მშვიდი მშობელი

გააზიარე:

 

მოდი, შევთანხმდეთ, რომ ბავშვის აღზრდა ძალიან სასიამოვნო პროცესია, მაგრამ ხშირად სტრესთანაცაა დაკავშირებული. 21-ე საუკუნეში, როდესაც ორივე მშობელი მუშაობს, დედას დეკრეტული შვებულების დასრულებისთანავე 2-3 თვის ბავშვის ძიძასთან ან ბებიასთან დატოვება უწევს, საღამოობით კი თავქუდმოგლეჯილი გამორბის სამსახურიდან, რომ ცოტა დრო მაინც გაატაროს შვილთან, მშობლობით მოგვრილი სიამოვნება ლამისაა გაუტოლდეს იმ სტრესს, რომელსაც პატარას აღზრდის პროცესი გვიქმნის.

როდესაც სტრესით გადაღლილ მშობელს, რომელსაც სულ ცოტაც ჰყოფნის, რომ წყობიდან გამოვიდეს, პატარა ეუბნება, ამ კერძს არ შევჭამ ან ამ მაისურს არ ჩავიცვამო, თავის შეკავება ძალიან ძნელია. ჩვენც წონასწორობას ვკარგავთ, ვფეთქდებით და მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ ნეგატივს ბავშვს ვატეხთ თავს.

არის გაბრაზებაში რაღაც ძალიან სასიამოვნო, მით უმეტეს, როცა თავი მართალი გვგონია. თითქოს რაც უფრო მეტად ვბრაზობთ, მით უფრო იმატებს ჩვენი სიმართლის კოეფიციენტიც. შესაძლოა, ასე მიზანს მივაღწიოთ და ბავშვმა შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა, მაგრამ როდესაც ბრაზი გადაგვივლის, შვილის გულნატკენმა თვალებმა დაგვაფიქრონ იმაზე, რომ ზედმეტი მოგვივიდა, ჩვენი რეაქცია გაზვიადებული იყო ან სულაც არ ვიყავით მართალი. შესაძლოა მივხვდეთ, რომ წყობიდან გამოსვლა ვითარებას არასდროს ცვლის უკეთესობისკენ. პირიქით, ის ვნებს ურთიერთობას. ბავშვი თავს დაუცველად გრძნობს, თავად მშობელს კი სტრესის მეორე ფაზა ეწყება, რომელიც დანაშაულის გრძნობითაა განპირობებული.

ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელია. მთავარია, ემოციების მართვა და სიმშვიდის შენარჩუნება ვისწავლოთ.

 

კარგად გამოიძინეთ

გადაღლილი ადამიანი ნამდვილად ვერ იქნება კარგი მშობელი. ის ადვილად გამოვა წყობიდან, ამიტომ ეცადეთ, როგორც კი საშუალება მოგეცემათ, კარგად გამოიძინოთ, უკიდურეს შემთხვევაში, ის მინიმუმი მაინც შეასრულოთ, რაც ზრდასრული ადამიანის ორგანიზმისთვისაა საჭირო. გახსოვდეთ: ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ხშირად გეშლებათ ნერვები, შესაძლოა სწორედ უძილობა იყოს.

 

ბევრი იცინეთ

დიდ დრამებსაც კი შეიძლება მოვუძებნოთ სასაცილო მხარე. ფსიქოლოგიურ სესიებზე, სადაც მშობლებს სიმშვიდის შენარჩუნებას ასწავლიან, ფსიქოლოგები სთხოვენ კლიენტებს, მოიფიქრონ იმ სიტუაციების სასაცილო გაგრძელება, როდესაც წყობიდან გამოვიდნენ და ბავშვებს უხეშად მოექცნენ. მაგალითად, ერთი მშობელი მოყვა, რომ მის თინეიჯერ ვაჟს ძალიან უნდოდა მანქანის მართვა და როდესაც ქალაქგარეთ მიდიოდნენ, მამას საჭესთან დაჯდომის უფლებას სთხოვდა. ის დათანხმდა, იმ პირობით, რომ მის მითითებებს შეასრულებდა. ბავშვს რაღაც არ გამოუვიდა და კინაღამ საგზაო ნიშანს შეასკდნენ. მამამ წონასწორობა დაკარგა და შვილი ამ სიტყვებით დატუქსა: "ხომ გეუბნებოდი, ასე მოგივა-მეთქი! ამიერიდან აღარასოდეს დაგსვამ საჭესთან!" შედეგად ბავშვს მანქანის მართვის შიში გაუჩნდა.

ამ სცენარის განვითარება სხვანაირადაც შეიძლებოდა. მაგალითად, მამას ხუმრობით რომ ეთქვა: "რა კარგია, მაინც საპირფარეშოში მინდოდა შესვლა; ბარემ გაჩერებულები ვართ და ამ საქმეს მოვითავებო", – ყველა გაიცინებდა და ვითარება განიმუხტებოდა. მოგვიანებით კი მამა აუცილებლად გაესაუბრებოდა შვილს, მიახვედრებდა, რომ მართლაც შეიძლებოდა, ამ ინციდენტს ცუდი შედეგი მოჰყოლოდა. ასე ბავშვი უფრო კარგად გაიაზრებდა სიტუაციას და აღარც მომავალში შეეშინდებოდა საჭესთან დაჯდომის.

 

შეხედეთ სამყაროს ბავშვის თვალით

ხშირად ბავშვებს კეთილშობილი მიზნები აქვთ, მაგრამ საქციელით სრულიად საპირისპიროს გამოხატავენ, ამიტომ სანამ მათზე გაბრაზდებით, დაფიქრდით, ნამდვილად თქვენი გაბრაზება უნდოდათ თუ სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდათ.

მაგალითად, თუ ოთხი წლის ბავშვი თეთრეულის კალათიდან სარეცხს მთელ სახლში ფანტავს, ხოლო მისი ერთი წლის ძმა ამაზე სიცილით ბჟირდება, დაფიქრდით, სანამ გაუბრაზდებით – იქნებ მისი მიზანი უმცროსი ძმის გართობაა და აზრადაც არ მოსდის, რომ ამით საქმეს გიმატებთ.

მშვიდად უთხარით ბავშვს, რომ ტანსაცმელი გასარეცხია და მისი ადგილი კალათაშია. ერთად აკრიფეთ მიმოფანტული ნივთები და კალათში ჩააბრუნეთ. ეცადეთ, ესეც გართობად აქციოთ, რომ პატარას განწყობა არ გაუფუჭოთ. მერე ერთად დაიბანეთ ხელები.

 

ყოველთვის დაფიქრდით: რატომ?

ყველაზე ხშირად ბავშვის ცუდი ქცევა იმითაა განპირობებული, რომ შია, გაბრაზებულია, მოწყენილია, დაღლილია, დასტრესილია ან უბრალოდ ვერ აცნობიერებს, რომ მისი ქცევა მიუღებელია, ამიტომ სანამ გაუბრაზდებით, დაფიქრდით, რა უდევს საფუძვლად ბავშვის ქცევას და ეცადეთ, მისი მიზეზი აღმოფხვრათ. ჩხუბით შესაძლოა იმწუთას ქცევა შეაცვლევინოთ, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში ამას ცუდი შედეგი მოჰყვება.

 

თავი შეიკავეთ

არსებობს მოსაზრება, რომ თუ ბრაზს გარეთ გამოვუშვებთ, თავს უკეთ ვიგრძნობთ. მაგრამ თუ ნეგატივს ბავშვზე გადმოანთხევთ, ეს ნამდვილად ვერ მოგგვრით შვებას. პირიქით, კიდევ უფრო დაგიმძიმებთ განწყობას. ამიტომ, თუ გრძნობთ, რომ მოთმინებას კარგავთ და სადაცაა იფეთქებთ, თავი შეიკავეთ. წარმოიდგინეთ, რომ ზრდასრულ, გარეშე ადამიანს ეკამათებით, რომელსაც ასე ვერ დატუქსავთ. როგორ მოიქცეოდით ამ შემთხვევაში? შეგიძლიათ, ტაიმ-აუტი აიღოთ, გახვიდეთ მეორე ოთახში, დამშვიდდეთ და მერე განაგრძოთ ბავშვთან საუბარი. ტაიმ-აუტი მხოლოდ ბავშვებისთვის არ მოუგონიათ, მშობლებზეც ძალიან კარგად ჭრის.

 

შეანელეთ ნაბიჯი

დღეს ყველას სადღაც გვეჩქარება. ისე ვართ შეპყრობილი მომავალზე ფიქრით, რომ აწმყო გვავიწყდება. ხშირად სწორედ ესაა ჩვენი წყობიდან გამოსვლის მიზეზი. შეანელეთ ნაბიჯი, ისიამოვნეთ დღევანდელი დღით. თუ ბავშვი თამაშს გთხოვთ, თქვენ კი ჭურჭელი გაქვთ დასარეცხი, ეთამაშეთ. ჭურჭელი მოიცდის, ბავშვი კი გაიზრდება და მოგენატრებათ ის დრო, როდესაც შვილი თვითონ გთხოვდათ მასთან ერთად დროის გატარებას.

 

დადექით მის მხარეს

ხშირად, როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, მას პრობლემად, დაბრკოლებად აღვიქვამთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ის თქვენი ცხოვრების ნაწილია, რომ ერთ გუნდში ხართ. როდესაც თანაგუნდელს უჭირს, ყველანაირად უნდა დაეხმაროთ პრობლემის მოგვარებაში. ის თქვენიანია, რომელსაც უნდა გაუგოთ და გვერდით დაუდგეთ.

 

არ გაუუცხოვდეთ

ყოველთვის ეცადეთ, ბავშვთან ახლოს იყოთ. ხშირი კონფლიქტი, დიალოგის არარსებობა და მუდმივი დაძაბულობა მშობელსა და ბავშვს შორის უფსკრულს აჩენს. რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო ღრმავდება უფსკრულიც. ამიტომ პატარაობიდანვე შეინარჩუნეთ მასთან სიახლოვე. იყავით მისი მეგობარი, მაგრამ, უპირველესად, მშობელი, ის, ვისაც ენდობა და დახმარებისთვის მიმართავს და არა ის, ვისგანაც გაკიცხვისა და დასჯის მეტს არაფერს ელის.

 

სხვისი შვილები

როდესაც თქვენი შვილი რამეს აშავებს და გრძნობთ, რომ საცაა წყობიდან გამოხვალთ, წამით წარმოიდგინეთ, რომ ის თქვენი მეზობლის ბავშვია. როგორ მოიქცეოდით? უყვირებდით, შეაჯანჯღარებდით და გალანძღავდით? თავს უკეთ ვთოკავთ, როდესაც საქმე სხვის შვილებს ეხება, ჩვენებთან კი, მიგვაჩნია, რომ უფლება გვაქვს, მოთმინება დავკარგოთ. მოექეცით თქვენს შვილებს ისე, როგორც გინდათ მათ სხვები მოექცნენ.

 

უბრალოდ გიყვარდეთ

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ოთხი წლის ბავშვი ბოლომდე ვერ სწვდება კარგისა და ცუდის არსს. შვიდი წლისა შესაძლოა სკოლაში დადიოდეს და დიდი გვეგონოს, მაგრამ ის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა და შეიძლება ბევრი რამ შეეშალოს. თინეიჯერობა დიდი გამოწვევაა და ამ დროს, რა შეცდომაც უნდა დაუშვას, შვილს თქვენი გვერდით დგომა სჭირდება. ნებისმიერ ასაკში ბავშვისთვის მშობელი მთავარი საყრდენი და იმედია, ამიტომ უბრალოდ გიყვარდეთ ის და ყველაფერი კარგად იქნება.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: