ფილერი: როგორ გავაქროთ ასაკის კვალი
გააზიარე:
ასაკის მატებასთან ერთად სხეული ბუნებრივად იცვლება, ქსოვილები სიმკვრივეს კარგავს, კანი ეშვება და ნაოჭდება. თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა უფრო და უფრო მეტ არაქირურგიულ მეთოდს გვთავაზობს ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად. მაგალითად, სახის რელიეფის კორექცია ეფექტურად შეიძლება განსაზღვრული ნივთიერებების ინექციით. საინექციო ნივთიერებები ნაოჭების ტიპისა და სიღრმის, მდებარეობისა და სასურველი შედეგის მიხედვით შეირჩევა.
არაქირურგიული გამაახალგაზრდავებელი მეთოდების ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეგრეთ წოდებულ ფილერებს.
რა ტიპის ფილერები არსებობს და როგორ შევარჩიოთ საუკეთესო? აქვს თუ არა პროცედურას უკუჩვენებები და რა უნდა გავითვალისწონოთ მისი ჩატარებისას? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად ექიმ დერმატოლოგს, ევროპის დერმატოვენეროლოგთა აკადემიის წევრს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს თამარ ბასილაძეს მივმართეთ.
– ქალბატონო თამარ, რა არის ფილერი და როდის არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება?
– ინექციური მიკროიმპლანტანტების მეშვეობით რბილი ქსოვილების აუგმენტაცია (გაზრდა, გადიდება) კოსმეტიკური დერმატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა.
აუგმენტაციისთვის ფილერებს იყენებენ. "ფილერი" ინგლისური სიტყვაა და შემავსებელს ნიშნავს. ეს სახელწოდება აერთიანებს ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია დამატებითი მოცულობის უზრუნველყოფა, ატროფირებული კანქვეშა ქსოვილის, ნაოჭების, ნაკეცების გასწორება და სახის კონკრეტული უბნისთვის ერთგვაროვანი შესახედაობის მინიჭება.
– რა სახის ფილერები არსებობს?
– წარმოშობის მიხედვით განვასხვავებთ ორი ტიპის შემავსებელ მასალას: ორგანულს (დეგრადირებადს) და არაორგანულს (მუდმივს). თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში უმთავრესად ორგანული ანუ ბიოთავსებადი მასალები გამოიყენება. ორგანიზმი მათ მთლიანად ან თითქმის მთლიანად შლის. ეს საგრძნობლად ამცირებს არასასურველი გრძელვადიანი შედეგების რისკს.
არაორგანულ ფილერებს, მაგალითად, სილიკონს და პოლიაკრილამიდის გელს, რომლებსაც წლების წინ იყენებდნენ ექიმი კოსმეტოლოგები, დღეს თითქმის ვეღარ შეხვდებით. ორგანიზმისთვის უცხო ამ ნივთიერებების გამოყენებას მრავალი გართულება ახლდა თან: პროცედურის შემდეგ დიდხანს გრძელდებოდა შეშუპება, ხშირად ვითარდებოდა ალერგიული რეაქცია, ჩნდებოდა ანთებითი კერები, რასაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებოდა. გარდა ამისა, ეს ნივთიერებები არ გაიწოვება, სამუდამოდ კანქვეშ რჩება, ამიტომ ხშირი იყო მათი მიგრირების შემთხვევებიც, მაგალითად, ცხვირ-ტუჩის ნაოჭიდან ნიკაპში. ამერიკასა და ევროპის მრავალ ქვეყანაში სილიკონის გელის გამოყენება უკვე აიკრძალა.
ფილერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- არ უნდა იწვევდეს ადგილობრივ ანთებით რეაქციებს;
- არ უნდა იწვევდეს ალერგიულ რეაქციებს;
- არ უნდა ახდენდეს ორგანიზმზე ტოქსიკურ ზემოქმედებას;
- არ უნდა ჰქონდეს კანცეროგენური და ციტოტოქსიკური ეფექტი;
- არ უნდა იწვევდეს ფუნქციის დარღვევას.
დღეს ყველაზე ხშირად ჰიალურონის მჟავას შემცველ ფილერებს იყენებენ, რადგან მას ყველაზე უკეთესად იღებს ორგანიზმი და თანმხლები ეფექტიც შედარებით ნაკლებია. ჰიალურონის მჟავა კანის შემადგენელი ბუნებრივი ელემენტია. ის იკავებს ტენს, რის წყალობითაც კანი პრიალა და მკვრივი რჩება. ფილერები სინთეზურად წარმოებულ ჰიალურონის მჟავას შეიცავს, რომელიც ძალიან ჰგავს ბუნებრივს. ის შეიძლება იყოს ცხოველური (მამლის ბიბილო, ადამიანის ჭიპლარი) ან ბიოტექნოლოგიური (ბაქტერიული კულტურის გამოყენებით) წარმოშობის.
ჰიალურონის მჟავას შემცველი ფილერები შემადგენლობითა და თვისებებით განსხვავდება ერთმანეთისგან. რაც უფრო დიდია მოლეკულების ზომა და კონცენტრაცია, მით უფრო ბლანტია გელი. სტაბილიზაციისთვის მას სხვადასხვა ნივთიერებას ამატებენ, ამიტომ ზოგიერთი პრეპარატი ღრმა ნაოჭებსაც ასწორებს, ზოგიერთი კი მხოლოდ წვრილი ნაოჭების შესავსებად გამოდგება.
ჰიალურონის მჟავას შემცველი ფილერები, შემავსებელ ეფექტთან ერთად, ხელს უწყობს ორგანიზმში კოლაგენის სინთეზს და საგრძნობლად აუმჯობესებს კანის ტენიანობას, რითაც მას ელასტიკურობას უნარჩუნებს და ჯანსაღ ელფერს სძენს.
კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენება კოლაგენის შემცველი ფილერებიც. ვინაიდან კოლაგენი შემაერთებელი ქსოვილის ბუნებრივი კომპონენტია, მასაც კარგად იტანს ორგანიზმი, თანაც თანმხლები ეფექტები არ ახასიათებს.
შემავსებლად უფრო და უფრო ხშირად იყენებენ სხეულის საკუთარ ცხიმს. ეს ქსოვილების აუგმენტაციის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია, თუმცა შედარებით რთული. ამისთვის ლიპოსაქციის მეშვეობით იღებენ ცხიმს სხეულიდან, სათანადოდ ამუშავებენ და ამ გზით მიღებული პრეპარატი დასამუშავებელ ადგილებში შეჰყავთ.
პოლირძემჟავა სინთეზური ბიოთავსებადი და ბიოდეგრადირებადი პოლიმერია, რომელიც ადამიანის სხეულში არსებულ რძემჟავას ჰგავს. დეგრადაციის დროს ის არატოქსიკურ პროდუქტებად იშლება და სხეულიდან გამოიყოფა. პოლირძემჟავა ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, სიმკვრივესა და სიგლუვეს სძენს კანს.
ბუნებრივი მეტაბოლიზმის საშუალებით იშლება კალციუმის ჰიდროქსიაპატიტის შემცველი შემავსებლებიც, რომლებიც მაღალი სიბლანტით გამოირჩევა და უფრო ღრმა ნაოჭების და ჩამოშვებული კონტურების კორექციისთვის არის შესაფერისი.
– რა შეუძლია ფილერს?
– ფილერით შესაძლებელია:
- ღრმა და ზედაპირული ნაოჭების კორექცია;
- სახის რემოდელირება ქირურგიული ჩარევის გარეშე – ოვალის გამოკვეთა, ყვრიმალების აწევა.
- ტუჩების მოცულობის გაზრდა და ტუჩების კონტურის გამოკვეთა;
- ცხვირისა და ნიკაპის ფორმის კორექცია ქირურგიული ჩარევის გარეშე – მას თავისუფლად შეუძლია მცირე დეფექტების გამოსწორება, ფორმისა და პროპორციების გაუმჯობესება.
– რაზეა დამოკიდებული ფილერის მოქმედების ხანგრძლივობა?
– ხანგრძლივობის მიხედვით ფილერები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა: დროებითად, ხანგრძლივმოქმედად და მუდმივად.
დროებითი ფილერები 4-დან 15 თვემდე ძლებს, ხანგრძლივმოქმედი – 1.5-დან 2 წლამდე, ხოლო მუდმივი – პოლიაკრილამიდის გელი, სილიკონი და განსხვავებული თვისებების მქონე პოლიმერების კომბინირებული ვარიანტები – როგორც გითხარით, თითქმის აღარ გამოიყენება.
ფილერის მოქმედების ხანგრძლივობა დამოკიდებულია როგორც მის სიმკვრივესა და რაოდენობაზე, ისე გამოყენების ზონაზეც. რაც უფრო მკვრივია შემავსებელი და რაც უფრო დიდი ოდენობით შეგვყავს კონკრეტულ ზონაში, მით უფრო ნელა გაიწოვება. სხვადასხვა ზონას სხვადასხვა სიმკვრივის პრეპარატი სჭირდება. რაც უფრო ღრმად კეთდება კანში ინექცია, მით უფრო მკვრივი უნდა იყოს ფილერი. მაგალითად, ცხვირ-ტუჩის ნაოჭისთვის მკვრივი ფილერია საჭირო, შედარებით ზედაპირული ნაოჭებისთვის კი რბილიც გამოდგება.
ჰიალურონის მჟავას დაშლის სისწრაფე სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვაა. ის დამოკიდებულია ნივთიერებათა ცვლაზე, ასაკზე, სქესზე, ცხოვრების წესზე, ორგანიზმში ფერმენტ ჰიალურონიდაზას კონცენტრაციაზე, რომელიც მის დაშლას განაპირობებს, კოსმეტოლოგის გამოცდილებასა და გამოყენებულ ტექნიკაზე.
– თუ შედეგი არ მოგვეწონა, შესაძლებელია მისი გამოსწორება?
– ამ შემთხვევაში შეგვიძლია, შემავსებელი ხელოვნურად დავშალოთ მთლიანად ან ნაწილობრივ.
– როგორ ტარდება პროცედურა?
– ამბულატორიულად, ადგილობრივი ანესთეზიით და 15-დან 30 წუთამდე გრძელდება.
პრეპარატი ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკის, საინექციო უბნისა და დეფექტის მიხედვით ირჩევა.
კანი წინასწარ შესაბამისად მუშავდება, საინექციო წერტილებიც წინასწარ განისაზღვრება. შემავსებელი სპეციალური კანულით ან ნემსით შეჰყავთ კანქვეშ. პროცედურას მსუბუქი დისკომფორტის შეგრძნება ახლავს თან, თუმცა ზოგიერთი უბანი შეიძლება სხვებზე მგრძნობიარე აღმოჩნდეს.
ხანგრძლივი რეაბილიტაცია არ არის საჭირო, პაციენტს შეუძლია, პროცედურის დასრულებისთანავე დაუბრუნდეს ყოველდღიურ რეჟიმს, თუმცა ორი კვირის განმავლობაში უნდა ერიდოს აქტიურ დატვირთვას, მზეზე და სოლარიუმში გარუჯვას, სხვა კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარებას, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ფილერია შეყვანილი.
პროცედურა გამოცდილმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს. ის სახის ანატომიის ზუსტ ცოდნას მოითხოვს.
განსაზღვრული ხნის შემდეგ ეფექტის გასაძლიერებლად შეიძლება პრეპარატის დამატებაც.
ფილერის უპირატესობა ის არის, რომ შედეგი მაშინვე შესამჩნევია და ერთ-ორ კვირაში კიდევ უფრო აშკარა ხდება.
– როდის არ შეიძლება ფილერის შეყვანა?
– ფილერის შეყვანა არ შეიძლება:
* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში,
* მაშინ, როდესაც საინექციო არეში არის ანთებითი კერა;
* ავტოიმუნური დაავადების დროს;
* მწვავე ინფექციის დროს;
* მაშინ, როდესაც პაციენტს მიდრეკილება აქვს კელოიდური ნაწიბურების წარმოქმნისკენ.
თანმხლები მოვლენები
– პროფესიულად ჩატარებული პროცედურის შემდეგ სერიოზულ გართულებას არ უნდა ველოდეთ, თუმცა დროებითი შეშუპება, სიწითლე ან მცირე ჰემატომები გამორიცხული არ არის.
გარდა ამისა, მოსალოდნელია შემავსებელზე ან საანესთეზიო საშუალებაზე ალეგიული რეაქცია, ჰერპესი, ინფექცია, ტელეანგიექტაზიები (კაპილარების და წვრილი სისხლძარღვების ლოკალური გაფართოება), გრანულომა. არსებობს ჰიპერკორექციის რისკიც. ამიტომ აუცილებელია, პროცედურა ჩაატაროს გამოცდილმა კოსმეტოლოგ-დერმატოლოგმა ამისთვის განკუთვნილ სპეციალურ დაწესებულებაში.
ჯილდა გაჩეჩილაძე