ჯანმრთელობა ზამთარში
გააზიარე:
წელიწადის ყველა დრო სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. რა მოსდის ჩვენს სხეულს სიცივეში, როგორ იცვლება განწყობა, რომელი დაავადებები ხშირდება ან მწვავდება ცივ სეზონზე, როგორ დავიცვათ თავი ამ უსიამოვნებებისგან?
ზამთარში გაციების, გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებების გახშირების მიზეზია არა ამინდი, არამედ ის, რომ დროის უმეტეს ნაწილს შენობაში ვატარებთ, რის გამოც ვირუსები უფრო ადვილად ვრცელდება. ამას ისიც ერთვის, რომ ცივი, მშრალი ჰაერი ამცირებს ვირუსების მიმართ სხეულის წინააღმდეგობის უნარს. თუ ადამიანს ასთმა აქვს, ასეთი ჰაერის პირით ჩასუნთქვამ შესაძლოა შეტევაც კი გამოიწვიოს.
ზამთარში სიცივე ავიწროებს სისხლძარღვებს, რის გამოც იმატებს ინფარქტისა და ინსულტის რისკი. ამიტომ არის აუცილებელი სიცივეში ამინდის შესაბამისად ჩაცმა და სიფრთხილე გარეთ აქტიურობის (ვარჯიშის, გადათოვლის) დროს.
სიცივეში ბევრი იტკივებს სახსრებს, მოლიპული გზების გამო ხშირდება უბედური შემთხვევებიც. დაცემა განსაკუთრებით საშიშია ოსტეოპოროზის მქონე ადამიანისთვის, რადგან მას მოტეხილობის რისკი უფრო მაღალი აქვს.
ზამთრის ჰაერი აშრობს კანს და ამწვავებს მის ქრონიკულ პრობლემებს, ხოლო ჰიპოთერმია ან მოყინვა ზომიერმა სიცივემაც კი შეიძლება გამოიწვიოს, განსაკუთრებით – ხანდაზმულებთან.
დღეები მოკლდება, რის გამოც ტვინში იცვლება განწყობაზე პასუხისმგებელი ნივთიერებების შემცველობა, ეს კი ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე აისახება. ზამთარში – სიცივესა და სიბნელეში – უმეტესობას სახლში ყოფნა ურჩევნია, მჯდომარე ცხოვრების წესი კი წონის მატებას განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, ზრდის დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების ალბათობას. იმატებს სისხლში ქოლესტეროლის შემცველობა და, ამის კვალობაზე, ინსულტისა და ინფარქტის რისკიც. ასე რომ, ფიზიკური აქტიურობა ზამთარშიც მნიშვნელოვანია, ოღონდ შენობაში – სიცივეში გარეთ ვარჯიშმა შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.
***
გაციება
გაციებას ეძახიან ვირუსებით გამოწვეულ სურდოს და ყელის ტკივილს ანუ ზედა სასუნთქი გზების რესპირატორულ ინფექციას. მოზრდილი ადამიანები წელიწადში საშუალოდ 2-3-ჯერ ცივდებიან, ბავშვები – უფრო ხშირად.
მიზეზები
გაციებას მრავალი ვირუსი იწვევს. მათგან ყველაზე გავრცელებულია რინოვირუსები. ორგანიზმში ვირუსი პირიდან, ცხვირიდან ან თვალებიდან ხვდება. ადამიანისგან ადამიანს ის შეიძლება გადაედოს:
* ჰაერში გამოფრქვეული წვეთებით, როდესაც ავადმყოფს ახველებს ან აცემინებს ან, უბრალოდ, ლაპარაკობს;
* ვირუსიანი ხელის თვალებზე, ცხვირზე ან პირზე შეხებით, ხელზე კი ვირუსი შეიძლება მოხვდეს გაციებული ადამიანისთვის ხელის ჩამორთმევით, ხელის ჩაკიდებით;
* გაციებულის ჭურჭლით, პირსახოცით, სათამაშოთი, ტელეფონით სარგებლობისას.
გაციების ალბათობას ზრდის:
* მცირე ასაკი, განსაკუთრებით – თუ ბავშვი ბაღში დადის;
* იმუნური სისტემის სისუსტე, მაგალითად, ქრონიკული ავადმყოფობის გამო;
* წელიწადის დრო – შემოდგომაზე და ზამთარში ბავშვებიც და მოზრდილებიც უფრო ხშირად ცივდებიან;
* მოწევა – პირველადიც და მეორეულიც;
* უშუალო კონტაქტი ინფიცირებულთან ან იმავე დახურულ სივრცეში ყოფნა, სადაც ინფიცირებულია (მაგალითად, სკოლაში, თვითმფრინავში).
ნიშნები და სიმპტომები
გაციების სიმპტომები უმეტესად თავს იჩენს ვირუსთან კონტაქტიდან 1-3 დღის შემდეგ და მოიცავს:
* სურდოს ან ცხვირის გაჭედვას;
* ყელის ტკივილს ან ფხაჭნას;
* ხველას;
* ცემინებას;
* ცუდ თვითშეგრძნებას;
* კუნთების მსუბუქ ტკივილს;
* მსუბუქ თავის ტკივილს;
* ტემპერატურის ზომიერ მომატებას.
ცხვირიდან გამონადენი თავდაპირველად გამჭვირვალეა, მოგვიანებით შესაძლოა გასქელდეს და გაყვითლდეს ან გამწვანდეს. ეს ცვლილება ნორმალურია და უმეტესად არ მიუთითებს ბაქტერიულ ინფექციაზე.
მივმართავთ ექიმს
როგორც წესი, მოზრდილებს არ სჭირდებათ სამედიცინო დახმარება გაციების დროს, მაგრამ ექიმს უნდა მიმართოთ, თუ:
- სიმპტომები მძიმდება ან არ მსუბუქდება;
- სამ დღეზე მეტია, გრძელდება 38,5 გრადუსზე მაღალი სიცხე;
- წამლების გარეშე დამდგარი უსიცხო პერიოდის შემდეგ სიცხე ისევ იმატებს;
- გრძნობთ ჰაერის უკმარისობას;
- ხიხინებთ;
- გაწუხებთ ძლიერი ყელის ტკივილი, თავის ტკივილი ან ტკივილი სინუსების არეში.
გაციებული ბავშვების უმეტესობასაც არ სჭირდება ექიმის მეთვალყურეობა, მაგრამ დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო, თუ:
- 12 კვირამდე ასაკის ახალშობილს აქვს 38 გრადუსი და უფრო მაღალი სიცხე;
- ნებისმიერი ასაკის ბავშვს აქვს მზარდი სიცხე ან უგრძელდება ცხელება ორ დღეზე მეტია;
- სტკივა ყელი, სტკივა თავი, ახველებს;
- უჭირს სუნთქვა ან ხიხინებს;
- სტკივა ყური;
- ჭირვეულობს ან ძილად არის მივარდნილი;
- დაკარგული აქვს მადა.
გართულებები
გაციებას შესაძლოა დაერთოს:
* შუა ყურის ინფექცია, სითხის დაგროვება დაფის აპკის უკან. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ვირუსით, ისე ბაქტერიით, ვლინდება ყურის ტკივილით ან სიცხის შებრუნებით გაციების შემდეგ;
* ასთმა. გაციებამ შესაძლოა გამოიწვიოს ხიხინი, იმ ადამიანებთანაც კი, რომლებსაც არ აქვთ ასთმა, ასთმიანებთან კი გაამწვაოს;
* სინუსიტი. გაციებამ შესაძლოა გამოიწვიოს სინუსების შეგუბება და ტკივილი. სინუსები თავის ქალაში არსებული ჰაერით სავსე ღრუებია. სინუსიტის გამოწვევა შეუძლია როგორც ვირუსს, ისე ბაქტერიას.
* სხვა დაავადებები. გაციებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქების ან ფილტვების ანთება. მომატებული რისკი აქვთ ასთმის ან დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს.
პრევენცია
გაციების საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. იმისთვის, რომ შეაფერხოთ ვირუსის გავრცელება და თავიდან აიცილოთ გაციება:
* იბანეთ ხელები კარგად და ხშირად, საპნით და წყლით, სულ მცირე, 20 წამის განმავლობაში. თუ საპონსა და წყალზე ხელი არ მიგიწვდებათ, გაიწმინდეთ ალკოჰოლიანი (არანაკლებ 60%-იანი) სადეზინფექციო საშუალებით. აუხსენით შვილებს ხელების დაბანის მნიშვნელობა. ეცადეთ, არ შეეხოთ დაუბანელი ხელებით თვალებს, ცხვირს, პირს.
* გაწმინდეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ზედაპირებს, რომლებსაც ხშირად ეხებით, მათ შორის – კარის სახელურებს, ჩამრთველებს, სამუშაო მაგიდას, სამზარეულოსა და სააბაზანოს ნიჟარებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ოჯახში ვინმე გაციებულია. ხშირად გარეცხეთ ბავშვის სათამაშოებიც.
* ხველებისა და ცემინების დროს პირზე აიფარეთ ხელსახოცი, გამოყენებისთანავე გადააგდეთ, ხოლო ხელები დაიბანეთ. თუ ხელსახოცი არ გაქვთ, აიფარეთ მოხრილი იდაყვი.
* ნუ გაუზიარებთ ჭურჭელს ოჯახის სხვა წევრებს.
* ერიდეთ გაციებულთან მჭიდრო კონტაქტს, შეძლებისდაგვარად ერიდეთ ხალხმრავლობას. როცა ხალხში ხართ, ეცადეთ, არ შეეხოთ თვალებს, ცხვირსა და პირს.
* კარგად იკვებეთ, ივარჯიშეთ და საკმარისი იძინეთ – ეს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
მკურნალობა
გაციებულთა უმეტესობას დიაგნოზს სიმპტომების მიხედვით უსვამენ. გაციების წამალი არ არსებობს. უმეტესად მდგომარეობა 7-10 დღეში თავისთავად უმჯობესდება, მაგრამ ხველა შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდეს. საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის დასვენება, ბევრი სითხის სმა, ჰაერის დატენიანება, ცხვირში ფიზიოლოგიური ხსნარის (დაახლოებით 1%-იანი მარილწყლის) გამოვლება.
გაციებას ანტიბიოტიკებით არ მკურნალობენ, რადგან ანტიბიოტიკები ვირუსზე არ მოქმედებს, მათ მხოლოდ ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.
შეგიძლიათ, მიიღოთ ურეცეპტოდ გასაცემი ტკივილგამაყუჩებლები ყელის ტკივილით, თავის ტკივილით ან ცხელებით გამოწვეული დისკომფორტის შესამცირებლად. ბავშვებს მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი ტკივილგამაყუჩებლები მიეცით (პარაცეტამოლის, იბუპროფენის შემცველი პრეპარატების შესაბამისი დოზები წონის მიხედვით), სამ თვემდე ასაკის ჩვილებს – მხოლოდ ექიმის თანხმობით. არ დაალევინოთ ბავშვებს ასპირინი.
სურდოს შემთხვევაში ექიმის გარეშე შეგიძლიათ დეკონგესტანტების (ცხვირის სისხლძარღვების შემავიწროებელი სპრეის ან წვეთების) გამოყენება არა უმეტეს ხუთი დღის განმავლობაში. ოღონდ არ გამოიყენოთ ისინი ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. 6 წლიდან მათი გამოყენების შესახებ გაესაუბრეთ ექიმს.
რაც შეეხება ხველის წამლებს, კვლევებმა აჩვენა, რომ გაციების დროს მათ პლაცებოზე უკეთესი ეფექტი არ აქვთ. ურეცეპტოდ გასაცემი ხველისა და გაციების წამლები, როგორც წესი, არ არის რეკომენდებული მცირეწლოვანი, განსაკუთრებით კი ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ამიტომ მათ მიცემამდე აუცილებლად გაესაუბრეთ პედიატრს.
არ მიიღოთ ერთდროულად ორი ისეთი წამალი (მაგალითად, ანტიჰისტამინი, დეკონგესტანტი ან ტკივილგამაყუჩებელი), რომლებიც ერთსა და იმავე აქტიურ ნივთიერებას შეიცავს.
სახლში
გაციების დროს თავი კომფორტულად რომ იგრძნოთ:
* სვით ბევრი სითხე – წყალი, წვენი, ბულიონი ან თბილი ლიმონიანი წყალი. ერიდეთ კოფეინს და ალკოჰოლს – ისინი სითხის კარგვას აძლიერებენ. თბილი სითხეები (ქათმის წვნიანი, ჩაი, თბილი ვაშლის წვენი და სხვა) აყუჩებს ყელის ტკივილს და ათავისუფლებს გაგუდულ ცხვირს. თაფლი ამსუბუქებს ხველას. კარგია თბილ ჩაიში გახსნილი. არ მისცეთ თაფლი ერთ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებს – მას შეუძლია, ჩვილთა ბოტულიზმი გამოიწვიოს.
* დაისვენეთ რაც შეიძლება მეტ ხანს. თუ სიცხე ან შემაწუხებელი ხველა გაქვთ, დარჩით სახლში. არ გახვიდეთ გარეთ, თუ წამლის მიღების შემდეგ გრძნობთ, რომ ძილი გერევათ.
* დაარეგულირეთ ოთახის ტემპერატურა და ტენიანობა. ოთახში უნდა თბილოდეს, მაგრამ არ ცხელოდეს. თუ ჰაერი მშრალია, ჰაერის დატენიანება შეამცირებს შეშუპებას და ხველას.
* 1`2 ჩაის კოვზი სუფრის მარილი გახსენით ერთ ჭიქა (250 მლ) თბილ წყალში და ყელში გამოივლეთ. ეს ყელის ტკივილს შეგიმსუბუქებთ. 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვების უმეტესობას ყელში სავლების სწორად გამოვლება არ შეუძლია.
ყელის ტკივილის დასაცხრობად შეგიძლიათ წუწნოთ ყინულის ნატეხები, ყელის საწუწნი ტაბლეტები, საწუწნი კანფეტები. არ მისცეთ ტაბლეტები და კანფეტები 6 წლამდე ასაკის ბავშვებს.
შეისხურეთ ცხვირში მარილიანი წვეთები ან სპრეი – ისინი ნესტოებს ტენიანობას უნარჩუნებენ და ლორწოს შლიან.
პატარა ბავშვებისთვის გამოიყენეთ რეზინის ცხვირის ტუმბო. ჩააწვეთეთ მარილიანი წვეთები (ან ფიზიოლოგიური ხსნარი), ცოტა ხანს დაელოდეთ და შემდეგ ნესტოებიდან სათითაოდ გამოტუმბეთ ლორწო. ტუმბოს თავი დაახლოებით 0.5-1 სმ-ზე შეიტანეთ ნესტოში.
გაციების მსგავსად
გაციების მსგავსი სიმპტომებით მიმდინარეობს სხვა დაავადებებიც, მათ შორის:
* გრიპი – ეს არის გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექცია. სიმპტომების მიხედვით გაციებისგან მისი გარჩევა ძნელია, თუმცა, როგორც წესი, გრიპს უფრო მაღალი ცხელება და ძლიერი შემცივნება ახასიათებს, მაშინ როდესაც გაციებულ ზრდასრულ ადამიანს სიცხე შესაძლოა არც კი მისცეს. გრიპის დროს უფრო ძლიერია კუნთების ტკივილი და სხვა სიმპტომებიც. შესაძლოა, თან ახლდეს ღებინება და დიარეა.
გრიპისგან თავის დასაცავად საუკეთესო გზა აცრაა. გრიპის ვირუსები ყოველწლიურად იცვლება, რის გამოც ყოველ წელს ახალ ვაქცინას უშვებენ და აცრაც ყოველ წელს უნდა გაიახლოთ.
* RSV (რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი) – ეს ვირუსიც გაციების ვირუსების მსგავსად ვრცელდება და სიმპტომებიც მისი მსგავსი აქვს. შეუძლია, გამოიწვიოს ბრონქებისა და ფილტვების ანთება. ერთ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებთან ღშV საავადმყოფოში მოხვედრის ყველაზე გავრცელებული რესპირატორული მიზეზია. ინფექცია მძიმედ მიმდინარეობს ჩვილებთან (განსაკუთრებით – დღენაკლულებთან), მცირეწლოვან ბავშვებთან, ხანდაზმულებთან, გულისა და ფილტვების პრობლემების მქონე ადამიანებთან, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებთან. ორ წლამდე ასაკში ბავშვების 97%-ს ეს ინფექცია გადატანილი აქვს.
არც ისე დიდი ხანია, აშშ-ში იყენებენ RSV ვაქცინას ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, 60 წელს გადაცილებულთათვის და მესამე ტრიმესტრში მყოფი ორსულებისთვის.
* მწვავე ბრონქიტი – ბრონქების ანთება ლორწოს ჭარბ წარმოქმნას იწვევს. ხშირად ის გაციების ან გრიპის შედეგად ვითარდება. შესაძლოა, ბაქტერიებმაც გამოიწვიოს. ბრონქიტი ადვილად ემართებათ მწეველებს, ალერგიულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სინუსიტი, გადიდებული ტონზილები ან ადენოიდები აქვს. მისი ძირითადი სიმპტომი ხველაა, თავდაპირველად – მშრალი, შემდეგ – ნახველიანი. შესაძლოა, თან ახლდეს კუნთების ტკივილი, შემცივნება, თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი, ქოშინი, ცრემლდენა, ხიხინი.
ბრონქიტი უმეტესად მკურნალობის გარეშეც გაივლის. შეიძლება სიმპტომების შემამსუბუქებელი საშუალებების (დამატენიანებლის, ტკივილგამაყუჩებლის) გამოყენება.
* პნევმონია – ფილტვების ანთება შემთხვევათა მესამედში ვირუსებით არის გამოწვეული, დანარჩენში – ბაქტერიებით ან სოკოებით. სიმპტომები მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშამდე მერყეობს. მოიცავს ცხელებას, ნახველიან ხველას, ძლიერ ოფლიანობას, შემცივნებას, უმადობას, დაბნეულობას, ქოშინს, რომელიც მოძრაობისას ძლიერდება, გულმკერდის არეში მკვეთრ ტკივილს, რომელსაც ამძაფრებს ხველება და ღრმა სუნთქვა. ვირუსული პნევმონიის დროს რეკომენდებულია დასვენება, კარგი კვება, ბევრი სითხის მიღება. ბაქტერიულ პნევმონიას ანტიბიოტიკებით მკურნალობენ.
***
კანი
ზამთარში კანი არცთუ სახარბიელო პირობებში აღმოჩნდება ხოლმე: გარეთ ცივი და მშრალი ჰაერია, შენობებში – თბილი და მშრალი, კანის ჯანმრთელობისთვის კი აუცილებელია ტენიანობა. ასაკის მატებასა და ჰორმონულ ცვლილებებთან ერთად მისი ბუნებრივი სინოტივე ისედაც მცირდება, ცივი სეზონი კი მას უფრო მეტად აშრობს.
ამის გამო ზამთარში შეიძლება დამძიმდეს:
* ეგზემა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს წითელი ანთებითი, მქავანა გამონაყარი;
* ფსორიაზი – ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს წითელ, მქავანა ქერცლიან გამონაყარს, ყველაზე ხშირად – მუხლებზე, იდაყვებზე, ტანზე, თავის თმიან ნაწილზე;
* როზაცეა – ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს კანის, ზოგჯერ თვალების სიწითლეს;
* პილარული კერატოზი – ამ დროს კანი გაუხეშებულია და შესახედავად ქათმის კანს ჰგავს. ვითარდება უმთავრესად მკლავებზე, ფეხებზე, დუნდულებზე;
* რეინოს დაავადება – თითების გათეთრება, გალურჯება, დაბუჟება, რაც გამოწვეულია სიცივის (ან სტრესის) საპასუხოდ სისხლძარღვების სპაზმით.
პრაქტიკული რჩევები
არ არის საჭირო ზამთარში კანის მოვლის რუტინაში დიდი ცვლილებების შეტანა. მთავარია, შევინარჩუნოთ მისი სინოტივე და გამაღიზიანებელ პროდუქტებს ვერიდოთ.
* ხშირად დაიტენიანეთ კანი. რაც უფრო სქელია დამატენიანებელი, მით უკეთესი. სქელი დამატენიანებლები, რომლებიც შეიცავს კერამიდებს, ჰიალურონის მჟავას და ვაზელინს, კანს უკეთესად უნარჩუნებს ტენს.
* გამოიყენეთ სახის გამწმენდი, რომელიც წმენდასთან ერთად ატენიანებს კიდეც.
* ზამთარში ცხელი შხაპის მიღება ყველას უყვარს, მაგრამ ცხელი წყალი კანს უფრო მეტად აშრობს, ამიტომ ნუ დარჩებით საშხაპეში 15 წუთზე მეტ ხანს და გადაივლეთ არა ცხელი, არამედ ნელთბილი წყალი.
* ერიდეთ უხეშ სკრაბს, ნეჭას, თავის მოვლის სურნელოვან საშუალებებს – ხეხვამ და ქიმიურმა დანამატებმაც შეიძლება გაგიღიზიანოთ კანი. გამოიყენეთ უსუნო საპონი და თავის მოვლის სხვა ისეთი საშუალებები, რომლებიც არომატიზატორებს არ შეიცავს.
* გამოიყენეთ რძემჟავას შემცველი დამატენიანებელი, რომელიც დანოტივებასთან ერთად მკვდარ უჯრედებსაც ქერცლავს. ის შხაპის მიღებისთანავე წაისვით.
* ნურც ხელებს დაიბანთ მეტისმეტად ცხელი წყლით, მიკრობების მოსაშორებლად გრილი წყალიც საკმარისია. ხელები ყოველი დაბანის შემდეგ დაიტენიანეთ. ჭურჭლის რეცხვისას ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები.
* შინიდან გასვლამდე აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ ულტრაიისფერი B სხივები ზამთარში არც ისე ძლიერია, ისინი მაინც ეცემა დედამიწას და შეუძლია, ღრუბლიან ამინდშიც კი გამოიწვიოს დამწვრობა, მით უმეტეს – თოვლიდან არეკლილს.
* გამოიყენეთ SPF-ის შემცველი ტუჩის ბალზამი, რომ ტუჩები არ დაგისკდეთ და მზემ არ დაგწვათ.
* მიიღეთ ნაკლები ალკოჰოლი და მეტი წყალი – დღე-ღამეში დაახლოებით 2 ლიტრი.
* ღამით გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებლები. ეცადეთ, სახლში ტენიანობის მაჩვენებელი 30-50% იყოს, ხოლო ტემპერატურა – 20-24OC.
* გაითვალისწინეთ, რომ კანის მოვლის საშუალებებს, რომლებიც შეიცავს რეტინოიდებს, ამქერცლავ მჟავებს და C ვიტამინს, კანის გაღიზიანება შეუძლია.
* ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი. ერიდეთ მატყლისა და სხვა უხეში ქსოვილების კანზე პირდაპირ შეხებას – ამან შესაძლოა მშრალი კანის გაღიზიანება და ქავილი გამოიწვიოს. ქვეშ ჩაიცვით რბილი, მსუბუქი, მსუნთქავი ტანსაცმელი (ბამბის, აბრეშუმის) და ზემოდან – თბილი სვიტერი.
***
რეინოს დაავადება
რეინოს დაავადებას სიცივის ან სტრესის შემთხვევაში თითების დაბუჟება და გაცივება ახასიათებს. ამ ცვლილებებს იწვევს თითების მცირე არტერიების სპაზმი და სისხლის ნაკადის შემცირება. რეინოს დაავადება უფრო ხშირად აღენიშნებათ ქალებს და ცივ კლიმატურ სარტყელში მცხოვრებ ადამიანებს.
არსებობს რეინოს დაავადების ორი ძირითადი ტიპი:
* პირველადი, საკუთრივ რეინოს დაავადება – არ არის გამოწვეული სხვა სამედიცინო მდგომარეობით და შეიძლება, იმდენად მსუბუქი იყოს, რომ თავისთავად, მკურნალობის გარეშე გაიაროს. მისი რისკის ფაქტორებია სქესი (ქალი), ასაკი (ხშირად იწყება 15-დან 30 წლამდე), ცივი კლიმატი, დაავადების ოჯახური ისტორია;
* მეორეული, იგივე რეინოს სინდრომი, რეინოს ფენომენი – ეს უკანასკნელი უფრო იშვიათია, მაგრამ უფრო მწვავედ გამოვლინდება. თავს იჩენს დაახლოებით 40 წლის ასაკში. მიზეზად შეიძლება იქცეს სკლეროდერმია, წითელი მგლურა (ლუპუსი), რევმატოიდული ართრიტი, შოგრენის სინდრომი, სისხლძარღვთა ათროსკლეროზი, მაღალი არტერიული წნევა, მაჯის გვირაბის სინდრომი, მტევნების განმეორებითი მოძრაობები ან ვიბრაცია (კლავიატურაზე ბეჭდვა, ფორტეპიანოზე დაკვრა), მოწევა, მაჯის მოტეხილობა, ზოგიერთი მედიკამენტი.
ნიშნები და სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
- თითების გაცივება;
- კანის ფერის ცვლილება – მისი სხვადასხვა უბნის ჯერ გათეთრება, შემდეგ გალურჯება;
- დაბუჟება ან მტკივნეული ჩხვლეტის შეგრძნება მას შემდეგ, რაც თითებს გაითბობენ ან სინდრომის გამომწვევი სტრესი შემსუბუქდება.
რეინოს დაავადების სიმპტომები უმეტესად ხელის ან ფეხის თითებს მოიცავს, მაგრამ შესაძლოა, სხეულის სხვა ნაწილებზეც გამოიხატოს: ცხვირზე, ტუჩებზე, ყურებზე, ძუძუსთავებზეც კი. გათბობის შედეგად სისხლის ნაკადის სრულ აღდგენას და თავდაპირველი მდგომარეობის მიღწევას შესაძლოა 15 წუთიც კი დასჭირდეს. მძიმე მეორეული რეინოს სინდრომი შესაძლოა გართულდეს – თუმცაღა იშვიათად – წყლულებით ან ნეკროზით.
პრევენცია
შეტევების თავიდან ასაცილებლად რეინოს დაავადების მქონე ადამიანი სიცივეში კარგად უნდა იყოს ჩაფუთნული, ეხუროს ქუდი, ეხვიოს შარფი, ეცვას წინდები, ჩექმები, ერთი ან ორი წყვილი ხელთათმანი. კარგი იქნება თერმული საცვლების ჩაცმაც. თუ ცხვირის წვერი და ყურის ბიბილოები ეყინება, სასურველია, ატაროს ყურებიანი ქუდი ან ყურსაცვამები და ნიღაბი. მანქანა, სასურველია, დაძვრამდე რამდენიმე წუთით ადრე აამუშაოს და სალონი გაათბოს, შენობაშიც კი ეცვას თბილი წინდები. მაცივრიდან ან საყინულიდან საკვების გამოღების დროს ჩაიცვას ხელთათმანები. ზოგიერთი ზამთარში საწოლშიც კი იცვამს ხელთათმანებსა და წინდებს, რაც მათ მართლაც ეხმარება.
დიაგნოსტიკა
დიაგნოზი ისმება სიმპტომების, სამედიცინო ისტორიისა და გასინჯვის საფუძველზე. შეიძლება, ჩატარდეს გამოკვლევები სხვა სამედიცინო პრობლემების გამოსარიცხად. ტარდება ფრჩხილების კაპილაროსკოპია, ავტოიმუნური დაავადების აღმოსაჩენად – სისხლის ანალიზი. სპეციფიკური გამოკვლევა არ არსებობს.
მკურნალობა
მსუბუქი სიმპტომების არსებობისას შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს სიცივეში ფენა-ფენა ჩაცმა, ხელთათმანების, თბილი წინდების ტარება. მკურნალობის მიზანია, შემცირდეს შეტევების რაოდენობა და სიმწვავე, თავიდან იქნეს აცილებული ქსოვილის დაზიანება და აღმოიფხვრას (ან კონტროლს დაემორჩილოს) ძირითადი დაავადება ან მდგომარეობა.
შესაძლოა, ექიმმა გამოწეროს კალციუმის არხის ბლოკატორები და ვაზოდილატატორები (სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები) ან საჭიროდ მიიჩნიოს ქირურგიული ჩარევა სისხლძარღვის გამაფართოებელ და შემავიწროებელ ნერვებზე, ბოტოქსის ინექციები.
ცხოვრების წესი
თუ რეინოს დაავადება გაქვთ:
* თავი დაანებეთ მოწევას;
* ივარჯიშეთ;
* მართეთ სტრესი;
* ერიდეთ ტემპერატურის სწრაფ ცვალებადობას, ეცადეთ, ერთბაშად არ გადახვიდეთ სითბოდან კონდიცირებულ გარემოში.
შეტევის დროს გაითბეთ ხელები, ფეხები, სხვა პრობლემური ადგილები. ამისთვის შედით თბილ შენობაში, ამოძრავეთ ხელისა და ფეხის თითები, მტევნები იღლიებში ამოიწყვეთ, მკლავები ატრიალეთ, თითებზე დაისხით თბილი (და არა ცხელი!) წყალი, ჩაყავით კიდურები თბილ (და არა ცხელ!) წყალში, დაიზილეთ თითები. თუ შეტევა სტრესის ბრალია, გამოიყენეთ სარელაქსაციო ტექნიკა.
ალტერნატიული საშუალებებიდან განიხილავენ თევზის ქონს, გინკგოს დანამატებს, აკუპუნქტურას, ბიოუკუკავშირის მეთოდს.
***
სახსრები – ზამთრის ტკივილი
ბევრისგან გაიგონებთ, რომ სახსრების ტკივილით წვიმის პროგნოზირება შეუძლია. ეს არ არის ერთადერთი კავშირი ამინდსა და სახსრებს შორის. სახსრების პრობლემებს ხშირად იწვევს სიცივეც. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა, ფიბრომიალგია ან სხვა დაავადების გამო აწუხებთ სახსრები, სიცივეში ტკივილი უძლიერდებათ, თუმცა ზამთრის ტკივილისგან არც ჯანსაღი სახსრების მქონეები არიან დაზღვეულნი. დაუზუსტებელია, რატომ რეაგირებს ზოგი ადამიანი ამინდის ცვლილებაზე და ზოგი – არა, რა იწვევს სიცივეში სახსრების შებოჭილობას და ტკივილს.
რა იწვევს
ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ბარომეტრული წნევის ვარდნა, რაც გარემოში ტემპერატურის დაქვეითების შედეგია, განაპირობებს მყესების, კუნთებისა და მიმდებარე ქსოვილების გაფართოებას, სახსრების შეშუპებას. ეს იწვევს ტკივილს, განსაკუთრებით – იმ ადამიანებში, რომლებსაც ართრიტი აქვთ ან ქრონიკული ტკივილი აწუხებთ.
ტკივილის წარმოშობა უშუალოდ სიცივის ზემოქმედებითაც აიხსნება: სიცივე იწვევს სიხლძარღვების შევიწროებას, სახსარშიდა სითხის გასქელებას, კუნთების დაჭიმვას და დაძაბვას, რაც სახსრების მობილურობას და მოქნილობას ამცირებს
გარდა ამისა, უამინდობამ შესაძლოა განწყობაზეც იმოქმედოს – თუ მოწყენილი ან დეპრესიული ხართ, ტკივილის აღქმაც გაგიმძაფრდეთ.
არსებობს რეკომენდაციები, რომელთა შესრულება შეამცირებს სახსრების ტკივილის რისკს და ზამთრის კომფორტულად გადატანას გაგიადვილებთ.
1. შეინარჩუნეთ სითბო
სითბო არა მხოლოდ ზამთარში, არამედ წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიმსუბუქებთ სახსრების ტკივილს. ჩაიცვით თბილად, რამდენიმე ფენად. კარგად დაითბუნეთ მტევნები, მუხლები და მენჯ-ბარძაყის სახსართა არეები – სწორედ ამ სახსრების ტკივილია ყველაზე ხშირი. ჩანთაში ან მანქანაში ყოველთვის გეწყოთ ხელთათმანები და თბილი წინდები. შინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ელექტროსაბანი, ელექტროსათბურა, ოღონდ ფრთხილად იყავით, თუ ნერვი გაქვთ დაზიანებული, მაგალითად, დიაბეტის გამო.
როცა დიდხანს ზიხართ უძრავად, მაგალითად, ტელევიზორს უყურებთ ან მუშაობთ მაგიდასთან, უმოძრაობა უფრო გაგაცივებთ. ამ დროს შემოიხვიეთ პლედი, ჩაიცვით თბილი ჩუსტები.
შეინარჩუნეთ შენობაში სითბო და მყუდროება. კარები დახურეთ, ფარდები დაღამებისთანავე ჩამოაფარეთ, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ მინიდან სითბოს კარგვა.
2. ჭამეთ ანთების საწინააღმდეგო საჭმელი
ზამთარში სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად უფრო მეტი მიირთვით საკვები, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს: ავოკადო, თხილეული, თესლეული, ცხიმიანი თევზი. ეს პროდუქტები მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. შესაძლოა, ეფექტური აღმოჩნდეს თევზის ქონის მიღებაც. ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტებს ასევე შეიცავს კურკუმა, ნიორი, ხახვი (განსაკუთრებით – წითელი), მწვანე ჩაი, გრეიპფრუტი, პრობიოტიკებიანი საკვები (მაწონი, კეფირი, იოგურტი), მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული.
3. იმოძრავეთ
თუ სახსრების ტკივილი გაწუხებთ, გეცოდინებათ, რა სასარგებლოა აქტიურობა. სიარული, ვარჯიში სახსრებსა და კუნთებს დაჭიმულობისგან იცავს. კუნთების გაძლიერება ამცირებს სახსრების დატვირთვას. ზამთარში, სიცივეში, გარეთ სიარული და სირბილი არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ სხვა გზებიც არსებობს. შეგიძლიათ, შენობაში ივარჯიშოთ, განსაკუთრებით კარგია ელიფსური ტრენაჟორი, ცურვა, იოგა, პილატესი. ნებისმიერ შემთხვევაში ვარჯიშის წინ აუცილებლად მოითელეთ. სახსრების გახურება სასურველია საწოლიდან ადგომამდეც: ხელ-ფეხი კარგად გაჭიმეთ, ამოძრავეთ მუხლში, კოჭში, იდაყვსა და მაჯაში.
4. დაიკელით წონა
ეცადეთ, ზამთარში წონა არ მოიმატოთ, პირიქით, დაიკელით რამდენიმე კილო. დღესასწაულებზე ეს რთული ამოცანაა, მაგრამ სხეულის ერთი-ორი კილოგრამით შემსუბუქებაც კი საგრძნობლად შეამცირებს სახსრების დატვირთვას და ტკივილს.
5. შეიმოწმეთ D ვიტამინის დონე
დადასტურებულია, რომ D ვიტამინის დეფიციტი ზრდის მგრძნობელობას ართრიტით გამოწვეული ტკივილის მიმართ. ზამთარში ამ ვიტამინის დონე იკლებს, რადგან ადამიანები ნაკლებ დროს ატარებენ მზეზე. სისხლში D ვიტამინის დონის მიხედვით ექიმი დანამატის საჭირო დოზას შეგირჩევთ.
6. არ მოიკლოთ ტენი
როცა გარეთ ცივა, ცოტა წყალს ვსვამთ, რადგან არ გვცხელა და არ ვოფლიანობთ. არადა, სითხეს ამ დროსაც ვკარგავთ კანიდან და ამოსუნქულ ჰაერთან ერთად. მარაგის შევსების გარეშე შესაძლოა განვითარდეს გაუწყლოება, რაც გაზრდის მგრძნობელობას ტკივილის მიმართ. ამიტომ მიიღეთ საკმარისი სითხე. თუ ცივი არ გსიამოვნებთ, სვით თბილი.
7. დასველდით
თბილი წყალი ამშვიდებს მტკივან სახსრებს და მათ გარშემო არსებულ კუნთებს. მიიღეთ აბაზანა, იცურავეთ თბილ აუზში. სახსრებისთვის სასარგებლოა თბილ წყალში ვარჯიშიც, რადგან კარგად მოძრაობენ მცირე დატვირთვის ხარჯზე.
8. იფრთხილეთ მოლიპულზე
თოვლსა და ყინულზე ფრთხილად იარეთ – ფეხის მოცურება და დაცემა სახსრებს ნამდვილად არ წაადგება. შეიძინეთ ზამთრის ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც მოლიპულ ზედაპირზე არ სრიალებს.
9. სვით წამლები მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში
შესაძლოა, სახსრების ტკივილი მხოლოდ ცხოვრების წესის კორექციით ვერ მართოთ, ტკივილის შესამსუბუქებლად წამალიც დაგჭირდეთ, განსაკუთრებით – ცუდ ამინდში. სანამ ტკივილგამაყუჩებლის მიღებას დაიწყებთ, შეუთანხმდით ექიმს. ის გირჩევთ, რომელი წამალი ჯობია თქვენთვის. თუ კუჭის წყლული ან თირკმლის პრობლემები გაქვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ იბუპროფენის, ნაპროქსენის, პარაცეტამოლის მიმართ.
10. მიმართეთ ექიმს
თუ ზამთარში სახსრების ჩვეულ ტკივილს სხვა ნიშნებიც დაერთო: გაგიჩნდათ მუდმივი შეშუპება, სიწითლე, გაგიძნელდათ მოძრაობა, მიმართეთ ექიმს.
***
ჰიპოთერმია
ჰიპოთერმია გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება, როდესაც სხეული სითბოს უფრო სწრაფად კარგავს, ვიდრე გამოიმუშავებს. ჰიპოთერმიის დროს სხეულის ტემპერატურა 35ოჩ-ზე დაბალია. ეს იწვევს ორგანოთა ნორმალური ფუნქციობის შეფერხებას, რაც მკურნალობის გარეშე შესაძლოა ფატალურიც აღმოჩნდეს.
ჰიპოთერმიის მიზეზი, წესისამებრ, ცივი ამინდი და ცივი წყალია, უფრო კონკრეტულად -
- ამინდისთვის შეუფერებელი, არასათანადოდ თბილი ჩაცმულობა;
- სიცივეში დიდხანს დარჩენა;
- სველი ტანსაცმლის დიდხანს ტარება, როცა შეუძლებელია მისი გახდა ან თბილ, მშრალ ადგილას გადასვლა;
- წყალში ჩავარდნა;
- ძალიან ცივ სახლში ცხოვრება.
სხეული სითბოს კარგავს დაუფარავი ადგილებიდან ჰაერში გაცემით, ასევე – მეტისმეტად ცივ წყალთან ან მიწასთან უშუალო კონტაქტით. წყალი ძალიან კარგად ატარებს სითბოს, ამიტომ ცივ წყალში სხეულის სითბო გაცილებით სწრაფად იკარგება, ვიდრე ცივ ჰაერში. ამავე მიზეზით სითბოს კარგვა გაცილებით სწრაფია, როცა ტანსაცმელი სველია, მაგალითად, წვიმაში, ქარი კი სხეულს კანის ზედაპირიდან თბილი ჰაერის თხელ ფენას აცლის.
ჰიპოთერმიის რისკის ფაქტორებია: დაღლილობა, ხანდაზმული ასაკი, მცირე ასაკი (ბავშვები უფრო სწრაფად კარგავენ სითბოს, ვიდრე მოზრდილები, რადგან შესაძლოა, ყურადღება არ მიაქციონ სიცივეს), ფსიქიკური პრობლემები (ფსიქიკური აშლილობა, დემენცია), ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება. ალკოჰოლმა შესაძლოა სხეულს სითბო აგრძნობინოს, მაგრამ ის იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, რის გამოც კანის ზედაპირიდან სითბო უფრო სწრაფად იკარგება. გარდა ამისა, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობისას ადამიანმა შესაძლოა სათანადოდ ვერ შეაფასოს ამინდი, საჭიროდ არ მიიჩნიოს თბილი ტანსაცმლის ჩაცმა. თუ ნასვამი ადამიანი სიცივეში გარეთ გავიდა, სავარაუდოდ, ჰიპოთერმია განუვითარდება.
სხეულმა შესაძლოა დაკარგოს ტემპერატურის რეგულირების უნარი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების (ჰიპოთირეოზი), არასრულფასოვანი კვების, ნერვული ანორექსიის, დიაბეტის, ინსულტის, მძიმე ართრიტის, პარკინსონის დაავადების, ტრავმის, ზურგის ტვინის დაზიანების, ზოგიერთი წამლის (მაგალითად, ანტიდეპრესანტების) გამოყენების გამო.
სიმპტომები
როდესაც სხეულის ტემპერატურა ვარდნას იწყებს, ადამიანს თავდაპირველად კანკალი უვარდება – ამ ავტომატური რეაქციით სხეული თავის გათბობას ცდილობს. ჰიპოთერმიის სხვა ნიშნები და სიმპტომებია:
* გაურკვეველი მეტყველება, ლუღლუღი;
* ნელი, ზედაპირული სუნთქვა;
* სუსტი პულსი;
* მოუქნელობა, კოორდინაციის დაქვეითება;
* ძილიანობა, მოთენთვა, მისუსტება;
* დაბნეულობა, ფაქტების დავიწყება;
* გონების დაკარგვა;
* ჩვილებთან – ბაცი წითელი ცივი კანი.
ჰიპოთერმიის დროს ადამიანი ვერ ხვდება საკუთარ მდგომარეობას, რადგან სიმპტომები ნელ-ნელა ვითარდება და ცნობიერებაც დაბინდულია, ამან კი შესაძლოა რისკის შემცველი ქცევა გამოიწვიოს.
თუ ეჭვობთ, რომ ვინმეს ჰიპოთერმია აქვს, დარეკეთ 112-ზე, სასწრაფოს მოსვლამდე ადამიანი ფრთხილად გადაიყვანეთ დახურულ შენობაში, თუ ტანსაცმელი სველი აქვს, ფრთხილად გახადეთ და მშრალი ჩააცვით ან თბილი საბანი დააფარეთ.
დიაგნოზი და მკურნალობა
ჰიპოთერმიის დიაგნოზი აშკარაა, როდესაც ადამიანი შესაბამის გარემოშია და გადაცივების ნიშნები აქვს. შესაძლოა, სიმპტომები აშკარად არ იყოს გამოხატული, მაგალითად, ხანდაზმულ პირთან, თუ ის სახლში იმყოფება და ისედაც აღენიშნება დაბნეულობა, კოორდინაციის დარღვევა, მეტყველების პრობლემები.
პირველი დახმარება
* ჰიპოთერმიის დროს ადამიანს ნაზად მოეპყარით, არ დაზილოთ. ენერგიულმა მოძრაობებმა შესაძლოა გულის გაჩერება გამოიწვიოს.
* მოაშორეთ სიცივეს. თუ შესაძლებელია, გადაიყვანეთ თბილ, მშრალ ადგილას. თუ ამას ვერ ახერხებთ, მაქსიმალურად მოარიდეთ სიცივესა და ქარს. თუ შესაძლებელია, გააჩერეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
* გახადეთ სველი ტანსაცმელი. საჭიროების შემთხვევაში შემოაჭერით, რათა გადაცივებული სხეული ზედმეტად არ გაანძრიოთ.
* მთელ ტანსა და თავზე დააფარეთ პლედები ან ქურთუკები, დაუფარავი დაუტოვეთ მხოლოდ სახე.
* თუ გარეთ ხართ, ზურგით დააწვინეთ საბანზე ან რაიმე თბილზე.
* თუ უგონოდაა, არ სუნთქავს, არ ესინჯება პულსი, ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი.
* თუ ფხიზლადაა და შეუძლია ყლაპვა, მიეცით თბილი, ტკბილი, უალკოჰოლო, უკოფეინო სასმელი.
* კისერზე, გულმკერდზე ან საზარდულზე დაადეთ თბილი მშრალი კომპრესი ან პირსახოცში გახვეული თბილი წყლით სავსე ბოთლი.
არ დაადოთ თბილი კომპრესი მკლავებსა და ფეხებზე – ეს გამოიწვევს გულში, ფილტვებში, ტვინში ცივი სისხლის დიდი ნაკადის მიდენას და სხეულის ტემპერატურის დაცემას, რაც შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს.
არ გამოიყენოთ ცხელი აბაზანა, სათბურა, გამათბობელი – ძლიერმა სიცხემ შესაძლოა დააზიანოს კანი ან არითმია და გულის გაჩერება გამოიწვიოს.
ძლიერი ჰიპოთერმიის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება: სისხლის გათბობა ჰემოდიალიზის აპარატით, თბილი სითხეების ინტრავენური გადასხმა, სასუნთქი გზების გათბობა ჟანგბადის ნიღბით და სხვა.
***
მოყინვა
მოყინვა გაყინვით კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაზიანებაა. მას უმეტესად ყინვაში ყოფნა იწვევს, მაგრამ შესაძლოა, ყინულთან, გაყინულ ლითონთან ან ძალიან ცივ სითხესთან უშუალო კონტაქტის შედეგადაც განვითარდეს.
მოყინვა მოსალოდნელია, როცა ადამიანს გარემო პირობებისთვის შეუფერებლად აცვია, ტანსაცმელი ვერ იცავს სიცივისგან, სისველისგან, მეტისმეტად მჭიდროა ან ადამიანი დიდხანს იმყოფება ყინვასა და ქარში.
მოყინვის რისკი იმატებს, როცა სხეული გამომშრალი და გამოფიტულია, ადამიანი ჭარბად ოფლიანობს, აქვს დიაბეტი, კიდურებში სისხლის ცუდი მიმოქცევა, განიცდის ალკოჰოლურ ან ნარკოტიკულ თრობას, ეწევა, პანიკურ მდგომარეობაშია, აქვს ფსიქიკური დაავადება, უკვე გადაუტანია მოყინვა, არის ჩვილი ან ხანდაზმული, იმყოფება დიდ სიმაღლეზე, სადაც ნაკლები ჟანგბადია.
ნიშნები და სიმპტომები
თავდაპირველად კანი ცივდება, თავს იჩენს ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება, კანი წითლდება, თეთრდება, იღებს მოლურჯო, მონაცრისფრო-მოყვითალო, მეწამულ ფერს, ყავისფერს ან ნაცრისფერს, გარქოვანებული ან ცვილისებრია. მოძრაობები მოუქნელი ხდება, მწვავე შემთხვავაში გათბობის შემდეგ კანზე ჩნდება ბუშტუკები.
მოყინვას ყველაზე ხშირად განიცდის ხელისა და ფეხის თითები, ცხვირის, ყურების, ლოყებისა და ნიკაპის არეები. კანის დაბუჟების გამო ადამიანმა შესაძლოა ვერ გააცნობიეროს, რომ სხეულის ნაწილი ეყინება, სანამ ამაზე ვინმე არ მიუთითებს.
მოყინვას რამდენიმე ეტაპი აქვს:
* პირველ ეტაპზე სიცივის უწყვეტი ზემოქმედება იწვევს დაბუჟებას. კანის გათბობის შემდეგ ადამიანი გრძნობს ტკივილსა და ჩხვლეტას.
* ზედაპირული მოყინვა იწვევს კანის ფერის უმნიშვნელო ცვლილებებს. ჩნდება სიმხურვალის შეგრძნება. გათბობამ შესაძლოა გამოიწვიოს კანის აჭრელება, ჩხვლეტის, წვის შეგრძნება, შეშუპება, სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენა გათბობიდან 12-36 საათის შემდეგ.
* ძლიერი მოყინვისას კანი თეთრი ან მოლურჯო-ნაცრისფერია, ადამიანი კარგავს სიცივის, ტკივილის, დისკომფორტის შეგრძნებას, სახსრები, კუნთები ვეღარ მოძრაობს. გათბობიდან 24-48 საათის შემდეგ წარმოიქმნება დიდი ბუშტუკი. შესაძლოა, ქსოვილი დანეკროზდეს.
მოყინვის ნიშნების არსებობისას მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, მით უფრო – თუ მოყინულ ადგილას გაძლიერდა ტკივილი, განვითარდა შეშუპება, ანთება, გამონადენი, მოიმატა სხეულის ტემპერატურამ.
სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ადამიანს გახადეთ ან შემოაჭერით სველი ტანსაცმელი, დაიცავით დაზიანებული ადგილი სიცივისგან, არ მისცეთ გაყინულ ტერფზე დაყრდნობის უფლება, ტკივილის შესუსტება შეიძლება ტკივილგამაყუჩებლით.
დიაგნოზი და მკურნალობა
მოყინვის სიმძიმის და ძვლებისა ან კუნთების დაზიანების შესაფასებლად შეიძლება ჩატარდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ძვლის სკანირება ან MღI.
მსუბუქი მოყინულობის მკურნალობა შინაც შესაძლებელია. ძლიერი მოყინვის დროს პირველი დახმარების შემდეგ საჭიროა ჰიპოთერმიის შეფასება და სამედიცინო დახმარება. ის მოიცავს თბილი წყლით გათბობას, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიცემას, ჭრილობის მოვლას, დაზიანებული ქსოვილის მოკვეთას და სხვ.
მოყინვის შემდეგ
* მიიღეთ ყველა დანიშნული მედიკამენტი – ანტიბიოტიკები, ტკივილგამაყუჩებლები.
* ზედაპირული მოყინვისას შესაძლოა კანზე დამამშვიდებლად იმოქმედოს დღეში რამდენჯერმე ალოე ვერას გელის ან ლოსიონის წასმამ.
* თუ გრძნობთ, რომ სხეული მოგეყინათ, მოშორდით ცივ და ქარიან ადგილს. არ გაილღოთ, არ გაითბოთ მოყინული ადგილი, თუ არსებობს ალბათობა, რომ ის ხელახლა გაიყინოს. სახლში შესვლისთანავე გაიხადეთ`შემოიჭერით სველი ტანსაცმელი და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
* მოიხსენით ბეჭდები და სხვა მჭიდრო ნივთები. გააკეთეთ ეს მანამდე, სანამ დაზიანებული უბანი შესივდება.
* თუ შესაძლებელია, არ იაროთ მოყინული ფეხით.
* არ გამოიყენოთ პირდაპირი სითბო და არ დაიზილოთ მოყინული ადგილი.
* არ გახეთქოთ მოგვიანებით გაჩენილი ბუშტუკები – ისინი სახვევის ფუნქციას ასრულებენ. აცადეთ, თავისთავად გასკდნენ.
***
ზამთრის ბლუზი
სეზონური აფექტური აშლილობა (საა, SAD) არის დეპრესიის ტიპი, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით ერთსა და იმავე დროს იწყება და მთავრდება. სიმპტომები გამოვლინდება გვიან შემოდგომაზე ან ზამთრის დასაწყისში, ხოლო გაზაფხულისა და ზაფხულის მზიან დღეებში ქრება. არსებობს, თუმცაღა იშვიათია ამ აშლილობის საპირისპირო ტიპიც, როდესაც სიმპტომები გაზაფხულზე ან ზაფხულში იჩენს თავს. ნებისმიერ შემთხვევაში, აშლილობა შესაძლოა მსუბუქად დაიწყოს და თანდათან გამწვავდეს.
მიზეზები
სეზონური აფექტური აშლილობის ზუსტი მიზეზი უცნობია. მზის სინათლის ნაკლებობის გამო მის განვითარებაზე შესაძლოა გავლენას ახდენდეს:
- ადამიანის ბიოლოგიური საათის (ცირკადული რიტმი) დარღვევა;
- სეროტონინის, განწყობაზე მოქმედი ნეიროტრანსმიტერის, დონის დაწევა;
- მელატონინის, ძილსა და განწყობაზე მოქმედი ჰორმონის, ბალანსის დარღვევა.
სეზონური აფექტური აშლილობა ქალებთან უფრო ხშირად დიაგნოსტირდება, ვიდრე მამაკაცებთან და ხანდაზმულებზე ხშირად ახალგაზრდებთან გვხვდება.
აშლილობის რისკი იმატებს, როცა ადამიანს აქვს მისი ოჯახური ისტორია, დიდი დეპრესია ან ბიპოლარული აშლილობა, დაქვეითებული აქვს D ვიტამინის დონე (ეს ვიტამინი ააქტიურებს სეროტონინს), ცხოვრობს ეკვატორიდან შორს.
ნიშნები და სიმპტომები
* თითქმის ყოველდღე, დღის უმეტესი ნაწილის განმავლობაში, ადამიანი გრძნობს უსუსურობას, სევდას, დაღლილობას.
* კარგავს ინტერესს იმ აქტივობების მიმართ, რომლებიც ერთ დროს სიამოვნებდა.
* განიცდის ენერგიის ნაკლებობას, მოდუნებას.
* გამუდმებით ეძინება (წესისამებრ, ზამთრის საა-ს შემთხვევაში -გაზაფხულისას უძილობა ახასიათებს);
* ჭამს ბევრს, უმთავრსად – ნახშირწყლოვან საკვებს, და წონას იმატებს (თუმცა გაზაფხულ-ზაფხულის საა-ს, პირიქით, უმადობა ახლავს თან);
* უჭირს ყურადღების კონცენტრირება;
* აქვს უიმედობის, უღირსობის ან დანაშაულის შეგრძნება;
* ერევა სუიციდური ფიქრები (სიცოცხლე აღარ უნდა).
როდის მივმართოთ ექიმს
რამდენიმედღიანი უგუნებობა ნორმალურია, მაგრამ თუ ეს მდგომარეობა კვირაობით გრძელდება, ვერ პოულობთ მოტივაციას საქმიანობისთვის, რომელიც მოგწონთ, მიმართეთ ექიმს. განსაკუთრებით მაშინ, თუ შეგეცვალათ ძილის რეჟიმი და მადა, ფსიქოლოგიური კომფორტისთვის ალკოჰოლს იღებთ, უიმედობას გრძნობთ ან თვითმკვლელობაზე ფიქრობთ.
გართულებები
ნებაზე მიშვებული საა შესაძლოა დამძიმდეს და მიგვიყვანოს სოციალურ იზოლაციამდე, სასწავლებელსა თუ სამსახურში ურთიერთობის პრობლემებამდე, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებამდე, გამოიწვიოს შფოთვა, კვებითი დარღვევები, სუიციდური აზრები და ქცევა.
პრევენცია
საა-ს თავიდან ასაცილებლად საყოველთაოდ მიღებული გზა არ არსებობს, მაგრამ თუ თავიდანვე დაიწყებთ მის მართვას, შესაძლოა თავიდან ავიცილოთ დროთა განმავლობაში მისი დამძიმება.
როდესაც ვიცით, როდის იჩენს თავს სიმპტომები, განწყობის, მადისა და ენერგიის სერიოზული ცვლილებების პრევენცია შესაძლებელია.
მკურნალობა ხელს უწყობს გართულებების თავიდან აცილებას. ზოგისთვის რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება სიმპტომების გამოვლენამდე, ზოგს კი უწყვეტი მკურნალობა სჭირდება.
დიაგნოსტიკა
საა-ს დიაგნოზის დასმა შესაძლოა საფუძვლიანი გამოკვლევის შემთხვევაშიც კი გართულდეს, რადგან მსგავს სიმპტომებს იწვევს სხვა სახის დეპრესიები და ფსიქიკური ჯანმრთელობის ზოგიერთი სხვა დარღვევაც.
დიაგნოსტიკა გულისხმობს გასინჯვას, სიღრმისეულ გამოკითხვას, ლაბორატორიულ გამოკვლევებს (სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე), ფსიქოლოგიურ შეფასებას სპეციალური კითხვარის შევსებით.
მკურნალობა
საა-ს მკურნალობა შესაძლებელია ფოტოთერაპიით (სინათლით), ფსიქოთერაპიით და მედიკამენტებით. ფოტოთერაპია ტარდება სპეციალური აპარატით, რომელიც კაშკაშა, ბუნებრივის მსგავს სინათლეს ასხივებს. პაციენტი მას გაღვიძებისთანავე, ერთი საათით რთავს, რაც ტვინში განწყობასთან დაკავშირებული ნივთიერებების ცვლილებას იწვევს. ფსიქოთერაპიული მეთოდებიდან განსაკუთრებით ეფექტურია ჩBთ, კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია. ძლიერად გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში ექიმი ანტიდეპრესანტს გამოწერს.
მოამზადა მარი აშუღაშვილი