ზამთრის გამონაყარი

გააზიარე:

ზამთრის მოახლოებასთან ერთად იკლებს ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა, რაც არასახარბიელო გავლენას ახდენს კანზე – აშრობს მას და აღიზიანებს. შენობებშიც ირთვება გათბობა, რაც სხეულიდან უფრო მეტი ტენის აორთქლებას უწყობს ხელს. ამ დროს ზოგს მშრალი მქავანა გამონაყარი უჩნდება, რომელიც ზამთრის გამონაყარის სახელით არის ცნობილი.

როგორ ვლინდება

კანი ადამიანის შინა და გარე სამყაროების გამყოფი ერთგვარი ბარიერია. ის ჩვენს შინაგან გარემოს იცავს მიკროორგანიზმებისგან, ულტრაიისფერი სხივებისგან, ალერგენებისგან, სიცივისგან. თუმცა ზამთარში გამოშრობისა და გაღიზიანებისკენ მიდრეკილება ჯანმრთელ კანსაც კი უჩნდება.

ზამთრის გამონაყარისთვის დამახასიათებელია კანის განსაზღვრული უბნის სიწითლე, შეშუპება და აქერცვლა. ამას შესაძლოა თან ახლდეს ქავილი, მგრძნობელობის მომატება, კანის ზოგიერთ უბანზე წყლულებისა და ბურცობების გაჩენა.

ზამთრის გამონაყარი სხეულის ნებისმიერ უბანზე შეიძლება გაჩნდეს, თუმცა ყველაზე ხშირად მტევნებზე, მკლავებსა და ფეხებზე წარმოიქმნება.

რისკის ფაქტორები

ზამთრის გამონაყარი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს, მით უმეტეს – თუ ის ბევრ დროს ატარებს გარეთ კანის სათანადო დაცვის გარეშე. ამ მდგომარეობისკენ მიდრეკილებას ზრდის ეგზემა, ფსორიაზი, როზაცეა, კანის ალერგია, მგრძნობელობა კოსმეტიკურ ან სხეულის მოვლის საშუალებებში შეამავალი კომპონენტების მიმართ, სტრესი, დეჰიდრატაცია.

რა აჩენს

კანის გარეთა შრე შეიცავს დამცავ ფენას, რომელიც ბუნებრივი ცხიმისა და კანის მკვდარი უჯრედებისგან შედგება და კანს ტენიანობას, სირბილეს და სიგლუვეს უნარჩუნებს. ძალიან დაბალი ტემპერატურა, მცირე ტენიანობა და ძლიერი ქარი კანს ამ ფენას აცლის, შენობაში ჩართული გამათბობელი და ცხელი შხაპი კი მას აღდგენის საშუალებას არ აძლევს. ამ ფაქტორთა კომბინაცია კანს უფრო მოწყვლადს ხდის, ამიტომაც ზამთარში ხშირია კანის სიმშრალე, ქავილი და გაღიზიანება.

ზამთრის გამონაყარი შესაძლოა მზის დამწვრობითაც იყოს განპირობებული – ულტრაიისფერი სხივები ზამთარშიც არ კარგავს ძალას. თოვლი ულტრაიისფერი სხივების დაახლოებით 80%-ს ირეკლავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ზემოქმედება დაახლოებით ორჯერ ძლიერია.

ზღვის დონიდან რაც უფრო მაღლა ავდივართ, მით უფრო იმატებს ულტრაიისფერი სხივების ინტენსივობა. ეს უნდა გაითვალისწინონ მოთხილამურეებმა, მოციგურავეებმა და სხვა სამთო სპორტის მოყვარულებმა.

ზამთარში კანის გაღიზიანებას ხელს უწყობს ქიმიური ნაერთებით გაჯერებული დასაბანი და სარეცხი საშუალებების გამოყენება, ლატექსისადმი ალერგიული ადამიანებისთვის – ლატექსთან კონტაქტი, აგრეთვე – ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები.

ხელშემწყობ მიზეზებს შორისაა წლის ცივი სეზონისთვის დამახასიათებელი სტრესი და სისუსტეც.

ზამთრის სიცივე კანის ზოგიერთ დაავადებასაც ამწვავებს. ასეთებია:

* დერმატიტი – კანის ანთებითი დაავადება, რომელიც ხშირად მშრალი მქავანა ლაქებით ან შეშუპებითა და სიწითლით ვლინდება. მის განვითარებას ხელს უწყობს ცუდი სისხლის მიმოქცევა, უხეშ ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი, ალერგენებთან კონტაქტი, ინფექცია.

* როზაცეა – კანის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც წვრილ მოწითალო ამობურცულ გამონაყარს იწვევს.

* სიცივის ურტიკარია – ცივ ჰაერთან ან წყალთან კონტაქტი შეშუპებულ, მქავანა, ჭინჭრის ნასუსხის მსგავს გამონაყარს აჩენს. კონტაქტიდან 1-2 საათის შემდეგ გამონაყარი თავისთავად გაივლის.

* ფსორიაზი – მისთვის დამახასიათებელია კანზე წითელი, მქავანა ქერცლოვანი ლაქების გაჩენა. ფსორიაზის გამწვავება შეუძლია სტრესს, თამბაქოს, ინფექციას, ცივ და მშრალ ამინდს.

მკურნალობა

მკურნალობის მიზანი კანის ტენიანობის აღდგენა და გაღიზიანების ჩაცხრობაა. ამისთვის გამოიყენება დამატენიანებლები, ზეთები და კრემები. შედეგიანია ცხოვრების სტილის შეცვლა. როზაცეის, დერმატიტის და კანის სხვა დაავადებების გამწვავებისას დერმატოლოგი გამოწერს შესაბამის წამლებს, უმთავრესად – მალამოებს. სამკურნალო პროცედურების უმეტესობა სახლის პირობებშიც ადვილი ჩასატარებელია.

თავიდან რომ ავიცილოთ

* შხაპის შემდეგ დამატენიანებელი წაისვით. უპირატესობა მიანიჭეთ შარდოვანას და რძემჟავას შემცველ ნაწარმს. ტანის მოვლის არომატიზებული საშუალებები შეიცავს უხეშ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ზოგჯერ აღიზიანებს კიდეც კანს, ამიტომ მგრძნობიარე კანის პატრონებს ვურჩევთ, უარომატო საშუალებები გამოიყენონ. მათი გამოყენება დღეში რამდენჯერმე შეიძლება.

ვაზელინი კანზე ქმნის ერთგვარ დამცავ ბარიერს, რომელიც ტენს აკავებს.

მშრალი, გაუხეშებული კანის დასამშვიდებლად ნატურალური პროდუქტების გამოყენებაც შეიძლება. მაგალითად, კარგია ალოე ვერას გელი, ქოქოსის ზეთი, რომელსაც ანტიბაქტერიული თვისებებიც აქვს და დახეთქილი კანისთვისაც უფასოა.

ადგილობრივი მკურნალობისთვის ფართოდ გამოიყენება ბუნებრივი ზეთები. მათში შემავალი ნივთიერებები გამოირჩევა ანტიმიკრობული, ანტიანთებითი, ქავილის საწინააღმდეგო თვისებებით, ატენიანებს და აღადგენს კანს. კვლევამ აჩვენა, რომ დამხმარე მოქმედება აქვს ქოქოსის ზეთში შემავალ კომპონენტებს – ლანოლინსა და ლაურის მჟავას. ეს ნივთიერებები აუმჯობესებს კანის ბარიერულ ფუნქციას და ხელს უწყობს დაზიანებული უბნების აღდგენას. საფლორის ზეთი მდიდარია ლინოლის მჟავათი, რომელიც ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა და იდეალურია გაღიზიანებული კანის დასამშვიდებლად. ამასთან, მდიდარია C, D და E ვიტამინებით, რაც მას საუკეთესო დამატენიანებლის თვისებებს ანიჭებს.

ზეითუნს ზეთსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, თუმცა ის ხელს უწყობს კანიდან სითხის გამოდევნას, რითაც კანის ბარიერულ ფუნქციას ასუსტებს, ამიტომ მისი გამოყენება მიზანშეუწონელია კანის სიმშრალის და დერმატიტის დროს.

ერეიდეთ პარაბენების, სინთეზური საღებავების, არომატიზატორის შემცველ ნაწარმს.

გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი. ცენტრალური გათბობის სისტემები აშრობს ჰაერს და მასთან ერთად კანსაც. სწორედ ამიტომაა რეკომენდებული ჰაერის დამატენიანებლის გამოყენება, რომელიც სახლში ესოდენ საჭირო ტენიანობას აღადგენს.

თავი შეიკავეთ მოქავებისგან, რომ კანის მთლიანობა არ დაირღვეს და სისხლდენა არ დაიწყოს.

კორტიზონის შემცველი კრემები აცხრობს სიწითლეს, ქავილს და ანთებას. იყიდება როგორც რეცეპტით, ისე ურეცეპტოდ, მაგრამ ექიმის დანიშნულების გარეშე მათ გამოყენებას არ გირჩევთ.

დიაგნოსტიკა

თუ სიმპტომები არ ალაგდა, უფრო მეტიც – დამძიმდა და ტკივილიც დაერთო, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ. ის გაგსინჯავთ, გაეცნობა თქვენს სამედიცინო ისტორიას და დიაგნოზს დაგისვამთ. შესაძლოა, დამატებითი კვლევებიც დაგინიშნოთ: კანის სინჯი ალერგენებზე, კანის ბიოფსია და სხვა.

პრევენცია

* ატარეთ ბუნებრივი ქსოვილის სამოსი – კანი ნაკლებად გაღიზიანდება და გადახურდება.

* შინიდან გასვლისას არ დაგავიწყდეთ ქუდის დახურვა, შარფის მოხვევა, ხელთათმანების ჩაცმა.

* დაიბანეთ არა ცხელი, არამედ თბილი წყლით.

* უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ, უარომატო საპნებს, რომლებიც გლიცერინის, თხის რძის, შის კარაქის, შვრიის ან ზეითუნის ზეთისგან არის დამზადებული.

შინიდან გასვლისას წაისვით მზისგან დამცავი კრემი, რომლის დამცავი ფაქტორი (SPF) 30 ან მეტია.

* ამუშავეთ სახლში ჰაერის დამატენიანებელი, განსაკუთრებთ – ღამით, ძილის დროს.

* ერიდეთ გამათბობლის სიახლოვეს ყოფნას, რადგან მაღალ ტემპერატურაზე კანი მეტ ტენს კარგავს.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: