ფერთა ურთიერთობის ხელოვნება
გააზიარე:
ალბათ მრავალი თქვენგანი აღმოჩენილა ასეთ სიტუაციაში: საყიდლებზე წასულს, ვიტრინაში ულამაზესი სვიტერი შეგიმჩნევიათ და უმალვე გასახდელში აღმოჩენილხართ, თუმცა აღფრთოვანება სარკეში ჩახედვისთანავე გამქრალა – ჩაცმული სვიტერი სულაც აღარ ყოფილა ისეთი ეფექტური, როგორიც ვიტრინაში ჩანდა და სახეზეც უცნაური, უსიცოცხლო ელფერი დაგდებიათ.
რისი ბრალია ეს უსიამოვნო გარდასახვა?
ფერის თეორიის თანახმად, ადამიანები კანის, თმისა და თვალის ფერის მიხედვით რამდენიმე ტიპად იყოფიან და ყოველ ტიპს ფერთა სხვადასხვა პალიტრა მიესადაგება.
იმის შესახებ, როგორ ამოვიცნოთ საკუთარი ტიპი და როგორ შევარჩიოთ ფერები მაკიაჟისთვის, კოსმეტოლოგ-ვიზაჟისტი, ვიზაჟის პედაგოგი და ტრენერი მარინა საფრონოვა გვესაუბრა.
– რას არის ფერის თეორია?
– თითოეულ ფერს თავისი მნიშვნელობა აქვს და შეუძლია, ესა თუ ის ემოცია გამოიწვიოს. ფერების საშუალებით ჩვენ ხაზს ვუსვამთ როგორც გარეგნობის, ისე ხასიათის გამორჩეულ შტრიხებს. მაგალითად, წითელი პომადა ძლიერ, შემტევ ხასიათს გამოხატავს, ვარდისფერი კი მშვიდ, მგრძნობიარე, დამთმობ ბუნებაზე მიუთითებს.
ფერის თეორიაზე დაყრდნობით შეიძლება კანის, თვალებისა და თმის ფერის მიხედვით ტანსაცმლისა და მაკიაჟის დიზაინისთვის სპეციფიკური ფერის ცხრილების შექმნა, რათა ადამიანის შესახედაობა მის ტიპსა და ხასიათს შეესაბამებოდეს. ამას ფერისა და სტილის კონსულტანტები აკეთებენ.
უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, არსებობს კანის ქვედა ტონი, რომელიც დაბადებიდან არ იცვლება, – ის შეიძლება იყოს თბილი ან ცივი, – და ფერის ინტენსივობა. ამ ორი პარამეტრის სხვადასხვა კომბინაცია ქმნის ოთხ ტიპს, რომლებიც მეტი თვალსაჩინოებისთვის წელიწადის დროებს შეუსაბამეს იმ ფერებთან მსგავსების მიხედვით, რომლებიც ამა თუ იმ სეზონზე დომინირებს. მაგალითად, გაზაფხულისა და შემოდგომის ფერები უფრო თბილია, ხოლო ზაფხულისა და ზამთრის – უფრო ცივი.
გაზაფხულის ტიპის ძირითადი შტრიხებია:
* ბაცი კანი მოოქროსფრო-მოვარდისფრო ან ატმისფერი ელფერით, ხშირად – ჭორფლიანი;
* ქერა, მოოქროსფრო თმა მოწითალო ნიუანსებით;
* ბაცი ყავისფერი, ბაცი ცისფერი, ბაცი მწვანე, მოთაფლისფრო-მომწვანო თვალები.
ამ ტიპს უხდება: მწვანე ვაშლისფერი, მუქი მწვანე (მაისის მწვანე), შამპანურისფერი, თაფლისფერი, კონიაკისფერი, ფირუზისფერი, აკვამარინისფერი, გარგარისფერი, ორაგულისფერი წითელი, ლობიოსფერი წითელი, ყაყაჩოსფერი წითელი, ოქროსფერი.
შემოდგომის ტიპის ძირითადი შტრიხებია:
* გაზაფხულის ტიპზე რამდენიმე ტონით მუქი, ხორბლისფერი, მოყვითალო ელფერის კანი;
* ჟღალი, მოწითალო-ყავისფერი ან საშუალო და მუქი ქერა, ოქროსფერი ან თაფლისფერი ელფერის თმა;
* ყავისფერი და მწვანე თვალები.
შემოდგომის ტიპს უმთავრესად შემოდგომის ტყის ფერები უხდება: მკვეთრი წითელი, ჟანგისფერი წითელი, სპილენძისფერი, წაბლისფერი, ზეთისხილისფერი, ნაძვის წიწვებისფერი, ბაცი ოქროსფერი, სხვადასხვა ტონალობის ყავისფერი (აქლემისფერი, შვლისფერი, შოკოლადისფერი), მდოგვისფერი, მონაცრისფრო (ლითონისფერი) ლურჯი.
ზაფხულის ტიპის ძირითადი შტრიხებია:
* ფერმკრთალი, მოლურჯო-მოვარდისფერო ელფერის კანი;
* ბაცი ყავისფერი ან ქერა თმა ნაცრისფერი აქცენტით;
* მოლურჯო ნაცრისფერი, მომწვანო ნაცრისფერი, მორუხო მწვანე, მორუხო ლურჯი, ნაცრისფერი, ძალიან იშვიათად – მორუხო ყავისფერი თვალები.
ზაფხულის ტიპს უხდება: ჯინსისფერი ლურჯი, ცისფერი, ვერცხლისფერი, იისფერი, მეწამული, იასამნისფერი, ლავანდისფერი, ვარდისფერი, ჟოლოსფერი, ლერწმისფერი მწვანე, პლატინისფერი.
ზამთრის ტიპის ძირითადი შტრიხებია:
* ძალიან ფერმკრთალი კანი მოლურჯო ელფერით ან მუქი კანი ზეთისხილისფერი ელფერით;
* ბაცი ან მუქი შავი თმა;
* ნებისმიერი ფერის თვალები.
ზამთრის ტიპს უხდება: თეთრი, შავი, ვარდისფერი, იასამნისფერი, ალუბლისფერი, ზურმუხტისფერი, ლიმონისფერი, სხვადასხვა ტონალობის ლურჯი, იისფერი, ვერცხლისფერი, ნეონის ფერები.
შევაჯამოთ:
გაზაფხული: თბილი და ბაცი
ზაფხული: გრილი და ბაცი
შემოდგომა: თბილი და მუქი
ზამთარი: გრილი და მუქი
გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ კანის, თვალისა და თმის ფერის კონტრასტსაც. მკვეთრი კონტრასტის მქონე ადამიანები ძირითადად ზამთრისა და ზაფხულის ტიპებს მიეკუთვნებიან, ხოლო მცირე კონტრასტის მქონეები – გაზაფხულისა და შემოდგომისას.
– როგორ ამოვიცნოთ საკუთარი ტიპი?
– თუ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით ვერ დაადგინეთ, რომელ ტიპს მიეკუთვნებით, შეგიძლიათ, დახმარება მეგობარს ან ოჯახის წევრს სთხოვოთ, რადგან ფერები ზოგჯერ გარედან უკეთ აღიქმება.
კიდევ ერთი მეთოდია თეთრი ფურცლის ტესტი: დადექით სარკის წინ ისე, რომ დღის სინათლე თქვენს სახეს წინიდან ეცემოდეს, სახეზე თეთრი ქაღალდი მიიდეთ და ყურადღება მიაქციეთ კონტრასტს. თუ თქვენი სახე ქაღალდის გვერდით ყვითელი და ფერმკრთალი ჩანს, ესე იგი თბილი კანი გაქვთ, ხოლო თუ უფრო მოლურჯო-მოვარდისფორო ელფერი დაჰკრავს – ცივი.
ქაღალდის ნაცვლად შეგიძლიათ, თავსა და კისერზე თეთრი პირსახოცი შემოიხვიოთ – ისე, რომ მხოლოდ სახე გიჩანდეთ – და მისი ფერით იხელმძღვანელოთ.
ორიენტირება ვენების ფერზეც შეიძლება. მაჯა ამოაბრუნეთ და დღის შუქზე შეხედეთ. თუ ვენები უფრო მომწვანოა, ეს თბილ კანზე მიუთითებს, თუ მოლურჯო ან იასამნისფერი – ცივზე.
თბილსა და ცივთან ერთად, არსებობს ნეიტრალური კანიც. ამ ტიპის კანის პატრონებს ერთნაირად უხდებათ ოქროსფერი და ვერცხლისფერი, ხოლო მათი ვენები ლურჯისა და მწვანის ერთგვარი ნაზავია.
ტონალობის დასადგენად ძალიან მნიშვნელოვანია, კანი სუფთა იყოს, ამიტომ წინასწარ კარგად გაიწმინდეთ, ტესტი კი 15 წუთის შემდეგ ჩაიტარეთ, როცა კანი დამშვიდდება.
ფერთა თამაში სახეზე
– ფერების შერჩევისას ვიზაჟისტები არა მხოლოდ კანის, არამედ თვალის, თმისა და ტანსაცმლის ფერსაც ითვალისწინებენ, რაც არაპროფესიონალს შესაძლოა გაუჭირდეს. საქმის გასაადვილებლად გეტყვით, რომ სადა ტიპაჟებს (როცა თმისა და კანის ფერი მიახლოებულია ერთმანეთთან) სადა, პასტელური ფერები უფრო უხდება, ხოლო კონტრასტულ ტიპებს (როცა თმისა და კანის ფერი ძლიერ კონტრასტულია) – მკვეთრი. ამასთან, თბილი კანის პატრონებმა, რომლებიც შემოდგომისა და გაზაფხულს ტიპებს მიეკუთვნებიან, უმჯობესია თბილი ფერები გამოიყენონ, ცივი კანის პატრონებმა კი – ცივი.
რომელი ფერია ცივი და რომელი – თბილი? ცივია უფრო ცასთან მიახლოებული ფერები, – მაგალითად, ცისფერი, ლურჯი, ვარდისფერი, იასამნისფერი, – თბილი კი მზესთან: ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერი, ყავისფერი, ოქროსფერი...
არსებობს ნეიტრალური ფერებიც: ქვიშისფერი, ბეჟი, ბაცი ნაცრისფერი, რომლებსაც ძირითადად ბაზად ვიყენებთ. მათზე ნებისმიერი ფერის დატანა შეიძლება.
არსებობს შერეული ტონალობის ფერებიც, ანუ რამდენიმე ფერის ნაზავი. ფერები, რომლებშიც ლურჯი ტონი ურევია, ცივია, ხოლო რომლებშიც ყვითელი – თბილი. მაგალითად, ჟოლოსფერი ცივისკენ იხრება, ქარვისფერი კი თბილისკენ.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩრდილის ფერი ზუსტად არ ემთხვეოდეს თვალისას. მაგალითად, ნუ წაისვამთ ცისფერ თვალზე მთლიანად ცისფერ ჩრდილს ან მწვანეზე – მწვანეს.
ჩრდილის წასმისას ფერის რამდენიმე ტონს ვიყენებთ. თვალის შიდა კუთხესთან – რაც შეიძლება ბაცს (შეიძლება თეთრის ან ბეჟის წასმაც), შუაში – საშუალოდ მუქს, ხოლო გარეთა კუთხესთან – მუქს, თითქმის შავში გარდამავალს (ან მუქ ყავისფერს). მთავარია, ჩრდილები რბილად გადაიყვანოთ ერთმანეთში, გადასვლის ადგილას მკვეთრი ხაზების გარეშე.
ერიდეთ ბევრი სხვადასხვა ფერის გამოყენებას. ეცადეთ, მთლიანად მაკიაჟში არ გამოიყენოთ 3-4 ფერზე მეტი.
მუქი ფერის კანისთვის მუქი ტონები გამოიყენეთ. მაგალითად, თეთრის ნაცვლად – ბეჟი ან სპილოსძვლისფერი.
თუმცა იმის მიხედვით, სად მივდივართ, შეიძლება თამამად გადავუხვიოთ თვალის შეღებვის კლასიკური ვარიანტიდან და გრილი და თბილი ფერები ერთმანეთს შევუხამოთ და, განურჩევლად იმისა, რომელ ტიპს მივეკუთვნებით, დღეს ძალიან ტრენდული ვარდისფერი ჩრდილებიც მოვიხდინოთ.
ჯილდა გაჩეჩილაძე