იუთუბის გავლენა ბავშვზე
გააზიარე:
წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ საყვარელი მულტფილმის დაწყებას. ტელევიზორი კომპიუტერმა, პლანშეტმა, სმარტფონმა ჩაანაცვლა და ბავშვს შეუძლია, როცა უნდა, სადაც უნდა და რამდენ ხანსაც უნდა, უყუროს სასურველ ანიმაციას.
ვიდეორესურსების ყველაზე დიდი და პოპულარული პლატფორმა დღეს "იუთუბია". ხშირად მშობლები ბავშვებს მხოლოდ თამაშებზე უწესებენ ლიმიტს, ხოლო იუთუბს დიდ საფრთხედ არ მიიჩნევენ. იცოდეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი შვილი მხოლოდ "იუთუბ ქიდსს" იყენებს თუ ზრდასრულებისთვის განკუთვნილ არხებზეც აქვს წვდომა – კონტროლი ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ "იუთუბი" ძალიან კარგი საშუალებაა ინფორმაციის მისაღებად და გასაზიარებლად, ის საფრთხესაც შეიცავს. ეს უზარმაზარი ვიდეოჰოსტინგი ნამდვილად არ არის ის ადგილი, სადაც ბავშვი უმეთვალყურეოდ უნდა დატოვოთ.
რითია საშიში
წინათ თუ ბავშვებს კოსმონავტობა, ექიმობა, მასწავლებლობა უნდოდათ, ახლა მათი დიდი ნაწილი გეტყვით, რომ სურს, ცნობილი იუთუბერი გახდეს. საყვარელი თამაშების განხილვა, ანბოქსინგი (უნბოხინგ) – ახალი სათამაშოს ან გაჯეტის გახსნა და წარდგენა – და სხვა ამ ტიპის ვიდეოები ბავშვების საყვარელ გასართობად იქცა.
ასეთ ვიდეოებს არავითარი სარგებლობა არ მოაქვს ადამიანის გონებრივი განვითარებისთვის. დამღლელი დღის შემდეგ უფროსებს შეგვიძლია, თავს უფლება მივცეთ, ცოტა ხნით გავთიშოთ გონება და უაზროდ ვსქროლოთ სოციალური მედია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამით ჩვენი ტვინი კი არ ისვენებს, არამედ უამრავი უსარგებლო ინფორმაციით ივსება და უფრო მეტად იღლება.
კიდევ უფრო საშიშია ეს ბავშვის გონებისთვის – იწვევს უმიზეზო აგრესიას, გადაღლას, აღგზნებას.
შეუსაბამო კონტენტი
თუ საბავშვო დამატება "იუთუბ ქიდსი" უწყინარი გგონიათ და ბავშვს ეკრანთან უმეთვალყურეოდ ტოვებთ, იცოდეთ, რომ ასე არ არის. 2018 წელს სწორედ საბავშვო "იუთუბზე" გაჟონა ბავშვებისთვის შეუსაბამო კონტენტმა, რომელსაც ძალიან ბევრმა ბავშვმა უყურა. მართალია, ამის შემდეგ უმკაცრესი ზომები მიიღეს მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ არასაბავშვო შინაარსის ვიდეოები ზოგჯერ მაინც იპარება საბავშვო სივრცეში, ამიტომ აუცილებელია, აკონტროლოთ, რას უყურებს ბავშვი, თუნდაც მხოლოდ საბავშვო "იუთუბზე" ჰქონდეს წვდომა.
მავნე ჩვევების პროპაგანდა
საბავშვო, სრულიად უწყინარ ვიდეოებშიც კი თითქმის ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ჩნდება სხვადასხვა პროდუქტის რეკლამა. ეს რეკლამები ფერადია და სასიამოვნო მუსიკა ადევს, მაგრამ მათი შინაარსი შეიძლება სრულიად არ შესაბამებოდეს ბავშვის ასაკს. მაგალითად, თამაშში, რომელსაც რეკლამას უწევენ, შესაძლოა მოქმედი პირები იყვნენ კრიმინალები, რომლებიც ეწევიან და სვამენ. შესაძლოა, ბავშვმა ჩათვალოს, რომ მსგავსი ქმედება მისაღებია, გაუჩნდეს ინტერესი და ნანახი რეალურ ცხოვრებაში გადაიტანოს.
ფულის მახე
ბავშვების საყვარელი იუთუბერები უმეტსად სხვადასხვა პროდუქტის რეკლამირებას ეწევიან, ბავშვები კი ადვილად ექცევიან რეკლამის გავლენის ქვეშ, მათ უჩნდებათ სრულიად უსარგებლო ნივთების შეძენის სურვილი, მშობლისგან უარის მიღება კი მათში აგრესიას იწვევს.
თუ ბავშვი "იუთუბს" თქვენი ტელეფონით უყურებს, რომელშიც რომლის ანგარიშზე საბანკო ბარათი გაქვთ მიბმული, შესაძლოა, "იუთუბზე" ნანახი რეკლამით მოხიბლულმა, ისე განახორციელოს ტრანზაქცია, რომ არც კი გკითხოთ.
როგორ მოვიქცეთ
რა თქმა უნდა, სასურველია, ბავშვი რაც შეიძლება ნაკლებ დროის ატარებდეს "იუთუბზე", მაგრამ თუ ამ პლატფორმას უკვე იცნობს და მის გარეშე არ შეუძლია, მიიღეთ უსაფრთხოების ზომები:
* ესაუბრეთ ბავშვს იმის შესახებ, რას უყურებს "იუთუბზე", რა მოსწონს, რაიმე ხომ არ აშინებს, რომელი იუთუბერის ვიდეოები იზიდავს ყველაზე მეტად და რატომ, რომელი იუთუბერი არ მოსწონს.
* გაარკვიეთ, რომელ იუთუბერს არის ადევნებული (ფოლლოწ) ბავშვი და გაეცანით მისი ვიდეოების შინაარსს.
* მიაჩვიეთ ბავშვი კრიტიკულ აზროვნებას და აუხსენით, რომ ყველაფერი, რასაც ამ პლატფორმაზე ხედავენ, ყოველთვის სინამდვილეს არ შეესაბამება.
* "იუთუბ ქიდსზე" ყურადღება მიაქციეთ ასაკობრივ ზღვარს და დაბლოკეთ რეკლამები (სამწუხაროდ, ეს სერვისი ფასიანია).
* ბავშვთან შეთანხმებით დააწესეთ საზღვრები – რამდენ ხანს უყურებს და რა სახის კონტენტზე ექნება წვდომა.
* თუ ბავშვი ხშირად სარგებლობს თქვენი ტელეფონით "იუთუბზე" ვიდეოების საყურებლად, არ მიაბათ მის ანგარიშს საბანკო ბარათი.
* თუ შეამჩნიეთ, რომ საბავშვო "იუთუბზე" ბავშვისთვის შეუსაბამო შინაარსის ვიდეო გაიპარა, აუცილებლად დაარეპორტეთ და მისწერეთ "იუთუბის" ადმინისტრაციას, ისინი ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ამ საკითხს და აუცილებლად მიიღებენ სათანადო ზომებს.
* თუ ბავშვმა უყურა ვიდეოს, რომელმაც მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, აუცილებლად გამოჰკითხეთ, რა სახის ვიდეო იყო, რატომ ააღელვა ასე, დაამშვიდეთ. თუ ატყობთ, რომ ვითარებას დამოუკიდებლად ვერ ართმევთ თავს, ბავშვთა ფსიქოლოგს მიმართეთ.
ლიკა ქათამაძე