიური პორტრეტები” საკმაოდ დახვეწილია ლიტერატურული თვალსაზრისით, ასე რომ, სასიამოვნო საკითხავიც კი შეიძლება აღმოჩნდეს კითხვის მოყვარულთათვის.

აი, მაგალითად, როგორ აღწერს თეოფრასტე უტაქტო ადამიანს:

“უტაქტობა – ეს არის შენთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანის უხერხულ (უსიამოვნო) მდგომარეობაში ჩაყენება. აი, როგორია უტაქტო ადამიანი: თავისი საქმით დაკავებულ კაცთან გაუფრთხილებლად მიდის რჩევის საკითხავად; ძმაკაცები მაშინ მიჰყავს შეყვარებულის გასაცნობად, როდესაც ეს უკანასკნელი სიცხიანი შინ ლოგინში წევს; ციხიდან ადამიანის გამოსაშვებად თავდებად მდგომი, სასამართლოში საქმის დამთავრების შემდეგ ანუ დაგვიანებით მიდის; ქორწილში ქალების ლანძღვას იწყებს; ადამიანს, რომელიც ეს-ესაა დაღლილ-დაქანცული დაბრუნდა შინ, სასეირნოდ წასვლას სთხოვს. შეუძლია, მას, ვინც განსაზღვრულ ფასად უკვე გაყიდა ნივთი, მიუყვანოს მყიდველი, რომელიც ამ ნივთში მეტს შესთავაზებს; კრებაზე, სადაც ყველასთვის ყველაფერი ნათელია, საქმე გადაწყვეტილია და ხალხი დასაშლელად ემზადება, ადგეს და ხელახლა დაიწყოს იმავე საკითხზე მსჯელობა; როდესაც მის თვალწინ მონას როზგავენ, ის იქვე დგას და ჰყვება, როგორ ჩამოიხრჩო ერთმა მონამ თავი გაროზგვის შემდეგ...”

 

თანამედროვე მეცნიერული ხედვა

თანამედროვე ფსიქოლოგიაში ცნება “პიროვნების” არაერთი განსაზღვრება არსებობს. თითოეულის უკან შესაბამისი თეორიული კვლევა დგას.

პიროვნების ფსიქოლოგიის მეცნიერული შესწავლა XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. მაშინ მეცნიერების ამ დარგს ქარაქტეროლოგიას უწოდებდნენ. კვლევის დროს აქცენტი დასმული იყო უმთავრესად ადამიანებს შორის განსხვავებათა შესწავლაზე, იმაზე, რაც თითოეულის განსაკუთრებულობას, ინდივიდუალურობას გამოკვეთდა.

ამერიკელი ფსიქოლოგის გორდონ ოლპორტის ნაშრომი “პიროვნება: ფსიქოლოგიური ინტერპრეტაცია” მიიჩნევა პიროვნების ფსიქოლოგიის ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ კვლევად. ფსიქოლოგიაში ახალი მიმართულების დაბადების თარიღადაც ამ ნაშრომის გამოქვეყნების წელს (1937) მიიჩნევენ.

ოლპორტი ფიქრობდა, რომ მეცნიერმა ყოველი ინდივიდი პერსონალურად უნდა შეისწავლოს როგორც უნიკალური ერთეული. ის უყურადღებოდ ტოვებდა ზოგად კანონზომიერებებს და კონკრეტული ცხოვრებისთვის სპეციფიკური და ინდივიდუალური მოდელებითა და სქემებით ინტერესდებოდა.

ინდივიდის ქცევის მთავარ განმსაზღვრელად ოლპორტს პიროვნების შინაგანი სტრუქტურა უფრო ესახებოდა, ვიდრე გარემო პირობები. “ერთი და იგივე ცეცხლი ადნობს კარაქს და ხარშავს კვერცხს“, – ამბობდა ის იმის საჩვენებლად, რომ ერთსა და იმავე სტიმულს (გარეგან ფაქტორს) განსხვავებული მოქმედება აქვს სხვადასხვა ინდივიდზე. მრავალი თანამედროვე თეორია პიროვნების ფსიქოლოგიის კვლევისას სწორედ ოლპორტისეულ ტრადიციას მიჰყვება.

ამერიკელი ფსიქოლოგი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი და ფსიქოლოგიური კლინიკის დირექტორი ჰენრი მარეი ერთი წლის დაგვიანებით გამოსცემს ასევე ეპოქალური მნიშვნელობის ნაშრომს “პიროვნების კვლევა-ძიება”, რომელშიც პიროვნების მთლიანობის იდეას აყალიბებს და გამოთქვამს აზრს, რომ ადამიანის ქცევას გარემოსა და პიროვნების ინტერაქცია, ურთიერთობა განაპირობებს.

საზოგადოდ, პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში გარემო ფაქტორებისა და პიროვნული, ხასიათობრივი მოცემულობების ურთიერთქმედებაზე მიუთითებს თითქმის ყველა მკვლევარი, რომელიც ამ მიმართულებით იკვლევს ადამიანს. “მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა”, – აკაკი წერეთლის ეს ლაკონიური, მარტივი და ზუსტი განსაზღვრება კარგად გადმოსცემს ამ მეცნიერების კვლევის საგანს (“წვრთნაში” გარემო ფაქტორების ზემოქმედებას თუ ვიგულისხმებთ, ანალოგია გასაგები გახდება).

საინტერესოა ცნობილი ფსიქოლოგების რიჩარდ გერიგისა და ფილიპ ზიმბარდოს მიერ შემუშავებული თეორიაც. წიგნში “ფსიქოლოგია და ცხოვრება” მკვლევრები პიროვნებას განსაზღვრავენ როგორც უნიკალური ფსიქოლოგიური თვისებების რთულ ერთობლიობას, რომელიც განსხვავებულ სიტუაციებში და სხვადასხვა დროს გავლენას ახდენს ინდივიდის ქცევისთვის დამახასიათებელ პატერნებზე (ნიმუშებზე, შაბლონებზე).

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ პიროვნება კომპლექსური ცნებაა და მოიცავს ადამიანისთვის დამახასიათებელ მრავალ ასპექტს – ემოციებს, მოტივაციას, აზრებს, დამოკიდებულებებს, ღირებულებებს, განცდებსა და ქცევებს. ის არ უნდა დავიყვანოთ ინდივიდის ცხოველქმედების რომელიმე ერთ ასპექტზე. პიროვნების მნიშვნელობა, იმავდროულად, მრავალწახნაგოვანია – ის მოიცავს შინაგან ფსიქიკურ პროცესთა ფართო სპექტრს, რომელიც განაპირობებს ადამიანის ქცევის თავისებურებებს სხვადასხვა სიტუაციაში. სხვა სიტყვებით, პიროვნება ფსიქიკური მახასიათებლების ერთობლიობაა, რომლითაც ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან.

ნინო ლომიძე

 

გააზიარე: