ნიორი – სასწაულმოქმედი ბოლქვი
გააზიარე:
ეგვიპტელებს ნიორი წმინდა მცენარედ მიაჩნდათ. მას სამარხში ატანდნენ ფარაონებს, პირამიდების მშენებელ მუშებს კი უხვად აჭმევდნენ ძალისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ჩინეთში ნიორს ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე 2000 წლის წინათ იყენებდნენ სამკურნალოდ, რომაელი ექიმები კი რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ჩასულიყვნენ, უპირველეს ყოვლისა, ამ მცენარეს თესავდნენ.
ალტერნატიული მედიცინის მიმდევრები გვარწმუნებენ, რომ ნიორი ებრძვის მავნე მიკრობებს და თავისუფალ რადიკალებს, ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტეროლის დონეს, ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის კიბოს... ზოგი ამ თვისებათაგანი კვლევას მოითხოვს, ზოგი კი უკვე მეცნიერულადაც არის დამტკიცებული.
რა აქცევს ნიორს სასწაულმოქმედ ბოლქვად?
კვებითი ღირებულება
10 გ თერმულად დამუშავებული ნიორი შეიცავს:
6,1 გ წყალს
2,9 გ ნახშირწყლებს
0,6 გ ცილას
0,2 გ ბოჭკოს
10 გ თერმულად დამუშავებული ნივრის ვიტამინოვანი შემადგენლობა
(ფრჩხილებში მოცემულია სადღეღამისო ნორმა)
ვიტამინი B1 (თიამინი) -17,1 მკგ (1,100 მკგ)
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 7,3 მკგ (1,200 მკგ)
ვიტამინი B3 (ნიაცინი, ნიკოტინის მჟავა) – 52,3 მკგ (15000 მკგ)
ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) – 13.4 მკგ (6000 მკგ)
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 33.1 მკგ (1. 500 მკგ)
ვიტამინი B7 (ბიოტინი) – 0,1 მკგ (100 მკგ)
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) – 1,3 მკგ (400 მკგ)
ვიტამინი C – 1,1 მგ (100 მგ)
ვიტამინი E (ტოკოფეროლის ეკვივალენტი) – 1,1 მკგ
10 გ თერმულად დამუშავებული ნივრის მინერალოვანი შემადგენლობა
(ფრჩხილებში მოცემულია სადღეღამისო ნორმა)
კალციუმი – 4 მგ (1000 მგ)
მაგნიუმი – 3.2 მგ (350 მგ)
კალიუმი – 45.3 მგ (4000 მგ)
რკინა – 0.1 მგ (12.5 მგ)
თუთია – 0.05 მგ ( 8.5 მგ )
სპილენძი – 0.016 მგ (1.25 მგ)
ფოსფორი – 13.9 მგ ( 700 მგ)
ნატრიუმი -1,8 მგ (1500 მგ)
ქლორი – 3,3 მგ (2300 მგ)
გოგირდი – 5.5 მგ
მანგანუმი – 0.05 მგ ( 3.5 მგ )
ფთორი – 0.005 მგ (3.8 მგ)
* შესაძლოა მცირე განსხვავება ჯიშის, მოყვანის ადგილისა და პირობების მიხედვით.
ალიცინი, აჯოენი, საპონინები
ჯანმრთელობაზე ნივრის დადებითი ზემოქმედება, რასაკვირველია, მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების ერთობლივ მოქმედებას მიეწერება, მაგრამ მათ შორის წამყვანი ადგილი ალიცინს უჭირავს, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ ნივრის სპეციფიკურ სუნს.
ალიცინი მას შემდეგ წარმოიქმნება, რაც ნიორში შემავალი გოგირდოვანი ამინმჟავა ალიინი (Alliin) კონტაქტში შევა ნივრის დაჭრისას, დაკეპვისას ან ღეჭვისას უჯრედებიდან გამოთავისუფლებულ ფერმენტ ალიინაზასთან (Alliinase).
გოგირდორგანული ნაერთია აჯოენიც. ის შლის სისხლის შემდედებელ ნივთიერება ფიბრინს, რითაც ხელს უშლის ჰიპერკოაგულაციას (სისხლის მომატებულ შედედებას) და ამცირებს თრობოზისა და ინსულტის განვითარების რისკს, თანაც ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე.
საპონინები, მცენარეული ნივთიერებები, ხელს უწყობს ქოლესტეროლის დონის დაქვეითებას და ფოლაქების წარმოქმნისგან იცავს სისხლძარღვების კედლებს, უზრუნველყოფს მათ სიმტკიცეს და სისხლის ნორმალურ მოძრაობას.
უხდება გულს
ნივრის ექსტრაქტი ხელს უშლის სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას, ამიტომ საუკეთესოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის. ერთ-ერთი კვლევის მონაწილეებს, რომლებსაც სისხლში ქოლესტეროლისა და ცხიმის მაღალი დონე აღენიშნებოდათ, 12 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად აძლევდნენ ნივრის ექსტრაქტს. კვლევის დასასრულს ანალიზმა აჩვენა, რომ ცუდი ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების დონემ საგრძნობლად დაიწია.
სასურველი ეფექტისთვის ნიორი, სულ ცოტა, 8 კვირის განმავლობაში უწყვეტად უნდა მიიღოთ.
ბუნებრივი ანტიბიოტიკი
ხალხურ მედიცინაში ნიორს დიდი ხანია იყენებენ გაციებისა და ნაწლავური პრობლემების – შებერილობის, სპაზმური ტკივილის – სამკურნალოდ.
კვლევების თანახმად, ალიცინს მიკრობების გამანადგურებელი თვისება აქვს. ის მოქმედებს ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების, პარაზიტების წინააღმდეგ. ამის გამო ნიორს ბუნებრივ ანტიბიოტიკსაც უწოდებენ, რომელიც, ქიმიური ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, არათუ არ აზიანებს ნაწლავურ ფლორას, არამედ ხელსაც კი უწყობს მის განვითარებას, და ვინაიდან ამ უკანასკნელს უდიდესი როლი აკისრია იმუნიტეტის გამართულ მუშაობაში, გამოდის, რომ ნიორი იმუნიტეტის გაძლიერებაშიც ეხმარება ორგანიზმს. მოწესრიგებული ნაწლავური მიკრობიოტა კი ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისებას.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნივრის ექსტრაქტს ასევე შეუძლია, შეამციროს C-რეაქტიული ცილის – ანთების ერთ-ერთი მარკერის – დონე.
შარდის ბუშტის ანთების დროს
ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ საშარდე გზების ინფექციის მქონე ადამიანების შარდში არსებული 166 ბაქტერიული შტამიდან ნახევარზე მეტი (56%) ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი, რეზისტენტული იყო, სხვა კვლევის თანახმად კი საშარდე გზებში არსებული რეზისტენტული ანტიბიოტიკები ნივრის ექსტრაქტმა გაანადგურა.
იცავს ღვიძლს
ნიორი აძლიერებს ღვიძლის უჯრედების კედლებს და აუმჯობესებს დეტოქსიკაციის ფუნქციას, ასე რომ, შეიძლება გამოვიყენოთ მძიმე ლითონებით (ვერცხლისწყალი, კადმიუმი) მოწამვლისას და ალკოჰოლური თრობის უარყოფითი შედეგების შესამსუბუქებლად.
კიბოს პრევენცია და თერაპია
ნივრის კიბოს საწინააღმდეგო თვისებები უკვე რამდენიმე კვლევით არის დადასტურებული. აღმოჩნდა, რომ ალიცინი ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედების განადგურებას და ამით კიბოს გავრცელებას ანელებს.
ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ნივრის რეგულარული მიღება ამცირებს კუჭის, ყელის, საყლაპავის, პროსტატის, ფილტვისა და მკერდის კიბოს განვითარების რისკს.
შავი ნიორი
შავი ნიორი თეთრის ფერმენტირების შედეგად მიიღება. გარდა იმისა, რომ მას არ აქვს ისეთი მძაფრი გემო და სუნი, როგორიც თეთრს, გაცილებით დიდია მასში ანტიოქსიდანტური ნივთიერებების რაოდენობაც. ასე რომ, შავ ნიორს უფრო დიდი ანტიოქსიდანტური პოტენციალი და უკეთესი სამკურნალო ეფექტი აქვს. მაგალითად, ის გაცილებით ეფექტიანია, როდესაც საქმე ეხება ათეროსკლეროზის, გულის კორონარული დაავადების და გულ-სისხლძარღვთა სხვა პრობლემების პროფილაქტიკასა და მკურნალობას, ღვიძლის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. სამაგიეროდ, თეთრი უკეთ მოქმედებს საშარდე გზების ინფექციების დროს.
შავი ნიორი ისევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოში, როგორც თეთრი. არსებობს მისი ექსტრაქტიც.
გვერდითი მოვლენები
ჭარბმა ნიორმა შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება, ფაღარათი, აირების დაგროვება, პირის წვა, ზოგიერთ შემთხვევაში – ცხვირიდან სისხლდენა. ოღონდ ეს უმთავრესად ცოცხალ ნიორს ეხება და არა მოხარშულს.
რამდენი კბილი ნიორი გწყენთ, თავად უნდა დააკვირდეთ. საზოგადოდ, დღეში 4 კბილზე მეტი არ არის სასურველი. თუ თეთრ ნიორს ვერ იტანთ, შეგიძლიათ, შავი მოსინჯოთ, ორგანიზმი მას უფრო ადვილად ინელებს.
ოდენობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მათ, ვინც ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებლებს) იღებს, რადგან ნიორი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სისხლის გათხელებას. ნუ მიიღებთ ბევრ ნიორს ოპერაციის წინ და შემდეგ.
ნიორი თუ კაფსულები
ნივრის მძაფრ სუნსა და გემოს ყველა ვერ იტანს, ამიტომ ბევრი მის ჭამას ერიდება. მაგრამ აუცილებელია კი ცოცხალი ნივრის ჭამა სასურველი ეფექტის მისაღებად? იქნებ ნივრის პრეპარატებსაც მსგავსი ეფექტი აქვს?
ბაზარზე ნივრის მრავალნაირ პრეპარატს შეხვდებით. ზოგიერთი (კაფსულები, დრაჟე) შეიცავს არა ნივრის ყველა კომპონენტს, არამედ მისგან გამოყოფილ ცალკეულ აქტიურ ნივთიერებებს. რაც შეეხება ნივრის ექსტრაქტს და მშრალი ნივრის ფხვნილს, მათში გაცილებით მეტი კომპონენტია.
აქ აზრი ორად იყოფა. ერთნი ამბობენ, რომ ნივრის პრეპარატები საერთო ეფექტით ცოცხალ ნიორს არ ჩამოუვარდება. მეორენი მიიჩნევენ, რომ ახალდაკეპილი ნიორი აქტიური ინგრედიენტების საუკეთესო წყაროა და გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე მისი დანამატები.
2018 წლის კვლევის ავტორებმა დაწვრილებით შეისწავლეს ნივრისა და მისი პრეპარატების ბიოშეღწევადობა. მათი აზრით, ნივრიდან ალიცინი 100 პროცენტით შეიწოვება, თუმცა ამ მოსაზრებას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს.
რაც შეეხება მოხარშულ ნიორს, ის არც ისე სასარგებლოა, ამიტომ გირჩევთ, ნიორი უკვე მზა კერძს დაამატოთ, რათა მისი გამაჯანსაღებელი თვისებებით მაქსიმალურად ისარგებლოთ.
ზეთი კიდევ უფრო ზრდის ნივრის ეფექტურობას.
როგორ შევინახოთ
ნივრის შესანახად გრილი და მშრალი ადგილი შეარჩიეთ. მაცივარში ის შესაძლოა გამწარდეს.
გაფცქვნილი ნიორი 10 დღემდე ინახება, თუმცა უმჯობესია, გაფცქვნისთანავე გამოიყენოთ ან ზეთში ჩააწყოთ და ისე შეინახოთ.
ხალხურ მედიცინაში
ნივრისა და ლიმონის ნაყენი
ხალხურ მედიცინაში ნივრისა და ლიმონის ნაყენი გამაახალგაზრდავებელ საშუალებად მიიჩნევა, რადგან დადებითად მოქმედებს სახსრებზე, გულსა და სისხლძარღვებზე.
მომზადების წესი: 30 გაფცქვნილი და 5 გაუფცქვნელი ნივრის კბილი და ერთი ცალი ლიმონი კარგად დააბლენდერეთ, თუ შესქელდა, წყალი დაამატეთ და ქვაბში გადაიღეთ. წყალი კიდევ დაასხით, სულ – არა უმეტეს 1 ლიტრისა, და 60-70°ჩ-მდე გააცხელეთ. ცოტა რომ გაგრილდება, მინის ქილაში გადაიღეთ, მჭიდრო თავსახური დაახურეთ და მაცივარში შედგით.
მიიღეთ ყოველდღე არყის ჭიქით (დაახლ. 50 მლ). ორი კვირის შემდეგ რვა დღე შეისვენეთ. მერე კიდევ ორი-სამი კვირა მიიღეთ. ეს კურსი შეიძლება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გაიმეოროთ.
ტიბეტური ნაყენი
ფართოდ არის გავცელებული ნივრის ე.წ. ტიბეტური ნაყენი. ვარაუდობენ, რომ ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000-3000 წლის წინათ გამოიგონეს ტიბეტელმა ბერებმა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, ხოლო მთელ მსოფლიოში მას შემდეგ გავრცელდა, რაც მისი რეცეპტი მონასტრის ნანგრევებში, თიხის ფირფიტებზე აღმოაჩინეს.
ბერები ნაყენს ნედლი ნივრისგან ამზადებდნენ. დანაყილ ნიორს ალკოჰოლს ურევდნენ და 10 დღით დალუქული ქილით სიგრილეში დგამდნენ, მერე წურავდნენ და წვენს წვეთობით, სპეციალური სქემის მიხედვით სვამდნენ.
გაციების დროს
* გაციების პირველივე სიმპტომებზე პირში ჩაიდეთ ნივრის გაფცქვნილი კბილი და გაიჩერეთ, ვიდრე გემოს არ დაკარგავს, მერე გადააგდეთ. ეს პროცედურა დღეში სამჯერ გაიმეორეთ. ნივრის შემადგენლობაში შემავალი ანტიბაქტერიული ნივთიერებები ნერწყვში გადადის და სხეულში შეიწოვება.
* ერთი ან ორი კბილი ნიორი დაჭყლიტეთ და გაწურეთ. შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ დღეში ხუთჯერ.
* სამი კბილი ნიორი დაჭყლიტეთ, დაასხით 15 მლ ბრინჯის ძმარი. მიიღეთ დღეში ერთხელ, ძილის წინ.
რასაკვირველია, მხოლოდ ნივრის ჭამით ყოველგვარ ავადმყოფობას თავიდან ვერ აიცილებთ, თუ არ მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და მავნე საკვებსა თუ ჩვევებზე უარი არ თქვით.
ჯილდა გაჩეჩილაძე