საუკეთესო განმავითარებელი სათამაშოები და თამაშები პატარებისთვის

გააზიარე:

სათამაშო ბავშვისთვის არა მარტო გართობის საშუალება, არამედ მის განვითარებაში მონაწილე ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტიცაა. გარემოსთან კონტაქტს ბავშვი პირველად სწორედ სათამაშოების მეშვეობით ამყარებს. ამიტომ განმავითარებელი სათამაშოები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათზე ბევრად არის დამოკიდებული, რა მიმართულებით განვითარდება ბავშვის აზროვნება.

პულტი თუ სათამაშო

პატარებს განსაკუთრებით უყვართ სათამაშოები, რომლებიც უფროსებისთვის განკუთვნილ ნივთებს ჰგავს, მაგრამ ნამდვილი ნივთები ყველაფერს ურჩევნიათ. იქნებ გინახავთ კიდეც სახალისო ვიდეოები, როდესაც პატარებს ერთ მხარეს ტელევიზორის პულტს უდებენ, მეორე მხარეს – სათამაშოს, პატარა კი ყოველ ჯერზე პულტისკენ მიიწევს. ბავშვებს სწორედ ის ნივთები აინტერესებთ, რომლებსაც მშობლების ხელში ხედავენ, ამიტომ ნუ ჩაუხშობთ ცნობისმოყვარეობას. უსაფრთხოების წესების დაცვით მიეცით საშუალება, გაეცნოს სახლში არსებულ ნივთებს. ათხოვეთ თუნდაც მისთვის ასე სასურველი პულტი, აჩვენეთ, როგორ დააჭიროს თითი ღილაკებს და რა ხდება ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ.

ძალიან კარგი გასართობია ქვაბებსა და ტაფებზე დაკვრაც. დაულაგეთ წინ გადმობრუნებული ქვაბები, მიეცით ხის კოვზი და აჩვენეთ, რომელი ქვაბი როგორ ხმას გამოსცემს.

ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება იმისთვის, რომ პატარამ უკეთ გაიგოს ამა თუ იმ ნივთის დანიშნულება და თან კარგადაც გაერთოს.

ფუმფულა მეგობრები

ბავშვის ემოციური განვითარებისთვის საუკეთესოა თოჯინები, რბილი ცხოველები, მულტფილმის გმირები. ასეთ სათამაშოებს პატარები მეგობრებად აღიქვამენ, ეხუტებიან, ესაუბრებიან, მათთან ერთად იძინებენ – როცა ისინი გვერდით ეგულებათ, თავს უფრო კომფორტულად, დაცულად გრძნობენ. მათთან თამაშის პროცესში ვლინდება ემპათიის, მზრუნველობის, სიყვარულის პირველი ნიშნები.

ფუმფულა სათამაშოებთან ბავშვის ურთიერთობაზე დაკვირვებით მისი ემოციური მდგომარეობის გაგებაც შესაძლებელია. როგორ ესაუბრება, რა სიტყვებით ეფერება, როგორ უვლის, თუ სათამაშო ავად გახდა, როგორ ტუქსავს ცუდი საქციელისთვის, აგრესიას ხომ არ გამოხატავს, თუ კი, რა ფორმით – ყველაფერი ეს მიგანიშნებთ, როგორ გრძნობს თავად ბავშვი თავს მსგავს სიტუაციებში. შესაძლოა, ამოიცნოთ საგანგაშო ნიშნები, მაგალითად, შიში, ან ბავშვმა სათამაშოს ისეთი საიდუმლო გაანდოს, რომელსაც თქვენ არ მოგიყვებათ. ჩაერთეთ მასთან ერთად თამაშში და ბევრ საინტერესოს და სასარგებლოს აღმოაჩენთ.

წარმოსახვის უნარისა და კრეატიულობის განვითარება

წარმოსახვის უნარი და კრეატიულობა ძალიან მნიშვნელოვანი უნარებია, რომლებიც ბავშვს მთელი სიცოცხლის განმავლობაში დასჭირდება. ამ უნარებს ყველაზე უკეთ ავითარებს კუბები, ლეგო, სახატავი დაფა. ამ და სხვა ასეთი სათამაშოებით გართობისას ბავშვი თავად წყვეტს, რა შექმნას – სახლი თუ სასახლე, პატარა სოფელი თუ დიდი სამეფო, რობოტი თუ სუპერგმირი და ამისთვის მას სწორედ წარმოსახვის უნარისა და კრეატიულობის ამოქმედება სჭირდება.

როლური თამაშების მნიშვნელობა

შეგვიძლია, სათამაშოების დახმარებით ბავშვს რეალურ სამყაროსთან ადაპტაცია ვასწავლოთ. მაგალითად, სათამაშო სამზარეულოს მეშვეობით ავუხსნათ, რატომ არ შეიძლება ნამდვილ გაზქურასთან თამაში, სათამაშო ფულის კუპიურების მეშვეობით ვაჩვენოთ, როგორ ვყიდულობთ სურსათს, როგორ ვესაუბრებით კონსულტანტს, როგორ გვიბრუნებენ ხურდას. როლური თამაშები საუკეთესო საშუალებაა ბავშვისთვის ადამიანებთან კომუნიკაციის სასწავლებლად. ხშირად გაუმეორეთ: "გამარჯობა", "უკაცრავად", "არა უშავს", "გმადლობთ", "ნახვამდის", – რომ ეს მიმართვები გონებაში გაუჯდეს და შემდგომ მათი გამოყენება გაუმარტივდეს.

შეგიძლიათ, ეთამაშოთ ბოულინგი, რომელიც მოტორიკასაც ავითარებს და ნამდვილი ბოულინგისთვისაც მოამზადებს. გამართეთ საოჯახო კინოთეატრი: მოამზადეთ პოპკორნი, შეიძინეთ ბილეთები, ჩააბნელეთ ოთახი და ერთად უყურეთ საყვარელ ფილმს. გაერთობით კიდეც და ბავშვიც მიეჩვევა იმ სიტუაციებს, სადაც  მალე რეალურადაც აღმოჩნდება.

წიგნი ნებისმიერ ასაკში

წიგნი ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ფასდაუდებელი ინსტრუმენტია. ჩვილებისთვის არსებობს სპეციალური წიგნები, გაფორმებული მათთვის მარტივად აღსაქმელი ნახატებით ან სხვადასხვა ფაქტურის მქონე მასალის კოლაჟებით. ბავშვის ზრდა-განვითარებასთან ერთად, წიგნებიც "იზრდება", თავდაპირველად თითო გვერდზე თითო ნახატია, მერე და მერე კი კონცეფცია ნელ-ნელა რთულდება.

უკითხეთ ბავშვს წიგნები ხმამაღლა, მკაფიოდ, გაახმოვანეთ პერსონაჟები, უპასუხეთ ბავშვის კითხვებს და თავადაც დაუსვით კითხვები, რომ წაკითხულის შესახებ დააფიქროთ. შეარჩიეთ ტექსტები, რომლებშიც აქცენტი დასმულია სიკეთეზე, მეგობრობაზე, გამბედაობაზე, თანაგრძნობაზე, ერთგულებაზე, რათა პატარას მცირე ასაკიდანვე სწორი ცხოვრებისეული პრიორიტეტები ჩამოუყალიბდეს.

ძველი, მობეზრებული სათამაშოები გადამალეთ, მცირე ხნის შემდეგ კი გამოაჩინეთ. ბავშვი მათ აღიქვამს როგორც ახალს და ისევ სიამოვნებით გაერთობა.

ითამაშეთ ბავშვებთან ერთად სამაგიდო და მოძრავი თამაშები, იხტუნეთ, ირბინეთ, იცეკვეთ ერთად.

  • სათამაშო ბავშვის შესაძლებლობებს უნდა იყოს მორგებული. თუ პატარას მისცემთ მძიმე ბურთს, რომელსაც ვერც ისვრის და ვერც ფეხით გააგორებს, შესაძლოა, გული ეტკინოს და თამაშის მიმართ ინტერესი დაკარგოს.
  • იზრუნეთ უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. თუ ბავშვს ფლომასტერს მისცემთ, საწერ მაგიდასთანაც დასვით და აჩვენეთ, სად ხატოს. თუ ფლომასტერით ხელში ოთახებში გაუშვებთ, ნუღარც იმაზე გაუბრაზდებით, თუ კედლებზე დახატავს.
  • ნუ მისცემთ ბავშვს ერთდროულად ბევრ სათამაშოს – ინტერესს უფრო მალე დაკარგავს. ახალი სათამაშოები ნელ-ნელა გამოუჩინეთ, რათა თითოეული მათგანის აღქმა და დანიშნულებისამებრ გამოყენება შეძლოს.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: