ფიტოესტროგენები - მცენარეული ჰორმონების მნიშვნელობა ქალის ორგანიზმისთვის

გააზიარე:

ჰორმონები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე თითქმის ყველა პროცესში – ზრდასა და განვითარებაში, გამრავლებაში, ნივთიერებათა ცვლაში – მონაწილეობს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროცესების შეუფერხებლად წარმართვაში. ორგანიზმი მათ თავად წარმოქმნის, თუმცა ჰორმონისმაგვარი ნივთიერებები ზოგიერთ საკვებშიც გვხვდება და, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის ჰორმონულ ბალანსზე.

"მცენარეული ჰორმონების" ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები არიან ეგრეთ წოდებული ფიტოესტროგენები.

როგორ მოქმედებენ ისინი ადამიანის ორგანიზმში? რა დადებითი და უარყოფითი გავლენა აქვთ ჯანმრთელობაზე? შეუძლიათ თუ არა, შეამსუბუქონ მენოპაუზით გამოწვეული სიმპტომები? რომელი საკვებია ამ ნივთიერებებით მდიდარი? ამ და სხვა კითხვებით "ავერსის კლინიკის" ექიმ ენდოკრინოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს ნინო ესაკიას ვესტუმრეთ.

– ქალბატონო ნინო, რა არის ფიტოესტროგენები?

– დავიწყოთ იმით, რომ სქესობრივად მომწიფებული ქალის საკვერცხე სასქესო ჰორმონების ორ მთავარ ჯგუფს – ესტროგენებსა და პროგესტერონს გამოიმუშავებს.

ესტროგენების პირველადი ფუნქცია ქალის სქესობრივი მომწიფებაა. ამასთანავე, მათ ევალებათ, მოამზადონ ქალის ორგანიზმი ორსულობისთვის და ხელი შეუწყონ ნაყოფის ფიზიოლოგიურ განვითარებას.

არარეპროდუქციული ფუნქციებიდან კი აღსანიშნავია ესტროგენების როლი ძლიერი და მტკიცე ძვლების შენარჩუნებაში – ისინი ხელს უშლიან ძვლებიდან კალციუმის კარგვას. ამის კვალობაზე, ესტროგენების ნაკლებობა ზრდის ოსტეოპოროზის და ამის შედეგად მოტეხილობების განვითარების რისკს. რისკი განსაკუთრებით მაღალია პოსტმენოპაუზურ პერიოდში, რადგან ამ დროს ესტროგენების დონე ბუნებრივად მცირდება.

ესტროგენები იცავენ გულ-სისხლძარღვთა სისტემას იმით, რომ ხელს უწყობენ ქოლესტეროლის მეტაბოლიზმს, აფართოებენ სისხლძარღვებს და აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გარდა ამისა, ესტროგენები მონაწილეობენ კოლაგენის გამომუშავებაში და ხელს უწყობენ კანის დატენიანებას. ასე რომ, ესტროგენების დაბალმა დონემ შესაძლოა კანის სიმშრალე, მოდუნება და ნაადრევი დაბერება გამოიწვიოს.

საკვერცხეები გამოიმუშავებს სამი სახის ესტროგენებს: ესტრადიოლს, ესტრონსა და ესტრიოლს, – რომელთაგან მთავარი ესტრადიოლია.

ფიტოესტროგენები ფიტოქიმიკატების დიდი ჯგუფია. მცენარეულ ესტროგენებად მათ იმიტომ მოიხსნიებენ, რომ ესტრადიოლის მსგავსი აგებულება აქვთ.

ფიტოესტროგენებს მცენარის ორგანიზმში სხვადასხვა ფუნქცია აკისრიათ:

* იცავენ მას პათოგენებისგან;

* მონაწილეობენ მცენარეებსა და სასარგებლო მიკროორგანიზმებს შორის კომუნიკაციაში;

* დიდ როლს ასრულებენ მცენარის განვითარებაში.

ქიმიური სტრუქტურიდან გამომდინარე, ფიტოესტროგენები შეიძლება ორ დიდ ჯგუფად – ფლავონოიდებად და არაფლავონოიდებად დაიყოს.

ფლავონოიდების ჯგუფში შემავალი ფიტოესტროგენებია იზოფლავონები, კუმესტანები (ჩოუმესტან), პრენილფლავონოიდები (პრენყლფლავონოიდს)

არაფლავონოიდების ჯგუფში შედის ლიგნანები და რესვერატროლი.

ფიტოესტროგენებს შორის მეტად ცნობილი და მეცნიერულად შესწავლილია იზოფლავონები, რომლებიც უმთავრესად სოიასა და მის პროდუქტებში გვხვდება.

როგორ მოქმედებენ

ფიტოესტროგენები, ისევე როგორც ესტროგენები, თავიანთი ფუნქციის შესასრულებლად ჯერ სამიზნე უჯრედების რეცეპტორებს უნდა დაუკავშირდნენ, რასაც იოლად ახერხებენ,  ვინაიდან სხეულის საკუთარი ჰორმონის, ბეტა-ესტრადიოლის მსგავსი ქიმიური სტრუქტურა აქვთ.

თუმცა რეცეპტორებთან დაკავშირების შემდეგ ფიტოესტროგენებმა შესაძლოა სხვადასხვა ეფექტი გამოავლინონ: ანტიესტროგენული ან ესტროგენული. პირველ შემთხვევაში ისინი იწვევენ რეცეპტორების ინჰიბირებას (დათრგუნვას, შებოჭვას), მეორეში – გააქტიურებას.

რომელი შედეგი დადგება, დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე:

რამდენი ენდოგენური ესტროგენი წარმოიქმნება იმ დროს ორგანიზმში, რადგან სხეულის საკუთარი ესტროგენები გაცილებით ძლიერად უკავშირდება რეცეპტორებს, ვიდრე ფიტოესტროგენები და, შესაბამისად, უფრო ძლიერი ესტროგენული ეფექტიც აქვს. ამრიგად, თუ ორგანიზმში ესტროგენების დონე მაღალია, ფიტოესტროგენები რეცეპტორებთან დაკავშირებისას კონკურენციას უწევს ორგანიზმის საკუთარ ესტროგენებს და ამით სხეულის საკუთარი ესტროგენების ეფექტიანობას ამცირებს, მაშასადამე, ანტიესტროგენულ ეფექტს ავლენს, ხოლო როცა ორგანიზმში ესტროგენების დონე დაბალია, – მაგალითად, მენოპაუზის პერიოდში, – ფიტოესტროგენებს, პირიქით, ესტროგენული ეფექტი აქვს.

ესტროგენული თუ ანტიესტროგენული ეფექტის განმსაზღვრელი კიდევ ერთი ფაქტორია ქსოვილი, რომელშიც ეს ნივთიერებები მოქმედებს. ესტროგენების რეცეპტორების ორი ტიპი – ალფა და ბეტა – სხვადასხვა ქსოვილში სხვადასხვაგვარად არის განაწილებული, ამიტომ ფიტოესტროგენებს შესაძლოა მკერდის ქსოვილში სხვაგვარი ეფექტი ჰქონდეს, ხოლო პროსტატის ქსოვილში – სხვაგვარი.

ფიტოესტროგენების ეფექტი დამოკიდებულია მათ ტიპზეც, რადგან სხვადასხვა ტიპის ფიტოესტროგენებს განსხვავებული მოქმედება ახასიათებს.

დაბოლოს, ფიტოესტროგენების ეფექტიანობაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ე.წ. თანმხლები ნივთიერებების –კოფაქტორების – არსებობამ ან არარსებობამ.

როგორც ხედავთ, ფიტოესტროგენების ეფექტიანობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ფიტოესტროგენები ქალის სასქესო ჰორმონების მსგავსად მოქმედებს, არასწორია.

– რომელ საკვებში ვიპოვით ფიტოესტროგენებს?

– ფიტოესტროგენებს მრავალი მცენარეული საკვები შეიცავს, ყველაზე ხშირად კი საკვებში იზოფლავონები და ლიგნანები გვხვდება.

იზოფლავონებით განსაკუთრებით მდიდარია სოია და მისი პროდუქტები: ტოფუ, სოიის რძე, ტემპე, სოიის ნაღები, სოიის ნაყინი, სოიის ხორცი, სოიის კატლეტი, სოიის ძეხვეული. 100 გრამ უმ სოიაში დაახლოებით 128 მგ იზოფლავონია, ხოლო დამუშავებულში, მაგალითად, 100 გ ტოფუში  – 23 მილიგრამამდე. შედარებისთვის: 100 გ არაქისი დაახლოებით 0,26 მგ–ს შეიცავს, მუნგი  (მუნგ ბეან) – 0,19 მგ–ს, ოსპი – 0,01 მგ–ს.

კუმესტანები იშვიათად გვხვდება ყოველდღიურ საკვებში. ის განსაკუთრებით ბევრია იონჯასა და სამყურაში: 100 გ გამომშრალ იონჯაში – 36 მგ, 100 გ გამომშრალ სამყურაში – 14 მგ, – თუმცა ცოტას ლობიოშიც ვიპოვით.

საკვებში იშვიათია პრენილფლავონოიდებიც. სამაგიეროდ, მათ უხვად შეიცავს სვია, ასე რომ, პრენილფლავონოიდების წყარო ლუდია. 100 მლ ლუდში მისი შემცველობა ნულიდან 0,95 მგ-მდე მერყეობს. მაგალითად, 100 მლ შავ ლუდში დაახლოებით 0,18 მგ-ია, უალკოჰოლოში კი – მხოლოდ 0,02 მგ.

ლიგნანები ფიტოესტროგენების მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფია იზოფლავონების შემდეგ. ისინი მრავალი სახეობის მცენარეში გვხვდება, თუმცა მცირე ოდენობით. ლიგნანებით განსაკუთრებით მდიდარია სეზამის თესლი – 405-დან 1178 მგ-მდე 100 გრამში, სელის თესლი – 379.4 მგ 100 გრამში – და გოგრის თესლი – 265 მგ 100 გრამში. 100 გრამ თხილში ლიგნანების შემცველობა 0,025 მგ-დან 0,198 მგ-მდე მერყეობს. გაცილებით ნაკლებია პარკოსნებში, ხილში, ბოსტნეულსა და მარცვლეულში.

რესვერატროლი გვხვდება კენკრასა და წითელ ღვინოში. მისი სასარგებლო თვისებების შესასწავლად მრავალი კვლევაა ჩატარებული, მაგრამ იმ ოდენობას, რომელიც შესამჩნევი ეფექტისთვის არის საჭირო, საკვებიდან ვერ მივიღებთ. რესვერატროლის ეფექტური დოზაა დღეში 500-დან 1500 მგ, რისი მიღებაც ნორმალური კვებით შეუძლებელია. მაგალითად, 500 მგ რესვერატროლის მისაღებად უნდა დალიოთ 185 ლიტრი წითელი ღვინო (დაახლოებით 0,27 მგ 100 მლ-ში, ჯიშის მიხედვით) ან მიირთვათ 17 კგ მოცვი (დაახლოებით 3 მგ 100 გრამში).

ვინაიდან ფიტოესტროგენებს მცენარეებში დამცავი ფუნქცია აკისრია, არახელსაყრელ პირობებში: გვალვაში, სიცივეში, მავნებლების გაჩენისას, – მათი რაოდენობა იზრდება. ფიტოესტროგენების შემცველობა დამოკიდებულია მცენარის სახეობასა და შენახვის პირობებზეც.

– რა ახდენს გავლენას ფიტოესტროგენების ათვისებაზე?

– ორგანიზმა საჭირო ოდენობის ფიტოესტროგენები რომ მიიღოს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი რაოდენობა საკვებში, არამედ მისი მომზადების მეთოდიც. მაგალითად, სოიისა და მისი პროდუქტების თერმული დამუშავებისას (დუღილი, ორთქლზე მოხარშვა, შეწვა) იზოფლავონების ბიოშეღწევადობა უმჯობესდება.

რაც შეეხება ლიგნანებს, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სელისა და სეზამის თესლის, ასევე ჭვავის მარცვლების 100°C-მდე გაცხელებას ლიგნანების დეგრადაცია არ მოჰყოლია.

გარდა ამისა, ეფექტური მეტაბოლიტების (მეტაბოლიზმის პროდუქტები, ორგანიზმისთვის უფრო ადვილად გამოსაყენებელი ნივთიერებები) რაოდენობაზე, რომლებიც საჭმლის მონელებისა და მეტაბოლიზმის პროცესში წარმოიქმნება მცენარეული ნივთიერებებისგან, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნაწლავური ფლორის ინდივიდუალური შემადგენლობა.

მაგალითად, ერთი და იმავე ოდენობის ფიტოესტროგენების შემცველი საკვების მიღებისას სისხლში აქტიური მეტაბოლიტების დონე სხვადასხვა ადამიანს შესაძლოა შესამჩნევად განსხვავებული ჰქონდეს.

– ერთნი ფიქრობენ, რომ ფიტოესტროგენები  (დანამატების სახით) ვნებს ჯანმრთელობას, მეორენი საპირისპიროს ამტკიცებენ. რა არის სიმართლე?

– ფიტოესტროგენებს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. მათ მიაჩნიათ, რომ:

* ფიტოესტროგენები, განსაკუთრებით იზოფლავონები, ზრდის სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკს და არსებული კიბოს რეციდივის ალბათობას;

* არღვევს ჰორმონული სისტემის მუშაობას და უარყოფითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე.

მაგალითად, სოიის შესახებ არსებობს ორი ურთიერთგამომრიცხავი აზრი: რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ იზოფლავონები ძუძუს კიბოს განვითარებისგან გვიცავს, სხვა კვლევებმა კი მათი კიბოს ხელშემწყობი ეფექტი გამოავლინა. რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ორივე სიმართლეა და დამოკიდებულია იმაზე, რა ფორმით მოვიხმართ იზოფლავონებს. მაგალითად, იზოლირებულმა იზოფლავონებმა (დანამატების სახით) შესაძლოა ხელი შეუწყოს სიმსივნის ზრდას, ხოლო ბუნებრივი სახით მიღებულს – მაგალითად, სოიის პროდუქტების შემადგენლობაში – ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ეს ეფექტი განსაკუთრებით ძლიერია მათთან, ვინც სოიასა და მის პროდუქტებს ბავშვობიდანვე მოიხმარს. მაგალითად, აზიაში, სადაც სოიის პროდუქტები ტრადიციული საკვებია, ძუძუს კიბოს მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში.

რაც შეეხება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე იზოფლავონების გავლენას, აქაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფორმას. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის რისკმა შესაძლოა მოიმატოს მხოლოდ იზოლირებული იზოფლავონების დიდი დოზების ან ექსტრემალურად ბევრი სოიის პროდუქტის მიღებისას. მაგალითად, იაპონელები დღეში საშუალოდ 25-დან 100 მგ-მდე იზოფლავონს იღებენ სოიის პროდუქტების სახით, ამიტომ ჰიპოთირეოზი იქ გავრცელებული პრობლემა უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის.

თუმცა სიფრთხილეა საჭირო იოდის დეფიციტის დროს: ასეთ ვითარებაში სოიის მოხმარებამ შესაძლოა ჰიპოთირეოზის განვითარებას შეუწყოს ხელი, რადგან, როგორც ვარაუდობენ, იზოფლავონები იკავშირებენ იოდს, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოებისთვის ამინმჟავა თიროზინს უნდა უკავშირდებოდეს. ამ და სხვა მიზეზებით იზოფლავონები შეიძლება განიხილებოდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოების ინჰიბიტორებად, ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, თუ რეგულარულად მივირთმევთ სოიის პროდუქტებს, უზრუნველვყოთ იოდის სათანადო მიწოდებაც. თუმცა მიირთმევთ თუ არა სოიას, ორგანიზმში იოდის ადეკვატური მარაგი ყოველთვის მნიშვნელოვანია.

სოიას სხვა მიზეზითაც აკრიტიკებენ. საქმე ეხება მის ინგრედიენტებს – ლექტინებს და ფიტინის მჟავას, რომლებიც ხელს უშლიან სასარგებლო ნივთიერებების, მათ შორის – კალციუმის, რკინის, თუთიის, მაგნიუმის, ათვისებას.

– რა სარგებლობა მოაქვს ფიტოესტროგენებს?

– თანამედროვე კვლევები მოწმობს, რომ ფიტოესტროგენები ბუნებრივი ფორმით მრავალმხრივ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა მათი მოქმედების ყველა მექანიზმი ჯერჯერობით არ არის შესწავლილი, ამისთვის უფრო მეტი კვლევაა საჭირო.

ვინაიდან ფიტოესტროგენებს აქვს ქალის სასქესო ჰორმონების მარეგულირებელი ეფექტი, შესაძლოა სასარგებლო იყოს მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს და მენოპაუზის პერიოდში.

მაგალითად, ციკლის დარღვევის დროს ძალიან ეფექტურია ლიგნანებით მდიდარი გოგრის, სელის, სეზამის, მზესუმზირის თესლის რეგულარული მიღება.

მენოპაუზის პერიოდში ფიტოესტროგენების ეფექტიანობა მრავალმა კვლევამ დაადასტურა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათ შეუძლიათ, შეამსუბუქონ მენოპაუზის უსიამოვნო სიმპტომები: ალები, საშოს სიმშრალე, გუნება-განწყობის ცვალებადობა, ლიბიდოს დაქვეითება, – თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შედეგი ნაწლავური ფლორის ინდივიდუალურ შემადგენლობაზეა დამოკიდებული.

მცენარეული ნივთიერებების უმეტესობას, მათ შორის – იზოფლავონებსა და ლიგნანებს, ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს. შესაბამისად, შეუძლია, დაიცვას ჩვენი უჯრედები ოქსიდაციური სტრესისგან, რომელსაც მუდმივად განიცდის ჩვენი ორგანიზმი როგორც ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ისე გარემოს მავნე ზემოქმედების შედეგად და მრავალი დაავადების, მათ შორის კიბოსა და ქრონიკული ანთებითი დაავადებების, გამოწვევა ედება ბრალად.

კვლევებმა აჩვენა, რომ ენტეროლიგნანებს, რომლებიც ლიგნანებისგან წარმოიქმნება ნაწლავებში, გაცილებით ძლიერი ანტიოქსიდანტური აქტივობა ახასიათებს, ვიდრე E ვიტამინს – დღემდე ცნობილ ერთ-ერთ უძლიერეს ანტიოქსიდანტს.

მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ ფიტოესტროგენები, განსაკუთრებით – იზოფლავონები, იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. გარდა ამისა, ამ ნივთიერებებს შეუძლია, შეაფერხოს ძვლის სიმკვრივის დაქვეითება ქალებთან, მაშასადამე, ხელი შეუშალოს ოსტეოპოროზის განვითარებასა და პროგრესირებას.

ბოლო ხანს აღმოაჩინეს, რომ სოია, განსაკუთრებით ტოფუ, ძალიან უხდება კანს: ებრძვის ნაოჭებს, აკნესა და ცელულიტს.

ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ იზოფლავონები მართლაც იცავს კანს დაბერებისგან, გრდა ამისა, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და აუმჯობესებს კანის რეგენერაციას, თუმცა მათი შესწავლა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და მონაცემებს დაზუსტება სჭირდება.

რამდენი

სპეციალისტები დღეში 50-დან 100 მგ-მდე იზოფლავონების მიღებას გვირჩევენ. მაგალითად, 200– 400 გ ტოფუ ან 150 გ ტოფუ და 250 მლ სოიის რძე დაახლოებით 60-70 მგ იზოფლავონს აწვდის ორგანიზმს.

მეტი ინფორმაციისთვის:

100 გ ტოფუ შეიცავს დაახლოებით 25 მგ იზოფლავონებს;

100 გ ტემპე – 43 მგ-ს;

4100 გ შოიუ – 1.6 მგ-ს.

რა უნდა გახსოვდეთ:

* ნუ დაალევინებთ ჩვილს სოიის რძეს. ჩვილებისთვის სასარგებლო მხოლოდ და მხოლოდ დედის რძეა.

* თუ ვეგეტარიანელი ხართ, ცილის წყაროდ მხოლოდ სოიას ნუ გამოიყენებთ. მიიღეთ ის ზომიერად ცილის შემცველ სხვა მცენარეულ საკვებთან ერთად.

* აკონტროლეთ სოიისა და მისი პროდუქტების რაოდენობა. ნუ შეჭამთ ძალიან ბევრს. მაგალითად, 60-150 გ ტოფუ და ერთი ჭიქა (150-180 მლ) სოიის რძე, უვნებლად და ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოდაც კი მიიჩნევა, მაგრამ ამ ულუფის ყოველდღე მიღებას არ გირჩევთ.

მიიღეთ იზოფლავონები მხოლოდ ბუნებრივი სახით, საკვების შემადგენლობაში, და არა იზოლირებული, დანამატებად, დანამატების მიღებამდე კი ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: