კითხვა და გაჯეტები
გააზიარე:
იყო დრო, როდესაც წიგნები ახალი და ყველაზე საიმედო ინფორმაციის წყაროდ მიიჩნეოდა. კითხვის პოპულარიზებას სწორედ წიგნებზე მოთხოვნის ზრდამ შეუწყო ხელი. იმ დროს ბიბლიოთეკას თითქმის ყველა დიდ ქალაქში ნახავდით. მოგვიანებით კერძო ბიბლიოთეკები სახლებსა და სასწავლებლებშიც გაჩნდა, რადგან ხარისხიანი განათლების მიღება მხოლოდ წიგნებიდან იყო შესაძლებელი.
ტექნოლოგიურმა მიღწევებმა (ციფრული ტექნიკა, ინტერნეტი, ფიჭური კავშირი) კითხვის კულტურა დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. თანამედროვე ცხოვრების აჩქარებული რიტმისთვის ფეხის აწყობის მსურველები ინფორმაციის მიღების ალტერნატიულ გზებს ანიჭებენ უპირატესობას. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბიბლიოთეკა სამუზეუმო სივრცედ იქცა, ნაბეჭდი წიგნების შემგროვებელთა რიცხვი კი საგრძნობლად შემცირდა.
წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ტელევიზორი ერთადერთი ეკრანიანი საყოფაცხოვრებო ნივთი იყო. დღეს ადამიანთა დიდი ნაწილი პერსონალურ კომპიუტერთან, სმარტფონთან, პლანშეტთან გაცილებით მეტ დროს ატარებს, ვიდრე ნაბეჭდ წიგნთან გაუტარებია ოდესმე. ციფრული მედია უფრო და უფრო ღრმად იჭრება ჩვენს ცხოვრებაში, რაც უფროსი თაობის წარმომადგენლებს განსაკუთრებით აშფოთებთ.
მოდი, ვნახოთ, სიკეთესთან ერთად რა პრობლემები მოუტანა კაცობრიობას სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა და გავარკვიოთ, 21-ე საუკუნეში ინფორმაციის მიღების რომელი საშუალებაა ყველაზე აქტუალური.
აქტიური და პასიური
მეცნიერთა აზრით, კითხვა აქტიური პროცესია. ამ დროს დიდი დატვირთვით მუშაობს თავის ტვინის რამდენიმე უბანი:
* შუბლის წილი, რომელიც აზროვნების, შემეცნებითი თუ განსჯის უნარისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებაზეა პასუხისმგებელი;
* საფეთქლის წილი, რომელიც მეხსიერებას აკონტროლებს;
* თხემის წილი – უზრუნველყოფს მეტყველების დამუშავებას (ლანგუაგე პროცესსინგ);
* კეფის წილი, სადაც დაწერილი ტექსტის ვიზუალური გადამუშავება ხდება;
* ნათხემი, რომელიც ახორციელებს მოტორულ კონტროლს, კერძოდ, თვალის კაკლების მოძრაობას უზრუნველყოფს.
კითხვის დროს ტვინს საკმაოდ რთული დავალების შესრულება უწევს.
თვალებით მიღებული ინფორმაცია ტვინის სხვადასხვა უბანს გაივლის, რომლებიც შავ და თეთრ ფორმებს ასოების, სიტყვებისა და ასოციაციების შიფრებად გადათარგმნის (გადაამუშავებს). ამ პროცესის შედეგი ტუჩებით და ენით გამოხატულ სიგნალებში აისახება (დანახულ ინფორმაციას ხმამაღლა წარმოვთქვამთ).
მაშასადამე, მუდმივი კითხვა ამდიდრებს ლექსიკას, აუმჯობესებს კონცენტრაციის, კომუნიკაციის, მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს. კოგნიტიური სფეროს დანარჩენი ნაწილის (თანაგრძნობის, სოციალური აღქმისა და ემოციური ინტელექტის) ამაღლებით კი კითხვა ცხოვრების ხარისხსა და მის ხანგრძლივობასაც ზრდის.
რაც შეეხება ეკრანთან დროის გატარებას, ეს როგორც სხეულისთვის, ისე ტვინისთვისაც პასიური პროცესია. ადამიანს სულაც არ სჭირდება დიდი ძალისხმევა ამა თუ იმ ვიდეოს შინაარსის აღსაქმელად. კომპიუტერებით და აიპედებით მზა პროდუქტს ვიღებთ. წარმოსახვისთვის ადგილი აღარ რჩება.
საეკრანო დროის გახანგრძლივებასთან ერთად მცირდება ფიზიკური აქტივობა და დახარჯული ენერგია, იზრდება სიმსუქნის რისკი. კვლევებით დასტურდება, რომ ეკრანთან ჯდომისას სუსნაობის მავნე ჩვევა ყალიბდება, შესაბამისად, ადამიანი ზედმეტ საკვებს იღებს, რაც უმოძრაობასთან ერთად სიმსუქნის განვითარების რისკს უფრო მეტად ზრდის. საეკრანო დროის ზრდა ძილის დარღვევასაც უწყობს ხელს. ლურჯ ეკრანთან დიდხანს ყოფნა იმდენად აღაგზნებს ტვინს, რომ აღარ გამოიყოფა მელატონინი (ძილის ჰორმონი), რაც ჩაძინებას ართულებს და საბოლოოდ უძილობას იწვევს. ეს უკანასნელი, თავის მხრივ, ხშირად წახემსების სურვილს წარმოშობს და შედეგად საქმე სიმსუქნემდე მიდის.
საეკრანო დროის ზრდა ქცევაზეც ახდენს გავლენას – ზრდის შფოთვის, დეპრესიის, ყურადღების დეფიციტის განვითარების რისკს. იმავდროულად, ეცემა აკადემიური მოსწრება. ცალკე განიხილავენ ციფრული მოწყობილობებით გამოწვეულ თვალის გადაძაბვის სინდრომს (დიგიტალ ეყე სტრაინ), რომელიც მოიცავს თვალის სიწითლეს, ქავილს და გამოშრობას ეკრანთან ხანგრძლივი კონტაქტის შემდეგ. სწორედ ამას მოჰყვება თვალების გადაღლა და დისკომფორტი, ფოკუსის დარღვევა. ის ვლინდება თვალებში უცხო სხეულის შეგრძნებით, წვით, ცრემლდენით, რაც საკმაოდ უსიამოვნოა და დროულ ჩარევას მოითხოვს.
უძირო ქვევრი
ინფორმაციის მიწოდების ფორმა ძალიან დიდ როლს ასრულებს მის ათვისებაში. წესისამებრ, ადამიანის გონებაში მიწოდებული ამბის ძალიან მცირე ნაწილი რჩება. ინფორმაციის მიღებისას ჩვენს ცნობიერებაში აღწევს და ილექება ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინებები, დანარჩენი კი ქვეცნობიერში იფანტება. მეცნიერთა განმარტებით, როგორც კითხვის, ისე ეკრანის ყურების დროს ტვინის უმთავრესი ამოცანა მიღებული ვერბალური და ვიზუალური ინფორმაციის შინაარსის აღქმაა. ამ პროცესს ხშირად პაზლის (თავსატეხის) აწყობას ადარებენ. თუმცა წაკითხულისა და ნანახის გაანალიზება სხვადასხვანაირად ხდება. კითხვის დროს დომინანტური ჰემისფეროა მეტად აქტიური – ტვინის მარცხენა ნახევარი, რომელიც მოსახლეობის 97%-ის აბსტრაქტულ აზროვნებას, ლოგიკურ გადაწყვეტილებებსა და მოტორულ სფეროს განაგებს, მაშინ როდესაც ვიდეოს ყურება მარჯვენა ნახევარსფეროს ჩართულობას მოითხოვს, რათა ჩვენმა გონებამ თვალებით მიღებული ინფორმაცია სათანადოდ გადაამუშაოს. კვლევების თანახმად, ვიდეომასალის აღქმა უფრო ადვილი და მოხერხებულია, თუმცა გასათვალისწინებელია მისაღები ინფორმაციის კომპლექსურობა. მაგალითად, გასართობი ტიპის ვიდეოების ყურების დროს თავის ტვინი დიდ ძალისხმევას არ ხარჯავს ამ ინფორმაციის გადასამუშავებლად, მაშინ როდესაც მნიშვნელოვანი საკითხების შემეცნება და დამახსოვრება გონების მეტად დაძაბვას მოითხოვს. სპეციალისტების აზრით, მართალია, ვიზუალურად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ადვილად აღსაქმელია, მაგრამ ამ სახით მიღებული ცოდნა წაკითხულზე გაცილებით ადვილად "იკარგება" თავის ტვინში.
ელექტრონული და აუდიო
თუკი წლების წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კითხვის მოყვარულები წიგნებში თავჩარგულები ისხდნენ და ზოგჯერ საკუთარ გაჩერებასაც კი სცდებოდნენ, დღეს უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით ტელეფონსა თუ სხვა ელექტრონულ მოწყობილობებში ჩაკარგულ ადამიანებს – გაჯეტებში, რომლებშიც მრავალგვერდიანი წიგნების კითხვა სირთულეს აღარ წარმოადგენს. უფრო მეტიც: თუ მკითხველი შერჩეულმა წიგნმა დიდად ვერ დააინტერესა, ხელის მარტივი მოძრაობით სხვაზე გადაერთვება. ელექტრონულ წიგნს მრავალი ისეთი ფუნქცია აქვს, რომელთა გამოც ნაბეჭდი წიგნები მას კონკურენციას ვერ უწევს. მაგალითად, ელექტრონულ წიგნში ინტეგრირებულია შესაბამისი აუდიო– თუ ვიდეოშიგთავსი. გარდა ამისა, ელელქტრონულ წიგნებში ვხვდებით ჰიპერტექსტებს, რომლებიც ნავიგაციის შესაძლებლობას იძლევა (ბმულები, რომლებიდანაც სხვა ინფორმაციაზე გადადიხარ).
მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება აუდიოწიგნები, რომლებიც თავდაპირველად უსინათლოთა დასახმარებლად შეიქმნა. კითხვის ასეთ ფორმატზე გაზრდილი მოთხოვნა სავსებით გასაგებია. აუდიოწიგნის მოსმენა ნებისმიერ დროსა და ადგილასაა შესაძლებელი, მაგალითად, საცობში ან რიგში დგომისას, რუტინული საყოფაცხოვრებო საქმის კეთებისას. საზოგადოების გარკვეული ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი მსგავსი წიგნების მიმართ და კითხვის ძველ სტილს ანიჭებს უპირატესობას. ეს გარკვეულწილად იმის ბრალიცაა, რომ ვიზუალურად აღქმული ინფორმაცია გონებაში მეტად იბეჭდება. ამასთან, მართლწერის გაუმჯობესებასა და ტექსტზე მუშაობაში აუდიოწიგნების როლი ნაბეჭდზე გაცილებით უმნიშვნელოა. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ გამხმოვანებლის ინტონაცია და კითხვის ტემპი სულაც არ იყოს მსმენელისთვის სასიამოვნო.
მეტისმეტი-ბრეტისბრეტიო
თანამედროვე ადამიანს გამუდმებით აქვს განცდა, რომ თუ ყოველდღე არ ისარგებლა სოციალური ქსელით, ცხოვრებას ჩამორჩება. მთავარი პრობლემა ის არის, რომ გაჯეტებით მიღებული ინფორმაციის დიდი ნაწილი სრულიად უსარგებლოა, მაგრამ ჩვენი გონება მას ჩვენგან დამოუკიდებლად მაინც აღიქვამს, რის გამოც სასარგებლო ინფორმაციას რთულად ან საერთოდ ვეღარ იღებს.
ტვინის ინფორმაციული გადატვირთვა ისევე საზიანოა, როგორც სხეულის გადაღლა და მოგვიანებით გონებრივ გამოფიტვას და მეხსიერების დაქვეითებას იწვევს. როდესაც ადამიანი იღებს უფრო მეტ სიახლეს, ვიდრე სჭირდება ან დამუშავება შეუძლია, ადგილი აქვს სელექციურ (შერჩევით) აღქმას – ე.წ ფილტრაციას, რომლის დროსაც გონებაში შეტყობინების მხოლოდ ნაწილი რჩება. აღნიშნულ ფენომენს ხშირად გამოტოვებასაც უწოდებენ. ის შეიძლება განხორციელდეს როგორც განზრახ, ასევე გაუცნობიერებლად ("გამომრჩა"). რეალურად ჩვენ შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ მიღებული ინფორმაციის გაუცნობიერებელი სელექცია. ასეთ დროს ინფორმაციის მიმღები მხოლოდ იმ ნაწილს უსმენს ან მხოლოდ ის ნაწილი ამახსოვრდება, რომლის მოსმენაც მისთვის სასიკეთოა ან რომლის აღქმაც ეადვილება, რადგან აზრი მარტივი წინადადებებითაა გადმოცემული, ამიტომ ადრესატი ხშირად უკუაგდებს ინფორმაციას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მის წარმოდგენებთან ან უბრალოდ რომლის გაანალიზებაც უჭირს.
P.S.
ცნობილია, რომ ზრდასრულ ადამიანს წუთში საშუალოდ 250-300 სიტყვის წაკითხვა შეუძლიაб მოსმენის დროს კი ტვინი იმავე დროში მხოლოდ 150-160 სიტყვას აღიქვამს. თუ მოსაუბრე ამაზე სწრაფად მეტყველებს, მსმენელის გონება ვერ ასწრებს მიღებული ინფორმაციის გააზრებასა და დამახსოვრებას.
ფსიქოლოგები აქტიურად განიხილავენ ადრეულ ასაკში კითხვის კულტურის ჩამოყალიბების აუცილებლობას. თუ შვილებთან ბევრ დროს ვერ ატარებთ, ეცადეთ, დღის ბოლოს 20 წუთი მაინც გამოყოთ, რადგან, როგორც ირკვევა, ძილის წინ კითხვა ბავშვს სითამამესა და თავდაჯერებას მატებს, დედის ხმას კი ვერცერთი მულტფილმი ვერ შეცვლის. ექიმების მტკიცებით, როდესაც უფროსები ძილის წინ წიგნს უკითხავენ, პატარები მორალურ მხარდაჭერას გრძნობენ და უფრო თამამები, თავდაჯერებულები და კომუნიკაბელურები ხდებიან. ამავე დროს, სწორედ წიგნი უღვივებს ბავშვს ინტერესს ახალი გატაცებებისა და წამოწყებების მიმართ. კითხვა ფანტაზიის განვითარებასა და მეტყეველების სტიმულაციასაც უწყობს ხელს.
მარი მარღანია